რატომ სჭირდება ნიკა ლებანიძეს თვეში ერთხელ სარისკო „ნარკოტიკის“ მიღება და სად აჭამეს მას ღამურის ფრთები
ნათქვამია, კაცის ბუნება და ხასიათი ყველაზე კარგად მთაში იგრძნობაო. თუ ერთხელ გადაწყვიტე, მთის წვერიდან გადმოხედო სამყაროს, ჩათვალე, რომ „მოწამლული“ ხარ. მთამსვლელმა ნიკა ლებანიძემ არაერთხელ გაიარა ბეწვის ხიდზე, თუმცა ამან არა შიში, არამედ უფრო მეტი ჟინი და თავდაჯერებულობა შეჰმატა. ცდილობს ისეთ ადგილებზე დადგას ფეხი, საიდანაც სამყარო საკმაოდ პატარა ჩანს, შეგრძნება ამაღლებულია და სუნთქვაც გეკვრის.
ნიკა ლებანიძე: როდესაც ხშირად დადიხარ მთაში, მერე რაღაცეები აღარ გყოფნის, უფრო და უფრო მეტი გინდა. ეს ერთგვარი თავგადასავალია, აზარტი, მეცნიერება. შეუძლებელია იმის ახსნა, რა სიამოვნებას იღებ. თუმცა ეს ისეთი აზარტი და ნარკოტიკია, თუ ერთხელ შეიგრძენი, მერე გაგიჭირდება მასზე უარის თქმა. მე თუ ეს „ნარკოტიკი” თვეში რამდენჯერმე არ მივიღე, ვხვდები, რომ რაღაც მაკლია. სამწუხაროდ, ბევრი მეგობარი მყავს მთაში დაკარგული და მათი ცხედრები ჩემი ხელით ჩამომისვენებია, თუმცა ამის გამო მთამსვლელობაზე არ მითქვამს უარი. მთამსვლელობა ომს ჰგავს, როცა წამში შენი მეგობარი, რომელიც გვერდით გყავდა, შეიძლება, აღარ იყოს ცოცხალი.
– თუმცა, ამ ომში ნებაყოფლობით დადიხარ. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გაგივლია?
– დიახ, ასეა, მე ამ ომში ნებაყოფლობით მივდივარ და საკმაოდ ხშირად. ზოგისთვის ეს სპორტია, ზოგისთვის – გართობა, ჩემთვის კი ალპინიზმი ცხოვრების წესია. არაერთხელ მოვხვედრილვარ საკმაოდ რთულ სიტუაციაში, თუმცა ღმერთის წყალობით ცოცხალი ვარ. თუ ფრთხილი და გაწონასწორებული არ ხარ, ზურგჩანთა არ უნდა მოიკიდო და მთაში არ უნდა წახვიდე. მთაში შეცდომისა და წაქცევის უფლება არ გაქვს, რადგან, საკუთარი სიცოცხლის გარდა, სხვისი სიცოცხლეც გაბარია. საკმაოდ ბევრი მთა მაქვს დალაშქრული და ყველაზე მეტად თეთნულდის მარშრუტი დამამახსოვრდა. ის მარშრუტი გავიარეთ ბიჭებმა, მანამდე არავის რომ არ ქონდა დალაშქრული. წარმოიდგინეთ, რა განცდაა, როცა იცი, რომ იქ ადამიანი ჯერ არ ყოფილა და პირველად შენ დგამ ფეხს. ალასკა, ჰიმალაი, ევერესტი, ტიბეტი, ნეპალი ყველაზე საოცარი სანახაობა აღმოჩნდა ჩემთვის. ტიბეტსა და ნეპალში რომ ჩავედი, მეგონა, ორი საუკუნით უკან აღმოვჩნდი. ისეთი მისტიკაა, რომ აზრზე ვერ მოდიხარ. ნეპალი ყველაზე მომაჯადოებელი და მისტიკური აღმოჩნდა. ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ იწვოდა ადამიანის გვამი ჩემ წინ, გვერდით, მდინარეში კი ბავშვი ბანაობდა, სადაც შემდეგ ამ ფერფლს ყრიდნენ, იქვე კი იმავე მდინარეში, ქალი მშვიდად რეცხავდა სარეცხს. საკვებს კი ისეთი გემო, ისეთი სუნი და შემადგენლობა აქვს, არ უნდა იკითხო, რისგანაა დამზადებული. აფრიკაში ვჭამე ღამურის ფრთებისა და მაიმუნის ხორცისგან დამზადებული კერძები. საკმაოდ გემრიელი იყო.
– ექსპედიციაში ყოფნის დროს, დაღუპული მთამსვლელების გვამები თუ აღმოგიჩენიათ?
– უშბაზე „პოსტ სკრიპტუმიდან“ ვიყავი გადაღებაზე, „რედბულის“ პროექტი იყო, რომელშიც მონაწილეობდნენ ძალიან ცნობილი ბეისჯამპერი ვალერი როზოვი და, ასევე, ცნობილი მთამსვლელები. ჩემთვის მათთან ერთად მთაზე წასვლა დიდი სიამოვნება იყო. უშბაზე ასვლისას ორი ცხედარი ვიპოვეთ, დიდი ხნის გარდაცვლილები იყვნენ. ჩეხი მთამსვლელები აღმოჩნდნენ. მათ გარდა კიდევ სამი მთამსვლელი ყოფილა, ყინულები ჩამონგრეულა და დაღუპულან. ერთი მაშინვე ჩამოასვენეს, ორი დაიკარგა. რამდენიმე წელი ეძებდნენ, ვერ იპოვეს და ჩვენ ვნახეთ. ჩამოვასვენეთ და შემდეგ ახლობლებმა მესტიაში დაასაფლავეს. ტიან-შანზეც‚ ექსპედიციის დროს‚ ორი წლის წინ დაკარგული ორი ცხედარი ვიპოვეთ. მერე ნათესავები გამოჩნდნენ და მეორე დღესვე ვერტმფრენით გადაასვენეს ბიშკეკში. არ დამავიწყდება, ტიან-შანზე აფი გიგანთან ერთად ვიყავი. აფი გამოცდილი და ცნობილი მთამსვლელია მთელ მსოფლიოში. ამინდი ხშირად იცვლებოდა. ბევრი წვალება დაგვჭირდა, რომ ავსულიყავით. ორჯერ მოვბრუნდით გზიდან. მაინც ავედით. დროშა ქარმა წაიღო. ზურგჩანთაში შემთხვევით აღმომაჩნდა ქაღალდი და საწერი პასტა. დავხატე საქართველოს დროშა და 7 010 მეტრის სიმაღლეზე ავაფრიალე. ძნელია იმ შეგრძნების გამოხატვა‚ რაც ამ დროს გეუფლება. ეს არის ისეთი ბედნიერების შეგრძნება, როგორსაც სხვაგან ვერ განიცდი. თან‚ რაც უფრო გიჭირს და უფრო ძნელად ადიხარ, მით უფრო მეტ სიამოვნებას იღებ. მთაზე რომ ახვიდე‚ აკლიმატიზაციის გავლაა საჭირო. პირველივე ასვლაზე ადიხარ 5 800 მეტრზე, გადიხარ აკლიმატიზაციას, ღამით იქ რჩები, მერე ჩამოდიხარ უკან და ისვენებ. სწორედ ამ აკლიმატიზაციის დროს ვნახეთ ცხედარი. ორი წლის წინ გოგო და ბიჭი ადიოდნენ და ორივე გარდაიცვალა. გოგოს ცხედარი იპოვეს, ბიჭის – ვერა. ზვავში მოყვნენ და დაიღუპნენ. ერთხელ კი ევერესტზე ვიყავით, სადაც თავისი ნებით ამოვიდა ტიბეტელი ლამა და იქ ჩაატარა რიტუალი, დალოცა ჩვენი აღჭურვილობა. ეს ძალიან უცხო და საინტერესო სანახავი იყო ჩემთვის. სამწუხაროდ, ევერესტზე, ჩემ გვერდით კარავში, ერთ რუს მთამსვლელს გული გაუსკდა და გარდაიცვალა. ლამა მაშინაც ამოვიდა და რიტუალი შეასრულა მიცვალებულისთვის: ცომი მოზილა, სამკუთხედი ფორმა მისცა, ბრინჯი დაყარა, სანთლები აანთო და ნაჭერზე დაწერილი ლოცვები გამოფინა თოკზე. ეს ნიშნავს, რომ ეს ლოცვები მიაქვს ქარს ბუდასთან და ის ისმენს. მყინვარწვერზე ჟანგბადი ნაკლებია, ცუდად გავხდი, ნაპრალში ჩავვარდი და გადავრჩი. თვალი რომ გავახილე, არანაირი განცდა არ მქონია, არც შიშის და არც პანიკის. ამოვძვერი და გავაგრძელე გზა. თბილისში რომ ჩამოვედი და დავისვენე, მერე დავფიქრდი ყველაფერზე, შემეშინდა. ერთხელ კი, მყინვარწვერიდან თხილამურით ვეშვებოდი და ზვავი წამოვიდა. გამოვასწარი და იმ წუთებში მხოლოდ ადრენალნის მომატებას ვგრძნობდი. მერე კი, რომ გავაანალიზე სიტუაცია, ორი ღამე არ მეძინა.
– გასაგებია, რომ გიზიდავს სირთულეები და რისკი, მაგრამ, წარმომიდგენია, რას განიცდიან ისინი, როცა ამ ყველაფერს ოჯახის წევრებს უყვები, მერე კი კვლავ ექსპედიციაში მიდიხარ. ამაზე გიფიქრია?
– ჩემი ოჯახი და მეუღლე რომ არ ეგუებოდნენ ამ ყველაფერს, ძალიან გამიჭირდებოდა. კიდევ ვიმეორებ: მთამსვლელობა ჩემთვის, ეს უკვე ცხოვრების წესია. ბეწვის ხიდზე ხშირად გავდივარ, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ. თვეში ერთხელ მაინც რომ არ გავიდე მთაში, ფიზიკურად ცუდად ვარ. მეუღლე რომ არ მიწყობდეს ხელს, ასე ვერ ვივლიდი. ჩვენი ჯვრისწერაც მყინვარწვერზე მოხდა და, მიხარია, რომ სხვა წყვილებმაც აიტაცეს ეს იდეა – რამდენიმემ სწორედ ეს ადგილი შეარჩია ჯვრისწერისთვის. სხვათა შორის, ჩვენს ქორწილში დაუპატიჟებელი სტუმარიც გვეწვია – ჯიხვი; სავარაუდოდ, მეუღლის მხრიდან იყო (იცინის). ზოგადად, მთაში ძალიან ბევრი დრო გაქვს ფიქრისთვის და, როდესაც იცი‚ რომ ოჯახში წყნარად და მშვიდად არიან, უფრო მეტი შესაძლებლობა გაქვს, ტექნიკურად რთული და სერიოზული საქმე გააკეთო. სადაც არ უნდა წავიდე, აკლიმატიზაციას ცუდად ვიტან, მაგრამ ამის გამო სიმაღლეებზე სიარულზე უარს ვერ ვიტყვი. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დაბინავებას, მირჩევნია, კარავში დავიძინო და შევიგრძნო მთის სუნი, ძალა და მისტიკა. სადაც მივდივარ, ქვები ჩამომაქვს და სახლში ასობით ქვის გროვა მაქვს. მეგობრები დამცინიან, მთიდან ჩამოტანილი ქვებით მალე სახლში საკუთარი ევერესტი, კილიმანჯარო და მყინვარწვერი გექნებაო (იცინის).