რა თანხას იხდის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ეკა სეფაშვილი სწავლაში
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ეკა სეფაშვილი 1973 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება რამდენიმე ადგილას მიიღო. კერძოდ: 1990-1995 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე; 1991-1994 წლებში იმავე უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ სპეციალობათა ფაკულტეტზე, სპეციალობით – ინგლისური ენა; 1995-1998 წლებში – კვლავ იქ, ეკონომიკის ფაკულტეტის ასპირანტურაში, სპეციალობით – საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები; 2002 წელს კი, მსოფლიო ეკონომიკის სპეციალიზაციით, აკადემიური დოქტორის ხარისხიც მოიპოვა. ქ-ნი სეფაშვილის შრომითი ბიოგრაფია კი 1997 წლის ივლისში დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც 2004 წლის ივლისამდე საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის მრჩეველი იყო. იმავდროულად, 1997-2002 წლებში იღებდა მონაწილეობას გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივ პროექტშიც – „გენდერული განვითარება.“ – 1999-დან 2006-მდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტიც იყო; 2005 წლის აპრილიდან სექტემბრამდე, მარკეტინგისა და კომერციის ფაკულტეტის დეკანიც გახლდათ. მოგვიანებით, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ გადაიყვნეს – 2006 წლის სექტემბრამდე, რის შემდეგაც მისი საჩინოვნიკო კარიერაც გაგრძელდა: 2006 წლის ივნისში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში დაინიშნა – ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ და ამ თანამდებობაზე 2013 წლის მარტამდე იმუშავა. 2013 წელს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მთავარ მრჩევლად გადაიყვანეს, ხოლო 2015 წლის აპრილიდან კი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეა. იმავდროულად, 2006 წლის ივნისიდან დღემდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია.
თუმცა კარგა ხნის ჩინოვნიკია, ქ-ნი სეფაშვილის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2015 წლით თარიღდება, რომელიც მან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის რანგში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა ორი შვილი: 1993 წელს დაბადებული თამარ მურმანიშვილი და 2007 წელს დაბადებული დაჩი მურმანიშვილი.
ეკა სეფაშვილის საკუთრებაა (სანახევროდ თეა სეფაშვილთან) ბინა თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე (ფართობი – 110 კვ.მ.) და ბინა თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე (ფართობი – 80 კვ.მ.). ხოლო თამარ მურმანიშვილს ეკუთვნის არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე (ფართობი – 25 კვ.მ.).
ეკა სეფაშვილს ჰყავს ავტომანქანა „ფოლკსვაგენი“.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2014 წლის განმავლობაში ეკა სეფაშვილმა, როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მთავარმა მრჩეველმა, 39 744 ლარი მიიღო; როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, 25 595 ლარი.
2013 წელს მას 88 000 ლარის ოდენობის ათწლიანი იპოთეკური სესხიც აუღია, რომლის მომსახურებაც 2014-ში 13 766 ლარი დაუჯდა.
თუმცა იმ წელს სხვა ხარჯიც ჰქონდა, კერძოდ, სწავლის საფასურად (სავარაუდოდ, შვილის), 6 000 ლარი გადაიხადა.