კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანსამბლ „იმედის“ 29-წლიანი ტრიუმფი და ქართველი და უცხოელი მაყურებლის სახალხო აღიარება

ყველასთვის კარგად ცნობილი ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „იმედი” ჯერ კიდევ 1987 წელს შეიქმნა თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში (ყოფილი პიონერთა სასახლე) და დღემდე აქტიურად განაგრძობს თაობების აღზრდას. ანსამბლს ჰყავს უცვლელი ხელმძღვანელები, ღვაწლმოსილი ქორეოგრაფები, ღირსების ორდენის კავალერი, ქალბატონი ნუნუ ღვინერია და ბატონი ომარ (ჯემალ) რეხვიაშვილი.
ნუნუ ღვინერია: 50 წელია რაც მე და ჩემი მეუღლე ამ საქმეს სიყვარულით ვემსახურებით. ამ ხნის განმავლობაში ჩვენს ანსამბლში უამრავი თაობა აღიზარდა. ბევრი მათგანი სახელმწიფო ანსამბლებს ამშვენებდა და დღესაც ამშვენებს. ჩვენს ანსამბლში აღზრდილი მოცეკვავეები: ნანა გრიგოლია, მირიან მარშანია და ირაკლი კვარაცხელია დღეს რეპეტიტორებად მუშაობენ. ვცდილობთ, რომ ყოველი დღე იყოს პროგრესისა და სიახლის ძიების. ბავშვებისგან ვითხოვთ მათი შესაძლებლობების მაქსიმუმს, რაც მათ ეხმარებათ მუდმივად ფორმაში ყოფნასა და თავიანთი შესაძლებლობების ღირსეულად წარმოჩენაში.
– როგორ შეიქმნა ანსამბლი „იმედი”?
– მე და ჩემი მეუღლე ვცეკვავდით ბუხუტი დარახველიძის ანსამბლში, რომელსაც ერქვა „სინათლე”, იქ გავიცანით და შეგვიყვარდა ერთმანეთი. ამის შემდეგ ქორეოგრაფებად ვმუშაობდით სხვადასხვა სკოლაში. მერე კი გადავწყვიტეთ ანსამბლის შექმნა და უკვე ოცდამეცხრე წელია, რაც ანსამბლი „იმედი” არსებობს. ამ ხნის განმავლობაში არაერთი წარმატება ხვდა წილად ჩვენს ანსამბლს და გვაქვს ბევრი სასიამოვნო მოგონებაც. მახსოვს, როცა ამერიკაში ოთხი თვით წავედით გასტროლზე, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ყველა კონცერტს ესწრებოდნენ. უამრავი ხალხი მოდიოდა და გამოხატავდა სიყვარულსა და პატივისცემას. ერთმა ქალბატონმა მითხრა: ოთხი შვილი მყავს, ყველას დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ ეს საოცარი შოუ აუცილებლად უნდა ნახოთ-მეთქი. აღმოჩნდა, რომ  ჩვენს კონცერტებზე ერთ დღეში მოდიოდა იმდენი მაყურებელი, რამდენიც სხვა წარმოდგენებზე მთელი კვირის განმავლობაში არ მიდიოდა.
– რა ასაკიდან იღებთ ბავშვებს ანსამბლში?
– 5-6 წლიდან. ანსამბლ „იმედში” მოსახვედრად აუცილებელია, რომ ბავშვს ჰქონდეს სმენა და რიტმის შეგრძნება.
ანსამბლ „იმედს” თავისი არსებობის განმავლობაში მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის, ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის გარდამავალი პრიზი. ნინო რამიშვილმა თავისი მოწონება ანსამბლ „იმედის” მიმართ ასე გამოხატა – ანსამბლის სოლისტები და ჯემალ რეხვიაშვილი  „სუხიშვილებთან” ერთად ინგლისში 3-თვიან საგასტროლო ტურნეში წაიყვანა. ანსამბლს, ასევე, მიღებული აქვს თენგიზ სუხიშვილის დაბადების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი „გრამპრი”. „რაინდის ორდენი” და „ბრწყინვალების ორდენი” - საქართველოს ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და საცეკვაო ხელოვნების სფეროში ხანგრძლივი პრაქტიკული და თეორიული მოღვაწეობისთვის. თბილისის მერიის საპატიო სიგელი მედლით „ქართული კულტურის დესპანი”. 2011 წელს მიენიჭა „სახალხო ანსამბლის” წოდება. სამჯერ მიღებული აქვს საუკეთესო ანსამბლისა და ქორეოგრაფის წოდება, სახალხო განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშნით. ტელეკომპანია „პირველმა სტერეომ” დააჯილდოვა სატელევიზიო ფესტივალ „ოქროს მართვეს” ლაურეატის წოდებით; საქართველოს ქორეორგაფიის მოღვაწეთა კავშირმა ანსამბლი „იმედი” დააჯილდოვა საპატიო სიგელითა და პრიზით.  ფესტივალმა „ბრავომ” წლის განმავლობაში წარმატებული მოღვაწეობისათვის ანსამბლი  განსაკუთრებული პრიზით დააჯილდოვა. ანსამბლ „იმედის” ქორეოგრაფები დაჯილდოებულნი არიან საქართველოს სახალხო არტისტის, ბუხუტი დარახველიძის სახელობის პრემიითა და ოქროს მედლით.
საქართველოში იშვიათად ტარდება ღონისძიება, კონცერტი, ფესტივალი, კონკურსი თუ საიუბილეო საღამო, რომ ანსამბლმა „იმედმა” არ მიიღოს მონაწილეობა. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში წლების განმავლობაში ტარდებოდა კონკურსი, სახელწოდებით – „ქართული ცეკვის ზეობა”, სადაც მონაწილეობდნენ სახელმწიფო ანსამბლები: „სუხიშვილები”, „ერისიონი”, „რუსთავი” და „იმედი”. ამ კონცერტებმა ანსამბლ „იმედს” დიდი წარმატება მოუტანა.
ანსამბლ „იმედს” არაერთი გასვლითი კონცერტი აქვს  ჩატარებული და არაერთხელ აღაფრთოვანა უცხოელი მაყურებელი, მათ შორის:  ორჯერ ოთხთვიანი ტურნე ამერიკის შეერთებულ შტატებში; ექვსჯერ საფრანგეთში, მათ შორის სამჯერ – ანსამბლ „ერისიონთან” ერთად, ცნობილი შოუ-პროგრამით „ქართული ლეგენდა”. ანსამბლს, ასევე, ჩატარებული აქვს კონცერტები: გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთში, ესპანეთში, ჰოლანდიაში, მაროკოში, ჩინეთში, სირიაში, იორდანიაში, ისრაელში, სიცილიაში, სინგაპურში და სხვა.
2003 წელს საპროდიუსერო კომპანია „იმედმა” და „სანო სტუდიამ” ანსამბლ „იმედის” ბაზაზე შექმნეს ქორეოგრაფიული სპექტაკლი „ცეკვა ზღაპარში”, რომელიც უპრეცედენტო შემთხვევაა არა მარტო ბავშვთა ქორეოგრაფიაში, არამედ, პროფესიონალური ანსამბლებისთვისაც. შოუ-პროგრამის იდეის ავტორები და პროდიუსერები გახლდნენ ალექსანდრე ლორთქიფანიძე, მერაბ სანოძე და ავთანდილ ჩიხრაძე. რეჟისორი - ლევან (ჭოლა) წულაძე, მხატვარი – შოთიკო გლურჯიძე. სპექტაკლის პრემიერა შედგა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. გრანდიოზული წარმატების შემდეგ, მაყურებელთა თხოვნით, დამატებით 6 წარმოდგენა გაიმართა. ანსამბლი „იმედი” ყოველ წელს ატარებს საქველმოქმედო კონცერტებს და ეხმარება ეკლესია-მონასტრებს, მოხუცთა თავშესაფრებს, ბავშვთა სახლებს. ანსამბლმა სოლიდური თანხა გადარიცხა  ელიას მთაზე მიმდინარე სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის ფონდში, ასევე, ბერი ანდრიას ფონდში, სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. ის ფაქტი, რომ 2012 წლის 15 მარტს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით გაიხსნა ანსამბლ „იმედის” სახელობის ვარსკვლავი, უპრეცედენტო შემთხვევაა ბავშვთა ქორეოგრაფიაში. ანსამბლს თავის დროზე უმაღლესი შეფასებები მისცეს საზოგადო მოღვაწეებმა და თავიანთი საქმის უბადლო შემსრულებლებმა.
თენგიზ სუხიშვილი: უამრავი ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლია საქართველოში, მაგრამ მე გამოვარჩევ ანსამბლ „იმედს,” ქალბატონი ნუნუ ღვინერიასა და ბატონი ჯემალ რეხვიაშვილის ხელძღვანელობით. მე ვიტყოდი, რომ ეს ანსამბლი მუშაობს პროფესიონალურ დონეზე, მათ აქვთ თავიანთი ხელწერა – განსხვავებული, ყველასაგან გამორჩეული.
ფრიდონ სულაბერიძე: „იმედი” გამოირჩევა თავისი აკადემიურობით, რაც ქორეოგრაფების თავდადებული შრომის შედეგია. ანსამბლს აქვს მდიდარი რეპერტუარი, ის იმსახურებს არა მარტო ვარსკვლავის გახსნას, არამედ, ბავშვთა სახელმწიფო ანსამბლის სტატუსს.
უჩა დვალიშვილი: მივესალმები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას. „იმედი” თავისი პროფესიონალიზმის გამო არა მარტო ვარსკვლავის გახსნას იმსახურებს, არამედ, იმსახურებს ბავშვთა სახელმწიფო ანსამბლის სტატუსსაც.
ომარ მხეიძე: „იმედი” მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობს მაღალპროფესიულ დონეზე. არტისტიზმი, შესრულების მანერა – ეს ყველაფერი არაჩვეულებრივად იკითხება მათ ცეკვაში. ანსამბლს ვუსურვებ ბევრ წარმატებას.
თენგიზ უთმელიძე: „იმედს” იცნობენ ჩვენშიც და საზღვარგარეთაც, ისინი ყველგან აოცებენ მაყურებელს. თამამად ვამბობ: „იმედი” ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მყარი საფუძველი და მომავლის იმედია.
რეზო ჭანიშვილი: „იმედი” ლიდერია ბავშვთა ქორეოგრაფიაში თავისი დახვეწილი პროფესიონალური ცეკვებით. მათი ყოველი რეპეტიცია ერთი სპექტაკლია.  მე ახალგაზრდა ქორეოგრაფებს ვურჩევდი, ჰქონდეთ ურთიერთობა ასეთ გამოცდილ ქორეოგრაფებთან – ეს მათ საქმეს მხოლოდ წაადგება.
ალექსანდრე ლორთქიფანიძე („იმედის” პროდიუსერი): 1989 წლიდან ჩემი შემოქმედებითი მოღვაწეობით მთლიანად გადავერთე ბავშვთა ქორეოგრაფიაში. „იმედი” ჩემი ცხოვრების ნაწილია. მე საკმაო გამოცდილება გამაჩნია და მეტ-ნაკლებად ვიცნობ მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყნის მაყურებლის გემოვნებას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ „იმედი” მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ფურორს მოახდენს.

скачать dle 11.3