მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: შეიძლება თუ არა ავადმყოფობის გამო შევწყვიტოთ მარხვა?
პასუხი: მარხვა თვითნებურად არ უნდა შეწყვიტოთ. მიმართეთ მოძღვარს და ის გაკურთხებთ მარხვის ისეთ კანონზე, რომელიც თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეფერება.
კითხვა: რა უფრო მნიშვნელოვანია გარდაცვლილის სულისთვის – მის საფლავზე გასვლა თუ შეკვეთილი წირვის ჩატარება?
პასუხი: შეკვეთილი წირვის ჩატარება უფრო არსებითია, ვიდრე საფლავზე გასვლა.
კითხვა: შეიძლება თუ არა იოლად შეველიოთ ჩვენს საცხოვრებელს და ხშირად შევიცვალოთ ბინა?
პასუხი: წინათ ადამიანი უფრო მეტად ერთგულებდა თავის კერას – მას იქ აკავებდა სახლ-კარის შენებაზე გაწეული ამაგი და წინაპართა საფლავები. დღევანდელი, თანამედროვე ადამიანი გაცილებით თავისუფალია ასეთი მიჯაჭვულობისგან. ამიტომ, მსგავსი პრობლემები შეუძლია გადაჭრას ოჯახის საერთო აზრის გათვალისწინებით, საჭიროებიდან გამომდინარე.
კითხვა: როგორ დავიცვათ თავი ბოროტისგან მოგვრილი კოშმარული სიზმრებისგან?
პასუხი: ძილის წინ აუცილებლად ილოცეთ და მოინანიეთ თქვენი ცოდვები უფლის წინაშე. დაწოლილმა კი, მოიხმეთ თქვენი მფარველი ანგელოზი, რომელიც მძინარეს დაგიცავთ. ამასთანავე, ეცადეთ საღამოს მსუბუქად იკვებოთ და არ ჩავარდეთ ნაყროვანების ცოდვაში.
კითხვა: საოჯახო საჭიროებისთვის ვაგროვებ ფულს. ხომ არ ჩამეთვლება ეს ვერცხლისმოყვარეობაში?
პასუხი: კეთილი საქმეებისთვის ფულის შენახვა არ არის ვერცხლისმოყვარეობა. თუმცა, თუ ამის საჭიროება არ არის, ნუ მოაგროვებთ ფულს, უფალს მიენდეთ.
კითხვა: ხშირად ვყიდულობ სასულიერო ლიტერატურას, მაგრამ ყოველთვის ვერ ვიცლი წასაკითხად. ხომ არ ვცოდავ ამით?
პასუხი: წიგნების შეძენა იმისთვისაა კარგი, თუ მათ წაიკითხავთ. ვისაც ჰგონია, რომ მხოლოდ შეძენით მიიღებს რაიმე სულიერ სარგებელს, ცდება. ეცადეთ, ნელ-ნელა წაიკითხოთ შეძენილი ლიტერატურა.