„სიცოცხლის ხის“ ახალი ინიციატივა – სასკოლო ბიბლიოთეკა შშმ ბავშვებისთვის
ფონდი „სიცოცხლის ხე“ „საქართველოს ბანკის“ მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდია, რომელიც მუდმივად გვევლინება საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების ხელშემწყობად და მხარდამჭერად. ყველას ახსოვს არაერთი წარმატებულად განხორციელებული პროექტი, როგორც გარემოს დაცვის, აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთა, ასევე მზრუნველობამოკლებული ბავშვების მხარდასაჭერად. ფონდმა „სიცოცხლის ხემ“ მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის სამკურნალოპედაგოგიურ სკოლაში ბიბლიოთეკა მოაწყო. ასევე საჩუქრად გადასცა 200მდე სპეციალური საგანმანათლებლო მხატვრული და სასწავლო წიგნი. შეიქმნა აუდიობიბლიოთეკაც, რომელიც საგანმანათლებლო პროცესისთვის საჭირო ტექნიკითა და თვალსაჩინო მასალით აღიჭურვა. თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის ფუნქციონირებს როგორც სკოლა, ასევე დღის ცენტრი და ბაღი, რომლებითაც ჯამში, 110 ბენეფიციარი სარგებლობს. „სიცოცხლის ხის“ მიერ მოწყობილი ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს სამუშაო დღეებში და ხელმისაწვდომია არა მარტო მათთვის, არამედ მათი მშობლებისა და პედაგოგებისთვისაც. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფონდმა „სიცოცხლის ხემ“ ბევრი პროექტი განახორციელა, მათ შორის აღსანიშნავია: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად ორი საგრანტო კონკურსის ფარგლებში 23 განხორციელებული პროექტი, რისთვისაც 506 051 ლარის დაფინანსება „საქართველოს ბანკმა“ გამოყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში ფონდმა ჯამში 1 047 992 ლარამდე გაიღო შშმ ბავშვების მხარდასაჭერად. 506 შშმ პირს კი საჩუქრად ეტლები გადასცა.
ფონდის პრიორიტეტებია ზრუნვა და ქველმოქმედება, რომელიც საზოგადოების საჭიროების შესაბამისად ხორციელდება. ფონდი „სიცოცხლის ხე“ სამომავლოდაც აქტიურ მხარდაჭერას ჰპირდება მათ, ვისაც ეს განსაკუთრებით სჭირდება.