კურნავს თუ არა დრო ღალატით მიყენებულ ტკივილებს
თუ გიღალატეს, უნდა დაივიწყო... გაუშვა და გაათავისუფლო გული უსარგებლო, მტანჯველი გრძნობისგან. მაგრამ, ეს მხოლოდ სათქმელადაა ადვილი. უფრო ხშირად ტკივილთან გამკლავებაც უჭირს ქალს, რომელსაც უღალატეს და ცხოვრების ნორმალური სისტემის დაბრუნებაც. თუმცა, ალბათ, რეალობა ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის, რათა ცხოვრების გაგრძელება შეძლო.
თინიკო (39 წლის): არ შემიძლია, დავივიწყო... არ შემიძლია გულიდან „გავუშვა“... მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ – დავიწყო ახალი ცხოვრება მის გარეშე. ყველას მაინც მას ვადარებ... ვცდილობ, გამართლება მოვუძებნო და ისევ შევიყვარო... თუმცა, გრძნობა ისედაც მაქვს. ამას ვერაფერს ვუხერხებ. ხომ ამბობენ, დრო კარგი წამალიაო. ტყუილი ყოფილა – არ მშველის. მხოლოდ სულელ ქალს შეუძლია, ქმარი ასე, უაპელაციოდ უყვარდეს. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ მე სულელი ქალი ვარ და ამას ვაღიარებ.
– ქმრის ღალატი ნებისმიერი ქალისთვის მტკივნეულია – სულელისთვისაც და ჭკვიანისთვისაც.
– გეთანხმებით, მაგრამ ჭკვიანები ახერხებენ სიტუაციიდან გამოსვლას ნაკლები დანაკარგებით, რასაც ჩემზე ვერ ვიტყვი. ზოგჯერ ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, არაფერი მცოდნოდა.
– სირაქლემას პოზაში ყოფნა გირჩევნიათ?
– არ ვიცი. ახლა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან მიჭირს. როგორც ნარკოტიკზე, ისე ვარ ჩემს ქმარზე დამოკიდებული. არ ვიცი, სიყვარულია ეს თუ არა. ვერ ვალაგებ ამ ყველაფერს და კიდევ უფრო ვიბნევი. ეს იყო საშინელი დღე, როცა ჩემი ქმრის ღალატის შესახებ გავიგე. იცით, როგორი შოკი მივიღე? ჯერ არ მჯეროდა.
– რატომ არ გჯეროდათ? გამორიცხავდით იმას, რომ შეიძლებოდა ქმარს თქვენთვის ეღალატა?
– სამწუხაროდ, სირაქლემას პოზაში ძალიან დიდხანს ვიყავი და ეს მხოლოდ ჩემი ბრალია. ესეც, ეტყობა, იმის ბრალი იყო, რომ ქმარზე მეტისმეტად დამოკიდებული გავხდი.
– დამოკიდებულება ასეთი ცუდია?
– კარგი ვერ იქნება დამოკიდებულება, ვერაფრით. „წამალზე“, სიგარეტზე დამოკიდებულება ხომ საშინელებაა... გაცილებით უარესი კაცზე დამოკიდებულება ყოფილა. სიყვარული უფრო ჯანსაღი გრძნობაა. როცა გიყვარს, აზროვნებ.
– ჰო, მაგრამ, ხომ ამბობენ, დიდი სიყვარული სწორედ აზროვნებაში გვიშლის ხელს. მხოლოდ გულის კარნახით ვმოქმედებთო...
– ეგეც არის, მაგრამ დამოკიდებულება კიდევ სხვა რამეა. ვინც ყოფილა ჩემს მდგომარეობაში, ის გამიგებს... როცა უკვე მივხვდი, რაც მჭირდა, ძალიან გვიანი აღმოჩნდა. შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაფერზე წამსვლელი ვარ, ოღონდ ქმარი არ დავკარგო. ხვდებით, რა ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდი? ფაქტობრივად, გამოუვალი სიტუაცია მაქვს. ღალატის არ მჯეროდა-მეთქი, გითხარით. მგონი, ის პერიოდი მერჩივნა. იმიტომ რომ, ახლა უარეს მდგომარეობაში ვარ. ვიცი, რომ მიღალატა... ძალიან დამამცირა და გული მატკინა... ჩემი თავმოყვარეობა ფეხქვეშ გათელა, მაგრამ რა აზრი აქვს? მაინც გულიდან ვერ ვდევნი.
– საერთოდ არ ნანობს? არაფერი გითქვამთ? იცის, რომ იცით?
– რა თქმა უნდა, იცის. მე არ გავჩუმებულვარ, როცა უკვე დავრწმუნდი, რომ მღალატობდა. ვიჩხუბე, ვიტირე... ისტერიკაც მოვაწყვე... სტანდარტულად მოვიქეცი, ჩვეულებრივად, როგორც ცოლები იქცევიან ხოლმე.
– არასტანდარტულად როგორ უნდა მოიქცეს ცოლი, როცა ქმარს ღალატში გამოიჭერს?
– რა ვიცი... ზოგი შურისძიებას გეგმავს და ახერხებს კიდეც. ზოგი იმ საყვარელს უსწორებს ანგარიშს. ერთი სიტყვით, მეთოდები არსებობს, მაგრამ მე პრაქტიკაში ვერცერთი ვერ გამოვიყენე. ძალიან სულელურად ვიქცევი, განა არ ვიცი, მაგრამ რა ვუყო, საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებ... მე ბარგიც კი ჩავულაგე და სახლიდან ვაგდებდი.
– როცა დარწმუნდით ღალატში?
– დავრწმუნდი რა – თავზე დავადექი. საყვარელი სახლში ჰყავდა მოყვანილი. მე გვიანობამდე ვერ მივდივარ ხოლმე სახლში და არ მელოდებოდნენ. კარიც საკუთარი გასაღებით გავაღე. როგორი უტიფარი უნდა იყო ადამიანი, რომ საყვარელი სახლში მიიყვანო და ცოლის საწოლში ჩააწვინო. სანამ მე ვტიროდი და ვკიოდი, იმ ქალმა დრო იხელთა და „გაძვრა“...
– რომ არ გაგცლოდათ, იყრიდით მასზე ჯავრს?
– არ ვიცი. ჩემი პრობლემა ის არ არის. მთავარი პრობლემა ჩემი ქმარია, რომელიც, წესით, უნდა გავუშვა ჩემგან, გავაგდო, მაგრამ ამის ნაცვლად, ვემუდარები, არ მიმატოვოს. დიახ, აი, ასეთ საზიზღარ მდგომარეობაში ვარ. მძულს საკუთარი უპრინციპო და უღირსი თავი, მაგრამ რა გავაკეთო? ნარკომანებიც ხომ ასე არიან? უნდათ „გადააგდონ წამალი“, მაგრამ ვერ ახერხებენ. ასე ვარ მეც ზუსტად – მინდა, გავაგდო ჩემი ქმარი, მაგრამ, როცა წარმოვიდგენ, წავა და აღარ მოვა, ისე ცუდად ვხდები, სერიოზული „ლომკა“ მეწყება. ვერ გავძლებ მის გარეშე, მოვკვდები.
– ხომ იცით, რომ არ მოკვდებით. ამაში ხომ ხართ დარწმუნებული?
– კი. ქვეცნობიერად ვიცი ეს ყველაფერი და ისიც ვიცი, რომ ქმართან ასეთი ურთიერთობა ნორმალური არ არის, მაგრამ ვერ მშველის: დრო ტკივილს კურნავსო – ეგეც სისულელე ყოფილა. ისიც არ შემიძლია, დავიკიდო ეს ამბავი და ჩვეულებრივად განვაგრძო ცხოვრება. მაინც სულ ღალატზე ვფიქრობ...
– ხვდებით, რომ ამით ქმარს ისევ ღალატისკენ უბიძგებთ? მასში დაუსჯელობის სინდრომი იწყებს მუშაობას.
– დიახ. ამასაც ვაცნობიერებ. თერაპიის კურსიც გავიარე ფსიქოლოგთან – არ მიშველა. ხომ გეუბნებით, უიმედო ვარ. მაინტერესებს, ნეტავი, რა დრო დამჭირდება, ღალატით გამოწვეული ტკივილი ოდნავ მაინც რომ გამიყუჩდეს და მიმავიწყდეს.
– დამოკიდებულებასთან ბრძოლაც შეიძლება...
– შეიძლება, მაგრამ ვცადე უკვე და არ გამომივიდა. ამიტომ ხელი ჩავიქნიე და ახლა ვცდილობ, რეალობასთან ადაპტაცია მოვახერხო.
– ამით საკუთარ თავს არ ეწინააღმდეგებით?
– კი, რადგან შინაგანად ჩემთვის ღალატი მიუღებელია. იმასაც ვხვდები, რომ ვერანაირი დრო ვერ გაანელებს ჩემს ტკივილს, მაგრამ ჯერ ისეთი სარეაბილიტაციო ცენტრი არ გაუხსნიათ, სადაც ქმარზე დამოკიდებულებას მკურნალობენ. ჩემი მთავარი პრობლემა კი სწორედ ეს არის.
– დარწმუნებული ხართ, რომ გინდათ ქმრის გაგდება?
– ძალიან მძიმე შეკითხვაა. გონებით მინდა და გადაწვეტილებაც მიღებული მაქვს. საკუთარ თავს რამდენჯერმე ვუთხარი: მორჩა, შენ ასეთი ქმარი აღარ გჭირდება-მეთქი. ვატყობ, პიროვნულად „ვინგრევი“, მაგრამ „ნარკომანის“ სიტყვა დაიჯერება? ჰოდა, ასეთ მძიმე, ფაქტობრივად, უიმედო მდგომარეობაში ვარ.