რატომ აარჩიეს ქართველი ბალერინა მაია მახათელი მსოფლიო პრემიერისთვის და ვის დაუკავშირა მან ბედი
ნიდერლანდების ეროვნული ბალეტის პრიმა ბალერინამ მაია მახათელმა, მატა ჰარისადმი მიძღვნილი ბალეტის მსოფლიო პრემიერაზე მთავარი პარტია იცეკვა. მაია 9 წელია, რაც ამსტერდამში ცხოვრობს. მისი, როგორც ბალერინას ცხოვრება კი მრავალ ეტაპს მოიცავს. ის ბალეტის მოღვაწეთა ოჯახში დაიბადა და შესაბამისად, ბავშვობიდან იცოდა, რა პროფესიას უნდა დაუფლებოდა. კარიერაში სერიოზული სვლები საკმაოდ პატარამ, 16 წლისამ დაიწყო. საკუთარი ბედი კი, ასევე, ბალეტის მოცეკვავეს, არტურ შესტერიკოვს დაუკავშირა. წყვილი ოფიციალურად ერთი წელია, რაც დაქორწინდა. რა ხდება მსოფლიო დონის ბალერინას ცხოვრებაში და როგორ ჩაიარა პრემიერამ, ამას სტატიიდან შეიტყობთ.
– მატა ჰარისამდი მიძღვნილ მსოფლიო პრემიერაზე მთავარი პარტია იცეკვეთ. როგორ აღმოჩნდით ამ სპექტაკლში?
– ჩვენი თეატრის დირექტორის გადაწყვეტილება იყო, რომ „მატა ჰარიში” მთავარი პარტია მეცეკვა. მას ეს დიდი ხნის წინ ჰქონდა ჩაფიქრებული, თუმცა ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. ჩემთვის ეს როლი ძალიან მნიშვნელოვანია. რთული იყო მუშაობის პროცესი – ცხრა თვე გრძელდებოდა. იმავდროულად, სხვა ბალეტის რეპეტიციებიც მქონდა და ძალიან დატვირთული ვიყავი. საერთო ჯამში, ძალიან კმაყოფილი ვარ. შრომამ ნამდვილად გამოიღო შედეგი.
– უცხოეთში კარიერა როგორ ააწყვეთ?
– 10 წლის ვიყავი, პირველად რომ ჩავფრინდი ჰოლანდიაში. ჩემი ძმა, დავით მახათელი, იქ მოღვაწეობდა თეატრში და მის სპექტაკლებს უნდა დავსწრებოდით. ამსტერდამით და მისი თეატრით ძალიან მოვიხიბლე. მაშინ ვთქვი, რომ გავიზრდები, აუცილებლად აქ ვიცხოვრებ-მეთქი. ეს იყო ბავშვური სიზმარი და ცხადში თუ ამიხდებოდა, ვერ წარმოვიდგენდი. შემდეგ, ოჯახთან ერთად ამერიკაში გადავედით საცხოვრებლად. იქ ვისწავლე საბალეტო სკოლაში, რომლის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა კომპანიამ შემომთავაზა კონტრაქტი და მეც დავთანხმდი. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, 16 წლის. ოთხწელიწადნახევარი იქ ვიცეკვე და გავხდი წამყვანი ბალერინა. მიუხედავად ამ წარმატებისა, მაინც ვფიქრობდი, რომ სხვაგან უნდა გადავსულიყავი. მინდოდა, ჩემი საზღვრები გამეფართოებინა. სოლისტის შემოთავაზება მივიღე ინგლისიდან, კერძოდ, ბირმინგემიდან. ეს მხარე საერთოდ უცხო იყო ჩემთვის, ნანახიც არ მქონდა. თუმცა, გავრისკე და წავედი. ზოგადად, ძალიან ღია ვარ შემოთავაზებისადმი. სადაც შემიძლია ცეკვა, ყველგან მივდივარ. იქ დაიწყო სულ სხვა ცხოვრება. ქართველები ყოველთვის მშობლებთან ახლოს, მათი ყურადღების ქვეშ ვცხოვრობთ. ბირმინგემში კი სრულიად მარტო აღმოვჩნდი, ყველასგან შორს. სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან გამიჭირდა. ახალი ხალხი, ახალი თეატრი. ყველა პასუხისმგებლობის აღება ნამდვილად არ იყო ჩემთვის მარტივი. შესაბამისად, არ ვიყავი იქ ცხოვრებით კმაყოფილი. შეიძლება ითქვას, ჩემი სახლი ვერ ვიპოვე. ამიტომ გადავწყვიტე, ჰოლანდიაში წავსულიყავი. როცა ამსტერდამის თეატრში სივი და ვიდეოჩანაწერი გავაგზავნე, ერთ კვირაში სეზონი მთავრდებოდა. მაგრამ, ვიფიქრე, ვცდი, თუ ამიყვანენ ხომ კარგი, თუ არა და ხომ მაინც ვცდი-მეთქი. თეატრის დირექტორისგან მივიღე პასუხი – მიმიწვიეს, რის შემდეგაც შემომთავაზეს კონტრაქტი. ახლა რომ ვუფიქრდები, მახსენდება ჩემი ბავშვური სიზმარი – როცა ვთქვი, აქ ვიცხოვრებ და აქ ვიცეკვებ-მეთქი. შეიძლება, ეს დამთხვევაა, რადგან მას შემდეგ, არც მიფიქრია ამსტერდამში დაბრუნებაზე. მაშინ, უბრალოდ, ვეძებდი ადგილს, სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნობდი და ვიპოვე ეს ადგილი. ეს არის ამსტერდამი, სადაც უკვე 9 წელია, ვცხოვრობ.
– ბალეტის მოღვაწეთა ოჯახში გაიზარდეთ. რთული და ისეთი პროფესია აირჩიეთ, ხანმოკლე „ცხოვრება” რომ აქვს. კარიერის დასრულებისას რას აპირებთ?
– დიახ, ჩემს ოჯახში ყველა: მამა, დედა, ბაბუა, ბებია, ძმა, მთელი დინასტია ბალეტის სამყაროში იყო ჩართული. ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ ბალერინა ვიქნებოდი. ისიც თავიდანვე მქონდა გააზრებული, რომ ეს ძალიან რთული იყო, თუმცა მიყვარდა ეს სირთულეც. საერთოდ, ჯიუტი ვარ და ჩემი ჩანაფიქრის ასრულება მიყვარს (იცინის). ასე მოხდა კარიერაშიც, რაც მინდოდა, გამომივიდა. იყო ბალერინა, ძალიან რთულია. ეს, არამხოლოდ პროფესია, არამედ ცხოვრების სტილია. იმის გამო, რომ ბალერინის კარიერა ხანმოკლეა, ახალგაზრდობაში უნდა მოასწრო ყველაფერი. 30 წლამდე თუ არ ჩამოყალიბდი როგორც მოცეკვავე, შემდეგ რთულია კარიერის აწყობა. გამუდმებით ვფიქრობ, რას ვიზამ ბალეტის შემდეგ. სამუდამოდ სცენაზე ხომ ვერ დავრჩები. ყოველთვის მიტრიალებს თავში, რა შეიძლება, გავაკეთო შემდეგ. ბავშვობიდან მოყოლებული, მთელი ცხოვრება კარიერას დავუთმე. აუცილებლად მოვა ის ეტაპი, როცა ამ ყოველივეს წარსულში დატოვება მომიწევს. უკვე 14 წელია, სცენაზე ვარ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ახალგაზრდა ვარ. პატარამ დავიწყე კარიერა და ამ თოთხმეტმა წელმა ისე უცებ გაიარა, ვერ გავიგე. ასე მგონია, გუშინ დავიწყე ცეკვა. სამომავლოდ რაღაც გეგმები და იდეები მაქვს, მაგრამ ვიდრე მათ განხორციელებას არ დავიწყებ, წინასწარ არ მინდა საუბარი (იცინის).
– ერთხელ ახსენეთ, რომ შინაგან მატა ჰარს ეძებდით. იპოვეთ?
– მგონი, ვიპოვე, მაგრამ ვერ გაგიმხელთ, საიდუმლოა (იცინის). როცა რაღაც როლს ვასრულებ ყოველთვის ვეძებ შინაგან როლს. ვცდილობ, ემოცია, რომელიც წარსულიდან მჭირდება, ძველი შეგრძნებებიდან ვიპოვო. რთული იყო მატა ჰარის მოძებნა ჩემში, მაგრამ, რამაც წარსულში ძალიან მატკინა გული, ის დავუკავშირე როლს.
– უცნაური შემთხვევა თუ გქონიათ სცენაზე?
– როგორ არა, ბევრჯერ. მაგალითად, რაღაც დამვიწყებია სცენაზე. ჩემი ყველაზე დიდი შიში სცენაზე გასვლის წინ არის, რომ რაიმე არ დამავიწყდეს. ერთი პარტნიორი მყავს, რომელსაც სულ ავიწყდება რაღაც – ერთი მომენტიდან უცებ გადახტება მეორეზე. ამ დროს მე შოკი მემართება – როგორ დაგავიწყდა, ლამის ხელი გამიშვი (იცინის). ერთხელ ჰოლანდიაში გამომიძერწეს ბალერინა გედის ფორმით და წერილთან ერთად გადმომცეს. მასში ეწერა, რომ ჩემი „გედების ტბის” შემდეგ მუზა ეწვია ავტორს. არ დამავიწყდება არგენტინის თეატრი, სადაც სცენა დახრილია. ეს სპექტაკლი იყო ჩემთვის ძალიან რთული. ერთხელ წინა დღით დადგმული ცეკვა გავიტანეთ. მაშინ იაპონიაში ვიყავით მე და ჩემი მეუღლე და ერთად უნდა გვეცეკვა. ისე მოხდა, რომ ერთი წყვილი ვერ ჩამოვიდა და მათი რეპერტუარი უნდა შეგვესრულებინა. სპექტაკლის წინა დღეს, მოდის ჩვენთან ქალბატონი და გვეუბნება, უნდა იცეკვოთ. ეს ჩვენ არ გვიცეკვია და არ ვიცით-მეთქი. რა მოხდა მერე, უცებ ისწავლითო. რა უნდა გვექნა, ერთ დღეში დადგმული და ნასწავლი ცეკვა გავიტანეთ სცენაზე. ჩემი ცხოვრება მთლიანად დაკავშირებულია ბალეტთან (იცინის). ჩემი მეუღლე არის არტურ შესტერიკოვი, წარმოშობით რუსი. თუმცა, ვცხოვრობთ ჰოლანდიაში. მისი მშობლებიც, ისევე როგორც ჩემი, მოცეკვავეები იყვნენ. ჩვენი ისტორია დაკავშირებულია ბალეტ „კონკიასთან”. ისე, დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს, კოლეგები ვიყავით. ხშირად ერთად ვცეკვავდით, ერთად მოვედით თეატრშიც, მაგრამ ჩვენ შორის სერიოზული არაფერი ყოფილა. შემდეგ დაიბადა გრძნობა და ახლა ერთად ვართ – ერთად ვცხოვრობთ, ერთად ვმოგზაურობთ.
– საქართველოში თუ იყო? მოეწონა აქაურობა?
– კი, რამდენჯერმე ვიყავით, მაგრამ 2-3 დღით. რაც ნახა – თბილისი ძალიან მოეწონა. ერთხელ, თბილისში რომ მოვფრინავდით, უცნაური რამ შეგვემთხვა. მოწვეულები ვიყავით, ფილარმონიაში უნდა გვეცეკვა ორივეს. თურქეთის ავიახაზებით წამოვედით, მაგრამ ამინდის გაუარესების გამო, თურქეთში ვერ ჩავფრინდით დროულად და საქართველოს რეისმა გაგვასწრო. არადა, მეორე დღით იყო გალა კონცერტი და შემდეგი რეისიც მეორე დღეს მოფრინავდა. მოკლედ, დავრბოდით აეროპორტში გადარეულები, რა გაგვეკეთებინა არ ვიცოდით. ის ღამე თურქეთში გავათენეთ, ძალიან ბევრი ვინერვიულეთ და საბოლოოდ, ჩამოვფრინდით კონცერტამდე ზუსტად ერთი საათით ადრე. როგორ მოვასწარით, არ ვიცი. ერთადერთი, რაც მახსოვს ფეხზე გახდისას ვთქვი, ამ გაციებულ ფეხებზე თუ პუანტები არ ჩამეტევა, როგორ ვიცეკვებ-მეთქი (იცინის). თუმცა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ისე კარგად ვიცნობთ სცენაზე ერთმანეთს, მღელვარება სცენის მიღმა დარჩა.
– მეუღლესთან ერთად ცეკვა, ალბათ, ორმაგად საპასუხისმგებლოა.
– კი, ნამდვილად. მაგრამ, სრულიად დარწმუნებული ვარ მასში და არანაირი მღელვარება არ მაქვს. ჩემთვის უფრო ცუდია, როცა ის ცალკე ცეკვავს და მე ვუყურებ. ამ დროს არ შემიძლია ყურება, ძალიან ვღელავ.
– რადგან წყვილში ცეკვავთ, სახლშიც თუ რეპეტიციობთ ხოლმე?
– ახლა ნამდვილად ბალეტომანი გამოვალ, მაგრამ – კი (იცინის). როცა გვჭირდება, აუცილებლად ვვარჯიშობთ. გააჩნია რეპერტუარს, დატვრთვას და იმისაც, რისთვის ვემზადებით.