კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცოლები და საყვარლები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹49-11(794)

 ლევანი მოჭუტული თვალებით უმზერდა მოკისკისე გოგოს და ფიქრობდა, რომ ძალიან გაუმართლა. თეოს გვერდით როცა იყო, ისეთ სიამაყეს გრძნობდა... თითქოს სიმაღლეშიც იმატებდა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ილუზია იყო, თუმცა, სასიამოვნო.
– გიყვარვარ? – თეო იცინოდა, როცა ამას ეკითხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ლევანი ამ კითხვას ელოდა, მაინც დაიბნა.
– რა ხდება? ამაზე არ გიფიქრია? – არ ეშვებოდა გოგო, – ხომ არ დაგაფრთხე? იქნებ, სიყვარული შენს გეგმებში არ შედიოდა?
– თეონა, რას ამბობ?
– ჰო, რა ვიცი... კაცები, ზოგადად, გაურბიან ისეთ ურთიერთობებს, რომელსაც პასუხისმგებლობა ახლავს. სიყვარული ხომ  პასუხისმგებლობაც არის.
– მერე, მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, – გაიოცა ლევანმა და თეონას ხელი ჩასჭიდა, – უბრალოდ, არ მჯერა.
– რისი არ გჯერა? – გადაიკისკისა თეონამ.
– რომ ჩემ გვერდით ყოფნა გინდა.
– მინდა... თუმცა, შეიძლება ვცდები, – თვალები მოჭუტა თეონამ.
– აი, ხომ ხედავ, – მოწყენით ჩაილაპარაკა ლევანმა, – ვიცი, რომ შენს ჯგუფში კიდევ რამდენიმე ბიჭს მოსწონხარ...
– მერე რა, ეჭვიანობ?
– ჰო. მე ეგოისტი ვარ. ის, რაც ჩემია, მარტო მე უნდა მეკუთვნოდეს.
– მეც რომ ასეთი ვარ?! – თვალები მოჭუტა თეონამ.
– ჰოო?! მაშინ ერთმანეთს კარგად გავუგებთ, – ლევანმა ორივე ხელი მოხვია და კოცნა დაუწყო. გოგო კი იგერიებდა, თან კისკისებდა, – არა, არა... ძალიანაც ნუ გათამამდები, ასე ადვილად ვერ ჩამიგდებ ხელში... – წინააღმდეგობას უწევდა თეონა.
– ეჰ, შენ მე მხოლოდ მეთამაშები, გულს მომიკლავ და სხვასთან გაიქცევი.
– არის შენს სიტყვებში რაღაც ლოგიკა, – თავს უქნევდა თეონა და ისევ კისკისებდა...
***
ლევანმა თავი ასწია. ცოლის ვაჟიშვილის მზერა ისეთივე გამომცდელი და დაჟინებული იყო, რაც უხერხულობის განცდას კიდევ უფრო უმძაფრებდა
– რამდენ ხანს აპირებთ დარჩენას? – დედას მიუბრუნდა დენი.
– ვნახოთ, – ღიმილით გადახედა ქმარს ნანამ, – ლევანს დავპირდი, რომ პატარა მოგზაურობასავით მოვიწყობთ. მგონი, ცუდი არ იქნება.
– შენ იცი. საღამოობით მცალია და შემოგიერთდებით. მაგრამ, მიკვირს, რომ შენს ბიზნესზე არ ფიქრობ, როგორც ყოველთვის, – მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა დენიმ, – ეტყობა, საიმედო ხელს ჩააბარე.
ლევანი ჭარხალივით გაწითლდა. მიხვდა, რომ დენი ამით სტივენის მნიშვნელობას ახსენებდა დედას. „ამ ლაწირაკს აშკარად არ მოვწონვარ და ნანასაც ჩემ წინააღმდეგ განაწყობს, თუ რამეს არ მოვიმოქმედებ“, – გაიფიქრა და დენის შეხედა.
– ნანამ შენზე  მითხრა, ძალიან დამოუკიდებელიაო.  
– ჰო, ეს ძალიან მომწონს. დამოუკიდებლობა თავისუფლებას მანიჭებს, რაც ჩემთვისაც და ყველა ნორმალური ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ისევ მიკბინა ამ პატარა კობრამ... როგორი თავდაჯერებული და ცხვირაწეულია! ეტყობა, თავი ყველაზე ჭკვიანი ჰგონია. ორი კვირა ამას როგორ უნდა ვუყურო ყოველ საღამოს? ხომ გავგიჟდი...
– დენი, ალბათ, არ გიხარია, დედაშენი რომ გათხოვდა, – ჰკითხა ლევანმა მოულოდნელად, ისე, რომ ცოლისკენ არ გაუხედავს.
დენიმ მხრები აიჩეჩა.
– ეს მისი ცხოვრებაა და გადაწყვეტილებაც მარტო მას უნდა მიეღო.
– შენ თვითონ რას ფიქრობ ამაზე?
– არაფერს.
– როგორ თუ არაფერს?
– ჰო, რატომ უნდა ვიფიქრო? რადგან ცოლად გამოგყვათ, ესე იგი, ასე იყო საჭირო.
– აჰა, გასაგებია... – ჩაილაპარაკა ლევანმა.
– არაფერიც არ არის თქვენთვის გასაგები, – გაიცინა დენიმ, – მაგრამ, არა უშავს.
– დედათქვენის ბედი არ გაღელვებთ?
– პირიქით, ძალიან მაღელვებს. შეიძლება, ეს თქვენთვის ძნელად აღსაქმელი იყოს, ამიტომ, საუბრის თემა შევცვალოთ.
– მეც მომხრე ვარ... – დაეთანხმა ნანა,  ლევანს მიუბრუნდა და ქართულად უთხრა: – ვერ ვიგებ, რატომ ეკითხები ასეთ რაღაცეებს, დავიჯერო, მართლა გაინტერესებს?
– რა იყო, არ უნდა მაინტერესებდეს?
– დენის და მე სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს, დროა, მიხვდე.
– ჰო, ვხვდები. მით უმეტეს, უნდა ვიცოდე, რა დამოკიდებულება აქვს მას ჩემ მიმართ.
– დენი ძალიან კარგი ბიჭია. რომც არ მოსწონდე, არ შეიმჩნევს.
ლევანმა გაიღიმა.
– მოკლედ, ვატყობ, მე ვერასდროს ვიქნები „ძალიან კარგი ბიჭი“.
– ნუ იბოღმები. საერთოდ არ მომწონს „კარგი ბიჭები“, შენ კი მიყვარხარ.
– დამამშვიდე. მაგრამ, მაინც მინდა, შენს შვილთან საერთო ენა გამოვნახო.
– კარგია. მაშინ, მით უმეტეს, ნუ შეეკითხები ასეთ სისულელეებს.
– შენ მაინც ვერ აღმიქვამ სერიოზულად, – ამოიოხრა ლევანმა, – და შენი შვილი ამას გრძნობს.
– ლევან, ისე ნუ მოიქცევი, რომ მთელი სიამოვნება ჩამიშხამო. პირიქით, შეეცადე,  ეს დღეები ძალიან კარგად დამამახსოვრდეს.
ლევანმა მხრები აიჩეჩა:
– საერთოდ არ ამოვიღებ ხმას.
– ეგ არ მითქვამს. თავისუფლად იყავი, ნუ შეიბოჭები, იგრძენი ამ ქვეყნის ზეგავლენა.
– ნანა, რატომ ცდილობ, ყოველთვის შემახსენო, რომ განვითარებაში ჩამოგრჩები; მხოლოდ იმიტომ, რომ ნორმალურ ქვეყანაში არ მიცხოვრია?
– ახლა ხომ ცხოვრობ, მოინდომე...
დენი ჩუმად ჭამდა მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ ნანა და ლევანი საუბრობდნენ. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს საერთოდ არც ესმოდა მათი ნათქვამი.
– შენმა შვილმა ქართული იცის? – ჰკითხა ცოლს ლევანმა.
– იცის... – უპასუხა ნანამ.
– ესე იგი, რასაც გელაპარაკები, ყველაფერი  ესმის?
– არა მხოლოდ ესმის, იგებს კიდეც... რამე პრობლემაა?
დენიმ გაიღიმა:
– მგონი, მომეწონება შენი ქმარი, – მიუბრუნდა ნანას და ინგლისურად მიმართა: – უფრო სწორად, სასაცილო ტიპია და ეს მომწონს.
– დენი, მე გასართობად არ გავთხოვილვარ...
– ჰო?! აბა, საქმიანი გარიგებაა? თუმცა, ეს ჩემი საქმე არ არის. მაპატიე. მართლა, რას უპირებ?
– რას გულისხმობ, ვერ ვხვდები.
– ჰო, კარგი, აღარ ვილაპარაკოთ ამაზე. ლევან, ახალ იდეებზე ვლაპარაკობდით. ისე, შეგიძლიათ, ისწავლოთ. ამერიკაში არის იმის ფუფუნება, რომ, ნებისმიერ ასაკში, თუ სწავლა გინდა, აუცილებლად მოახერხებ ამას.
– მაგაზე ვფიქრობ. ოღონდ, უნდა ჩამოვყალიბდე, რა ვისწავლო, – ისე სერიოზულად მიუგო ლევანმა, რომ ნანას გაეღიმა.
– რატომ გეცინება? – იუკადრისა ლევანმა ცოლის ირონია.
– იმიტომ, რომ ჩემთვის არ გითქვამს.
– რა არ მითქვამს?
– ის, რომ რამის სწავლას აპირებ.
– ვფიქრობ, ნანა... ჯერ უნდა გადავწყვიტო, რა ვისწავლო, რა გამომადგება... ბიზნესი ყოველთვის მაინტერესებდა.
– მაშინ, მე დაგეხმარები, თუკი მართლაც მოინდომებ.
– ჰო, რატომაც არა. იქნებ მერე რამე იდეაც გამიჩნდეს.
– კარგი აზრია, – თავი დაუქნია დენიმ, – როგორც მივხვდი, ამერიკაში აპირებთ საცხოვრებლად დარჩენას.
– სადაც ნანა გადაწყვეტს, იქ ვიცხოვრებთ.
დენის გაეღიმა და არაფერი უთქვამს. ოფიციანტი მოიხმო და დესერტი შეუკვეთა. მოგვიანებით, როცა ნანა მოსაწევად გავიდა, დენიმ ლევანს მოუბოდიშა და დედას უკან გაჰყვა. ლევანი მიხედა, რომ პირისპირ უნდოდა ბიჭს ქალთან ლაპარაკი. დაიძაბა, მაგრამ შეეცადა, არ შეემჩნია... ღვინით სავსე ბოკალი აიღო და ნელ-ნელა შეუდგა წრუპვას.
ნანამ სიგარეტს მოუკიდა და შვილს კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.
– მეტყვი რამეს? – თქვა ბოლოს, როცა მიხვდა, რომ დენი საუბრის დაწყებას არ აპირებდა, – ხომ იცი, როგორ არ მიყვარს, როცა ასე მიყურებ.
– სამაგიეროდ, ეს კაცი გიყვარს.
– ჰო, მიყვარს... – გამომწვევად მიუგო ქალმა, – შენ არ მოგეწონა?
ბიჭმა მხრები აიჩეჩა:
– შენ უნდა მოგწონდეს. თუმცა ჩემთვის გაუგებარია, სტივენისგან რატომ წამოხვედი.
– კი არ წამოვედი, გავშორდი.
– ეს ერთი და იგივე არ არის?
– არა. მე სტივენს დიდ პატივს ვცემ და გრძნობაც მაქვს მის მიმართ, მაგრამ ეს ის არ არის, რასაც ქალი სასურველი კაცის მიმართ უნდა გრძნობდეს... ჩემი სიყვარული მის მიმართ გამოილია... გასაგებად აგიხსენი?
– ამიხსენი, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები. შენ სტივენის ცოლი რომ იყავი, სხვა კაცებს ისედაც ხვდებოდი. რაღა საჭირო იყო ამ ტიპზე გათხოვება, რა ნახე მასში განსაკუთრებული?
– შენ ამას ვერ გაიგებ და არც არის საჭირო... საიდან იცი, სხვა კაცებს ვხვდებოდი თუ არა? – გაცხარდა ნანა.
– ვიცი. ყოველთვის ვიცოდი, თუმცა, ვფიქრობდი, რომ ეს არ არის ჩემი საქმე.
– ჰოდა, ძალიან კარგი. ლევანი მართლა მიყვარს. ზოგჯერ მეც ვერ ვხვდები, რატომ, მაგრამ მე ის მჭირდება.
– ისევ ურევ, ნანა; „მიყვარს” და „მჭირდება” აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა. შენ ამ ტიპსაც დაშორდები.
ქალმა წარბი შეიკრა:
– როდისმე ჩავრეულვარ შენს პირად ცხოვრებაში ან არჩევანში?
– არა და დიდი მადლობა ამისთვის.
– ჰოდა, შენც ნუ ჩაერევი.
– არ ვერევი, ნანა, მაგრამ, ძალიან მინდა, ბედნიერი და მშვიდი ცხოვრება გქონდეს, შენ ეს დაიმსახურე. სტივენთან როცა იყავი, თავს გაცილებით მშვიდად ვგრძნობდი, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდი, სტივი არასოდეს გატკენდა გულს და ყველაფრისგან დაგიცავდა. მაგრამ ეს... – დენიმ მხრები აიჩეჩა.
– ესე იგი, ლევანი შენს ნდობას არ იმსახურებს.
– შენსას იმსახურებს? – კითხვაზე კითხვითვე მიუგო დენიმ. ნანა გაჩუმდა. სიგარეტი მოზრდილ საფერფლეში ჩაასრისა და შვილს მკლავზე მოჰკიდა ხელი:
– წავიდეთ, დავბრუნდეთ ლევანთან!
– ჩემს კითხვას მაინც არ უპასუხე: ენდობი შენს ქმარს?
– გააჩნია, რაში... – ჩაილაპარაკა ნანამ.
– ეგ პასუხი არ არის. სანახევროდ ნდობა არ შეიძლება. თუ ფიქრობ, რომ ადამიანს რაღაცაში ენდობი და რაღაცაში – არა, ეს იმას ნიშნავს, რომ თავს იტყუებ.
– სწორედ იმიტომ, რომ თავის მოტყუება არ მინდა, გითხარი, ჯერ მხოლოდ სანახევროდ ვენდობი-მეთქი. მაგრამ ეს არაფერს ცვლის იმაში, რომ მასთან ყოფნა მინდა.
– კარგი, ეს შენი არჩევანია და პატივს ვცემ. თუმცა, ხომ იცი, რა დამოკიდებულება მაქვს სტივენის მიმართ. არ მინდა, ჩვენს ურთიერთობაში რამე შეიცვალოს.
– დარწმუნებული ვარ, სტივენიც ამ აზრის არის. დავბრუნდეთ ლევანთან. ეგ ქართველია და ცოტა სხვანაირი მიდგომები აქვს ამ ყველაფრის მიმართ. თან, ცოტას კომპლექსდება კიდეც.
– ჰო, მაგას მეც მივხვდი.
– მაშინ, დაეხმარე...
– ნანა, ძალიან უცნაურ რამეს მთხოვ, მე როგორ უნდა დავეხმარო?
– ცოტა რომ გაიხსნას, ასე ნუ აკვირდები.
– მე შენც ასე გიყურებ, – გაიცინა დენიმ, – მიყვარს, როცა ადამიანებს ვაკვირდები და ვსწავლობ – ეს ჩემი პროფესიაა. მაშინ, ასე გავაკეთებ: ორი დღით „დეი ოფებს“ ავიღებ და სახლში წვეულებას მოვაწყობ, ჩემს რამდენიმე მეგობარს დავპატიჟებ და თქვენც მოხვალთ.
– კარგი იდეაა... ნორმალური მეგობრები გყავს?
– დედა, რას გულისხმობ?
– ნუ ბრაზობ. ლევანის გამო გეკითხები. მაინცდამაინც განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს ნუ მოუყრი თავს.
– ნანა, გეყოფა... ჯერ ერთი, აბსოლუტურად ჩვეულებრივი ორიენტაცია მაქვს და სხვანაირადაც რომ იყოს საქმე, მგონი, არც ეს იქნებოდა პრობლემა.
– ჰო, კარგი, ვიცი...
– არა, არ იცი. თუ ლევანი ისეთი სულელია, როგორც ახლა შენ წარმოაჩინე, კიდევ უფრო ცუდად გქონია საქმე.
– დენი!
– კარგი, კარგი. ჩუმად ვარ,  – გაიცინა დენიმ და დედას მოეხვია.
ლევანს სულაც არ გახარებია იმის გაგონება, რომ ნანას შვილის სახლში, წვეულებაზე მოუწევდა მისვლა, მაგრამ ცოლისთვის ხმამაღლა არაფერი უთქვამს, მხოლოდ თავისთვის ბობოქრობდა: „ესღა მაკლდა... რა უნდა გავაკეთო იქ? ნეტავი, ნანას რა მიზანი აქვს? ვერ ხვდება, რომ ამ ბიჭისთვის არც მამად გამოვდგები და არც მეგობრად? ეს დრო, რასაც აქ ერთად გავატარებთ, ჯოჯოხეთად მექცევა, მაგრამ ვერაფერს ვიზამ, უნდა მოვითმინო. რატომ არ შეიძლებოდა, მე სახლში დავრჩენილიყავი და ის მარტო წამოსულიყო შვილის მოსანახულებლად? მაგრამ ამას როგორ ვეტყვი, გადაირევა, ისედაც ეჭვის თვალით მიყურებს... გაბიც ძალიან მომენატრა...“
ნანა აბაზანიდან გამოვიდა. პირსახოცი შიშველ ტანზე ჰქონდა შემოხვეული. შუა ოთახში დადგა და ისე მოიხსნა... იატაკზე დააგდო, ნელი ნაბიჯით ლევანისკენ გაემართა და მის წინ გაჩერდა.
– ნანა... – ამოიოხრა კაცმა.
 – დღეს მე შენი ცოლი არ ვიქნები. წარმოვიდგინოთ, რომ ერთმანეთი აქ გავიცანით, სრულიად შემთხვევით...
– და გადავირიეთ ერთმანეთზე, – გაიცინა კაცმა, – ახერხებ ჩემს გაოცებას.
– მიხარია... ესე იგი, ჯერ კიდევ საინტერესო ვიქნები შენთვის.
– ჩემთვის საინტერესოც ხარ, სასურველიც და ყველაზე ვნებიანი ქალიც.
– ჰო?! მაშინ, მოვიქცეთ ისე, როგორც იქცევიან ქალი და კაცი, რომლებიც სრულიად შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს და ვნება იპყრობთ...
– ნანა. დღეს ქალაქს ვეღარ დავათვალიერებთ, – ყასიდად გააფრთხილა ლევანმა და ერთბაშად გაბრიელას შიშველი მკერდი დაუდგა წინ. მასზე რომ არ ეფიქრა, თვალები მაგრად დახუჭა და ნანა ხელში აიტაცა...  
***
თეონამ კახას ჩაი დაუსხა. მერე ტოსტერიდან პური ამოიღო, კარაქთან ერთად თეფშშე დადო და მაგიდასთან მიიტანა.
– შენ არ ჭამ? – ჰკითხა კახამ.
– მე უკვე მივირთვი. მაპატიე, ვერ დაგელოდე და, სანამ აბაზანაში იყავი, გუშინდელი ხაჭაპური გავანადგურე. მგლის მადა მაქვს და ძალიან მრცხვენია.
– რას ამბობ, მე რატომ უნდა დამლოდებოდი... – თმაზე მიეფერა კახა და ჩაი მოსვა, – დღეს ადრე მინდოდა მოსვლა. ვიფიქრე, გავისეირნებდით. მაგრამ, ალბათ, ვერ მოვახერხებ. ძალიან ბევრი საქმე მაქვს. სამაგიეროდ, ხვალ დავეთხოვები და ბაკურიანში ავიდეთ ორი დღით.
– ესე იგი, ორი დღით ეთავისუფლები.
– არა. ზეგ ხომ ორშაბათია, რესტორანში ისე ცოტა ხალხია ხოლმე, ზურა უჩემოდაც აუვა.
ზურას ხსენებაზე კახას მასთან მომხდარი ინციდენტი გაახსენდა და ამოიოხრა. თეონამ მაშინვე ჰკითხა:
– რაღაც მოხდა? მითხარი...
– არაფერი, საყვარელო, უბრალოდ, გამახსენდა, დღეს რამდენი საქმე მაქვს. მეზარება... შენთან სიამოვნებით დავრჩებოდი.
– ჰო, კარგი იქნებოდა... წასული არ ხარ, რომ ეგრევე მენატრები.
– მეც მენატრები...
– კახა... – თეონამ ხმა გაინაზა.
– ჰო...
– ჩვენ რამეს ვაპირებთ?
– რას გულისხმობ?
– რა ვიცი, მინდა, ჩვენი ურთიერთობა სხვებისთვისაც ოფიციალური გავხადოთ. იმდენი ვიღაც მეკითხება... ხომ იცი, როგორი პატარა და ჭორიკანა ქალაქია.
– კარგი... შენ მოიფიქრე, რა გინდა და საღამოს დავილაპარაკოთ, – უხალისოდ მიუგო კახამ და თეოს ლოყაზე აკოცა...
 გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3