რომან ქადარიამ მთელი რუსული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები გააშიშვლა
რუსეთში მოღვაწე ქართველი მხატვარი – რომან ქადარია დიდი ხანია, შემდგარი ფოტოგრაფია. მის შესახებ ყველამ იცის – ქუჩაში ცნობენ. როგორც თავად ამბობს, თავს ყველაზე კონფორტულად ეროტიკული ფოტოების გადაღებების დროს გრძნობს და ხშირად აშიშვლებს რუსული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებს. ფოტოგრაფობაზე არც უოცნებია, აინტერესებდა ქალური ფორმები და ყველაფერი სამოყვარულო გადაღებებით დაიწყო. 25 წელია, რუსეთშია, თუმცა, საქართველოშიც ხშირად ჩამოდის. ამჯერად ბევრი გეგმა აქვს და ერთ-ერთი პირველი, თბილისში გამოფენის მოწყობაა.
რომან ქადარია: სოხუმში დავიბადე, ოჯახთან ერთად აფხაზეთში ვცხოვრობდი. სკოლის პირველი-მეორე კლასი სოხუმში დავამთავრე, თბილისში რვა კლასამდე ვისწავლე და შემდეგ თოიძის სამხატვრო სასწავლებელში განვაგრძე სწავლა. ვსწავლობდი სამხატვრო აკადემიაში და ბოლო კურსიდან მოსკოვში წამოვედი, სადაც უკვე 25 წელია, ვცხოვრობ. საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ. დედას და მეგობრებს ვნახულობ. 3 წლის ბიჭი მყავს და დედაჩემს, ჩემზე მეტად, შვილიშვილი აინტერესებს (იცინის).
– რუსეთში წასვლა რატომ გადაწყვიტე სამხატვრო აკადემიის ბოლო კურსის სტუდენტმა?
– ეს იყო პერიოდი, როცა არც შუქი იყო, არც გაზი. სამსახური არ იშოვებოდა. პერსპექტივის მიზნით, ვარჩიე რუსეთში წასვლა. ევროპაშიც მინდოდა, მაგრამ რუსეთში აეწყო ჩემი კარიერა. გამოფენების გაკეთება დავიწყე. თავიდანვე მეგონა, რომ რუსეთში საქმეს კარგად ავაწყობდი. 1998 წელს, კრიზისის დროს ცუდად იყიდებოდა ნახატები და უკან, თბილისში მომიხდა დაბრუნება. 2 წელი ვმუშაობდი ჟურნალ „საქმიან საქართველოში“ დიზაინერად. როცა ადამიანი კარგ ცხოვრებას მიეჩვევა, უჭირს სირთულეებთან შეგუება. ამიტომაც, ისევ რუსეთში დაბრუნება ვარჩიე.
– დღეს აღარ ხატავ, ფოტოების გადაღებით ხარ დაკავებული. რამ განაპირობა პროფესიული არჩევანი?
– 2008 წელს შევწყვიტე ფერწერა, მუშაობა დავიწყე დიზაინერად. ყოველთვის ვიყავი თავისუფალი მხატვარი. მთავარი იყო ჩემი ნამუშევრებით მომეხდინა საკუთარი იდეების რეალიზაცია. მქონდა კამერა და სურათებს ვაქვეყნებდი საიტზე, სადაც ფოტოგრაფები დებდნენ თავიანთ ნამუშევრებს. უმეტესად დადებით კომენტარებს მიწერდნენ. შემდეგ ფოტოსტუდიაში შემომთავაზეს მუშაობა. ფოტოგრაფია მთლიანად ჩემით ვისწავლე, არანაირი სკოლა არ მაქვს დამთავრებული. ამხანაგებს, ნაცნობ გოგოებს ვუღებდი. სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი და ძნელი არ იყო ფოტოგრაფობა. მაგრამ, თამამად შემიძლია ვთქვა, თვითნასწავლი ფოტოგრაფი ვარ. მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში, „მარტინის“ სპონსორობით, მოვაწყვე არტპროექტი – ჩემი პირველი გამოფენა. ბევრი სტუმარი მოვიდა. მეგობარმა გოგონამ გამაცნო ერთი ფრანგი, რომელსაც საკუთარი გალერეა ჰქონდა და იქ მოვაწყვე პერსონალური გამოფენა სახელწოდებით – „ანგელოზების ქალაქი“. სამი თვის განმავლობაში ვმუშაობდი ამ პროექტზე. საბოლოოდ, ყველაფერი გამოვიდა. რამდენიმე ნამუშევარი საკმაოდ მაღალ ფასად გაიყიდა. ეს ხდებოდა პირველი ერთი წლის განმავლობაში, რაც ფოტოგრაფიას მოვკიდე ხელი.
– პირველ ფოტოებს მეგობარი გოგოს ნაჩუქარი კამერით იღებდი. შენს ფოტოებზე, ძირითადად, შიშველი ქალებია აღბეჭდილი. რამ განაპირობა შენი, როგორც პროფესიონალის, კომფორტი ეროტიკულ ჟანრში?
– დიახ, ნაჩუქარი ფოტოაპარატით ვიღებდი და ეს ძალიან დამეხმარა. თავიდან ნაცნობებს ვუღებდი. ყოველთვის შიშველ გოგოებს არ ვიღებ (იცინის) – რეკლამებს ვიღებ, საოჯახო ფოტოებს. თუმცა, ყველაზე კარგად ეროტიკული ფოტოების გადაღებისას ვგრძნობ თავს. რატომ? – ნამდვილად არ მაქვს კონკრეტული პასუხი, უბრალოდ, ქართველ კაცს მეტი რა უნდა (იცინის), ქალის ფორმები ყოველთვის მაინტერესებდა და ალბათ, ბუნებრივი გატაცებაა. რადგან ეროტიკით დავიწყე (იცინის) ყველამ ამით გამიცნო – ეს, უბრალოდ, იმიჯია. თავიდან, როცა სურათებს ვიღებდი, ერთმა ქალბატონმა შემომთავაზა სტუდიაში მუშაობა – გაქვთ ტალანტი და გამოიყენეთო. ადვილად დავთანხმდი, ბევრი არც მიფიქრია.
– მოდელებს როგორ ითანხმებ გახდაზე, რა კრიტერიუმით არჩევ მათ?
– ჩემს სურათებს რომ ხედავენ, სიმართლე გითხრათ, არ კომპლექსდებიან. 5 წუთის შემდეგ ტიტლიკანები დარბიან გადაღებაზე (იცინის). მუშაობის პროცესში ქალი ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის ჩვეულებრივი თიხაა. მთავარია, მისი ფორმა. არასდროს გადამაქვს ყურადღება ქალის ვიზუალზე, როცა კამერასთან ვარ. სამსახურის შემდეგ კი, ძალიანაც მომწონს ისინი (იცინის). ნებისმიერ ქალთან მუშაობა არ შემიძლია. მომხიბვლელობა და ელასტიკურობა უმთავრესია. მყოლია გადაღებაზე მოდელები, რომელთაც კარგი მონაცემები ჰქონდათ, მაგრამ გადაღების პროცესში ქვებს ვამსგავსებდი (იცინის). ცნობილი მოდელებიდან ბევრი გადამიღია. შერონ სტოუნი გადავიღე ამერიკაში – ჩემი მეგობარი რუსულ ფილმს იღებდა. რუსეთის თითქმის ყველა ვარსკვლავი მყავს გადაღებული. საწყის ეტაპზე, როცა ჯერ კიდევ არ ვიყავი ცნობილი, სტუდიაში დიმა ბილანის პროდიუსერი მოიყვანეს. ჟურნალისთვის იღებდნენ და ბილანმა ყველას გადაღებული სურათი დაიწუნა. ბოლოს მეუბნება, შენ ვინ ხარო (იცინის). ავუხსენი, ვინც ვიყავი და შენ გადამიღეო – კმაყოფილი დარჩა. ბევრი კურიოზიც შემმთხვევია. რუსული ესტრადის მომღერალს ვიღებდით. ერთი ლამაზი კაბა ჰქონდა და ბევრს პოზიორობდა. გადაღების ბოლოს ფოტოები წამეშალა – ვაღიარებ ძალიან გვეწყინა (იცინის). ერთხელ გადაღებაზე წავედი და ფოტოაპარატის ბატარეა სახლში დამრჩა. ძირითადად, ვარსკვლავებთან მიწევს მუშაობა. პროფესიონალები არიან და ბევრი მათგანი კამერასთან თავს კომფორტულად გრძნობს. რუსეთში კარგი სახელი მაქვს, ქუჩებში მცნობენ.
– სხვადასხვა ქვეყანაში აწყობ გამოფენებს. მყიდველების რაოდენობა როგორია?
– მყიდველი და ფასი განაპირობებს ჩემს სიმშვიდეს. კრიზისული პერიოდის დროს ორივე ცოტა იყო. დღეს ვითარება შეიცვალა, ფასი 1 000 დოლარიდან იწყება. შარშან შვეიცარიაში მქონდა გამოფენა, სადაც 5 000 ევროდ გაიყიდა სურათები. ახალ წლამდე მოსკოვშიც გავაკეთე გამოფენა. ამერიკაში მქონდა გამოფენა – გინესის წოგნში მინდოდა მოხვედრა. 175 მოდელი გადავიღე 2 თვის განმავლობაში, უბრალოდ, საორგანიზაციო ჯგუფმა ვერ შეგვიწყო ხელი, გაუჭირდათ მოდელების შოვნა.
– თავისუფალ დროს რა ხდება?
– სპორტზე დავდივარ, ვცურავ. უცხოეთში მიყვარს დასვენება ზღვაზე. მოსკოვში მყოფი ქართველების უმრავლესობასთან ვმეგობრობ, ვიკრიბებით ხოლმე. ირაკლი ფირცხალავა ჩემი კარგი მეგობარია. დაბადების დღის აღნიშვნა მიყვარს. წინა წელს 250 სტუმარი მყავდა (იცინის).
– სამომავლო გეგმებზე რას იტყვი?
- საქართველოში მინდა გამოფენის გაკეთება, მაგრამ ცოტა მეშინია. არ ვიცი, როგორ შეხვდებიან ეროტიკულ ჟანრს. პატარა ბიზნესი მინდა განვავითარო – ჩემი გადაღებული ფოტოებით ვქმნი მაისურებს. თვალი ევროპაზე მიჭირავს, ვოცნებობ, იქ მოვაწყო გამოფენა. რაღაც პერიოდებში, იდეები არ მაქვს და სრულ აპათიაში ვარ, მაგრამ ხანდახან ძალიან „ვიქოქები“ და ბევრს ვშრომობ წინსვლისთვის.