რა დაუჯდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს ორი წლის წინათ ჰარვარდის ბიზნესის სკოლაში სწავლა
საქართველოს ეროვნული ბანკის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე 1980 წლის აპრილშია დაბადებული. განათლება მართვის ევროპულ სკოლაში (ESM) მიიღო, სპეციალობით ბიზნესის ადმინისტრაცია (დაამთავრა 2001 წელს). იმავე წელს მიენიჭა აშშ-ის პრესტონის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხიც. 2005 წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სახელმწიფო მმართველობის სკოლის მაგისტრატურა დაამთავრა (სპეციალობით – სახელმწიფო მმართველობა), 2014-ში – ჰარვარდის ბიზნესსკოლა. მისი სამუშაო გამოცდილება 2000 წელს დაიწყო სააუდიტორო-საკონსულტაციო ფირმა „იუ-ბი-სი ინტერნეიშენალში“, სადაც 2003 წლამდე მუშაობდა ჯერ – აუდიტორად, შემდეგ – უფროს აუდიტორად, ბოლოს – აუდიტის მენეჯერად. 2003 წელს „სახალხო ბანკის“ საკრედიტო დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. 2005 წლის იანვრიდან ივლისამდე თბილისის მერიაში სამი თანამდებობა გამოიცვალა: საფინანსო სამმართველოს უფროსი, საფინანსო სამსახურის უფროსი და საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი. იმავე წელს ეროვნულ ბანკში გადაინაცვლა და 2005 წლის ივლისიდან 2006 წლის მარტამდე საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი იყო. შემდეგ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გადაინაცვლა, სადაც 2007 წლის ივლისამდე ეკონომიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2007-დან 2008 წლის აპრილამდე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი იყო. 2008 წლის აპრილში საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად დაინიშნა. 2009 წლის თებერვალში საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა და უკვე ექვსი წელი გაასრულა ამ თანამდებობაზე.
ბ-ნი ქადაგიძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2006 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც გენპროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ოჯახის წევრებად მიუთითა მშობლებთან, ბ-ნ თეიმურაზთან და ქ-ნ ლალისთან ერთად, 1979 წელს დაბადებული მეუღლე თამარ ჟორჟოლიანი და 2005 წელს დაბადებული ქალიშვილი ლელი. იმხანად გიორგი ქადაგიძეს ეკუთვნოდა მიწის ნაკვეთი ბაკურიანში – 90 000 ლარად ღირებული, თეიმურაზ ქადაგიძეს – საცხოვრებელი ბინა თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე (100 კვ.მ.), ლალი ქადაგიძეს – მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი სოფელ გომბორში. ასევე, ჰყავდათ ორი ავტომანქანა: 3 000 და 5 500 ლარად ღირებული. სამეწარმეო საქმიანობას თეიმურაზ ქადაგიძე ეწეოდა – იყო შპს „კომტრანსის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ასევე, შპს „დი-ბი ლიმიტედის“ დირექტორი. რაც შეეხება შემოსავლებს: 2006 წლის განმავლობაში თამარ ჟორჟოლიანს, როგორც მორიგე ექიმს, ანაზღაურება არ მიუღია; თეიმურაზ ქადაგიძემ, როგორც შპს „კომტრანსის“ დირექტორმა – 3 990 ლარი; ლალი ქადაგიძემ, როგორც შპს „ქინ-ქიდის“ მენეჯერმა – 6 700 ლარი, გიორგი ქადაგიძემ კი, როგორც გენპროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსმა – 43 000 ლარი.
ბ-ნი ქადაგიძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2015 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. ოჯახის წევრებად ის მიუთითებს მეუღლესა და ორ შვილს: ნინია 2008 წელს შეეძინათ. ოჯახის ერთადერთი საკუთრება, მიწის ნაკვეთი ბაკურიანში (3 720 კვ. მ.) გიორგი ქადაგიძის საკუთრებაა. თამარ ჟორჟოლიანს კი ჰყავს 2001 წლის ავტომანქანა „NISSAN X-TRAIL“. გიორგი ქადაგიძე „ლიბერთი ბანკის“ შემნახველ ანგარიშზე 64 809 ლარს ინახავდა, მსოფლიო ბანკის საკრედიტო კავშირის შემნახველ ანგარიშზე კი – 20 000 აშშ დოლარს.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2014 წლის განმავლობაში გიორგი ქადაგიძემ, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, 150 000 ლარი აიღო, როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა – 78 000 ლარი, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა – 984 ლარი; მისმა მეუღლემ კი, როგორც რეფერალური დახმარების სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა – 8 662 ლარი. როგორც ჩანს, ბ-ნი ქადაგიძის შვილები ნიუტონის სკოლაში სწავლობენ, შესაბამისად, 2014-ში ლელი ქადაგიძის სწავლის საფასური 3 304 ლარი დაუჯდა, ნინია ქადაგიძის – 4 981 ლარი. ხოლო თავად გიორგი ქადაგიძეს ჰარვარდის ბიზნესსკოლაში სწავლა – 43 000 აშშ დოლარი.
სავარაუდოდ, 2015 წლის განმავლობაშიც ბ-ნი ქადაგიძის წლიური სახელფასო შემოსავალი 228 000 ლარი იქნებოდა. 2009 წელს ამ პოსტზე მან 163 391 ლარი აიღო; 2010 წელს –197 400 ლარი; 2011 წელს – 152 937 ლარი; 2012 წელს - 192 000; 2013 წელს კი – 195 000 ლარი.
სხვათა შორის, 2008 წელს გიორგი ქადაგიძემ ეროვნული ბანკისგან 95 000 ლარი ისესხა.