როგორ მიაწოდა ლავრენტი ბერიამ მეცნიერებს კოსმოსურ ორბიტაზე ადამიანის გაყვანის იდეა
მრავალი ათწლეულის განმავლობაში გავრცელებული იყო ცრუ აზრი იმის თაობაზე, რომ საბჭოთა კოსმოსური პროექტის წარმატება ნიკიტა ხრუშჩოვის ძალისხმევის შედეგი იყო. სინამდვილეში კი, ეს მიღწევა თავიდან ბოლომდე ლავრენტი ბერიას ეკუთვნის და ხრუშჩოვის მმართველობის დროს მან, უბრალოდ, თავისი ლოგიკური გაგრძელება ჰპოვა. ისტორიკოსი, ანდრეი მიხაილოვი წერს: „საბჭოთა კოსმონავტიკამ და რეაქციულმა სარაკეტო მრეწველობამ, რომ ძალიან მოკლე დროში უმაღლეს მწვერვალებს მიაღწია და ამერიკასაც კი გაუსწრო, იმდენად არა სტალინის, არამედ ლავრენტი ბერიას დამსახურებაა. ხრუშჩოვმა, იმ ვირეშმაკა გლეხუჭამ, უბრალოდ, მიითვისა ბერიას წარმატება და მსოფლიოს თვალი აუხვია. მარშალი ბერია, ხრუშჩოვისგან განსხვავებით, განათლებული იყო, განჭვრეტის უნარი გააჩნდა და ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ორმოციანი წლების დასაწყისში, დიდ სამამულო ომამდე ივარაუდა, რომ სარაკეტო-რეაქტიულ დარგს დიდი სამხედრო-სტრატეგიული მომავალი ჰქონდა. შემთხვევითი არ იყო, რომ ბერიამ თავის ვაჟს სამეცნიერო-ტექნიკური განათლება მისცა და ამ სფეროში ამუშავებდა.
ბერია ნათელი გონებით, მსოფლიოში ერთ-ერთი, ყველაზე ინფორმირებული ადამიანი იყო და ამ გარემოებების გამოყენებით არ უჭირდა სწორი დასკვნების გამოტანა, პერსპექტიული მომავლის განჭვრეტა. გარდა ამისა, ბერია ახლოს იცნობდა ცნობილ კონსტრუქტორებს – ჩელომეისა და იანგელს. მომავალში საბჭოთა „კოსმონავტიკის მამად“ წოდებულ სერგეი პავლეს ძე კოროლიოვთან კი, ახლომეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა. სწორედ ბერიას დამსახურება იყო, რომ თავისი წინამორბედი მინისტრის, ნიკოლაი ეჟოვის მიერ შერისხული გენიალური კონსტრუქტორი, არა მარტო ციხიდან გაათავისუფლეს, არამედ მას საკუთარი საკონსტრუქტორო ლაბორატორია მისცეს. შემდგომში ის მსხვილ საკონსტრუქტორო ბიუროდ გადაიქცა და მსოფლიოში საუკეთესო კოსმოსურ საფრენ აპარატებს ამზადებდა. ჩელომეისთან, იანგელთან და კოროლიოვთან საუბრების შემდეგ, ბერია სტალინს ელაპარაკა და საბჭოთა ბელადს რეაქტიული სარაკეტო მშენებლობისთვის მნიშვნელოვანი თანხები გამოაყოფინა. ასე შეიქმნა რეაქტიული დანადგარი „კატიუშა“, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფაშიზმზე გამარჯვებაში. მეორე მსოფლიო ომი ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული და ქვეყანა ცეცხლის ალში იწვოდა, როცა ბერიას ხელდასხმით, კოროლიოვი კოსმოსური საფრენი აპარატების მინიმოდელებს ამზადებდა და ურალის მთების მიღმა, საბჭოთა კოსმონავტიკას საძირკველს უყრიდა. მოუცლელობის მიუხედავად, ბერია თვეში ერთხელ მაინც ახერხებდა კოროლიოვთან ჩასვლას ურალში და ექსპერიმენტების შედეგების გაცნობას. ამავე პერიოდში, სტალინმა ბერიას საბჭოთა ატომური პროექტი ჩააბარა. ბერიას ამის გამო, ბევრად ხშირად უწევდა ურალში ვიზიტები „ატომშჩიკებთან“ და ყოველი ასეთი ვოიაჟის დროს, კოროლიოვის მონახულება არ ავიწყდებოდა. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტისას კოროლიოვმა ბერიას პოპულარული ენით აუხსნა, რომ მის მიერ წარმატებით ჩატარებული ექსპერიმენტები დიდ იმედს იძლევა და თუკი დაფინანსება ოცი პროცენტით მაინც გაიზრდება, სულ მალე, რაკეტის ორბიტაზე გაყვანის საშუალება გამოჩნდებოდა. ბერია წამით ჩაფიქრდა და კოროლიოვს ჰკითხა:
– სერგეი პავლოვიჩ, რა წონის წაღება შეეძლება იმ რაკეტას?
– ეგ რაკეტის სიმძლავრეზეა დამოკიდებული, ლავრენტი პავლოვიჩ. სწორედ იმიტომ გთხოვთ, ჩვენი დაფინანსების ოცი პროცენტით გაზრდას, რომ მძლავრი საფრენი აპარატი შევქმნათ.
– გასაგებია, – თქვა ბერიამ და კონსტრუქტორს ჰკითხა:
– თუკი თქვენი რაკეტა ორბიტაზე გასვლას შეძლებს, მას ხომ ისიც შეეძლება, მოსკოვიდან ვაშინგტონამდე ჩაფრინდეს და ამერიკელებს ჩვენი ნობათი ჩაუტანოს? – ნობათში ბერია ატომურ ბომბს გულისხმობდა, რომლის შექმნაც იმ პერიოდში მიმდინარეობდა საბჭოთა კავშირში. ამერიკელებს კი ის უკვე იაპონიაში ჰქონდათ გამოცდილი და ბერიამ კარგად იცოდა მისი დამანგრეველი ძალის შესახებ.
კოროლიოვიც მშვენივრად მიხვდა, თუ სად უმიზნებდა ბერია. თუმცა წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ საბჭოთა კავშირი უკვე მუშაობდა ატომურ პროექტზე. მის წინაშე კი ამ პროექტის კურატორი იდგა. სერგეი პავლოვიჩმა თავი დაუკრა ბერიას და უთხრა:
– ნობათში, ალბათ, მძლავრ ბომბს გულისხმობთ, ისეთს, როგორიც ამერიკელებმა იაპონიაში ჩამოაგდეს.
– დაახლოებით, – თქვა ბერიამ.
– დიახ. შესაძლებელია. ორივე ტიპის რაკეტის მოძრაობის, ფრენის პრინციპი დაახლოებით ერთნაირია და მხოლოდ მცირე დეტალებია შესაცვლელი.
– კარგი, სერგეი პავლოვიჩ. დაფინანსებას ერთ კვირაში გაგიორმაგებთ. თქვენ კი ნაყოფიერად იმუშავეთ, – უთხრა ბერიამ გახარებულ კოროლიოვს და წასვლა დააპირა. მაგრამ, წამით ჩაფიქრდა და კონსტრუქტორს ჰკითხა:
– სერგეი პავლოვიჩ, თქვენს რაკეტას ადამიანის კოსმოსში, ანუ ორბიტაზე გაყვანაც ხომ შეეძლება?
– კოსმოსში? რატომაც არა, მაგრამ იქ ხომ უწონობა და უჟანგბადობაა?! თანაც, კოსმოსში ადამიანმა რა უნდა აკეთოს? – გაუკვირდა კოროლიოვს.
ბერიას კოროლიოვის სიტყვებზე გაეცინა და უთხრა:
– მერწმუნეთ, სერგეი პავლოვიჩ, პროგრესი ისე მიიწევს წინ, რომ სულ მალე ადამიანი კოსმოსურ სივრცეებსაც აითვისებს. თქვენ კი შანსი გეძლევათ, მას ამაში დაეხმაროთ.
ბერიამ ეს სიტყვები 1947 წლის აპრილში წარმოთქვა. 14 წლის მერე კი, 1961 წლის 12 აპრილს იური გაგარინი სწორედ სერგეი კოროლიოვის მიერ შექმნილი რაკეტით გაფრინდა კოსმოსში. კოროლიოვს კი ადამიანის კოსმოსში გაფრენის იდეა ლავრენტი ბერიამ მიაწოდა. მანვე, 1947 წლის ივნისში, ანუ ორი თვის შემდეგ, „კოსმოსური უწონობის“ საიდუმლო კვლევის ლაბორატორია ჩამოაყალიბა და სხვადასხვა დარგის საბჭოთა მეცნიერებს დაავალა, ადამიანის კოსმოსურ სივრცეში ადაპტირების საკითხებზე ემუშავათ. ეს, ფაქტობრივად, კოსმონავტების მომზადების ცენტრი იყო, რომელიც შემდგომში გაფართოვდა. ბერიას ინიციატივითვე, ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში, „ენკავედეს“ (ბერიას უწყება) სპეცგანყოფილებას დაევალა ადგილის შერჩევა საიდუმლო ობიექტისთვის, სადაც კოსმოსის ათვისების სფეროში მოღვაწე მეცნიერები იმუშავებდნენ. ასეთი ადგილი მალევე შეირჩა მოსკოვის მახლობლად. აშენდა პირველი საცხოვრებელი კორპუსი და ორი, იმ დროისთვის თანამედროვედ აღჭურვილი ლაბორატორია – მუშაობაც გაჩაღდა... „ენკავედეს“ ეს საიდუმლო ობიექტი შემდგომში კოსმონავტების ქალაქად გადაიქცა და მას „ზვიოზდნი“ (ვარსკვლავური) ეწოდა... ეს სახელწოდებაც ბერიას მოფიქრებული იყო და უკვე 1957 წელს საბჭოთა კავშირმა პირველი ხელოვნური თანამგზავრი გაიყვანა კოსმოსურ ორბიტაზე. ამ დროისათვის ლავერნტი ბერია უკვე 4 წლის მოკლული, მისი სახელი კი ამოგდებული იყო ისტორიიდან. ეს უდიდესი წარმატება კი ნიკიტა ხრუშჩოვმა მიითვისა.“