მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: მარხვის გარდა, კიდევ რომელ დღეებში არ შეიძლება ჯვრისწერა?
პასუხი: საეკლესიო კანონიკით, გარდა სამარხვო დღეებისა, ჯვრისწერა არ აღესრულება აღდგომის მარხვის შემდგომ ერთი კვირის – ბრწყინვალე შვიდეულისა და შობის მარხვის მომდევნო კვირაში.
კითხვა: ვარ გასათხოვარი. მინდა შევქმნა ოჯახი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ბედი მაქვს ჩაკეტილი ან ჯადო გამიკეთა ვინმემ. როგორ მოვიქცე?
პასუხი: შესაძლოა, თქვენზე მართლაც მოქმედებდეს ბოროტი ძალა – ეკლესია არ უარყოფს ამ ძალების არსებობას და მათ უარყოფით ენერგეტიკულ ზემოქმედებას. დაიწყეთ ეკლესიური ცხოვრება: ილოცეთ, თქვით აღსარება, ეზიარეთ. მხოლოდ ამის შემდეგ გადმოგეცემათ სულიწმიდის მადლი და უფლის კურთხევა.
კითხვა: ითვლება თუ არა ღვინის სმა ცოდვად?
პასუხი: ზომიერების ფარგლებში ღვინის სმა ცოდვად არ ითვლება, პირიქით, დავით მეფსალმუნე ამბობდა, რომ ღვინო წმინდა სითხეა, რომელსაც პატივისცემა სჭირდება. ცოდვაა მემთვრალეობა, ანუ ღვინის განუზომლად სმა. ამ დროს ადამიანი საკუთარ ნებას ვერ აკონტროლებს და სხვადასხვა ცოდვაში ვარდება.
კითხვა: ცოდვაა თუ არა სხვის ცოდვებზე საუბარი?
პასუხი: სხვის ცოდვებზე საუბარი არ შეიძლება. თუ შენ დაფარავ სხვის ცოდვას, უფალი შენს ცოდვებს დაფარავს.
კითხვა: წელს ჩემს დაბადების დღეს – 1 მაისს ემთხვევა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. 60 წლის ვხდები და ძალიან მინდა, აღვნიშნო. როგორც მითხრეს, არ შეიძლებაო. თქვენ რას მირჩევთ?
პასუხი: აღდგომა უდიდესი დღესასწაულია დღესასწაულთა შორის. ის უფლის დღეა და ადამიანებმა სხვაგვარად, აღმატებულად უნდა აღნიშნონ ეს დღე – ტაძარში წირვაზე დასწრებით, ლოცვით, ზიარებით. თუ თქვენ აღნიშვნაში სუფრის გაშლას გულისხმობთ, აღდგომას ხსნილია და შეგიძლიათ, გაშალოთ სუფრა. ეცადეთ, მოკრძალებული იყოთ და განსაკუთრებულად არ წარმოაჩინოთ თქვენი პერსონა.
კითხვა: მართალია, აღსარებაში ვინანიებ ცოდვებს, მაგრამ არ მაქვს ნამდვილი სინანულის განცდა. ამაზე ვნერვიულობ. როგორ მოვიქცე?
პასუხი: მონანიების დროს ადამიანზე მოქმედებს სამი რამ: გონება – რომელიც აფიქსირებს და განსაზღვრავს ჩვენს ცოდვებს; გული, რომელიც განიცდის და ნებისყოფა, რომელიც აიძულებს ადამიანს, გადალახოს ცრუ მორცხვობის გრძნობა და მოინანიოს ცოდვები. თუ ადამიანი გულით ვერ ინანიებს, მაშინ უნდა მოინანიოს გონებით და ძალა დაატანოს ნებისყოფას, რათა არ გაიმეოროს ძველი ცოდვები. დროთა განმავლობაში გულიც გაიღვიძებს და უფალი მოგვანიჭებს ჭეშმარიტი სინანულის გრძნობას.