როგორ ცხოვრობს ჟუჟუნა გიგაური „გეპეის“ ლიფტში და რატომ შესთავაზა მას კახა ბენდუქიძემ თავისთან მუშაობა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიფტში მოხვედრისას მეტად უცნაურ ფაქტს წააწყდებით: ლიფტში, პატარა მაგიდასთან ზის ჭაღარა, შაოსანი ქალბატონი, რომელსაც უნდა უთხრათ, რომელ სართულზე გინდათ ასვლა და ის აგიყვანთ. ლიფტი საცხოვრებელს უფრო ჰგავს: კედელზე – სარკე, საათი, კალენდარი; იქვე გამათბობელია ჩართული... უამრავი წელია, ჟუჟუნა გიგაური, რომელსაც სიყვარულით ყველა ჟუჟუნა ბებოს ეძახის, ფაქტობრივად, ამ ლიფტში ცხოვრობს და სტუდენტებს ემსახურება. ლიფტში სტუდენტებთან ერთად შევედი. ჟუჟუნა ბებო თავის მაგიდასთან იჯდა და ჟურნალს კითხულობდა. რომ გაიგო, ინტერვიუსთვის ვიყავი მისული, ძალიან გაუხარდა და ხილით გამიმასპინძლდა. მუშაობის პროცესში ჩავწერე და მეც ჟუჟუნა ბებოსთან ერთად ვიმოგზაურე სართულიდან სართულზე.
ჟუჟუნა გიგაური: 17 წელია, ამ ლიფტში ვარ. მანამდე მაღაზიაში ვმუშაობდი – თბილისის საპატიო მოქალაქეებს ვემსახურებოდი. მერე სხვა მაღაზიაში დავიწყე მუშაობა და რაღაც უკმაყოფილო ვიყავი. ჩემი მაზლი ლიფტების უფროსი იყო პლეხანოვზე, კომუნისტების მერე დანგრეულ ლიფტებს აწყობდნენ. მან მითხრა, წამოდი, ლიფტში იმუშავე ჩემთანო. თავიდან ვიუკადრისე – ლიფტში როგორ ვიმუშაო, მთელი ნაღები საზოგადოება მიცნობს-მეთქი. მიპასუხა – წამოდი, უნივერსიტეტში არანაკლები საზოგადოება არისო და მას მერე აქ ვარ. ახლა ძალიან დაბალი ხელფასია, მაგრამ ამ საზოგადოებას არაფერში გავცვლი.
– ჟუჟუნა ბებო, რატომ არის საჭირო ლიფტში თქვენი ყოფნა?
– ჩემი აქ ყოფნა აუცილებელია. მე რომ არ ვიყო, ბავშვები ლიფტს დააზიანებენ. ამ ლიფტებს სულ მე ვაკეთებ, როცა ფუჭდება. ზოგჯერ ხდება, რომ შუქი ქრება და ხალხი პანიკაში ვარდება... ეშინიათ, ლიფტში რომ იჭედებიან, მე ვიცი, ამ დროს როგორ გავიყვანო ბავშვები: თუ კედელში მოვხვდით,, ცოტა ხანს უნდა მოვიცადოთ. თუ ბავშვები ჟუჟუნა ბებოსთან ერთად არიან ლიფტში, არაფრის აღარ ეშინიათ. აქ საჭმელსაც ვამზადებ, ხილიც მაქვს. ახლა ვისადილე, სანამ თქვენ მოხვიდოდით. ჭამის დროს ათი წუთით ვაჩერებ ლიფტს და მაშინაც გულზე მესობა, ეს ბავშვები რომ მელოდებიან. მე ლოდინი არ შემიძლია. ავტობუსსაც კი არ ველოდები, ცოტა თუ აგვიანდება, ავდგები და ფეხით გავრბივარ ხოლმე.
– მთელი დღე ლიფტში, თან, ამ უჰაერო სივრცეში, როგორ ძლებთ, ბებო?
– მთელი დღე აქ კი ვზივარ, მაგრამ, ეს სამსახურია, ბებო. შრომას თავიდანვე მიჩვეული ვიყავი. მთელ ოჯახს მე ვინახავდი, ჩემი და თბილისში სწავლობდა – იმასაც; ჩემი ძმა პატიმარი იყო. მის ცოლს, სამ შვილს და ჩემს მშობლებს – სულ მე ვარჩენდი. 10 წლიდან ჩემით გამოვიმუშავებ ფულს. ისე, ერთ ადგილას გაჩერება არ შემიძლია. ახლა, გგონია, გაჩერებული ვარ და არ ვმოძრაობ? დილის 8 საათდან ვმუშაობ, მანამდე კი სკვერში ვვარჯიშობ. ლიფტს გამოვუშვებ ხოლმე და მეცხრე სართულიდან ფეხით ჩამოვდივარ და ავდივარ. კარი რომ იღება, ჰაერი ხომ შემოდის, შვილო. მე მთის ქალი ვარ, ჯანმრთელი, ძლიერი. ყაზბეგიდან ვარ წარმოშობით. ხომ ხედავთ, უსათვალოდ ვკითხულობ. 1959-1960 წლებში საქართველოს ჩემპიონი ვიყავი ჯავაში თხილამურებით სრიალში. ის წლები ყველაზე კარგად მახსენდება. მხიარული და ბედნიერი ვიყავი. ორი შვილი მყავს. ახლახან ერთი – 42 წლის ვაჟკაცი დამეღუპა, მის მერე თვალზე ცრემლი არ შემშრობია, მაგრამ ბავშვებს არ ვაგრძნობინებ, ჩემს ცრემლებს არავის ვანახვებ. ერთი ეგაა, მაგნიტოფონს აღარ ვრთავ ლიფტში და მხიარულად და სიმღერით აღარ ვაცილებ ბავშვებს სართულებზე. ყოველ დღესასწაულზე ან სასწავლო წლის დაწყებისას, ლიფტში მისალოც პლაკატებს ვაკრავ, სადღესასწაულოდ ვრთავ. სულ ვკითხულობ. მთელი ცხოვრება მეტი არაფერი მინატრია, ბებო, მინდოდა, იმდენი ფული მქონოდა, წიგნი მეყიდა. მივდივარ მაღაზიაში და იმ წიგნს ვყიდულობ, რომელიც სამ ლარზე მეტი არ ღირს, უამრავი ლექსი დავწერე ამ ლიფტში. ნეტა გუშინ აქ ყოფილიყავით... ერთ-ერთი სტუდენტის და მოვიდა ჩემს გასაცნობად, მითხრა, ჩემი ძმა იმდენს ლაპარაკობს თქვენზე, მეც მომინდა თქვენი გაცნობა და დედაჩემიც მალე გინახულებთო. ბავშვებს რამე თუ უჭირთ, რა საქმეც არ უნდა იყოს მოსაგვარებელი, ყველას ვეხმარები. ერთმანეთს რომ ეჩხუბებიან, შეიძლება, ლექტორს არ გაუგონონ, მაგრამ მე ყველა მიჯერებს. ოღონდ, არცერთ ლექტორს არ ვკადრებ, რომ უცოდინარს ნიშანი დაუწეროს. ვისაც არ უნდა ვთხოვო, ყველა გამიკეთებს, მაგრამ ვერცერთი ლექტორი ვერ იტყვის იმას, რომ გიგაურმა ვინმეს გამო შეგვაწუხაო. მე თვითონ სულ ხუთებზე ვსწავლობდი და უცოდინარი ყველა მეზარება, გინდ ჩემიანი იყოს, გინდ სხვა. სულ მხიარულებაში ვატარებდი ახალგაზრდობას. აქტიური, საკმაოდ თამამი გოგო ვიყავი, მაგრამ, პაპიროსი არ მომიწევია, ისე გავთხოვდი. ჩემმა ქმარმა რომ დამინახა, პირველად სულ არ მოვეწონე. ის ახოვანი, მაღალი, ისეთი ლამაზი ვაჟკაცი იყო, მისნაირი არავინ დადიოდა; სანამ გავთხოვდებოდი, მის დასთან, ანიკოსთან ვდაქალობდი. ანიკოს მოუნდომებია თავისი ძმისთვის ჩემი გარიგება, რომელიც მაშინ ჯარში იყო და მიუწერია: ჩამოდი, გოგო მყავს შენთვის არჩეულიო. მე არაფერი ვიცოდი. რომ ჩამოვიდა, ზამთარი იყო, საშინელი სიცივე. მე უკვე საბჭოში ვმუშაობდი, რაიონის დეპუტატი ვიყავი კომუნისტების დროს. რომ დავინახე, ძალიან მომეწონა – ვის არ მოეწონებოდა. ამ ბიჭმა ერთი ამხედ-ჩამხედა და შუბლი შეიკრა. თავის დისთვის უთქვამს: აქ ამისთვის მომიყვანეო? გაბრაზებულა და სხვა სოფელში, სადაც მისი მამიდები ცხოვრობდნენ, იმათთან წასულა. იმ წელს ძალიან დიდი თოვლი მოვიდა. ანიკო ხინკალს რომ აკეთებდა, დამიძახებდა ხოლმე – ჟუჟუნა, მოდიო. ერთხელაც, დამიძახა და მეც მივედი. შევედი ანიკოსთან და დავინახე, ეს ვაჟბატონი ჩამობრძანებულა, ბიჭები დამსხდარან და ქეიფობენ. მთაში ასეთი ტრადიცია იყო: ერთ დღეს თუ ერთი ოჯახი ყიდდა ღვინოს, სანამ არ დაუმთავრდებოდა, სხვა ოჯახი არ გახსნიდა გასაყიდად. იმ დღეს ჩვენი ღვინო იყო გახსნილი და იმას სვამდნენ – ღვინო ვისზეც დამთავრდება. იმან უნდა იყიდოს და მოიტანოს, მაგრამ მე არ ვაცადე დამთავრება. ავიღე ეს დოქი, ბავშვს მივეცი, დედაჩემთან გავატანე და დავუბარე – ანიკოსთან ასეთი ამბავია და ღვინო გამომიგზავნე-მეთქი. დედაჩემმა ღვინოსთან ერთად ამ შუა ზამთარში დიდი გობით გამოგზავნა ხილი, ყურძნის აკოდოები, ჩურჩხელები. ეს რომ დაინახა ამ ბიჭმა, გაგიჟდა – გოგოს დედამ ასე რომ გაუკეთა, ესე იგი, როგორ პატივს სცემს, რამხელა დამსახურება აქვს ოჯახშიო. იმღერა და იმღერა ჩემთან ერთად და იმის მერე ვეღარ მოვიშორე.
– ბებო, როცა უცხო ხალხი შემოდის ლიფტში, თუ უკვირთ აქ რომ გხედავენ?
– ადრე ბენდუქიძე ატარებდა მეცხრე სართულზე ლექციებს. ერთხელაც, გაიღო ლიფტის კარი და, ვხედავ, დგანან სამი კაცი, სამივე მასავით დიდები. რა თქმა უნდა, ყველა ერთად ვერ შემოვუშვი. ბენდუქიძე ათვალიერებს ჩემს ლიფტს და ამბობს: მთელი მსოფლიო მაქვს შემოვლილი, მაგრამ, ლიფტში ვინმე იჯდეს და ისე ემსახურებოდეს ხალხს, არსად მინახავს; არც ასე მოწყობილი ლიფტი მაქვს ნანახი – სარკე, კალენდარი, საათი, რადიოო... ვუსმენ, ვუსმენ და მე ვუთხარი: ტყუილად ნუ უყურებთ ამ ლიფტს-მეთქი. მკითხა – რატომო. იმიტომ, რომ უკვე შესყიდული და პრივატიზებული მაქვს-მეთქი და ბევრი იცინა. ამოიღო სავიზიტო ბარათი და მომცა – აქ მუშაობა რომ აღარ გენდომება, დამირეკე და ჩემთან მოდიო. მე ვუთხარი, პროფესიით ფინანსისტი ვარ, ბუღალტრადაც ვმუშაობდი, გაუნათლებელი ხომ არ გგონივართ-მეთქი, მაგრამ, არ შევხმიანებივარ – რაღა დროს ჩემი ეგ იყო. ამას წინათ მოსულები იყვნენ გერმანული ჟურნალიდან, ინტერვიუ ჩაწერეს, გადამიღეს ფოტოები და შემიყვანეს მსოფლიოს ხუთ საოცარ პროფესიათა ნუსხაში. გერმანიაშიც ყველა გაოცებულა, ეს რომ გაუგიათ. შემპირდნენ, ჟურნალი რომ გამოვა, გამოგიგზავნითო და ველოდები.