რატომ უცრუებს იმედს კაცს „იდეალური” ქალი და როგორი დამოკიდებულება ჩნდება მათ შორის
ამბობენ, რომ ქალები ხშირად უშვებენ შეცდომას პარტნიორის არჩევისას. იმასაც კი ხუმრობენ, რომ ქალს შეუძლია გაარჩიოს ტყავის ხელჩანთა ბრენდია თუ მხოლოდ კარგად შესრულებული პატენტი, სამაგიეროდ, ვერაფრით გამოიცნობს, კაცი შეყვარებულია თუ უბრალო თაღლითი. თუმცა, ეს მხოლოდ ხუმრობაა. სინამდვილეში, შეცდომებს მამაკაცებიც ხშირად უშვებენ და მათი სისუსტით ძალიან კარგად სარგებლობენ ქალები, ანუ, ყველას თავისი არჩევანი აქვს.
თინიკო (29 წლის): მეცინება, მაგრამ ეს ამბავი მაინც იმსახურებს ყურადღებას. რატომ უნდა ჩამთვალოს ვინმემ ზნედაცემულ ქალად, როცა სინამდვილეში ასეთი არ ვარ? საერთოდ არაფერში არ მიმაჩნია თავი დამნაშავედ. პირველივე დღეს მითხრა, შენ სხვა ქალებს არ ჰგავხარ, განსაკუთრებული ხარო. სიმართლე გითხრათ, დიდად არ მიმიქცევია ყურადღება, ვიფიქრე, ჩემი შებმა უნდა-მეთქი.
– ყველა კაცი ამას ამბობს, ვისაც ქალის შებმა აქვს გადაწყვეტილი?
– პრინციპში, კი. თქვენც ხომ იცით, რომ ყველას ერთნაირი ტექსტი აქვს. მამაკაცები ძალიან მარტივი არსებები არიან – არანაირი კრეატივი, არანაირი ორიგინალურობა. თავადვე კომპლექსდებიან, იშტამპებიან და მერე დამნაშავეს სხვაგან ეძებენ, თუნდაც საყვარელ ქალში. ამის მეტი რა მინახავს! ჩემი ცხოვრება ქმართან სწორედ ამით არის გაჯერებული. დამნაშავე კი, რა თქმა უნდა, მე ვარ. ადრე განსაკუთრებული ვიყავი – შენნაირი გოგო არც დაბადებულა და არც დაიბადებაო. მე ამაზე მეცინებოდა. არ გეგონოთ, რომ რეალობას ვიყავი მოწყვეტილი და ვუჯერებდი.
– არ უჯერებდით – ერთია, მაგრამ, რას ეუბნებოდით, ეს არის მნიშვნელოვანი.
– არაფერს, მხოლოდ ვუცინოდი და, ეტყობა, ამან შეასხა ფრთები. მოგატყუებთ, თუ ვიტყვი, რომ არ მსიამოვნებდა მისი ყურადღება. ქალები ასეთ ურთიერთობაზე უარს არასდროს ვამბობთ. ცოლად რატომ გავყევი? იმიტომ, რომ აღფრთოვანებული იყო ჩემით.
– არ ჯობდა, რომ გყვარებოდათ?
– შეიძლება, ჯობდა კიდეც. მაგრამ სიყვარულს თავისი პრობლემები აქვს, ანუ, ეგ მედლის მეორე მხარეც არ მომწონს. ვაღიარებ, შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ და არც მინდა. თუმცა, ქმარი მყავს და მე მას პატივს ვცემ.
– „მე მას პატივს ვცემ“ – ძალიან ოფიციალურად ჟღერს.
– გეთანხმებით, მაგრამ, რა ვქნა, სიმართლე ეს არის. სხვათა შორის, არ მომიტყუებია და ფარისევლობა არ დამიწყია. ვუთხარი, არ მიყვარხარ, მაგრამ, თუ ასე გინდა, ცოლად გამოგყვები-მეთქი. არ უკითხავს, რატომ არ გიყვარვარო. გაიცინა და ესეც ჩემს განსაკუთრებულობასა და ორიგინალურობას მიაწერა. მითხარით, მე რა შუაში ვარ? ისეთი სულელია, რომ მეღალატა, ამაზეც იტყოდა, ორიგინალურიაო... ახლა ცოტა აზრზე მოდის და, ვატყობ, ისეთი ბედნიერი აღარ არის. ეჭვიანობს, ნერვიულობს, შფოთავს და განიცდის, ოღონდ, თვითონაც არ იცის, რას. თუ ადრე მოსწონდა ჩემი თავდაჭერილობა, საკუთარი თავისა და სიტუაციის კონტროლის ნიჭი, ახლა ეს ყველაფერი აცოფებს. ვერ ვიგებ, რა ხდება – მე ხომ არ შევცვლილვარ, ხომ ზუსტად ისეთივე ვარ, როგორიც ვიყავი?! ვერაფრით ვუხსნი, რომ თვითონ გამაიდეალურა და ახლა იმედგაცრუებულია.
– რას ნიშნავს – გაგაიდეალურათ?
– იმას, რომ არარსებული თვისებები მომაწერა. ისეთად დამხატა თავის წარმოსახვაში, როგორიც რეალურად არ ვარ და შემიყვარა. ჩემი ბრალია ეს ყველაფერი?
– მაგალითად, რა იდეალური თვისება მოგაწებათ?
– გეტყვით. მე ჩვეულებრივი გოგო ვარ და ძალიან მეღიმება იმაზე, რომ რაღაც განსაკუთრებულს მოელიან ჩემგან. მაგალითად, მე თურმე, ვარ ისეთი ქალი, რომელიც კეკლუცობს სხვა კაცებთან, იპრანჭება და განსაკუთრებით ზრუნავს თავის გარეგნობაზე... ჯერ ერთი, ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა ვიზრუნო საკუთარ გარეგნობაზე და, მეორეც – არასდროს დავპირებივარ, რომ ასე არ მოვიქცეოდი. ცოლად ყოველგვარი დაპირებების მიცემის გარეშე შემირთო და ახლა კედლებზე გადის. რა უნდა, რას მოითხოვს ჩემგან, ვერ ვხვდები. იმასაც მსაყვედურობს, რომ დღითი დღე მეტად და მეტად ვუყვარდები, რაც, თურმე, ხელს უშლის იმაში, რომ გამეყაროს.
– თქვენთან განქორწინება უნდა?
– ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს. ვიტანჯები შენ გვერდითო; ისეთი ცოლი არ ხარ, როგორიც მე მინდოდაო. მითხარით, რა გავაკეთო? მისი წუწუნითაც დავიღალე, ჩხუბითაც და საყვედურებითაც. ლამის მე თვითონ გავექცე. ნელ-ნელა აუტანელს მიხდის ცხოვრებას. გუშინ მითხრა, ტირილამდე მიგყავარო.
– არ დააკონკრეტა, რით მიგყავთ ტირილამდე?
– როგორ არა. თურმე, მე მის თავმოყვარეობას ვთრგუნავ; კომპლექსს ვუქმნი ჩემი ზედმეტი თავისუფლებით. წუხდება იმითაც, რომ ყველგან ყურადღების ცენტრში ვარ, რომ ეგოცენტრიზმი ჩემი ხასიათის მთავარი თვისებაა; ტირის იმიტომ, რომ ხვდება ამ ყველაფერს და გააზრებული აქვს, მაგრამ მაინც ვერ მელევა.
– არ ფიქრობთ, რომ თქვენს მეუღლეს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს? იქნებ გეცადათ და გელაპარაკათ მასთან?
– ვცადე. იმასაც ვფიქრობ, რომ, კარგი იქნება, თუ ორივე მივალთ ფსიქოთერაპევტთან, მაგრამ, ეს რომ ვუთხრა, სულ გაგიჟდება. კიდევ ერთი სკანდალი აღარ მჭირდება, ისედაც ფეთქებადსაშიში სიტუაცია მაქვს ოჯახში.
– რამდენი წელია, ცოლ-ქმარი ხართ?
– ხუთი და, თავიდან ძალიან ბედნიერებიც ვიყავით. ბოლო ორი წელია, გართულდა მდგომარეობა და ნელ-ნელა მძიმდება. მოითხოვს, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვიყო, მე კი ამაზე მეცინება. რასაც ეგ „მოწოდების სიმაღლეზე“ დგომას ეძახის, ჩემთვის გაუგებარია. არ ვარ ბუნებით მოღალატე, არ ვჩხუბობ, არ ვითხოვ მისგან რამე განსაკუთრებულს, საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი ვარ... ვერც სიბინძურესა და მოუწესრიგებლობას დამაბრალებს, შვილზეც ვზრუნავ, ქმარზეც... რა გავაკეთო მეტი? არ ვარ იდეალური და რა ვქნა?! ზოგადად, მამაკაცებს შეცდომა მოსდით, როცა ცოლებს საკუთრებად აღიქვამენ, მერე კი ცდილობენ საკუთარ სტანდარტს მოარგონ. ყველა ადამიანს თავისი სტანდარტები აქვს – ინდივიდუალური და სხვებისგან განსხვავებული. მე პლასტელინის არ ვარ, რომ ისეთი გამომძერწოს, როგორიც ჩემს ქმარს უნდა. მესმის, რომ მას იდეალური ცოლი სჭირდება, მაგრამ მე ხომ რეალური ადამიანი ვარ და არა მისი ოცნება, რატომ ვერ იგებს ამას? რატომ ირთულებს ცხოვრებას და მირთულებს მეც?! ხომ მეუბნება, ტირილამდე მიგყავარ, შენგან იმედგაცრუებული და თავმოყვარეობაშელახული ვარო, რა დავუპირისპირო ამას? ღირსი არ არის, რომ მართლა ვუღალატო?! იმასაც კი მსაყვედურობს, რომ დამოუკიდებელი ადამიანი ვარ – თურმე კაცისთვის, ანუ მისთვის, შეურაცხმყოფელია ის, რომ თვითონ ვიღებ გადაწყვეტილებებს.
– იქნებ უნდა, რომ ერთად მიიღოთ გადაწყვეტილებები?
– სიამოვნებით, მაგრამ, რა ფერის ტონალურს წავისვამ და რანაირ კოლგოტს ჩავიცვამ, ესეც მაგასთან შევათანხმო?! მართლა არ მესმის, რატომ აქვს პრეტენზია. ისეთი შეგრძნება მიჩნდება, რომ თვითონაც არ იცის, რა უნდა. თუ ასე გააგრძელებს, მე მართლა წავალ მისგან. დავიღალე. მარტივი ურთიერთობები მჭირდება. მინდა, ქმარი აღფრთოვანებული იყოს ჩემით და ისეთი ვუყვარდე, როგორიც ვარ. რომ ჰკითხოთ, გონების დაკარგვამდე ვუყვარვარ, რისიც არ მჯერა... აღარ მჯერა...