კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცოლები და საყვარლები

ლევანს ეგონა, რომ არ აღელდებოდა ნანას შვილთან შეხვედრისას – ვიღაც ლაწირაკმა რა უნდა მითხრას. შეიძლება, დიდად არ სიამოვნებს, დედამისი ცოლად რომ შევირთე, მაგრამ, ეს ხომ ამერიკაა... მისი აზროვნება განსხვავებული იქნება სტანდარტული ქართველი ბიჭის აზროვნებისგანო... ერთი სიტყვით, საკუთარ თავს არ უტყდებოდა, თორემ, მისი ფიქრები დამშვიდების მცდელობა უფრო იყო...
 დენი აეროპორტში დახვდათ. ლევანი მისი დანახვისთანავე მიხვდა, რომ მოტყუვდა – მის წინ ნამდვილად არ იდგა „ვიღაც ლაწირაკი“. დენის ჭკვიანმა, მოწიფული მამაკაცის დაჟინებულმა მზერამ უხერხულობის განცდა მოჰგვარა. თავს დატუქსული ბავშვივით გრძნობდა და ხვდებოდა, რომ ის რამდენიმე დღე, რომელსაც ცოლის შვილის გვერდით გაატარებდა, ჯოჯოხეთი იქნებოდა მისთვის.
ნანა ვაჟიშვილს მოეხვია და ჩაეხუტა:
– ძალიან მომენატრე, უფრო ხშირად უნდა გნახო...
დენიმ გაიღიმა და დედა დაკვირვებით შეათვალიერა:
– კარგად გამოიყურები, შესანიშნავად. მიხარია...
– რატომ არ მეუბნები, რომ შენც მოგენატრე? – ყასიდად გაიბუტა ნანა და ტუჩები კეკლუცად გაბუსხა.
დენის გაეცინა:
– შენ არ იცვლები... ისევ ისეთი ხარ.
– როგორი ისეთი?
– იცი, რასაც ვგულისხმობ – დედა ხარ, მაგრამ მაინც არ ხარ დედა... თუმცა ამაზე ლაპარაკი, ალბათ, არ ღირს. მიხარია, რომ ჩამოხვედი... დიახ, ჩამოხვედი... ახლა სასტუმროში წაგიყვანთ, ორ საათში კი მოგაკითხავთ და სადმე ვივახშმოთ.
– ორი საათი მეყოფა დასვენებისთვის, – ნანამ შვილს მკლავზე მოჰკიდა ხელი და მხარზე მიეხუტა, – ჩემი დიდი და ჭკვიანი ბიჭი... სპეციალურად არ მოვუყევი ლევანს შენი წარმატებების შესახებ... მინდა, თავად მიხვდეს, როგორი არაჩვეულებრივი, საოცარი და განსაკუთრებული მყავხარ.
– ნანა, – წარბი შეიკრა დენიმ, – არ არის საჭირო. აბსოლუტურად ჩვეულებრივი ვარ.
– არა. ჩვეულებრივი ვერ იქნები, იმიტომ, რომ ჩემი შვილი ხარ...
– ნანა... საიდან ამხელა ამბიცია? – თავი გადააქნია დენიმ და დედას მანქანის კარი გაუღო, თან ფარულად უყურებდა ლევანს, თითქოს ამოწმებდა. მოგვიანებით, როცა სასტუმროს ნომერში შევიდნენ და ნანამ სავარძელში ნებივრად მოიკალათა, ფეხები მაგიდაზე შემოაწყო და ლევანს უთხრა:
– ახლა დავრეკავ და ყავას შევუკვეთავ. შენ გინდა რამე?
ლევანმა კედელთან მდგარ მაგიდაზე მიუთითა:
– აქ ყველაფერია... თუ გინდა, მე თავად მოგიდუღებ ყავას.
– არა, შევუკვეთავ. ნაღებით მინდა და ხილით. მოგეწონა ჩემი ბიჭი?
ლევანმა თავი დაუქნია:
– კი. ძალიან სერიოზული ჩანს. თუმცა, მგონი, მას არ მოვეწონე.
– საიდან მოიტანე? – გადაიკისკისა ნანამ.
– ძალიან უცნაურად მაკვირდებოდა.
– მაგან ასე იცის – სანამ არ შეგისწავლის, არ მოგეშვება, მაგრამ, გულიანი ბიჭია. მოემზადე, უამრავ შეკითხვას დაგისვამს.
– მასთან რატომ არ მივედით, მაინც ვერ ვხვდები. არ გაინტერესებს, სად ცხოვრობს და როგორ?
– იცი, რაშია საქმე? მე ასეთი დამოკიდებულება მაქვს – თავისუფლებას ვანიჭებ. მივალ მასთან, თუკი მიგვიპატიჟებს და საჭიროდ ჩათვლის.
– ძალიან უცნაური ურთიერთობაა, – მხრები აიჩეჩა ლევანმა.
– რატომ არის უცნაური? იქნებ მარტო არ ცხოვრობს?! დიდი ბიჭია უკვე.
– ანუ, ქალს გულისხმობ?
– ჰა, ჰა, ჰა! იქნებ კაცსაც – ეს ხომ თავისუფალი ქვეყანაა.
– ნანა, ამას შენ სერიოზულად ამბობ? იცი, რომ შეიძლება შენს შვილს კაცი პარტნიორი ჰყავდეს და მშვიდად ხარ? მე გავგიჟდებოდი...
– ლევან, რანაირად მსჯელობ?! ჯერ ერთი, მე მგონი, ჩემს შვილს ქალები მოსწონს და, ასეც რომ არ იყოს, ჩემი გაგიჟებით რა შეიცვლება?! იცი, რა უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის? საკუთარი ადგილი იპოვოს ცხოვრებაში, შედგეს, როგორც პიროვნება და, ვიცოდე, რომ ბედნიერია. ამ მხრივ, მგონი, ყველაფერი წესრიგშია.
ლევანმა უცნაურად შეხედა და შეყოყმანდა.
– რაღაცის თქმა მინდა და, არ ვიცი, როგორი რეაქცია გექნება.
 – მკითხე, დღეს კარგ გუნებაზე ვარ, არ გავბრაზდები.
 – დენის მამა სტივენია?
ქალს გაეცინა:
– რატომ გაინტერესებს? ოღონდ, არ მითხრა, რომ რადგან ჩემი ქმარი ხარ, აუცილებლად უნდა იცოდე, ვინ არის ჩემი შვილის ბიოლოგიური მამა.
– არა, უბრალოდ, მაინტერესებს.
– ისე, შემიძლია, არც გიპასუხო, – მრავალმნიშვნელოვნად ჩაიცინა ნანამ და ქმარს გამომცდელი მზერა მიაპყრო.
– როგორც გინდა. ისე დავინტერესდი.
– დენის ბიოლოგიური მამა გერმანელია, მაგრამ, ფაქტობრივად, სტივენი იყო მისი მამა. გვარიც მისი აქვს და ძალიან უყვარს.
– ჰო?! მაშინ გასაგებია...
– რა არის გასაგები?
– ის, რომ არ მოვეწონე.
– სისულელეა. დენის სტივენი უყვარს, მაგრამ ჩემზე ძალიან არა.
– ეს რას ნიშნავს?
– იმას, რომ დენის უნდა, რომ ბედნიერი ვიყო. ასე რომ, შენზეა დამოკიდებული: თუ დენი დაინახავს, რომ მაბედნიერებ, აუცილებლად მიგიღებს.
– ხომ იცი, რომ მარტო შენი ბედნიერება მინდა?
ნანამ გაიღიმა:
– რა თქმა უნდა, ვიცი... კარი გააღე, ჩემი ყავა და ხილი მოიტანეს.
ლევანი კარის გასაღებად გაემართა. ოთახში მომსახურე ბიჭი შემოვიდა და ოფიციანტის მაგიდა შემოაგორა... როცა ბიჭი გავიდა, ლევანი ცოლთან მივიდა, ხელები დაუჭირა და თვალებში ჩახედა.
– რა გინდა? – ჰკითხა ქალმა.
– შენ...
– ოჰო?! კარგი, ყავას დავლევ და აქაური საწოლიც მოვსინჯოთ.
– ეგ არ მიგულისხმია... თუმცა, უარს არ ვიტყვი...
– აბა, რა გინდა?
– მინდა, შენი ნდობა დავიმსახურო, იმიტომ, რომ შენ გარდა არავინ მყავს, მართლა არავინ...
ნანამ კმაყოფილმა ჩაიცინა და ქმარს ტუჩებში აკოცა.
           * * *
ზურამ კომპიუტერის მონიტორს მზერა მოაშორა და კახას გახედა:
– ხვალისთვის დიდი დარბაზი მზად უნდა იყოს, ქორწილი შეგვიკვეთეს.
– უკვე ვიცი და განკარგულებები გავეცი. ორი საათისთვის მოვალ და მივხედავ.
– უფრო ადრე რატომ ვერ მოხვალ? – გააპროტესტა ზურამ, – მე რაიონში მივდივარ – პროდუქტების ჩამოსატანად და აქ ხომ უნდა მიხედოს ვინმემ?
– მოვალ-მეთქი, ხომ გითხარი. დილით თეოს უნდა გავყვე ექიმთან და, სახლში მივიყვან თუ არა, ეგრევე წამოვალ.
ზურამ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და კახამ იფეთქა:
– რა ხდება, რითი ხარ უკმაყოფილო? რადგან ვთქვი, ესე იგი, ყველაფერი წესრიგში იქნება. როდის მიღალატია საქმისთვის?.
– საქმისთვის გიღალატია თუ არა, ეს მე არ ვიცი, მაგრამ, კაცურ პონტში რომ მართალი არ ხარ, ალბათ, ხვდები.
– ზურა, იქ ნუ ჩაყოფ ცხვირს, რაც შენი საქმე არ არის! – წამოენთო კახა და ასადგომად წამოიწია.
– დაჯექი და ნუ გიჟდები! – ზურამ სიგარეტს მოუკიდა, – ჰო, ჩემი საქმე არ არის შენი პირადი ცხოვრება, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, შენც არ უნდა გრძნობდე თავს კარგად.
– როგორმე თავად გავერკვევი საკუთარ გრძნობებში.
– რა თქმა უნდა, თავად გაერკვევი, მაგრამ შენს ადგილას მე ლევანს ყველაფერს ვეტყოდი. მეგობრობა მარტო ღვინის ერთად დალევა არ არის და შენ ეს უნდა იცოდე.
– ჭკუას მასწავლი?
ზურამ გაიცინა:
– ღმერთმა დამიფაროს! მე, უბრალოდ, გითხარი, რას გავაკეთებდი შენს ადგილას.
– ანუ, კეთილი რჩევა ყოფილა. დიდი მადლობა, კიდევ გინდა რამე?
– ასეთი აგრესიული ტონი ნუ გაქვს, მე შენი მტერი არ ვარ.
– მაგისთვისაც მადლობა.
– მინდა კონფლიქტი და დაპირისპირება აგაცილო თავიდან.
– ვისთან დაპირისპირება.
– ლევანთან. თუ, ვერ ხვდები, რა ჩაიდინე?
– ვერა, ვერ ვხვდები! – გამოაჯავრა კახამ, – ლევანი წავიდა და მიატოვა თეო; უფრო მეტიც, მან იქ ცოლი მოიყვანა.
– რა?! ლევანმა ცოლი მოიყვანა?!
– დიახ, არ იცოდი? თუმცა, საიდან უნდა იცოდე, მე ხომ შენთვის არაფერი მითქვამს. ჰო, ასეა, ლევანმა ნანა მოიყვანა ცოლად, ბედნიერია და საერთოდ არ აინტერესებს, ვისთან იქნება თეო.
– შეიძლება, არც აინტერესებს, მაგრამ შენ ეს არ გამართლებს.
– ზურა, მოთმინებიდან არ გამომიყვანო! – კახამ ვეღარ მოითმინა და წამოხტა.
– რატომ არ გესმის, რომ შენკენ ვარ? თუ შენ არ შეგიძლია,  მე დავურეკავ და ვეტყვი.
– არა.
– რატომ? ხომ ხვდები, რომ ეს ამბავი დამალული დიდხანს არ დარჩება?
– მერე, ვინ გითხრა, რომ დამალვას ვაპირებ? თუ ძალიან ბევრს გაატრაკებთ, ქორწილსაც გადავიხდით.
– ბიჭო, შენ ხომ არ გაგიჟდი! რას ნიშნავს გავატრაკებთ? სულ გააფრინე? თეო ქალია, ჭკუა არ მოეკითხებოდა, მაგრამ, შენ რას ფიქრობდი.
– რას ვფიქრობდი?! – ხმას აუწია კახამ, – შემიყვარდა. მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ.
– რატომ ვერ გავიგებ, იმიტომ, რომ ძმაკაცის ცოლი არ შემყვარებია? – უკან არ დაიხია ზურამ და მიიღო კიდეც მუშტი პირდაპირ სახეში. ზურა არ ელოდა თავდასხმას, ამიტომ დარტყმა მოულოდნელი აღმოჩნდა და სკამიდან გადავარდა, გახეთქილი ტუჩიდან კი სისხლმა გამოჟონა.
– მგონი მართლა გაგიჟდი! – აღმოხდა ზურას და სისხლი ხელის ზურგით მოიწმინდა, – ხელჩართულ ჩხუბზე გადახვედი? მეც სულელი ვარ, რა ძალა მადგას!
– ჰო, სწორედაც, რა ძალა გადგას! მეორედ ჭკუას ისწავლი და სხვის საქმეში აღარ ჩაერევი.
– ლევანი ამას გაიგებს და ცემა შენც არ აგცდება.
– ჰოდა, დაელოდე მაგ დღეს და ერთად მცემეთ შენ და ლევანმა, – ნიშნის მოგებით მიახალა კახამ. მერე სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა, ჯერ ისევ იატაკზე მჯდარ ზურას გვერდით მიუჯდა და გაუწოდა.
– ცუდად გამომივიდა. მაპატიე. თავი ვეღარ შევიკავე...
– ჰო, მესმის, კიდევ ხშირად ვერ შეიკავებ თავს. სწორედ ამას გიხსნი ამდენი ხანია და ვერ გაგაგებინე.
– ლევანს ვერ დავურეკავ, არ შემიძლია, – ამოიოხრა კახამ.
ზურამ ჩაიცინა:
– მაგას მეც ვხვდები.  მერე, რას ფიქრობ, ამას დიდხანს გაუძლებ?
– უნდა გავუძლო. ჩემი და თეოს ბედნიერებისთვის უნდა გავუძლო.
– გაგიჭირდება.
კახამ მხრები აიჩეჩა:
– არა უშავს. სამაგიეროდ, მიყვარს და ეს მიშველის. .
– კარგი. მაგრამ, იცოდე, მე შემიძლია ლევანს დავურეკო. ასე უფრო სამართლიანი იქნება, მით უმეტეს, თუ ცოლიც მოიყვანა.
– თეომ არ იცის, რომ ლევანმა ცოლი მოიყვანა.
ზურამ წუსტვინა,  ნატკენი ტუჩი თითით მოისინჯა და გაიცინა:
– მაგრად კი მომხვდა. თეომაც თუ არ იცოდა, ამას ვერ ვიფიქრებდი, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს.
– მართალი ხარ, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. მით უმეტეს, რომ თეო ფეხმძიმედაა და, არ მინდა, ინერვიულოს. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რომლის გამოც ლევანს ვერ დავურეკავ. თეო ისედაც ძალიან ღელავს.  
ზურამ შეშფოთებით და კითხვის გამომხატველი მზერით შეხედა კახას:
– ბიჭო, თეოს ბავშვის მამა...
– არა, არა, ბავშვი ჩემია, – სწრაფად, თითქმის დაუფიქრებლად მიუგო კახამ და სახე მოარიდა.
– ხვალ არ დააგვიანო.
– ჰო, არ დავაგვიანებ და კიდევ ერთხელ გთხოვ, მაპატიო წეღანდელის გამო.
– გპატიობ, სხვა არჩევანი არც მაქვს. მართლა თავ-პირს ხომ არ დავამტვრევთ ერთმანეთს. 
          * * *
ლევანი დაძაბული იჯდა და ლუკმა გაჭირვებით გადასდიოდა ყელში. ინტუიცია ჰკარნახობდა, რომ გერს არ მოეწონა. მთელი საღამოს განმავლობაში ირონიით აკვირდებოდა და დროდადრო, ნანას რაღაცას ხმადაბლა გადაულაპარაკებდა ხოლმე. მასთან საუბრის დაწყება კი არც უცდია. ლევანი თავისი მწირი ინგლისურით მიხვდა, რომ დედა-შვილი საქმეზე ლაპარაკობდა. რამდენჯერმე სტივენის სახელმაც გაიჟღერა და ლევანი უარესად დაიბოღმა. ბოლოს მოთმინების ფიალა აევსო და გადაწყვიტა, დენის თავად გამოლაპარაკებოდა:
– დედაშენი ძალიან ამაყობს შენით.
– ინგლისური გისწავლიათ, ეს უკვე კარგია, – საუბრის თემა მაშინვე შეცვალა დენიმ, – რის გაკეთებას აპირებთ ამერიკაში?
ლევანი დააბნია შეკითხვამ და ნანას გახედა. ქალი დუმდა და მხოლოდ ოდნავ იღიმოდა.
– ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ. ვაკვირდები, ქვეყანას ვსწავლობ. უსაქმოდ არ გავჩერდები.
– თქვენს ქვეყანაში რას აკეთებდით?
– რესტორანში ვმუშაობდი მენეჯერად.
– ჰო?! ესე იგი, ფინანსები უნდა იცოდეთ. ხომ არ აპირებთ, დედაჩემის ბიზნესში ჩაერთოთ? ნანასთან ამის  შესახებ ჯერ არ გისაუბრიათ?
ლევანი ლამის გააცოფა იმან, რომ ნანა საერთოდ არ ერეოდა დენისა და მის საუბარში. ისეთი გამომეტყველებით იჯდა, თითქოს ეს ყველაფერი მას საერთოდ არ ეხებოდა. ლევანმა შუბლზე მოისვა ხელი:
– ეს ნანამ უნდა მოინდომოს.
– რა, ბიზნესში თქვენი ჩართვა? თუ ამას ელოდებით, მაშინ, იმედი უნდა გაგიცრუოთ – ის ამას არ გააკეთებს, – გაიცინა დენიმ და ფორთოხლის წვენი მოსვა. ლევანმა შეამჩნია, რომ ბიჭს მთელი საღამოს განმავლობაში ღვინით სავსე ბოკალისთვის პირი არ დაუკარებია. „ლაწირაკია და საკუთარ თავზე შეყვარებული ცინიკოსი”, – დაასკვნა თავისთვის და გაღიზიანებულმა დენის გამომწვევად ჰკითხა:
– ეს რას ნიშნავს, რომ დედათქვენის ნდობას არ ვიმსახურებ?
დენიმ მხრები აიჩეჩა:
– ეს ნანას საქმეა და მე ეს არ მიგულისხმია. უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, ახალი იდეები უნდა შესთავაზოთ, დააინტერესოთ ნანა – მაგალითად, როგორ წარმოგიდგენიათ მისი ბიზნესის გაფართოება.
ლევანმა ეჭვით შეხედა მოღიმარ ბიჭს.
 გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3