კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თბილისის მილიციის ერთ-ერთი საუკეთესო ოპერი მოუხელთებელი მძარცველი გახდა

გაქცევა
1969 წლის 28 თებერვალს, თბილისის ფსიქიატრიული კლინიკის სპეცბლოკიდან, 40 წლის ვარლამ ვადაჭკორია გაიქცა, რომელიც იქ სასამართლო-სამედიცინო კომისიის მიერ იყო გაგზავნილი გამოსაკვლევად. როდესაც ის ოთხი კაცისგან შემდგარ სანიტრებისა და ბადრაგის ჯგუფს გვერდით კორპუსში ექიმ-ფსიქიატრთა კონსილიუმზე მიჰყავდა, პაციენტმა ოთხივეს ერთდროულად ელვისებური დარტყმა მიაყენა სახის არეში და გონებამიხდილები იქვე დაყარა. შემდეგ სწრაფად ჩაირბინა კიბეები და კლინიკის ეზო გადაჭრა. ქუჩაში რომ გავიდა, ტაქსისტს კუკიაზე წაყვანა მოსთხოვა. იქ კი ტაქსისტი გაძარცვა და 250 მანეთი წაართვა. მძღოლი მანქანიდან ჩამოაგდო და ქალაქისკენ გამოემართა.
1928 წლის 2 ივლისს დაბადებული ვარლამ ვადაჭკორია მილიციის ყოფილი კაპიტანი გახლდათ და 5 წელი ჰქონდა პატიმრობაში გატარებული ბრალდებულის სასტიკი ცემისა და დაინვალიდებისთვის. ვადაჭკორია მილიციის სამმარველოს ერთ-ერთი საუკეთესო ოპერი იყო. მან, 16 წლის გოგონას სასტიკი ცემისა და გაუპატიურების მცდელობისთვის ძებნილი, 25 წლის ახალგაზრდა დააკავა და ისე სცემა, სამუდამოდ დააკოჭლა. ნაცემი, გავლენიანი ოჯახის შვილი აღმოჩნდა. მათ დაზარალებულის მშობლები გააჩუმეს. ვარლამი კი ციხეში გამოამწყვდიეს და ყოფილმა მილიციელმა ურალის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში თავიდან ბოლომდე მოიხადა სასჯელი. თბილისში დაბრუნებული კი, ის სულ სხვა პიროვნება იყო. მილიციაში მას არავინ დააბრუნებდა და არც თავად სურდა. ამიტომ, ბოროტმოქმედების გზას დაადგა და მარტოხელა მძარცველი გახდა. ყოფილი კაპიტანი ახალგაზრდობაში კარგი მოკრივეც იყო და ფიზიკურად ბრწყინვალედ განვითარებულიც.  მას არც მშობლები ჰყავდა, არც ცოლ-შვილი. მთელ დროს მილიციაში მუშაობას და განსაკუთრებით საშიში ბოროტმოქმედის დევნას ანდომებდა. ამიტომ, შავ სამყაროს მისი ეშინოდა, თან სძულდათ. ციხეში მასზე ორი თავდასხმაც კი მოაწყვეს, მაგრამ ორჯერვე გადაურჩა სიკვდილს. თბილისში დაბრუნებულმა კი მდიდარი, უპატიოსნო გზით მოხვეჭილი ქონების მფლობელი მოქალაქეების ძარცვას მიჰყო ხელი და სამი დანაშაული ჩაიდინა. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი, გამოცდილი ოპერი ნიღბით მოქმედებდა და პრაქტიკულად, კვალს არ ტოვებდა, მაინც დააპატიმრეს. ყოფილი კოლეგები მისგან აღიარებით ჩვენებას ითხოვდნენ, თან სასტიკად აწამებდნენ. ამიტომ, ვადაჭკორია იძულებული იყო, სიგიჟე მოეგონებინა. ის ექსპერტიზაზე გაგზავნეს ფსიქიატრიულ კლინიკაში, საიდანაც გაქცევა მოახერხა.
მოუხელთებელი მარტოხელა მგელი
გაქცეული ვადაჭკორია ნანობდა, რომ თავისი პრინციპი დაარღვია და ტაქსისტი გაძარცვა, მაგრამ მას სხვა გზა არ ჰქონდა. მოგვიანებით, ძებნაში მყოფმა ვარლამმა ტაქსისტი მოძებნა, სახლში მიაკითხა, ბოდიში მოუხადა და კომპენსაციის სახით, ათასი მანეთი დაუტოვა, რაც ოთხჯერ აღემატებოდა ნაძარცვ თანხას.
საგიჟეთიდან თავის დაღწევის შემდეგ, ვარლამი სახლში არ დაბრუნებულა. იქ მას ოპერჯგუფი ელოდა, რაც კარგად უწყოდა ყოფილმა კაპიტანმა. ის მთაწმინდაზე ცხოვრობდა და იქვე იმალებოდა ვინმე, თენგიზ ნიჟარაძის ბინაში, სულ რაღაც ორმოცდაათიოდე მეტრის მოშორებით, ვარლამის სახლიდან. ნიჟარაძის ბინა  ძებნილის ეზოს გადაჰყურებდა. ნიჟარაძე არც ძირძველი მთაწმინდელი იყო ვარლამივით და არც მისი ნათესავი ან ბავშვობის მეგობარი. თენგიზმა ვარლამის დაპატიმრებამდე ექვსი თვით ადრე შეიძინა იქ ბინა. საქმე კი ის გახლდათ, რომ ვადაჭკორია ერთი მკვლელობის საქმეს იძიებდა. მკვლელი კი სწორედ თენგიზ ნიჟარაძე იყო, რომელიც ერთი, ძალიან პატიოსანი ადამიანის, თავისი დის მეუღლის მკვლელს დაუდარაჯდა, მოკლა და ამით სისხლი აიღო. ვარლამმა მიაკვლია თენგიზს ავლაბარში, მისსავე ძველ ბინაში და მარტომ აიყვანა. თუმცა, ნიჟარაძის მონაყოლი რომ მოისმინა, სისხლის ამღებს ბორკილები მოხსნა და წამოვიდა. იმ დღიდან მილიციის კაპიტანი და კრივის მწვრთნელი ძმადნაფიცები გახდნენ. ვადაჭკორია რომ სასჯელს იხდიდა, ნიჟარაძე მას ყოველთვიურად ფულსა და ამანათს უგზავნიდა კოლონიაში და მძიმე ყოფას უმსუბუქებდა. სწორედ ამიტომ მიაკითხა ვადაჭკორიამ თენგიზს და მასთან დაიდო ბინა. ნიჟარაძისა და ვადაჭკორიას ძმადნაფიცობის შესახებ არავინ უწყოდა ამ ორის გარდა. აბა, რას წარმოიდგენდნენ ვარლამის ყოფილი კოლეგები, რომლებიც გამალებით ეძებდნენ ყოფილ კაპიტანს, რომ ძებნილი თავისსავე უბანში, ეზოდან სულ რაღაც ორმოცდაათიოდე მეტრში იმალებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ვარლამ ვადაჭკორიას ინტენსიურად ეძებდნენ, ყოფილი კაპიტანი განაგრძობდა დასახული გეგმის განხორციელებას და დანაშაულს დანაშაულზე სჩადიოდა. ვარლამი ისე გაიწაფა ამ საქმეში, მოუხელთებელ მარტოხელა მგლად გადაიქცა და ქანცგაწყვეტილი ყოფილი კოლეგები უკიდურესად ჰყავდა გამწარებული.
ღვაწლმოსილი მწვრთნელი
1969 წლის 2 ივლისს ვარლამ ვადაჭკორია 41 წლის გახდა და ძმადნაფიცებმა ერთად აღნიშნეს ეს თარიღი. მეორე დღეს კი თენგიზ ნიჟარაძე საკუთარი „მოსკვიჩით“ ქალაქ ბათუმში გაემგზავრა. იქ საქართველოს ჭაბუკთა პირველობა იმართებოდა კრივში და თენგიზი თავის აღსაზრდელებთან უნდა ჩასულიყო. მისი გუნდი წინა ღამით გაემგზავრა აჭარაში მატარებლით. ნიჟარაძე კი ვარლამის დაბადების დღის გამო დარჩა თბილისში და გორთან ავტოავარიაში დაიღუპა... ნიჟარაძის გარდაცვალების გამო ვარლამმა იძულებით დატოვა თენგიზის ბინა და თბილისის სხვადასხვა უბნებში რამდენიმე ოთახი იქირავა. ძმადნაფიცის დასაფლავების დღეს კი დიდი რისკის ფასად დაესწრო ამ პროცესს. თენგიზი სასაფლაომდე მიაცილა და მხოლოდ ამის შემდეგ გაეცალა იქაურობას.
ფაქტობრივად, უზურგოდ, მარტოდმარტოდ დარჩენილი ვარლამ ვადაჭკორია ძველებურად აგრძელებდა ძარცვას. თან, თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც სჩადიოდა დანაშაულს, მათ შორის, ზღვისპირა ქალაქებშიც. ასე იმუშავა მოუხელთებელმა მძარცველმა წელიწად-ნახევრის განმავლობაში და 31 ძარცვა განახორციელა. 1971 წლის 8 აგვისტოს სოლიდურად გამოწყობილი ვარლამი სოხუმში ჩავიდა. ბინა იქირავა და ორი დღის შემდეგ ვინმე ომარ ღაჭავას სახლში დაადგა. 30 ათასი მანეთი, 2 კილოგრამი ოქრო და სხვა ძვირფასეულობები აართვა, შემდეგ რადიატორზე მიაბა და შემთხვევის ადგილი მშვიდად დატოვა. მძარცველმა ტაქსი აიყვანა და სადგურისკენ გაემგზავრა, საიდანაც თბილისში მატარებლით გეგმავდა დაბრუნებას. სოხუმი-თბილისის რეისის გასვლას სულ რაღაც 20 წუთი აკლდა, როცა ვარლამის კუპეში მყოფ ჩვილშვილიან ახალგაზრდა ქალს კუპეში ზორბა მამაკაცი შეეჭრა და ცემა დაუწყო. ვადაჭკორიამ მოძალადის შეჩერება სცადა, მაგრამ მან ვარლამს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელის გარტყმა სცადა. თუმცა, ყოფილმა მოკრივემ ის აპერკოტით ძირს დასცა და გონება დააკარგვინა. ვადაჭკორიამ ნაძარცვი ნივთებით სავსე ჩანთას ხელი დაავლო და კუპედან გასვლა დააპირა. ამ დროს დერეფნიდან ორი პისტოლეტმომარჯვებული მილიციელი შემოვარდა. ვარლამს იარაღი მიუშვირეს, იქვე დაადეს ხელბორკილები და თან, სასტიკად სცემეს. შემდეგ გათიშული მამაკაცი მოასულიერეს და მისივე ბრძანებით, ხელბორკილდადებული ვარლამი სოხუმის მილიციის სამმართველოში წაიყვანეს... მოძალადე მაიორი, ჯიმშერ შელია სოხუმის მილიციის უფროსის მოადგილე აღმოჩნდა. ბავშვიანი ქალი კი მისი ცოლი, რომელიც სადისტ ქმარს გაურბოდა და მშობლებთან თბილისში აპირებდა ჩასვლას. ვადაჭკორია შემთხვევით ჩაუვარდა ხელში მილიციას... სოხუმელი მილიციელების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ვარლამის ვინაობა დაადგინეს და მაშინვე თბილისს უპატაკეს თავიანთი „წარმატებული ოპერაციის“ შესახებ... ვადაჭკორია გაძლიერებული დაცვით გადმოიყვანეს დედაქალაქში. იზოლირებულ საკანში მოათავსეს და სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ყოფილი მილიციელი 1986 წელს 58 წლის ასაკში გათავისუფლდა ციხიდან. საქართველოში აღარ დაბრუნებულა. ქალაქ ირკუტსკში დასახლდა. კრივის მწვრთნელი გახდა და 15 წლის განმავლობაში საუცხოო მოკრივეებს ზრდიდა. ღვაწლმოსილი მწვრთნელი 81 წლის ასაკში, 2009 წელს გარდაიცვალა.

скачать dle 11.3