პრეზიდენტი და 40 ყაჩაღი
ანუ „როგორ მოვიპაროთ მილიონი“
თუმცა წინა კვირის დასაწყისში ელდასავით ინფო გავრცელდა, რომ თითქოს უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გადააყენა ოდესის გუბენატორი, მოგვიანებით, გუბერნატორის პრესსამსახურმა აუწყა – შეშფოთებულებსაც და გახარებულებსაც, რომ ხმები ბ-ნი სააკაშვილის უკრაინული კარიერის გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებული იყო.
ამასობაში კი ოდესის გუბერნატორმა ახსნა, თუ როგორ მოიპოვა ფული ხელისუფლებაში ყოფნისას არა მხოლოდ პენსიების გასაცემად, არამედ თვით გზების დასაგებადაც კი.
მომყავს პრეზიდენტყოფილის ციტატა უცვლელად (ვინაიდან, სავარაუდოდ, მისი ეს სიტყვები ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში, პათოსით, რა მანძილია ყაჩაღსა და პრეზიდენტს შორის): „მე მჭირდებოდა, სასწრაფოდ ამეშენებინა გზა აეროპორტში, ვინაიდან გვინდოდა ტურიზმის განვითარება. აეროპორტიდან კი მხოლოდ ტრაქტორით ან ტანკით შეიძლებოდა ქალაქამდე მისვლა (ტყუილი, ტყუილი, პაპიროზი პირში!). დავაკავეთ ის ადამიანი, ვინც გზების დაგებაზე იყო პასუხისმგებელი… მან მაშინვე გადაიხადა, მგონი, 15 თუ 20 მილიონი დოლარი ექვსი საათის განმავლობაში და ჩვენ ორი დღის შემდეგ დავიწყეთ გზის დაგება და ერთ თვეში მოვრჩით.“
მაგრამ, აბა, რის სააკაშვილი იქნებოდა, შევარდნაძე ერთხელ მაინც რომ არ ეხსენებინა?! ჰოდა, რაკი ვერ იქნებოდა, იგიც მოიხსენია. კვლავ ციტატას მოვიშველიებ: „ჩემი წინამორბედის ხელისუფლებას ძალიან დიდი საპენსიო ვალი ჰქონდა. თვეების განმავლობაში ქართველი პენსიონერები ვერ იღებდნენ პენსიებს. ხოლო პრეზიდენტ შევარდნაძეს ჰქონდა ყველაზე მსხვილი მობილური კომპანია საქართველოში. პროკურატურამ საგადასახადო დარღვევის გამო დაიჭირა მისი სიძე. მან ციხეში 24 საათი გაატარა, რის შემდეგაც საკმარისი თანხა მოიტანა, რომ გადაგვეხადა პენსიონერებისთვის დაგროვილი ვალები.“
ეს მაგალითები კი იმისთვის მოიხმო, რომ დაერწმუნებინა მისით აღფრთოვანებული უკრაინული სამწყსო: „თუ ამ პრეცედენტს უკრაინელ კორუფციონერებზეც გამოვიყენებთ, მაგრად დავიწყებთ ცხოვრებას“.
ხოლო, რაკი ჩვენ ვიცით, ვინ დაიწყო ცხოვრება მაგრად ამ ჩვენს სამშობლოში, იმასაც ვხვდებით, ვინ დაიწყებს მაგრად ცხოვრებას უკრაინაში (საბედნიეროდ, უკრაინელებმა ჯერ ეს არ იციან), თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც აქტუალურია რიტორიკული კითხვა (შექსპირის სტილში): და მაინც, რა მანძილია ყაჩაღსა და პრეზიდენტს შორის?! –