კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ლანა მატახერია ნემცოვის ცოლისა და ტატიანა ვედენეევას პირადი ვიზაჟისტი და რის დათხელებას სთხოვენ ყველაზე ხშირად მას ქართველი ქალები

ლანა მატახერია პროფესიონალი ვიზაჟისტია. მის „იმიჯ-ლაბორტორიაში“ არაერთ ცნობილ თუ არაცნობილ ადამიანს საკუთარი სტილიც შეუცვლია და გამოცდილი ვიზაჟისტის რჩევებიც გაუთვალისწინებია. ლანა წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და ვიზაჟისტის საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა, რომელიც უკვე თბილისში გააგრძელა.

 ლანა მატახერია: სამხატვრო აკადემია დავამთავრე – პროფესიით ტანსაცმლის მხატავარ-დიზაინერი ვარ.  ჩემი მეგობრები, რომლებიც ჩემთან ერთად სწავლობდნენ სამხატვრო აკადემიაში, დღეს წარმატებული დიზაინერები არიან, ამიტომაც ჩემი გოგონებით სულ ვამაყობ. ესენი არიან: თამუნა ინგოროყვა, აკა ნანიტაშვილი, თეონა ელიზბარაშვილი, ნინო კაჭარავა, ქეთი ჩხიკვაძე. აკადემიაში სწავლის პერიოდი დღემდე კარგად მახსენდება. სწავლასთან ერთად ძალიან კარგ დროს ვატარებდით. ცოტა ზარმაცი ვიყავი. როგორც ჩემი ლექტორი ამბობდა: ნიჭიერი ხარ, ფერებს გრძნობ ძალიან კარგად, მაგრამ ზარმაცი ხარო. დეიდაჩემი სულ აკადემიაში იყო დაბარებული. ვსწავლობდი, მაგრამ ლექციებს ზოგჯერ ვაცდენდი, უფრო სწორად, ისეთ ლექციებს, რომელიც არ მაინტერესებდა. ამაზე თამუნა ინგოროყვა სულ მეჩხუბებოდა. თამუნას რომ დავინახავდი, კაფეში გავრბოდი. მერე თამუნა საფრანგეთში წავიდა და მეც „ბედნიერი“ ვიყავი. რაც თბილისში დავბრუნდი, მას შემდეგ ჩემი გოგონები პირველი წუთებიდან ჩემ გვერდით არიან, რასაც ძალიან ვაფასებ და მეც მათ გვერდით ვარ ყოველთვის.
–  იმ დროს პოპულარული გოგონებიც იყავით.
– მაშინ მოდელიერობა მოდაში იყო  და „მოდელირების“ გოგონები საკმაოდ პოპულარულები ვიყავით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გამოსაშვები დიპლომი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. სასტუმრო „მეტეხში“ გავაკეთეთ დიპლომის დაცვა, ჩვენებები – კარგი შეფასებები მივიღეთ. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც თბილისში დავბრუნდი, სამი წელი ლექციებს ვკითხულობდი აკადემიაში.
– მომიყევი, მოსკოვში გატარებული საკმაოდ წარმატებული წლების შესახებ.
– მოსკოვში ყველაფრის თავიდან დაწყება საკმაოდ რთული იყო. დიდხანს ვფიქრობდი, რა მეკეთებინა, ბოლოს ვიზაჟისტობა ავირჩიე. დავიწყე „ესტეესზე“ და „დამაშნიზე“ მუშაობა, გარდა ამისა, სხვა ტელევიზიებიც გვიკვეთავდნენ გადაცემებს, მაგალითად, „ერტეერი“, ასევე, „ტეენტე“. მოსკოვი დიდი ქალაქია და შესაბამისად, სულ რაღაც ხდებოდა. ბევრ საინტერესო პროექტზე ვმუშაობდი, თუმცა ყველაზე მეტად მომწონდა, როდესაც ტელევიზიიდან მივლინებაში მივდიოდით. ცნობილ ადამიანებს დავყვებოდი და ადგილზე ისეთ დახვედრას გვიწყობდნენ – ესკორტი, მანქანები, კარგი სასტუმროები – თავი დედოფალი მეგონა.
– როგორები არიან რუსეთში ცნობილი ადამიანები, ჰქონდათ გარკვეული პრეტენზიები?
– ძალიან ბევრ წამყვანთან ვმუშაობდი, ასევე მათთან, ვინც გადაცემაში სტუმრად მოდიოდა. ქართველებიდან – ქეთა თოფურიასთან, ასევე თიკა კანდელაკთან. საახალწლო გადაცემებს რომ ვწერდით, თითქმის ყველა იქ იყო: ცნობილი ჯგუფები, მომღერლები. ზოგს პირადი ვიზაჟისტი მოჰყავდა. ნემცოვის ცოლის პირადი ვიზაჟისტი ვიყავი რამდენიმე წელი. ტატიანა ვედენეევასთან 4 წელი ვიმუშავე. თიკასთანაც, ლოლიტასთან, გალკინთან, ქსენია სობჩაკთან, მოკლედ, თითქმის ყველასთან მომიწია მუშაობა. რაც შეეხება პრეტენზიულობას, ჩვენი ხალხი უფრო „ჯიგარია“, რუსები უფრო პრეტენზიულები არიან და სხვა მოთხოვნები აქვთ. სამაგიეროდ, ეს არ გაძლევს მოდუნების საშუალებას და მეც ჩემს თავზე უფრო მეტს ვმუშაობდი.
– ერთ დღესაც ყველაფერი მიატოვე და საქართველოში დაბრუნდი.
– დაახლოებით 10-11 წელი ვიცხოვრე და ვიმუშავე მოსკოვში. ოჯახიც იქ შევქმენი. მერე ჩემი მეუღლე საქართველოში გადმოვიდა, აქ დაიწყო მუშაობა. მეც წამოვედი საქართველოში, რასაც საერთოდ არ ვნანობ. ჩემს ქვეყანაში ვარ, ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ, ვალამაზებ ადამიანებს. რაც მთავარია, ხალხს ამ საქმეს პროფესიონალურ დონეზე ვასწავლი.
– მაკიაჟის კეთება ერთგვარი ხელოვნებაა და არ არის ისეთი ადვილი გასაკეთებელი, როგორც მიაჩნიათ.
– ზოგჯერ მეუბნებიან: მიდი, მიმთხიპნეო. ამას რომ მეუბნებიან, ლამის გავგიჟდე: რას ჰქვია მიმთხიპნე? მართლა უნდა მივთხიპნო იმ დროს, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვაკადრებ ამას. ვიზაჟისტობა საკმაოდ რთული პროფესიაა. უპირველეს ყოვლისა, კლიენტის ხასიათს უნდა მოერგო, მის აურას. როცა ადამიანი ჩემთან მოდის, მის აურას მაშინვე ვგრძნობ. ცუდი აურის ადამიანი რომ შემოდის, რაღაცნაირად იკეტები და გიჭირს მუშაობა. ვერ მიდის კარგად ხატვა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, ის პიროვნება ცუდი ადამიანია. პირველი, რასაც ვაკეთებ, ხელს ვუსვამ კანს და ვიწყებ მის შეგრძნებას. უკვე ვხვდები – ტონალურს, პუდრს რომ წავუსვამ, როგორ შედეგს მომცემს, თან რაღაცეებს ვეკითხები. ასევე, ვაკვირდები და აღვიქვამ სახის ფორმას. მაინტერესებს, რა ფერებშია ქალი გადაწყვეტილი, რას იცვამს, სად მიდის... ვესაუბრები, რომ მისი ხასიათი, ცხოვრების სტილი გავიგო. ჩემს მუშაობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ის მომენტი, როცა ხატვას ვამთავრებ – ქალი ჩაიხედავს სარკეში და ამაყად იღიმის, საკუთარ თავს ეპრანჭება, მოსწონს. ამ დროს ძალიან ბედნიერი ვარ. პატარძლის შემთხვევაში, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან დილით მოდის და გვიან საღამომდე კარგად უნდა გამოიყურებოდეს. ამიტომ, წინა დღეს ვიბარებ, ვესაუბრები, მერე რომ მირეკავს და მეუბნება: შენ მთელი დღე გამილამაზეო, მე ბედნიერებით და სიყვარულით ვივსები.
– ყველაზე დიდ  რა შეცდომებს უშვებენ დღეს მაკიაჟის კეთებისას?
– ყველაზე დიდი და უპირველესი შეცდომა, ეს არის თეთრი კისერი, მკერდი, ხელის მტევანი და სტაფილოსფერი სახე. 6 წელია, რაც მოსკოვიდან ჩამოვედი და მას შემდეგ ვიბრძვი ამაზე: გოგონებო, ეს არ გააკეთოთ, მაკიაჟი უნდა იყოს ლამაზი და არა სასაცილო. ტონალური კანის ფერი უნდა იყოს, კისრისგან არ უნდა განსხვავდებოდეს. თუ ძალიან თეთრი ხართ, ნახევარი ტონით მუქი პუდრი შეიძლება გადაისვათ. არის მომენტები, როცა მე უკეთ ვიცი სხვა ქალის სახე, ვიდრე თვითონ და როცა მიჯერებენ, შედეგიც კარგია. რაც მთავარია, ჩემთან ბევრი ქალი მოდის, რომლებიც საკუთარ თავზე მაკიაჟის კეთებას სწავლობენ. სახის არასწორად დახატვაში არ იგულისხმება ის, რომ ქალი სწორ ხაზს ვერ ავლებს – ეს საპატიებელია.  აქ იგულისხმება – თვალის არასწორად დაპატარავება ან უშნოდ გადიდება, თვალის დამძიმება, პომადის ცუდად წასმა, ასევე, ნაკვთების არასწორად გამოყოფა. ზოგადად, ბევრნაირი ფორმის თვალი არსებობს, არის კლასიკური, რომელიც უპრეტენზიოა. მაგრამ არის თვალი, რომელიც რთულად დასახატია. მაკიაჟში არსებობს კანონები, რაც აუცილებლად უნდა დაიცვა, სხვაგვარად მაკიაჟს სწორად ვერ გააკეთებ. მაგალითად, ადამიანს აქვს წინ წამოწეული თვალი. ამ შემთხვევაში არ შეიძლება გამოიყენო ღია ფერის ჩრდილები, განსაკუთრებით პერლამუტრი, რადგან ის თვალს კიდევ უფრო მეტად გამოსწევს წინ. ასეთ თვალზე ფანქარიც სწორად უნდა წაისვათ. უნდა გაითვალისწინო, როგორი ფორმისაა თვითონ თვალი. ქართველ ქალებს ეშინიათ ქვემოდან თვალზე ფანქრის წასმა, რადგან ჰგონიათ, გათხაპნილის ან ჩამოსულის ვიზუალი ექნებათ. როცა ფანქარს ვისვამთ თვალზე ქვევით შიგნით, ან შიგნიდან გარეთ, ქვემოდან თვალის სიმუქეები კარგად უნდა დავფაროთ. შემდეგ ფანქარი წავუსვათ ისე, რომ არც თვალი დავავიწროოთ, არ წავუსვათ ძალიან წვრილად და არც ისე სქლად, რომ ჩამოსულის ვიზუალი მიეცეს. თვალზე ქვემოდან ფანქრის წასმა თითქმის ყველას უხდება. როცა ქვევიდან ზევით მოძრავ ქუთუთოს ტვირთავ, თვალის ფორმა ვიზუალურად იზრდება. თუ თვალის მხოლოდ ზედა მოძრავი ქუთუთო იტვირთება ჩრდილებით, ვიზუალურად არ დიდდება და თვალი უფრო ლამაზი ხდება. ამიტომაც, დიდი ხანია, ვცდილობ, ქართველი ქალები ზედა და ქვედა ქუთუთოს ერთად დახატვას მივაჩვიო, რასაც ნელ-ნელა ეგუებიან. თავიდან ყველა ზედა ქუთუთოს დახატვას მთხოვდა და ახლა უკვე მთხოვენ: მთელი თვალის დახატვას, თავისი ჩრდილებით, პომადით, მოკლედ ყველაფრით. „სტრელკებს“ რომ იკეთებენ თვალზე, ამასაც სწორად შერჩევა უნდა – ზოგს მსხვილი უხდება, ზოგს – წვრილი, მოკლე ან გრძელი. ზოგადად, სწორად გაკეთებული მაკიაჟი აკეთებს სახის კორექციას, გარკვეულად ნაკლს მალავს. ოდნავ თხელი კონტურინგი შეგვიძლია გავიკეთოთ, რომ დავმალოთ ნაკლი – ცხვირი დავითხელოთ, ნიკაპის ქვედა ნაწილი, სახე, შუბლი. ყველაფრის დათხელება შეიძლება, მთავარია, ეს სწორად გავიკეთოთ.
– ყველაზე ხშირად რის დათხელებას გთხოვენ საქართველოში?
– უფრო მეტად ყვრიმალების. ქართველ ქალებს ყვრიმალების ამოწევა მოსწონთ, რაც მეც ძალიან მომწონს. ქალი უნდა იყოს ლამაზი და „ფრეში“. კანი უნდა სუნთქავდეს, ჰაეროვანი უნდა იყოს, ლამაზი და არა მძიმე. თვალი შეიძლება დატვირთო მუქად, მაგრამ ისე ჰაეროვნად გამოიყურებოდეს სახე, რომ მამაკაცმა შენი შავი თვალები საერთოდ ვერ შეამჩნიოს. მამაკაცებისგან ხშირად მსმენია: აუ, ლანა, რანაირი მაკიაჟი ჰქონდა, სახე – სტაფილოსფერი და პომადა ცუდად ესვაო. სწორ მაკიაჟს კაცები ვერ ამჩნევენ, ანუ ისე უნდა გავიკეთოთ მაკიაჟი, ისეთი ლამაზი და „ფრეში“ უნდა იყოს ქალი, რომ მიუხედავად შავი თვალებისა, მამაკაცებმა ეს ვერც შეამჩნიონ და პირიქით, მოიხიბლონ.
– ტუჩები როგორ უნდა დავიხატოთ?
– პირადად მე, არ მიყვარს, როცა ფანქარი ცალკე ჩანს და ტუჩსაცხი – ცალკე, არ არის ლამაზი. რა ფერის პომადასაც ისვამ, ფანქარიც ისეთი უნდა გამოიყენო, რადგან ფანქარი გეხმარება იმაში, რომ სწორად დაიხატო ტუჩი და თუ რამე ხარვეზია, ამოივსო. ცოტა ხნის წინ ბორდოსფერი ტუჩსაცხი ძალიან მოდური იყო, ყველა ისვამდა – რაც შეცდომა იყო. ღია ფერის კანს, პატარა ტუჩებს არ უხდება ეს ფერი. არ არის მთავარი, რაც მოდაშია, ის წავისვათ. მოდა ის არის, რაც გიხდება, თუმცა ტენდენციებს უნდა მივყვეთ. ახლა 70-იანი წლების მაკიაჟია მოდაში – თვალის, ტუჩის დახატვა, მაგრამ შენ რომელიც გიხდება, ის უნდა დაიხატო. თუ ადამიანს უხდება, სახე აძლევს იმის საშუალებას, რომ თვალიც დაიტვირთოს, ტუჩიც, არანაირი პრობლემა არ არის. ორივეს თუ იტანს სახე, ორივე წაისვით. ანუ, უნდა დააკვირდეთ სახეს, რის ატანა შეუძლია, რომ ცოტა სასაცილოდ არ გამოჩნდეთ. რაც შეეხება ფერებს, წელს მოდაშია „ბეჟი”, ყავისფერი, შავი, „სმოუქი“ ლამაზად გაკეთებული. ტუჩსაცხი, უფრო წითელია აქტუალური, კლასიკაა მაინც და სულ რჩება, ისევე, როგორც შავი ლაინერი. მოკლედ, ჩვენ, ვიზაჟისტები იმისთვის ვართ, რომ მოხვიდეთ და სწორი რჩევები მოგცეთ.

скачать dle 11.3