როგორ ხდება ბარაქისა და შემოსავლების კოდის გაძლიერება და რა უნდა ატაროს ცოლ-ქმარმა ბოროტი თვალისგან დასაცავად
წარუმატებელი ადამიანი საკუთარი მატერიალური კეთილდღეობის არხს თავადვე კეტავს. ყოველდღიურად უამრავი მისტიკური მოვლენის მოწმე ვხდებით. თუმცა, ამას, ხშირ შემთხვევაში, ვერც კი ვამჩნევთ. როგორც ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნანა ამბობს, ფულს არ უყვარს ზედმეტად ხელმომჭირნეები და თუ უმწეო ადამიანი გაჩერებთ და ფულს გთხოვთ, აუცილებლად უნდა დაეხმაროთ. ასევე, სწორად უნდა ავირჩიოთ პროფესია და დავგეგმოთ ცხოვრება, რომ მომავალში საწუწუნო არაფერი გვქონდეს.
ნანა: არსებობს წესები, ყველამ, აუცილებლად რომ უნდა გაითვალისწინოს ყოველდღიურობაში, თუ მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება სურს. უმწეოსთვის ხელის გამართვა და დახმარება კი, ეს საკუთარი ფინანსური კოდის გახსნის ერთგვარი მეთოდია. ანუ, იმის თქმა მინდა, რაც მეტს გასცემთ, მით მეტი შემოსავალი გექნებათ. თუ ქუჩაში მივდივარ, ვინმე გაჭირვებული მაჩერებს, ფულს მთხოვს და დავეხმარები, არ არსებობს, უახლოეს მომავალში არ მივიღო გაცილებით მეტი, ვიდრე გავეცი. მოხუცს ან ხეიბარს, ვისაც არ შეუძლია თავად ფულის სხვა ხერხით შოვნა, ფულს რომ აძლევ, გლოცავს. თან, ისეთ მზერას გაყოლებს, თითქოს იმ ხურდის სანაცვლოდ, მისთვის რომ გაიმეტე, მთელი დარჩენილი ცხოვრება შენი მადლიერი იქნება. ლოცვის ძალა კი დიდია და ის სამყაროში არ იკარგება.
– გამიგია, ბარაქა და წარმატების კოდი, კავშირშია კარმულად სწორად ირჩევს თუ არა ადამიანი პროფესიას. ამაზე რას იტყვით?
– დიახ, სრული სიმართლეა. ბარაქა და ადამიანის წარმატების კოდი პირდაპირ კავშირშია იმასთან, სწორად გაქვთ არჩეული პროფესია თუ არა. სწორი არჩევნის შემთხვევაში, შემოსავალი მეტია და, შესაბამისად, ბარაქაც იმატებს. მაგრამ, თუ არასწორად აირჩიეთ პროფესია, რთულია ფულის მოზიდვა და ფინანსური კეთილდღეობის მიღწევა. ვერც კარიერაში მიაღწევთ წარმატებას და არ არის გამორიცხული, უმუშევრობაც ამის ბრალი იყოს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ სრულიად შესაძლებელია, ბარაქისა და შემოსავლების კოდის გაძლიერება. ანუ, ბარაქის კოდის გაძლიერება და კოსმიურ არხთან მისი ისე დაბალანსება, რომ კონკრეტული ადამიანის კარიერულ წინსვლას შეუწყოს ხელი. ეს შეიძლება, შესაბამისმა სპეციალისტმა გამოიწვიოს. მაგრამ, თუ მან არ იცის, რა კოსმიური ენერგეტიკული პოტენციალი დევს ამა თუ იმ ადამიანის ბარაქის კოდში, დახმარებას ნამდვილად ვერ შეძლებს.
– რეალურად, არსებობს წესები, რომლის დაცვითაც შესაძლებელია ფინანსური კოდის გაძლიერება და ამით გარკვეული მატერიალური წარმატებების მიღწევა?
– სანამ ამაზე გიპასუხებთ, გეტყვით რომ, ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა შემოსავლების კოდი დროებით იკეტება. ეს კარმული ჩავარდნის დროა და მას უნდა გაუძლოთ, თუ გინდათ, რომ მომავალში მეტად გაგიმართლოთ. რაც შეეხება ფინანსური კოდის გაძლიერებას, ერთ ხერხს გასწავლით, რომელიც ფულის გამრავლება-მოზიდვაში დაგეხმარებათ. ამ ხერხს ჩვენი წინაპრები აქტიურად იცავდნენ და თუ ასაკოვან ადამიანებს შეეკითხებით, ისინიც დაადასტურებენ ჩემს ნათქვამს. კერძოდ, ყოველ ახალმთვარეობისას, ღამის 12 საათზე, გამოიტანეთ ფულის მსხვილი კუპიურა და დაანახვეთ მთვარეს. შემდეგ სარკესთან მიდით და ისე დაიჭირეთ ფული, სარკეში ხედავდეთ. მერე საფულეში ჩადეთ და ბალიშის ქვეშ დაიდეთ. ეს უტყუარი ხერხია, რომ მომავალ ახალმთვარეობამდე ფული არ შემოგაკლდეთ და ის თქვენს საფულეში მუდამ იდოს. მე ყოველთვის ასე ვიქცევი და თქვენც ამას გირჩევთ. ასევე, ეზოთერიკაში არსებობს მარტივი წესები, თუ როგორ შევინარჩუნოთ ბედნიერება საყვარელ ადამიანთან თანაცხოვრებისას, რომ მომავალში პრობლემებს ავარიდოთ თავი. ზოგადად, ბედნიერი ოჯახური თანაცხოვრება სასურველ და საყვარელ ადამიანთან თავადვე უნდა დაგეგმოთ და ამისთვის იბრძოლოთ, თუნდაც ელემენტარული ეზოთერიკული, პატარ-პატარა ხრიკებით. კარგია გრძნობების აყოლა, როცა გიყვარს და უყვარხარ, მაგრამ, თუ ცოტა გონებაც არ ჩართეთ და წინაპართა გამოცდილებაც არ გაითვალისწინეთ, შესაძლოა, ცოტა ხანში მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდეთ. მაგალითად, წყვილის საძინებელში აუცილებლად უნდა იყოს სარკე, რომელშიც ცოლ-ქმარი ყოველ დილით იხედება, მაგრამ მასში არ უნდა ჩაიხედოს უცხომ, რათა ცოლ-ქმარი ბოროტი თვალისგან დაცული იყოს. აგრეთვე, კარგია, თუ წყვილი გიშრის ქვას ატარებს. ეს ქვა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მინერალია. მას ძალიან ბევრი საინტერესო და მისტიკური თვისებაც აქვს. მისი ტარებით ცოლ-ქმარი საკუთარ ბედნიერებას იცავს გარეშე, არასასურველი თვალისა და ენებისგან.
– მეც ხშირად მინახავს, გიშრის ქვას რომ ატარებენ და სჯერათ, ის ავი თვალისგან იცავთ.
– დიახ, უძველესი დროიდან, გიშერი ადამიანის კარმულ ველთან იყო დაკავშირებული და დღესაც ამიტომ ატარებენ მას თილისმად. მას ასევე, ძალიან ბევრი სამკურნალო თვისება გააჩნია. ასე რომ, მისი ტარება როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილთათვის ძალიან სასარგებლოა. მიყვარს დაკვირვებული ადამიანები, ვინც, კონკრეტულ ნაბიჯს გააზრებულად დგამს და შესაბამისად, პრობლემებსაც ადვილად არიდებს თავს. ყოველთვის ვამბობ, ისე ვერავინ გვნებს, როგორც საკუთარ თავს შენვე შეგიძლია ცუდი გაუკეთო-მეთქი. ბევრი ამ აზრს ვერ ხვდება. არადა, დაფიქრდით და მიხვდებით, რომ მართლაც ასეა. ამ სიტყვებში უდიდესი სიმართლეა. დღევანდელი ახალგაზრდების უმრავლესობა, ყველაფერს ადვილად უყურებს, გაუაზრებლად ცხოვრობენ და ზოგს უმართლებს, ზოგს – არა. ფაქტი ერთია, მათი უმეტესობა ხვალინდელი დღისთვის მზად არ არის. არადა, დღეს თუ არ გადადგი სწორი და გააზრებული ნაბიჯი, ხვალ რას მიიღებ? საფუძველი უნდა ჩაყარო, რომ მასზე შენი ცხოვრება სახლივით დააშენო და შემდეგ მასში ჰპოვო სრული სიმშვიდე და იდილია. ბევრი მეკითხება, მომავლის განჭვრეტა რთულია და ამას ვერავინ შეძლებს, მაგრამ მაინც როგორ დავგეგმოთ საკუთარი ცხოვრება და თითოეული ნაბიჯი, რომ მომავალში წარმატებულები და ბედნიერები ვიყოთო. როგორ და, ცოტა გამოცდილ ხალხსაც უნდა დაუჯეროთ, ცოტა საკუთარ ინტუიციას და ცოტაც, ეზოთერიკული რჩევებიც გაითვალისწინოთ, რაც მთავარია, აკეთოთ ბევრი სიკეთე უანგაროდ. ასე რომ, ჩვენ თავად ვიქმნით ცხოვრებაში ბედნიერების კოდს და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.