წმიდა მამათა სწავლებანი
სამი სათნოება
მას შემდეგ, რაც სულიერ შვილში უმთავრესი სათნოება – მორჩილება განმტკიცდება, მოძღვარმა სამი შემდეგი სათნოება უნდა აღზარდოს მასში:
ა) საკუთარი უძლურების შეცნობა;
ბ) საკუთარი თავის მხილება;
გ) მადლობით დაითმინოს განსაცდელები.
ა) ადამიანისთვის ფრიად სასარგებლოა საკუთარი უძლურების აღიარება. სხვადასხვა განსაცდელის, მწუხარების, განსაკუთრებით კი ვნებებთან და გულისთქმათა წინააღმდეგ ბრძოლაში, ადამიანი დაინახავს, რომ უკიდურესად უძლურია, ეს კი სულის გაჯანსაღების საწინდარია, რადგან იგი სწავლობს, რომ არ მიენდოს საკუთარ თავს, არამედ მოძღვრის შუამდგომლობით უფალთან ეძიოს შემწეობა. „ნეტარია ადამიანი, რომელიც შეიცნობს საკუთარ უძლურებას, – წერს ღირსი მამა ისააკ ასური, – იგი გამოაღვიძებს სულს მოშვებულობისაგან და განმდიდრდება კრძალულებით“.
ბ) არასრულყოფილ ადამიანს ახასიათებს თავის მართლება და საკუთარ შეცდომებში სხვათა დადანაშაულება, ეს კი საზიანოა, რადგან მოჩვენებითი სიმართლით წინსვლის შეფერხების საშიშროება იქმნება, „ასეთი ადამიანი თავს მუდამ შეურაცხყოფილად გრძნობს და სხვასაც შეურაცხყოფს, რითაც უწინდელ ღვაწლს სრულიად უჩინოჰყოფს“ (აბბა დოროთე). „ჩვენი მამები სიმშვიდეს საკუთარი თავის განკითხვით პოვებდნენ. ვინც საკუთარ თავს განაქიქებს, მოუკლებელ სიხარულსა და სიმშვიდეს პოვებს, რადგან თავს ყოველგვარი უსიამოვნების ღირსად მიიჩნევს“.
ესოდენ სასარგებლოა საკუთარი თავის განკითხვა. სწორედ მისკენ უნდა მიმართავდეს მოძღვარი სამწყსოს.
გ) მესამე, რაც მართებს მოძღვარს, შთაუნერგოს მოწაფეს, არის განსაცდელთა მადლობით დათმენა. ღირსი მამა პეტრე დამასკელი ამბობს: „ბრძენი განსაცდელს ღირსეულად შეიწყნარებს და მიიჩნევს, რომ უმეტესსაც იმსახურებს; განიხარებს, რომ განსაცდელმა მოიხილა ამქვეყნად ყოფნის ჟამს და იმქვეყნად შეუმსუბუქდება ის სატანჯველი, რომელიც თავისი ცოდვით განიმზადა“.
მწუხარებებსა და განსაცდელებს განმწმენდელი ძალა აქვს ჯერ კიდევ აქ, მიწაზე. როგორც ოქრო განიწმინდება ცეცხლში, ესრეთ განიწმინდება ადამიანის სული განსაცდელებით.
სქემ-იღუმენი იოანე
ვისაც ღმერთი უყვარს...
თუ შენს გონებას სურს ლოცვა გულში და არ შეუძლია, მაშინ იკითხე ლოცვა ბაგეებით და გონება ამყოფე ლოცვის სიტყვებში. დროთა განმავლობაში უფალი მოგცემს შენ გულითად ლოცვას ზრახვების გარეშე და ადვილად ილოცებ. ზოგიერთებმა დაიზიანეს გული, რადგან გააძლიერეს გონებთი ლოცვა გულში და მივიდნენ იქამდე, რომ შემდეგ პირითაც ვერ ახერხებდნენ მის წარმოთქმას. მაგრამ იცოდე წესრიგი სულიერი ცხოვრებისა: საჩუქრები ეძლევა უბრალო, მორჩილ, დამჯერე სულს. ვინც მორჩილია და ყველაფერში თავშეკავებული – საკვებში, სიტყვაში, მოძრაობაში, – მას თვითონ უფალი აძლევს ლოცვას და იგი ადვილად სრულდება გულში. განუწყვეტელი ლოცვა მოდის სიყვარულისაგან, ხოლო იკარგება განკითხვის, უქმმეტყველებისა და თავშეუკავებლობისაგან. ვისაც ღმერთი უყვარს, იგი დღე და ღამ მასზე ფიქრობს, იმიტომ რომ, გიყვარდეს ღმერთი – არავითარ საქმეს ხელს არ უშლის. მოციქულებს უყვარდათ ღმერთი და მსოფლიო მათ არ უშლიდა ხელს, თუმცა ახსოვდათ სამყარო, ლოცულობდნენ კიდეც მისთვის, ქადაგებდნენ. აი, არსენი დიდს კი მოესმა ღმერთისგან: „გაექეცი ადამიანებს“, მაგრამ ღვთის სული უდაბნოშიც გვასწავლის ლოცვას ადამიანებისთვის და მთელი მსოფლიოსათვის.
წმიდა სილუანი
მაშინ აღდგება გულთა კავშირი
ჩვენი დროისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია ადამიანთა გაუცხოება, გულითადი კავშირების, ურთიერთნდობის, ერთმანეთისადმი კეთილგანწყობის დაკარგვა. ერთი ოჯახის წევრებს შორისაც კი იგრძნობა ერთმანეთისაგან განცალკევების სურვილი. ეს იმიტომ ხდება, რომ არ სუფევს ჰარმონია ოჯახის ცალკეული წევრის გულში, რათა ამ შინაგანი სიმშვიდის საფუძველზე მოინახოს და დამყარდეს მშვიდობა ყველა ახლობელთან, ყველა სხვა ადამიანთან. როდესაც დამკვიდრდება მშვიდობა ადამიანის გულში, მაშინ აღდგება ამ გულის კავშირიც თავის ახლობლებთან. ეს კავშირი გამოიხატება სიტყვის, სულისკვეთებისა და აზრის ერთიანობაში.
არქიმანდრიტი
იოანე კრესტიანკინი