გახდომა ბედნიერების შეგრძნებით
წყალში ბატუტზე ხტომა (Aqua Jamp) ახალი, მაგრამ უკვე ძალიან პოპულარული მიმდინარეობაა ფიტნესში. თუ გსურთ, რომ გახდეთ, გაივარჯიშოთ კუნთები და, ამასთან ერთად, აიმაღლოთ განწყობა – ეს სწორედ ის არის, რაც თქვენ გჭირდებათ.
როგორც ექსპერტები ამბობენ, ბატუტზე ხტომა ხელს უწყობს „ბედნიერების ჰორმონის“ – ენდორფინების გამომუშავებას. ალბათ, სწორედ ამიტომაა, რომ ვარჯიში Aqua Jamp ასე ძლიერად მუხტავს ორგანიზმს დადებითი ემოციებით და ავსებს ენერგიით. ვარჯიშის პროცესში გამორიცხულია ერთფეროვნებით გამოწვეული მობეზრება და რუტინა. გარდა ამისა, ეს შესანიშნავი საშუალებაა წონაში დასაკლებად და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.
თუმცა, ისევე, როგორც ყველა ვარჯიშისა და დიეტის დროს, აქაც საჭიროა სიფრთხილე, უფრო ზუსტად კი, უნდა ვიცოდეთ, რა ასაკშია Aqua Jamp ნებადართული და რა პირობებში შეიძლება მისი შესრულება. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ფიტნესის ამ სახეობით დაკავება შეიძლება ყველასთვის, ვისაც უკვე შეუსრულდა 15 წელი (ასაკის ზედა ზღვარი ინსტრუქციაში მითითებული არ არის). ფიზიკური მომზადების დონეს მნიშვნელობა არ აქვს და არც ის არის აუცილებელი, დელფინივით ცურავდეს, თუმცა გარკვეული აკრძალვები მაინც არსებობს, კერძოდ, Aqua Jamp რეკომენდებული არ არის ორსულებისთვის, ასევე, ბრონქული ასთმითა და გულ-სისხლძარღვთა სისტემით დაავადებულთათვის.
ბატუტზე ხტომა თავისთავად ახდენს კარგ დატვირთვას კუნთებზე, წყლის წინააღმდეგობა კი აძლიერებს ვარჯიშის შედეგს. ამას გარდა, მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, იზრდება ამტანობა; ფაქტობრივად, Aqua Jamp აერთიანებს ძალისმიერ და კარდიოფუნქციურ დატვირთვებს. ამასთან, წყალში ვარჯიში სწრაფად ამაღლებს კანის გამკვრივების უნარს და ხელს უშლის ცელულიტის გაჩენას; და, რაც მთავარია, წყალი ამცირებს დატვირთვას კუნთებსა და სახსრებზე და ამის გამო ტრავმის რისკი მინიმუმამდე დადის
აუცილებლად გაითვალისწინეთ: ვარჯიში დამწყებთათვის გრძელდება მხოლოდ 45 წუთი, ხოლო მათ, ვისთვისაც Aqua Jamp „უცხო ხილი“ არ არის, შეუძლიათ, ეს სიამოვნება 1 საათამდე გაიხანგრძლივონ.
იმისათვის, რომ ორგანიზმი უმტკივნეულოდ შეაჩვიოთ დატვირთვებს და სასურველი შედეგიც მიიღოთ, კვირაში 2-3-ჯერ ვარჯიშია რეკომენდებული. გარდა ამისა, იმ დღეს, როცა ვარჯიშს აპირებთ, იკვებეთ მსუბუქად, უშუალოდ ვარჯიშამდე კი 2 საათით ადრე მიირთვით ხილი ან ბოსტნეული.
თუ გსურთ, რომ ვარჯიში ერთდროულად სასიამოვნოც იყოს და სასარგებლოც, ყველა წესის დაცვაა სავალდებულო. მაგალითად, არ დაგავიწყდეთ, რომ Aqua Jamp-ის პროგრამით ვარჯიში უნდა ჩაატაროთ გამძლე, ელასტიკურ ბატუტებზე, რომლებსაც აუზის ფსკერზე ამაგრებენ. ვარჯიში იწყება მოკლე ინსტრუქტაჟით. მწვრთნელი აგიხსნით, როგორ უნდა დაიჭიროთ კორპუსი (სხეული), სად უნდა დადგათ ფეხები და როგორ უნდა იხტუნოთ, რომ ტრავმა არ მიიღოთ. შემდეგ ნელ-ნელა დაეუფლებით თავს და შეისწავლით სხვადასხვა სახის ნახტომების შესრულებას, რაც გაგივითარებთ მოძრაობის წონასწორობისა და კოორდინაციის დაცვას. ამ ყველაფრის ბონუსი კი არის აქტიური გახდომის პროცესი, თუ, რა თქმა უნდა, ვარჯიშის იმედად ზედმეტად არ „შეუთამამდებით“ საკვებს.
ცნობისთვის: ბატუტზე 10 წუთი ვარჯიში, ენერგიის დახარჯვის თვალსაზრისით, ერთსაათიანი ძუნძულის ეკვივალენტურია.
გაითვალისწინეთ ზემოთ ნათქვამი და ნუ დააყოვნებთ, შეუდექით Aqua Jamp-ს.