კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ სჭირდება რუსეთს მესამე რომად თავის დამკვიდრების პროცესში საქართველოს ეკლესიის მხარდაჭერა

ამ ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს მოვლენები ელვის უსწრაფესად ვითარდება: ერთი სტრესიდან ვერ ვახერხებთ თავის დაღწევას, რომ წინ მეორეს გვიხვედრებენ. ფარული ჩანაწერების გამომზეურებამ კვლავ შოკის მდგომარეობაში ჩაგვყარა, რაც, ქართველების ემოციური ბუნების გათვალისწინებით, რთული გასათვლელი სულაც არ იქნებოდა. თან, ისიც საგულისხმოა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არეულობით თითქმის ყველა დიდი მეზობელია დაინტერესებული (ცხადია, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე). ვინ რა მიზანს შეიძლება ისახავდეს დესტაბილიზაციის გამოწვევით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ? – ამ საკითხს კავკასიის საკითხებში ექსპერტთან, მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ.

 – თქვენ რას უკავშირებთ ემოციური ფონის შექმნას ქვეყანაში და არეულობის გამოწვევის მცდელობას? პირადად მე მხოლოდ გარკვეული შიდა ძალების ინტერესი არ მგონია.
–  ვეთანხმები აზრს, რომ ახლა ვართ არეულობის რეჟიმში, რომელიც აგორებული თოვლის გუნდასავით გაიზრდება დროთა განმავლობაში. მთელი ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, ჩემი ლოგიკით, მართულია და ამის უკან დგანან გარკვეული ძალები. ეს პროცესები შეიძლება გაიყოს ორ კატეგორიად: ერთია საზოგადოების დეზორიენტაცია და ხელისუფლებისა და საზოგადოების საქმიანობის დაშორების მცდელობა და, მეორე –  მცდელობაა, გადაიფაროს მნიშვნელოვანი თემები, რასაც შეიძლება დავარქვათ სამზადისი მასობრივი საბოტაჟისთვის, რომელიც გადაიზრდება არეულობაში. დავაკვირდეთ პროცესებს: ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი ჩართულია „შეშფოთებაში“, რაც უკავშირდება პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გამოქვეყნებას და ხდება მნიშვნელოვანი თემების გადაფარვა. ბევრია ასეთი  თემა, მაგრამ რამდენიმე განვიხილოთ. ერთი თემაა „კავკაზუს ონლაინის“ გასხვისება –  ის, ფაქტობრივად, გადადის „ბილაინის“ მფლობელობაში და, როგორც ჩანს, ეს პროცესი დამთავრდება 25 მარტისთვის.
– თავის კაბელიანად, რომელიც შავი ზღვის ფსკერზეა? როგორც ვიცი, ჯერჯერობით მხოლოდ საცალო მომსახურების სეგმენტის გაყიდვაზეა ლაპარაკი, თუმცა, არ არის სასიამოვნო, თუ რუსეთის სახელმწიფო გააკონტროლებს „კავკაზუსის“ მომხმარებლების ვირტუალურ ცხოვრებას.
– კაბელის გაყიდვის პროცესიც დაწყებულია. აქ ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება: ერთი ის, რომ „ნაციონალებს“ ერთი ჯიბიდან მეორეში გადააქვთ ეს სტრუქტურა და, მეორე –  ფაქტობრივად, რუსეთის ხელში ვარდება. მოგეხსენებათ, „ვიმპელკომი“ არის რუსული სახელისუფლო ორგანიზაცია. ჩვენთვის ცნობილია, რომ კომპანიის მართვაში 40 პროცენტი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ჰქონდათ.
– მაგალითად, „კავკაზუს ონლაინის“ სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი ხვიჩა მაქაცარიაა, იგი პარალელურად „მობიტელის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრიცაა. ასევე, ერთდროულად ორივე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია თეიმურაზ არონიაც.
– იქ არის ძმები ყარამანაშვილების ინტერესიც. ანუ, გარდა იმისა, რომ ერთი ჯიბიდან მეორეში გადააქვთ „კავკაზუსი“, ასევე, არარუსული სივრციდან უკვე რუსულ სივრცეშიც გადადის და, როგორც გითხარით, „რუსთავი 2-ის“ კონტურებიც იკვეთება ყარამანიშვილების სახით და, ვფიქრობ, ეს უფრო მნიშვნელოვანი თემაა, ვიდრე „გაზპრომთან“ მოლაპარაკება. ასე რომ, ვხედავთ, ეს პროცესი აბსოლუტურად უჩუმრად მიმდინარეობს –  არც ხელისუფლების მომხრეები და არც მოწინააღმდეგეები ხმას არ იღებენ.
– გასაგებია, რატომ არ იღებენ ხმას ხელისუფლების მოწინააღმდეგეები, მაგრამ ხელისუფლების მომხრეები რატომღა არიან ჩუმად?
– არ იციან ან სხვა საქმეებით არიან დაკავებული. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს მართული პროცესია, ზუსტად იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი თემები გადაიფაროს. ასევე, საინტერესო თემაა, რაც ხდება ტრანსკავკასიურ საავტომობილო მაგისტრალზე –  საქართველოს საბაჟოში ჩანერგილი „მეხუთე კოლონა” ეწევა საბოტაჟს. ამას მოწმობს ხოფაში მიმდინარე თურქი მძღოლების აქცია. ანალოგიური რამ ხდება წითელ ხიდთანაც. ეს არ არის შემთხვევითი პროცესი. არ შეიძლება, ტოტალური სახე მიეცეს სატვირთო მანქანების რამდენჯერმე დაცლას ვითომ შემოწმების მიზნით. მე მაინც ვფიქრობ, რომ ესეც მართულია და, თუ „კავკაზუს ონლაინის“ თემას მალავენ, მეორე თემას საზოგადოება, იმდენადაა გართული სხვა საკითხებით, უბრალოდ, არ აქცევს ყურადღებას.
ავიღოთ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესი: ის თითქოს ჩანს, მაგრამ აკლია ის სიმწვავე, როგორიც შეიძლება ჰქონოდა სხვა შემთხვევაში. ეს რომ მართული პროცესია, ჩანს შეუიარაღებელი თვალითაც, რეალურად  ბევრი სხვა რამეც ხდება ჩუმად, რაც საზოგადოების ყურამდე  საერთოდ არ აღწევს. ისეთი მდგომარეობა იქმნება, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის სივრცე თავისუფალი და მართულია.
– ვის მიერ მართული: ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან?
– რთული სათქმელია, შეიძლება, იყოს კონკრეტული პოლიტიკური ძალები და ეს ჩანს, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ შეიძლება იყოს რომელიმე ქვეყანაც, რომელიც, შესაძლოა, აშკარად არ ჩანდეს, მაგრამ შეგვიძლია, ვივარაუდოთ, ვინ შეიძლება, იყოს. მათ შორის, რუსეთიც და არა მარტო.
– შეიძლება, არეულობა იყოს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესიო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გარე ძალები იმოქმედებენ სწორედ კონკრეტული ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფების ხელით. ქვეყნის შიგნით და გარეთ ვის მოქმედებებს შორის ხედავთ თანხვედრას?
– მესმის, რასაც მეკითხებით და ყოველთვის თავს ვიკავებ ანალოგიური პარალელების გავლებაზე. მე ვხედავ, რასაც ვხედავ: ერთი მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს, რომლებიც მათ მიერ არაერთგზისაა დეკლარირებული. გავიხსენოთ ყოფილი პრეზიდენტის ჩანაწერები; ასევე, რასაკვირველია, რუსეთის ინტერესია, რომ საქართველოში თავად მართოს სიტუაცია, მაგრამ გამიჭირდება იმის თქმა, არის თუ არა კავშირი ამ ორი ძალის აქტიურობებს შორის, თუმცა ენაზე მადგას ამ ამბების დაკავშირების სურვილი.
– ქართულმა მედიამ მიიყურისძირა პუტინის განცხადება, რომ გააგრძელებს ნიკოლოზ მეორის გზას: კონსტანტინოპოლს დაუბრუნებს ქრისტიანებს და გააკონტროლებს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს. არადა, თურქეთმა ხელის შემობრუნება იცის. რა უნდა ამოვიკითხოთ პუტინის ამ განცხადებაში?
– ეს განცხადება უნდა გავყოთ ორ ნაწილად: ერთი მხრივ, უნდა ვიცოდეთ, რა გზას ადგას დღეს რუსეთის სახელმწიფო. ეგრეთ წოდებული რუსული სამყარო, რომლის იდეოლოგიაც შეიქმნა დღეს კრემლში, ემსახურება რუსული იმპერიის გავლენის ზონის აღდგენას და ახალი გავლენის ზონის შეერთებას. უნდა ითქვას, რომ ამ კონტექსტშია რუსეთის პატრიარქის შეხვედრა რომის პაპთან. მათ ისაუბრეს ძალიან მნიშვნელოვან თემებზე, რომლებიც ემსახურება რუსული ეკლესიისთვის დომინანტური როლის მიცემას, რათა შემცირდეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს როლი და რუსულ ეკლესიაზე გადავიდეს მართლმადიდებლური სამყაროს ლიდერის ფუნქცია. იმავეს აკეთებენ პოლიტიკაშიც: კონსტანტინოპოლი და სრუტეები არის ის, რისკენაც მიისწრაფოდა ყველა რუსი ხელმწიფე. ამდენად, პუტინის განცხადება არის სურვილიც და პროპაგანდისტულიც, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვგულისხმობ რუსეთსა და თურქეთს შორის სამხედრო კონფრონტაციას.
– აბარაამ შმულევიჩი ამბობს, რომ რუსეთის იდეას, იყოს მესამე რომი, აუცილებლად სჭირდება საქართველო მოკავშირედ, რადგან, ისტორიულად, ბიზანტიის მემკვიდრეა საქართველო და არა რუსეთი. იმას გარდა, რომ საქართველოს ეკლესია დადასტურებულად სამოციქულოა, ამიტომ რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დაჭერა თავისი გავლენის სივრცეში. ეთანხმებით?
– რასაკვირველია, რუსეთს სჭირდება საქართველო, მისი ეკლესია, საქართველოს მხარდაჭერა, ყველა ამ მიმართულებით დგამს ნაბიჯს უკვე რუსეთის ხელისუფლებაც და რუსეთის ეკლესიაც და ჩვენ ვხედავთ ამას. ემუქრება თუ არა საქართველოს ამის გამო ხიფათი? რა თქმა უნდა, ემუქრება, მაგრამ ეს არ არის საომარი ხიფათი, თუ რუსეთსა და თურქეთს შორის საომარი მოქმედებები მაინცდამაინც საქართველოს ტერიტორიაზე არ განვითარდა. სხვა მხრივ, ეს არის რუსეთის რბილი ძალის ექსპანსიონისტური პოლიტიკა, რომელიც დაიწყო არა დღეს, არამედ საუკუნეების წინათ. დღეს აქტიური ფაზაა უბრალოდ.
– შეიძლება, ერთ-ერთი მიზანი იყოს საქართველოს ეკლესიის დაშლა?
– არა, საქართველოს ეკლესიის დაშლა არ არის რუსეთის ხელისუფლების ინტერესი.  მისი ინტერესია, რომ საქართველოს ეკლესია უჭერდეს მხარს.
– რა თქმა უნდა, ჯობია, თუ მთლიანად მიიღებს.
– იმიტომ, რომ საქართველოს ეკლესიას აქვს სერიოზული ბიოგრაფია, სერიოზული პრეტენზიები, რომ თავისი კუთვნილი ადგილი არ უჭირავს მართლმადიდებელი ეკლესიების იერარქიაში. ამდენად, პირიქით, საქართველოს ეკლესიას მაქსიმალურ ანაგრიშს უწევს რუსული მხარე.  მაქსიმალურად ცდილობს, რბილად მოექცეს, რომ საქართველოს ეკლესიამ არ გადადგას მათთვის არასასიკეთო ნაბიჯი, მაგალითად, არ აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. მართალია, აფხაზეთის ეკლესიას მაშინვე აღიარებს მოსკოვის საპატრიარქო საპასუხოდ, მაგრამ ეს არ იქნება თანაზომადი ქმედება. თან, როგორც კი საქართველოს ეკლესია გადადგამს ამ ნაბიჯს, მას მიჰბაძავენ ბულგარეთისა და რუმინეთის ეკლესიები.
– ჩვენ გვახსოვს აწ უკვე თურქეთის პრემიერ-მინისტრ დაუთოღლუს განცხადება, რომ თურქეთმა უნდა აღადგინოს ოსმალეთის იმპერიის გავლენა, ოღონდ საზღვრების ხელშეუხებლად. ახლა მოვისმინეთ უკვე რუსეთის პრეზიდენტის განაცხადიც, რაც საპირისპიროს გულისხმობს. ანუ ახლა ჩვენი ბედი იმაზეა დამოკიდებული, რომელი რომელს გადასძალავს?
– ნეოსომანისტური იდეოლოგია ებრძვის რუსული სამყაროს იდეოლოგიას: რუსეთს აქვს მესამე რომობის პრეტენზია. თუმცა ამ შემთხვევაში „რომი“ არასწორადაა გაგებული. ფაქტობრივად, რუსეთი არა რომის, არამედ ბიზანტიის ტრადიციის გამგრძელებლად მიიჩნევს თავს. აქედან გამომდინარე, ეს არგუმენტები რუსეთისთვის ძალიან სერიოზულია და, რადგან თავს მიიჩნევს მესამე რომად, აქვს კონსტანტინოპოლის დაკავების პრეტენზია. თუმცა მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად სამხედრო გზით დაიკავებს კონსტანტინოპოლს; აქ იდეოლოგიაზეა ლაპარაკი, რადგან არც დაუთოღლუს მოსაზრება არ გულისხმობს საომარ მოქმედებებს. როგორც თურქეთი მუშაობს აქტიურად საქართველოს ტერიტორიაზე ამ იდეოლოგიის კონტექსტში, ისევე მუშაობენ რუსები სამხრეთ კავკასიაში და, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე, უკვე რუსული სამყაროს იდეოლოგიის კონტექსტში.
– იქმნება აზრი, რომ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება ცალსახად რუსული სპეცსამსახურების ინტერესი შეიძლებოდა ყოფილიყო. თქვენც ასე გგონიათ?
– მე არ ვიქნები ასეთი კატეგორიული, აქ, შეიძლება, იყოს კერძო ინტერესიც, პარტიულიც და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისაც, მათ შორის, რუსეთისაც. ეს გვიბიძგებს, ვიფიქროთ, რომ გამოქვეყნება ემსახურებოდა მისი პოლიტიკური პარტიის დისკრედიტაციას, მაგრამ ეს ასე არ არის. საზოგადოებას უყვარს დაჩაგრული, ალასანიას პარტია კი სწორედ დაჩაგრულის როლშია და ამიტომ ეს დისკრედიტაციად არ აღიქმება. ესე იგი, სხვა მოტივაციაა. ვინც ჩაიფიქრა, ხომ იცოდა, რომ ამით ალასანიას პარტიას ვერაფერს დააკლებდა? ესე იგი, მიზანი იყო, რომ ამით გამოეწვია საზოგადოების ინტერესი, მისი ყურადღება გადაეტანა, მოეხდინა ხელისუფლების დისკრედიტაცია და გამოეწვია ქვეყნის განვითარების შეფერხება.
– ხელისუფლებას აქვს რესურსი, რომ, პოზიტივად თუ ვერ აქცევს, გაანეიტრალოს მაინც ეს ნეგატივი?
– ხელისუფლებამ ძალიან ბევრი დრო დაკარგა. მან დაუშვა კოაბიტაცია ძალიან მახინჯი ფორმით. ხელისუფლებას რომ მოეხდინა იმ ადამიანების დეზავუირება, ვინც გასცა ამ ფირების ჩაწერის ბრძანება და მუდმივად ყოფილიყო ლაპარაკი ამ 50-60 ადამიანზე, რომ, თუ გამოქვეყნდება მსგავსი შინაარსის ჩანაწერები, ეს მათი ბრალია. ასეთ პირობებში ისინი დაფიქრდებოდნენ, უღირდათ თუ არა გამოქვეყნება. როდესაც იმ ჩანაწერებს ანადგურებდნენ, მეც გამოვთქვი ეჭვი, რომ ასლები იარსებებდა. მეტსაც გეტყვით, უახლოესი ათი წლის განმავლობაში, ვიდრე ის ადამიანები, რომელთა პირადი ცხოვრებაა ასახული იმ ჩანაწერებში, იაქტიურებენ საზოგადოებრივსა თუ პოლიტიკურ ასპარეზზე, ეს ჩანაწერები დამოკლეს მახვილივით ეკიდება როგორც მათ, ისე ქვეყნის თავზე.
– ფაქტობრივად, მეორე არქივი შეიქმნა, რუსების მიერ გატანილი „კაგებეს“ არქივივით.
– ეს ჩანაწერები რომ არსებობდა, ვიცოდით 2012 წლამდეც და მუქარის რეჟიმში ვიყავით მუდმივად. რატომ ჩათვალა ხელისუფლებამ, რომ ეს დარჩებოდა მუქარად, არ ვიცი. ვიცით, რომ მეგის ქარდავა ვაჭრობდა სხვადასხვა ქვეყნიდან ამ ჩანაწერებით და ემუქრებოდა ხელისუფლებას. მიმაჩნია, რომ ეფექტიანად მუშაობს ხელისუფლებაში ჩაბუდებული „მეხუთე კოლონა,” რომლებიც ხელისუფლებაში ახალმოსულ ადამიანებს არწმუნებდნენ, რომ სიტუაციას აკონტროლებდნენ. სინამდვილეში, ვერაფერსაც ვერ აკონტროლებდნენ. დარწმუნებული ვარ, მათზეც აქვთ კომპრომატები, სიტუაციასაც მართავენ და ამ „მეხუთე კოლონასაც.”

скачать dle 11.3