მეტი ქალი – პოლიტიკაში
თუ, მეტი პილპილი – ხარჩოში?!
რაკი ქალთა უფლებრივი მდგომარეობა ცივილიზებული სამყაროს განუყოფელი ნაწილია და, სხვათა შორის, ჩვენ ამ ფერხულში თვით პირველი რესპუბლიკის პერიოდიდან მოყოლებული ვართ ჩართულნი (ქალებს არა მხოლოდ ხმის უფლება ჰქონდათ იმ 1918 წელს, არამედ, 4 ქალი საერთოდაც ავირჩიეთ იმჟამინდელი პარლამენტის წევრად), ჩვენც ვაქტიურობთ როგორც შეგვიძლია და ხშირად – რომ არ შეგვიძლია, ისეც.
ამასობაში და კარგა ხანია, ქართული პოლიტცხოვრების დღის წესრიგში ქალთა კვოტირების საკითხიც დგას. კერძოდ, პოლიტიკურ პარტიებს საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდას ჰპირდებიან, თუკი პარტიულ სიებში რაც შეიძლება მეტ ქალს ჩაწერენ.
იმ მარტივი მიზეზით, რომ მეც ქალი ვარ, ეს ინიციატივა ფრიად თბილ გრძნობებსაც იწვევს ჩემში (აბა, სხვაგვარად როგორ იქნება?!), თუმცა ამ ბოლო ხანს ამ ამბავმა ფრიად კომიკური ელფერი შეიძინა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩვენს ქვეყანაში უფლებრივი პრობლემები ქალსაც აქვს და კაცსაც; ბავშვსაც და მოხუცსაც; ძაღლსაც და კატასაც…
ასეა თუ ისე, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, მიულოცა რა ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე, უთანასწორობისა და ძალადობის აღმოფხვრისკენაც მოგვიწოდა და ამისკენაც (მომყავს ციტატა): „საქართველოს სჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში, მეტი ქალის ხმა გადაწყვეტილების მიღების, მშვიდობის მშენებლობისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესებში“.
მე რომ მკითხოთ, საქმე ქალებსა და მამაკაცებში კი არა, ყველასთვის თანაბარი პირობების შექმნაშია, რომ თითოეულმა თავისი უნარების მიხედვით მოიპოვოს სოციალური სტატუსი, თორემ, რა მეტი ქალი – პოლიტიკაში და რა მეტი პილპილი – ხარჩოში?! –