რატომ დაიწყო საგზაო უსაფრთხოების გამკაცრება 200-ლარიანი ჯარიმებით და რა ჯარიმები გაიზრდება ახალი კანონით
1 მარტიდან, იმ მძღოლების დასასჯელად, რომლებიც პარკირების წესების დარღვევით საავარიო სიტუაციას ან საცობს ქმნიან, საგზაო პოლიციამ აგრესიული კამპანია დაიწყო – ამ დარღვევისთვის 200-ლარიანი ჯარიმით უკვე არაერთი მძღოლი დაჯარიმდა, რასაც მძღოლთა მხრიდან პროტესტი და აჟიოტაჟი მოჰყვა. რატომ დაიწყო საპატრულო პოლიციამ საგზაო უსაფრთხოებაზე ზრუნვა ამ საკმაოდ მაღალი საჯარიმო სანქციის აღსრულებით და როდის შევა ძალაში ახალი საკანონმდებლო პაკეტი საგზაო ჯარიმების შესახებ, „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარეს, ეკა ლალიაშვილს გავესაუბრეთ.
ეკა ლალიაშვილი: ის საჯარიმო სანქციები, რომელთა აღსრულებაც დაიწყო 1 მარტიდან და რასაც მძღოლების პროტესტი მოჰყვა, ახალი არ არის. ეს ჯარიმები ძალაში შევიდა 2014 წლიდან, თუმცა მათი აღსრულება საპატრულო პოლიციამ ახლა დაიწყო. ცვლილებათა ის პაკეტი, კანონპროექტი, რაც მომზადდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ჯერ კიდევ საპარლამენტო განხილვის პროცესშია, შესაბამისად, ძალაში არ არის შესული. სავარაუდოდ, უახლოეს ერთ თვეში ეს ცვლილებები უკვე კანონით იქნება განსაზღვრული. რაც შეეხება იმ საჯარიმო სანქციებს, რომელთა აღსრულებაც დაიწყო პოლიციამ, ეს ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-9 პუნქტს და დაკავშირებულია პარკირებასთან. 1 მარტიდან მოყოლებული, 200-ლარიანი ჯარიმით უკვე არაერთი მძღოლი დაჯარიმდა. არასწორი პარკირების დროს საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი აჯარიმებს მძღოლს 200 ლარით, თუ პარკირების მდგომარეობა აფერხებს მოძრაობას, ქმნის საცობს ან ავარიულ სიტუაციას.
– თუმცა, როგორც ცნობილია, კანონით არ არსებობს საცობის დეფინიცია, რის მიხედვით განისაზღვრება ავარიული სიტუაცია ან საცობი?
– შესაძლოა, არ არსებობს საცობის დეფინიცია, თუმცა კონკრეტული შემთხვევების შეფასება ხდება საპატრულო პოლიციელის მიერ, როდესაც ის წერს 200-ლარიან ჯარიმას, იღებს პასუხისმგებლობას, რომ ჯარიმა ნამდვილად ეკუთვნის კანონდამრღვევ მძღოლს. ამ ჯარიმის ოდენობა იმდენად მაღალია, რომ თითოეული მძღოლის დაჯარიმების ფაქტი იწვევს მათ აგრესიას, რაც უნდა გაითვალისწინოს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, შესაბამისად, ჯარიმის გამოწერა უნდა მოხდეს უფრო ფრთხილად. მძღოლების პროტესტი მოჰყვა იმ ფაქტსაც, რომ საპატრულო პოლიციამ ეს საკმაოდ აგრესიული კამპანია, რომელიც ემსახურება საგზაო უსაფრთხოებას, მძღოლების გაფრთხილებების გარეშე დაიწყო. იგივე პროტესტი შესაძლოა მოჰყვეს მძღოლების დაჯარიმებას „ზებრა” გადასავლელებზე, თუ ისინი არ დაუთმობენ გზას ქვეითს. მოგეხსენებათ, ეს საჯარიმო სანქცია დღეს შეადგენს 20 ლარს.
– 200-ლარიანი ჯარიმა საკმაოდ მაღალია იმ სოციალური გარემოსთვის, რაც დღესაა. რატომ დაიწყო საპატრულო პოლიციამ საგზაო უსაფრთხოების მოგვარება მაინცდამაინც ამ ჯარიმით, როცა არსებობს ბევრად უფრო სახიფათო და უხეში საგზაო დარღვევები, ვიდრე პარკირების წესების დარღვევაა?
– ეს შეკითხვა თუ რატომ გამკაცრდა აღსრულება მხოლოდ და მხოლოდ პარკირებაზე, საკმაოდ აქტუალურია. სწორედ ამიტომ არის გასაფართოებელი მოქმედების არეალი. თავად სამართალდამცველებს ექნებათ სათქმელი, რომ სანქციები, ყველა სამართალდარღვევა გამკაცრდა. გეთანხმებით, რომ ეს საკმაოდ მაღალი ოდენობის ჯარიმაა და არის ბევრი სხვა უფრო მძიმე დარღვევა, რომელთა შემთხვევაში ჯარიმები უფრო ნაკლებია. ვფიქრობ, რომ აღსრულების ეს ფორმა მიზანმიმართულად იყო შერჩეული საპატრულო პოლიციის მიერ, რათა მოწესრიგდეს ქაოსური საგზაო მოძრაობა, რაც ახასიათებს ჩვენს საზოგადოებას. აგრესიული კამპანია ხელს უწყობს, სწრაფად მოხდეს კანონდარღვევების აღმოფხვრა. ათი ადამიანის დაჯარიმებას გაიგებს ათასი და უფრო მეტი ადამიანი, რაც გამოიწვევს იმას, რომ ყველა მძღოლი უფრო ფრთხილად მოეკიდება საგზაო წესების დაცვას და მეტად კანონმორჩილი გახდება. ასეთი სტრატეგია ყოველთვის ამართლებს, პატრულის გააქტიურება და ქუჩებში ქვეითი პატრულის გამოჩენა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. დარწმუნებული ვარ, ასევე გამკაცრდება ჯარიმები სიჩქარის გადაჭარბებაზე, ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე, ქვეითებისთვის დღეს კანონით მოქმედებს ათლარიანი ჯარიმა, თუ ისინი არასწორად გადაკვეთენ ქუჩას. როგორც კი მოხდება ახალი კანონის მიღება, რასაც, ალბათ, ერთი თვე კიდევ დასჭირდება, ეს კვლავ გახდება ახალი აჟიოტაჟის თემა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამის შედეგი იქნება მეტი დაჯარიმებული კანონდამრღვევი და რამდენიმე თვეში მოწესრიგებული საგზაო მოძრაობა. ქცევის შეცვლა ყოველთვის მტკივნეულია, თქვენ გახსოვთ პროტესტი, რაც მოჰყვა ღვედების გამოყენების აუცილებლობას, დღეს კი, საბედნიეროდ, მძღოლების უმრავლესობა სარგებლობს უსაფრთოების ღვედით. ჯარიმების გამკაცრება გამოიწვევს ჩვენს ტრანსფორმაციას უკეთესობისკენ, ასეთი მკაცრი მიდგომა არის წარმატებული ქვეყნების პრაქტიკა, მათ ეს ეტაპი 15-20 წლის წინ გაიარეს და დღეს საუკეთესო მდგომარეობა აქვთ.
– არის საუბრები, რომ საგზაო ჯარიმები ახალი კანონის შემდეგ საგრძნობლად გაიზრდება.
– ეს ასე არაა. მოგეხსენებათ, საგზაო დარღვევის შესაბამისი საჯარიმო სანქცია დამოკიდებულია დარღვევის სიმძიმეზე. თანხობრივად ახალი ჯარიმები უმნიშვნელოდ არის მომატებული – ყველაზე გახშირებულ დარღვევებზე: სიჩქარის გადაჭარბებაზე, მობილურით საუბრისთვის, ღვედის გამოუყენებლობისთის ჯარიმები ნამდვილად არ არის გახუთმაგებული, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია. სულ რამდენიმე სახეობის ჯარიმაა გაზრდილი, მაგალითად, მძღოლებისთვის, თუ ისინი „ზებრაზე” არ დაუთმობენ გზას ქვეითს, ახალი კანონით, 40 ლარზეა საუბარი. ჯარიმა ქვეითებისთვის, რომლებიც გზაზე წესების დარღვევით გადადიოდნენ, იყო 3 ლარი. ეს იმდენად დაბალი ჯარიმა იყო, რომ ძალიან ბევრი ქვეითი არღვევდა მოძრაობის წესებს და ამიტომაც გაიზრდა ეს ჯარიმა ცვლილების განხორციელების შემდეგ.