კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უცნაური ანდერძი

სანამ კარს გააღებდა, სარკეში ჩაიხედა და ყურადღებით შეათვალიერა საკუთარი გამოსახულება. ლამაზი არ ეთქმოდა, მაგრამ სასიამოვნო გარეგნობის, შუა ხანს მიტანებული ქალბატონი ნამდვილად ეთქმოდა. ზღურბლზე კარგად ჩაცმული, მიმზიდველი გარეგნობის მამაკაცი იდგა.
– მე მისის დიანა უილსონის ნახვა მინდა, – შეცბუნებით ჩაილაპარაკა კაცმა.
– მე გახლავართ დიანა უილსონი.
– ის დიანა უილსონი, რომელიც განსვენებულ ედგარ კანინგემთან მუშაობდა?!
– დიახ, სწორედ ის. რით შემიძლია გემსახუროთ?
– მე... მე... ტრანსკონტინენტური სადაზღვევო კომპანიის აგენტი ფრეიზერი ვარ...
– გმადლობთ, ჩემო კარგო, მე უკვე დაზღვეული ვარ და ტყუილად შეწუხდით.
– თუ ბინაში შემოსვლის უფლებას მომცემთ, ყველაფერს აგიხსნით. მე არ ვცდილობ, რამე მოგყიდოთ, პირიქით...
– პირიქით? ეს საინტერესოა, – ქალმა უკან დაიხია და დაუპატიჟებელ სტუმარს სასტუმრო ოთახში შესვლის უფლება მისცა. მისტერ ფრეიზერს სახეზე შეეტყო, რომ ოთახმა მასზე დამთრგუნველად იმოქმედა. ყველგან ხელით ნაქარგი ქათქათა ტილოები იყო გამოფენილი – მაგიდებზე, ფანჯრის რაფებზე... იატაკზე კი ყვავილების ქოთნები იდგა...
მისტერ ფრეიზერმა ქალს თავისი სტატუსის დამამტკიცებელი მოწმობა გაუწოდა. ქალმა კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.
– მაინც ვერაფერი გავიგე, – მხრები აიჩეჩა მისის უოლსონმა.
– ვერც ჩვენ და სწორედ ამიტომაც ვარ აქ. საქმე ისაა, რომ უბედურ შემთხვევამდე ერთი თვით ადრე, მისტერ ედგარ კანინგემმა სადაზღვევო პირობები შეცვალა და, ცოლის მაგივრად, მთელი თანხის ერთპიროვნულ განმკარგველად თქვენ დაგასახელათ.
– შეუძლებელია! – აღმოხდა ქალს, – მისტერ კანინგემი ძალიან კეთილი ადამიანი იყო. მე სულ ორი თვე ვიმუშავე მასთან, მაგრამ მოხიბლული ვიყავი. ის წარმოუდგენლად კეთილი იყო, ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს. მის თავზე დატეხილმა უბედურებამ შოკში ჩამაგდო...
– დიახ, დიახ... მაგრამ, რა ვუყოთ ფულს? ეს საკმაოდ დიდი თანხაა – თითქმის მეოთხედი მილიონი დოლარი.
ქალმა თვალები დაახამხამა:
– მე არ მჭირდება ფული. მდიდარი არ ვარ, მაგრამ, რაც მჭირდება, ყველაფერი მაქვს. დიდი ხანია, საკუთარ თავზე და მოთხოვნილებებზე თავად ვზრუნავ.
– დიახ, ძვირფასო მისის, მაგრამ ჩვენ სოლიდური კომპანია ვართ და ყველა ჩვენი კლიენტის სურვილს პატივს ვცემთ. კიდევ ერთი შეკითხვა: ხომ არაფერი იცით ვინმე მისტერ როშის შესახებ?
– როში ჩემს ადგილას მუშაობდა, ერთ დღეს კი, საქმეები მიატოვა და გაუჩინარდა – მეტი არაფერი ვიცი.
– კარგი, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ხელს მომიწერთ და მეტყვით, რა ფორმით გინდათ ფულის მიღება – რამდენიმე ეტაპად თუ ერთად?
ქალმა ამოიოხრა:
– არც კი ვიცი, რა ვქთვა. ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს მისის კანინგემის წინაშე... თქვენ ხომ იფიქრეთ, რომ  აქ ვინმე გრძელფეხება და ახალგაზრდა ლამაზმანი  დაგხვდებოდათ...
– უნდა გამოგიტყდეთ, რომ სწორედ ასე იყო. რა უნდა მეფიქრა, როცა კაცი მოულოდნელად ცოლს მშრალზე ტოვებს და ვიღაც ქალს უტოვებს მეოთხედ მილიონს?
– ჰო, მესმის თქვენი... მე მისი ცოლის გამო ძალიან ვწუხვარ. არ მჭირდება ეს ფული, მიეცით მას...
ფრეიზერმა გაიღიმა:
– კეთილო ქალბატონო, ასე არ ხდება. ფულს თქვენ მიიღებთ. ხელი უნდა მომიწეროთ ამ დოკუმენტებზე და წავალ. მიუხედავად იმისა, რომ პასუხი ვერ მივიღე მთავარ კითხვაზე: რატომ მოიქცა მისტერ კანინგემი ასე?
ქალმა მხრები აიჩეჩა:
– გეტყობათ, ასეთ საქმეებში გამოუცდელი რომ ბრძანდებით. ალბათ, ცოლმა ძალიან გააბრაზა და ქმარმა ამ ფორმით გადაწყვიტა მასზე შურისძიება. უბედური შემთხვევა რომ არა, ის, ალბათ, შეურიგდებოდა ცოლს და ისევ შეცვლიდა თავის ანდერძს...
– ჰო?! ლოგიკურად ჟღერს ეს ყველაფერი. მოაწერეთ ხელი და თავს აღარ შეგაწყენთ, – ფრეიზერმა თავისი შავი ჩანთიდან ქაღალდების დასტა ამოიღო, მაგრამ სწორედ ამ დროს კარზე ზარი გაისმა. მისის უილსონმა გაღება ვერ მოასწრო, რომ ოთახში შეშლილივით შემოვარდა მაღალი და ძალზე ეფექტური გარეგნობის ქალი.
– სად არის ის კახპა? ახლავე მითხარით, სად არის დიანა უილსონი, ეგ ბოზი?
– ქალბატონო, ქალბატონო, დამშვიდდით, – ფეხზე წამოდგა ფრეიზერი, – თქვენ, ალბათ, მისის კანინგემი ხართ.
– დიახ, მაგრამ თქვენ ვინ ხართ?
– სადაზღვევო კომპანიიდან გახლავართ. მგონი, თქვენც ისეთსავე გაუგებრობაში აღმოჩნდით, როგორშიც მე.
– რა?! რას გულისხმობთ?
– იმას, რომ დიანა უილსონი თქვენ წინაშეა.
– რა?! – მისის კანინგემი დიასახლისისკენ შეტრიალდა, – ეს... ეს ჯო... ეს დიანა უილსონია?
– ანუ, გინდოდათ, გეთქვათ – ჯოჯო, – გაიცინა დიანამ, – დიახ, მე სილამაზით არ დამაჯილდოვა ღმერთმა, სამაგიეროდ, ერთგულებისთვის ადამიანები მაჯილდოებენ ხოლმე.
ფრეიზერმა ამოიოხრა და მისის კანინგემს თანაგრძნობით შეხედა:
– ძალიან ვწუხვარ. სახლში ხომ არ წაგიყვანოთ?
– იყოს ცოტა ხანს ჩემთან, მე ჩაის დავალევინებ და ცოტა დამშვიდდება, – თქვა მისის უილსონმა.
– ძალიან კეთილი ბრძანდებით...
როგორც კი დაზღვევის აგენტი წავიდა, მისის კანინგემი დიასახლისს მივარდა და კისერზე ჩამოეკიდა.
– შესანიშნავი იყავი, ძვირფასო! ლამის დავიჯერე, რომ ქალი ხარ.
– ნელა, პარიკი არ გამიფუჭო, კიდევ დამჭირდება, – თქვა „მისის უილსონმა“, პარიკი მოიხადა და მისტერ კანინგემად გადაიქცა.
– კიდევ კარგი, რომ მისტერ როშის შესახებ ბევრი არაფერი მკითხა. შენ კი, კინაღამ ჩამიშალე სპექტაკლი ზედმეტი ემოციურობით.
– რას ამბობ, საყვარელო! მე ხომ ეჭვით გაგიჟებული ცოლის როლი უნდა მეთამაშა... ფული როდის გექნება?
– ხვალ დილით ბანკში მივალ და ქეშით გამოვიტან – ეს უკვე გავარკვიე. მანამდე შენ ბილეთებს აიღებ. დრო რატომ უნდა დავკარგოთ? ეგრევე გავემგზავრებით.
– ქმარი არ დავკრძალო დიდი პატივისცემით?  მე ხომ უნუგეშო ქვრივი ვარ...
– უნუგეშო ქვრივი ქმრის დაკრძალვას ძვირად ღირებულ დამკრძალავ კომპანიას ანდობს... – მისტერ კანინგემმა ცოლს შუბლზე აკოცა.
– როგორი გენიოსი მყავხარ, ძვირფასო! მხოლოდ შენ შეგეძლო, გაკოტრებული კომპანიიდან მეოთხედი მილიონი მიგეღო.
– ჰო, სამწუხაროა, რომ მისტერ როში ამას ვეღარასოდეს გაიგებს – სამი თვე ტყუილუბრალოდ ხომ არ ვინახავდი მაცივარში! ჩემმა გეგმამ ბოლომდე გაამართლა: ხანძარი და უბედური შემთხვევა კომპანიაში იდეალურად იყო დადგმული. მართალია, რამდენიმე თვე ცოტა ვინერვიულეთ, მაგრამ ამად ღირდა.
– სამაგიეროდ, ახლა მდიდრებიც ვართ და თავისუფლებიც, – ცოლი ქმარს მოეხვია და აღფრთოვანებით წამოიძახა: – შენ ყველაზე ჭკვიანი ხარ, ძვირფასო!
– ჰო, მისტერ როშისგან განსხვავებით, რომელმაც ზედმეტად ბევრი იცოდა. მე კი კიდევ ერთი დღე ვიქნები მისის დიანა უილსონი – მდივანი ქალი, რომელმაც თავისი შრომისმოყვარეობით, უბრალოებითა და ერთგულებით მოინადირა მისტერ კანინგემის გული...

скачать dle 11.3