როგორ გაიპარნენ ლევან ყოჩიაშვილი და მისი მეუღლე რვაწლიანი სიყვარულის შემდეგ და როგორ დაემთხვა მათი და დათოსა და ნინას შერიგება ერთმანეთს
18 მარტს სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მეცხრე სეზონი დაიწყო და მაყურებელმაც მონატრებული პერსონაჟები იხილა. უკვე მეხუთე წელია, რაც ამ სერიალის პერსონაჟები ბევრისთვის ოჯახის წევრებივით გახდნენ. ეს განსაკუთრებით მის მთავარ გმირს – დათოს ეხება. რას ელოდება ლევან ყოჩიაშვილი ახალი სეზონისგან: როგორ გამოხატავენ მის მიმართ სიყვარულს; რა მსგავსება და განსხვავებაა მის და დათო გოცირიძის ცხოვრებას შორის, ამას მსახიობისგან შეიტყობთ.
ლევან ყოჩიაშვილი: ახალი სეზონი ძალიან დიდი იქნება და აგვისტომდე გაგრძელდება. ყველა სეზონი ძალიან საინტერესო ამბებით იყო გაჯერებული და ასე იქნება მეცხრეც. არ ვიცი, ამჯერად რა მოიფიქრა ქეთიმ, თუმცა როგორც ნახეთ, დასაწყისი ძალიან საინტერსოა. ერთად ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რომელი პერსონაჟის ცხოვრება წამოიწევს წინ ამჯერად.
– მაყურებელი ყოველთვის მოუთმენლად ელის ახალ სეზონს. ასე იყო ახლაც, მაგარამ საუბრობდნენ იმაზეც, რომ შეიძლებოდა, სერიალი აღარ გაგრძელებულიყო. ამის საფრთხე რეალურად არსებობდა?
– ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ მეცხრე სეზონი დაიწყებოდა და მისი შეწყვეტის შესახებ არაფერი გამიგია. ეს სერიალი, მაყურებლის გარდა, ჩვენც ძალიან გვიყვარს და ვუფრთხილდებით. ამ სეზონზეც ბოლომდე მონდომებულები ვართ, რომ მაყურებლის იმედები გავამართლოთ.
– მაყურებლის სიყვარულის არაერთი დადასტურება გაქვთ. მომიყევით მათ შესახებ.
– ნამდვილად ასეა. ჯერ კიდევ ახალი დაწყებული იყო სერიალი, როცა გვირეკავდნენ და კომპლიმენტებს გვეუბნებოდნენ. განსაკუთრებით კი ემიგრანტები აქტიურობდნენ. ამერიკიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, ყველა ერთად ვიკრიბებით და ვუყურებთ ამ სერიალსო. თუ დაწყება გაიწელა და დროს გადასცდა, კითხულობენ: რა ხდება, ხომ გაგრძელდებაო? საჩუქრებსაც გვიგზავნიან. ერთი ემიგრანტია – ბატონი გიორგი ფედიაშვილი, რომელმაც დიდი სიყვარულით და მოკითხვებით დამირეკა. თურმე 12 წელია, ამერიკაში ცხოვრობს და ერთმანეთს აქაურ და იქაურ ამბებს ვუყვებოდით ხოლმე. ერთხელაც მითხრა, მინდა რაღაც საჩუქარი გავუკეთო გოგოებს და ბავშვებსო და ფული გამოგვიგზავნა. მერე ტასუნას, ანუ ქეთას, დაბადების დღე იყო და მაშინაც, „რუსთავი 2-ში“ ტორტი და დიდი სათამაშო გამოაგზავნა. ახლაც ხშირად გვკითხულობს მე და „ჩემი ცოლის დაქალებს“ (იცინის). ზოგადად, როცა გცნობენ, უნდათ, რაიმეთი გასიამოვნონ – ფასის დაკლება იქნება ეს თუ სიყვარულის თბილი სიტყვებით გამოხატვა. რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა. თუმცა, ისიც ჰგონიათ, რომ გაუთავებლად ვქეიფობ და სულ ყანწით ხელში ვარ (იცინის). როცა ქუჩაში მხედავენ, ფიქრობენ, რომ აუცილებლად მთვრალი უნდა ვიყო. დალევა მიყვარს მეც და დანარჩენ მსახიობ ბიჭებსაც, მაგრამ ზომიერად. ერთხელ „ჩემი ცოლის დაქალის ქორწილის“ გადაღებისას, ერთი კაცი მეკითხება, სულ მაინტერესებდა, თქვენ სადაური გოცირიძეეები ხართო? იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ტასუნა და ჯეკო ძალიან დიდხანს ჩვენი შვილები ეგონათ (იცინის). ზუსტად ვიცოდი, რომ სტომატოლოგთან ღალატის ამბავი ხალხს ძალიან ეწყინებოდა. ამიტომ, არც გამკვირვებია კლინიკაზე გაკრული წარწერები: „ნუ დაანგრევ ოჯახს“ და ასე შემდეგ. მაშინ დათოს მიმართ სერიოზული აგრესია გაჩნდა. ქუჩაშიც მეუბნებოდნენ, ოჯახს დაუბრუნდი, ნინას ნუ ღალატობო (იცინის). ერთხელ, ბენზინგასამართ სადგურზე ახალგაზრდა ბიჭი სერიოზულად მეუბნება: აუ, გეხვეწები, დაანებე თავი იმ კბილის ექიმს, თორემ ტელეფონზე სალაპარაკოდ გვერდზე ვერ გავსულვარ. ჩემი ცოლი ეჭვიანობს და ვეღარ დამილაპარაკიაო. მეც დავპირდი, რომ მის თხოვნას გავითვალისწინებდი (იცინის).
– რეალურ ცხოვრებაშიც დაქორწინებული ხართ და ორი შვილი გყავთ.
– კი, ქალიშვილი 18 წლისაა, ბიჭი – რვის... კესუნა და ვასიკო. კესუნა წელს აბარებს საერთაშორისო სამართალზე. ჩემი პროფესია მოსწონს, მგულშემატკივრობს, რჩევაც მოუცია, მაგრამ თვითონ არასდროს გამოუთქვამს მსახიობობის სურვილი. ბიჭი რვა წლისაა და ჯერ არ ვიცით, რას აირჩევს. ხან ფეხბურთელობა უნდა, ხან გამომგონებლობა და ხანაც მრბოლელი უნდა, გამოვიდეს (იცინის).
– სერიალში საკმაოდ ლოიალური მამა ხართ. სინამდვილეში?
– სინამდვილეშიც ასეთი ვარ. დიდთანაც და პატარასთანაც ყველაფრის ძალიან წყნარად მოგვარება მიყვარს. კონფლიქტური საერთოდ არ ვარ. ჩემს შვილებთან ვმეგობრობ, ერთმანეთის გვესმის. არც მე ვაბრაზებ და არც ისინი მაბრაზებენ (იცინის). მე თვითონ ორი ძმა მყავს. მშობლებს ჩვენთან ძალიან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდათ და ალბათ, მეც ამიტომ ავირჩიე ჩემს შვილებთან ურთიერთობის ასეთი გზა. ისინი პატარაობიდანვე პატივს სცემდნენ ჩვენს არჩევანს და რჩევებს გვაძლევდნენ. იგივე პოლიტიკა მაქვს მეც და ჯერჯერობით დიდი წინააღმდეგობები არ გვქონია.
– გოგოს მამობა განსაკუთრებით რთულია, მით უმეტეს ამ ასაკში.
– გოგო ძალიან კარგი და პასუხისმგებლიანი შვილია. არანაირი უთანხმოება არ გვქონია. ძალიან ინტერესიანია. სულ მეცადინეობს და კითხულობს. რაც შეგვეხება მე და ვასიკოს, ჩვენ, როგორც ბიჭები, ვმეგობრობთ (იცინის). ძაღლს ვასეირნებთ ერთად, ვსაუბრობთ და ასე შემდეგ.
– სერიალში ბევრი ბავშვია. არ გაგჩენიათ სურვილი, რომ თქვენი შვილიც მოგეყვანათ?
– იცით რა, თვითონ ბავშვებს არ გამოუთქვამთ ამის სურვილი. როცა ბავშვს რაღაც უნდა, ყველაფერს აკეთებს მის მისაღწევად, მაგრამ მათ მსგავსი არაფერი უთქვამთ, თორემ აუცილებლად მოვიყვანდი. მე წინააღმდეგი არ ვარ.
– როგორც ცნობილია, ნინას და დათოს დაშორების პარალელურად, სირთულეები თქვენი და თქვენი მეუღლის ურთიერთობაშიც იყო.
– ერთად ცხოვრებისას რაღაცეები ხდება და ეს გასაკვირი არცაა. თავისთავად, აჯობებს, რომ არ მოხდეს, მაგრამ ხდება. მე და ჩემი მეუღლე რაღაც პერიოდი ერთად არ ვიყავით, მაგრამ შემდეგ, ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად წავიდა. ეს ზუსტად იმ პერიოდს დაემთხვა, როცა სერიალში დათო და ნინა დაშორდნენ. რომ ამბობდნენ, მსახიობის ცხოვრებაში ასეთები ხდებაო, არ მჯეროდა, მაგრამ მესამე სეზონი ლევანმაც და დათომაც ერთნაირად – მეუღლესთან დაშორებულ მდგომარეობაში გავატარეთ.
– ოღონდ მიზეზი გავმიჯნოთ. იქ ღალატი იყო.
– ჰო, ჩვენს შემთხვევაში, ღალატი არ ყოფილა. ცოლ-ქმარი ხშირად კამათობს, ჩხუბობს და იბუტება, მაგრამ ჩვენთან ამის მიზეზი ღალატი არ ყოფილა. მერე ყველაფერი დალაგდა და ისევ ერთად ვართ. ზუსტად ისე, როგორც სერიალში.
– სერიალში ნინა ხშირად საყვედურობს დათოს რომანტიკის ნაკლებობის გამო. თქვენც თუ იმსახურებთ ცოლისგან ამ მიზეზით საყვედურებს?
– მე მიყვარს სიურპრიზებისა და საჩუქრების გაკეთება. ვერ ვიტყვი, რომ სულ ასე ვიქცევი, მაგრამ მსიამოვნებს, როცა მოულოდნელად რამეს ვუკეთებ. დათომ მშვენიერი საჩუქარი გაუკეთა ნინას – მანქანა უყიდა. მეც სულ ვამბობ, მაგრამ ჯერ ვერ მოვახერხე. ვნახოთ, მერე რა იქნება. იქნებ, შევძლო და მეც მანქანა ვაჩუქო მეუღლეს (იცინის). მე და ჩემს მეუღლეს დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს. ერთმანეთი სკოლაში შეგვიყვარდა. რვა წელიწადი შეყვარებულები ვიყავით. როცა დავქორწინდით, მე მესამე კურსზე ვიყავი და მარინას დამთავრებული ჰქონდა, რადგან ჩემზე ორი წლით უფროსია. ოცი წლის ვიყავი, როცა კესო გაჩნდა. სხვათა შორის, გავიპარეთ (იცინის). მას შემდეგ, 17 წელია, ერთად ვართ. მარინა უცხო ენების სპეციალისტია. ახლა „პალიტრა მედიში“ მუშაობს. დათოსავით მე მეუღლის მუშაობის წინააღმდეგი არ ვარ (იცინის). ადამიანი სწავლობს, ამაში თვითონ და მისი ოჯახი შრომას დებს და რეალიზებაში ხელი არ უნდა შეუშალო. დათოს ეგოიზმის შემოტევა ჰქონდა, მაგრამ ყველაფერს შეაჩვიეს (იცინის).