თავის მოვლა ჩვენი ბიორიტმების გათვალისწინებით
ქრონობიოლოგებმა დიდი ხნის წინ გამოიყვანეს იდეალური გარეგნობის ფორმულა: თავს უნდა მოუაროთ თქვენი ბუნებრივი ბიორითმების გათვალისწინებით, თანაც, საათობრივად.
დილის 5-დან 7 საათამდე
დილა მშვიდობისა, ტოროლებო! თქვენმა კანმაც გაიღვიძა და გაწმენდას მოითხოვს. ღამის განმავლობაში მასში აქტიური აღდგენა მიმდინარეობდა და ხდებოდა ტოქსინების გამოყოფა. ყველაზე კარგი, რაც შეგიძლიათ მისთვის (კანისთვის) გააკეთოთ, არის ის, რომ გაიწმინდოთ უსპირტო ტონიკით და წაისვათ დამცავი, დამატენიანებელი და მკვებავი კრემები.
7-დან 10 საათამდე
დღის ამ მონაკვეთში არ გირჩევთ ახალი კოსმეტიკური საშუალებებით ექსპერიმენტებს. ამ დროს კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა და, შესაძლოა, რომელიმე უცნობმა კომპონენტმა გამოიწვიოს ალერგია: ქავილი, სიწითლე, გამონაყარი. 9 საათის შემდეგ კანის დაცვის უნარი იზრდება და ის სიახლეზე ისე მტკივნეულად აღარ რეაგირებს. ამიტომ, თუ გადაწყვიტეთ სილამაზის ინიექციის (მეზოთერაპიის, ბიორევიტალიზაციის ან სახის ულტრაბეგრითი წმენდა) გაკეთება, კოსმეტოლოგთან ჩაეწერეთ დილით, ოღონდ, 9 საათის შემდეგ.
10-დან 12 საათამდე
დღის ამ მონაკვეთში ცხიმოვანი ჯირკვლების გააქტიურება პიკს აღწევს. კანი იწყებს პრიალს და კოსმეტიკა სახეზე „ლღვება“. თუ ასეთი რამ შეგემთხვათ, განიახლეთ მაკიაჟი: სახე შეიშრეთ სპეციალური (თუ ასეთი არ გაქვთ, მაშინ, ჩვეულებრივი) ხელსახოცით და გადაისვით პუდრის თხელი ფენა; დღის განმავლობაში კი უარი თქვით ისეთ პროდუქტებზე, რომელიც ამაღლებს ცხიმიანობას (მაგალითად, შოკოლადი).
გარდა ამისა, დადგენილია, რომ დილის 10-დან 12 საათამდე აქტიურდება თმის ზრდა. ამიტომ, უქმ დღეებში გამოყავით ნახევარი საათი მაინც და გაიკეთეთ თმის აღმდგენი ნიღაბი.
12-დან 17 საათამდე
13 საათის შემდეგ ნელდება სისხლის მიმოქცევა და სახეზე ვარდისფერს სიფერმკრთალე ცვლის. შესაძლოა, მკვეთრად გამოვლინდეს დაღლილობის ნიშნები: გაღრმავდეს ნაოჭები, თვალის ქვეშ გაჩნდეს სილურჯე. ამიტომ, სწორედ ახლაა დროული, დაიტენიანოთ სახე მატონიზებელი სპრეით ან თერმული წყლით. სასურველია, ამ საათებში კოსმეტოლოგთან არ ჩაიტაროთ კანის მკვებავი პროცედურები, აი, პილინგი კი სწორედ დროული იქნება.
17-დან 20 საათამდე
დღის ამ მონაკვეთში კანში მცირდება ტკივილის შეგრძნება და, სასურველია, ყველა „მგრძნობიარე“ პროცედურა (ეპილაცია, წარბების კორექცია, სლიმ-მასაჟი და სხვა) ამ დროს ჩაიტაროთ. სამაგიეროდ, ამაღლებულია ყურადღების კონცენტრაცია, ამიტომ, მანიკიური განსაკუთრებით კარგად გამოგივათ.
20-დან 22 საათამდე
ამ საათებში ორგანიზმი განსაკუთრებით აქტიურად იწმინდება წიდებისა და ტოქსინებისგან, ამიტომ, სასურველია, ამ დროს მიაკითხოთ საუნას. თუ ზედმეტი კილოგრამების მოშორება გსურთ, სხეულის გახურების შემდეგ გაიკეთეთ წყალმცენარეებით შეფუთვა და ანტიცელულიტური მასაჟი. ასევე, სახისთვისაც სასარგებლო იქნება გამწმენდი პროცედურები: გაწმენდა, პილინგი, მასაჟი თიხით და ასე შემდეგ.
22-დან დილის 5 საათამდე
ამბობენ, შუადღემდე 1 საათი ძილს აქვს ისეთივე გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, რამდენიც 2 საათის ძილს შუაღამის შემდეგ. ამიტომ, სასურველია, ღამის მკვებავი წაისვათ 22 საათზე, ერთი საათის შემდეგ კი (23 საათზე) დასაძინებლად დაწვეთ.
ღამის კრემის შემადგენლობაში შედის ის ნივთიერებები, რომლებიც აქტიურად ეხმარებიან კანს აღდგენაში. ძილის პროცესში კანის განახლების პიკი იწყება ღამის 1 საათიდან და ამ დროს ყველაზე აქტიურად გამომუშავდება ძილის ჰორმონი – მელატონინი. დამტკიცებულია, რომ თავისუფალ რადიკალებს ის უფრო აქტიურად ებრძვის, ვიდრე ბევრი ბუნებრივი ანტიოქსიდანტები, მაგალითად, ვიტამინი E. სწორედ ამიტომაა, რომ, რაც უფრო მშვიდად და ხანგრძლივად გძინავს, მით უკეთ გამოიყურები დილით.