კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად დაუწუნეს მარიკა ლორთქიფანიძეს „კნიაზური ჩვევები“ და რას ვერ უბედავდნენ მას „შუამავლები“

 აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძეს რამდენიმე თვეში 94 წელი შეუსრულდება. ცნობილი მეცნიერი არც წლებს ეპუება და ვერც წარსულს ელევა – საყვარელ საქმეს, რომელმაც მთელი მისი  აქტიური ცხოვრება განსაზღვრა, დღემდე  დიდი სიყვარულით აგრძელებს. პროფესიული არჩევანი, შვილები,  ძმა – ცნობილი რეჟისორი, რომელმაც  თავგადასავლები არ დააკლო ადრეული წლებიდან – ანუ,  მარიკა ლორთქიფანიძის ცხოვრებისეულ ამბებს დღეს ჩვენს მკითხველსაც გავაცნობთ.  
 მარიკა ლორთქიფანიძე: ჩემი ცხოვრება მთლიანად ჩემმა პროფესიამ  განსაზღვრა. თითქმის ყველაფერი, რაც იყო წარსულში, დაკავშირებულია  ჩემს პროფესიასთან. შვილები და ჩემი საქმე, ეს იყო  ყველაზე მნიშვნელოვანი.   ბავშვობაში ძალიან მინდოდა, გავყოლოდი მუსიკას. ევგენი მიქელაძე დედაჩემის  ბიძაშვილი იყო.  ყველა კონცერტზე, პრემიერაზე, მთელ ოჯახს  მოსაწვევებს გვიგზავნიდა. ერთხელ      თეატრალურ კავშირში, სადაც საკონცერტო დარბაზი იყო, გაიმართა კონცერტი, რომელსაც ევგენი მიქელაძე დირიჟორობდა, ანასტასია ვირსალაძე  კი უკრავდა  ფორტეპიანოზე. კონცერტის შედეგ ჟენიას ვუთხარი: როდესაც გავიზრდები, მე  დავუკრავ,  თქვენ კი  ჩემს კონცერტს უდირიჟორებთ-მეთქი. გადამეხვია და მითხრა:  მუსიკოსები მხოლოდ ძალიან ნიჭიერები მიყვარს!  მე მალე  გიგასთან  დავიწყებ მუშაობას, მისგან ცნობილი დირიჟორი გამოვაო.  ის დღე იყო, დავხურე ინსტრუმენტი და მუსიკას დავანებე თავი. ამის შემდეგ კიდევ მქონდა ერთი მცდელობა – მე მიმაბარეს პერინის საბალეტო სკოლაში, როდესაც ვახტანგ ჭაბუკიანი პირველად ჩამოვიდა აქ და მონაწილეობდა „დონ კიხოტში”. პერინის სკოლიდან 10 ბავშვი  გამოგვყვეს,  მათ შორის ვიყავი მეც.  სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, ვახტანგ ჭაბუკიანმა ხელში ამიყვანა და შემაქო. ეს იყო და მეორე დღეს დედაჩემმა საბალეტო სკოლიდან გამომიყვანა. პერინიმ შემოუთვალა დედას,  თქვენ ინტელიგენტი ქალი ბრძანდებით, ამას რატომ აკეთებთო. დედამ უთხრა: ბალერინობა მძიმე შრომაა, რომლისთვისაც  შვილს ვერ გავიმეტებო. ეს იყო და ამით დამთავრდა ჩემი ბალერინობა. თუმცა, როგორც მუსიკა, ასევე  თეატრი  ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის არსებობდა.
1939 წელი იყო, როცა სკოლა დავამთვარე.   ჩემი მშობლები განათლებული ხალხი იყვნენ. ასეთი იყო ბებიაც, ოჯახში დიდი ბიბლიოთეკა გვქონდა. იყო საუბრები ისტორიის შესახებ,   მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც ისტორიკოსობა მინდოდა ოდესმე. როცა სკოლა დავამთვარე, იმ დროს გამოცხადდა გაზეთში, რომ უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე გაიხსნა ახალი სპეციალობა – ხელოვნების ისტორია.  მახსოვს, ამის შესახებ ჩემი მეგობრის დედას რომ ვუთხარით, მან გვითხრა: ვის რად უნდა თქვენი კულტურის ისტორია, ჩააბარეთ სამედიცინოზე, ექიმი აქაც ექიმია, ციხეშიც და გადასახლებაშიცო. მაშინ არავის გაგვჩენია შეკითხვა, რატომ  შეიძლებოდა მოვხვედრილიყავით ციხეში, ან გადასახლებაში. მე  შევედი  ხელოვნების ისტორიის სპეციალობაზე, მაგრამ მეორე წელს დაიწყო ომი და გაუქმდა ყოველგვარი სპეციალობა. ჩვენ შეგვაერთეს ფილოსოფიის ფაკულტეტთან და აღარავითარი ხელოვნება და მისი  ისტორია აღარ  დაგვრჩა.  უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი იყო უმძიმესი წლები. მე მივდიოდი ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, დავამთავრე უნივერსიტეტი, ჩავაბარე ასპირანტურაში, დავამთავრე ასპირანტურა და პირველივე დღეს სიმონ ჯანაშიამ წამიყვანა მეცნიერებათა აკადემიაში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. ეს იყო ჩემი პირველი სამსახური.  კარიერის პირველ საფეხურებზე მნიშვენლოვანი იყო სიმონ ჯანაშიას ფაქტორი. მისმა პიროვნებამ ბევრი რამ განაპირობა. თუმცა, მეც ძალიან ბევრს ვშრომობდი.  ხშირად ღამეების თენებაც მიწევდა.  მოსკოვში იყო წასვლა საჭირო, მე მაგზავნიდნენ, სხდომა და დისერტაციის დაცვა იყო – მე უნდა დავსწრებოდი. ერთხელ ჩემმა კოლეგებმა „სასამართლო” მომიწყვეს, ყველგან  თქვენ რომ გგზავნიან, ჩვენ აქ ხალხი არ ვართო?! სადაც საჭირო იყო, იქით „გავაგზავნე” ამ კითხვის დასასმელად.   მათ თვითონაც კარგად იცოდნენ, რა იყო ჩემი წარმატებების „მიზეზი”. არასდროს არავის გაუგია ჩემი წუწუნი, ან ნათქვამი: სამი შვილი მყავს და საქმის გასაკეთებლად დრო არ მრჩება-მეთქი. 
–  შეეწირა  თქვენს კაერიერას  თქვენი  პირადი ცხოვრება?
–  როცა ისე აქტიურად იცხოვრებ, როგორც მე, ქალის პირადი  ცხოვრება „იჩრდილება”. თუმცა, აქვე გეტყვით, ძალიან  არ მომწონს ქალების გააქტიურება გენდერის თემაზე. ეს ჩვენ არ გვჭირდება.  ახლა კი არა, საქართველოში ქალი  შუა საუკუნეებში არ იყო დაჩაგრული –  სახელმწიფო საქმეებს წყვეტდა, მოლაპარაკებებზე უშვებდნენ.  ჩემს ამხანაგებში, ყველა ქალს აქტიური და წარმატებული კარიერა გვქონდა.  ქალს ეთქმოდა ერთ-ერთი მთავარი სიტყვა როგორც ოჯახში, ასევე საზოგადოებაში. დღეს  დედობაზე ამბობენ უარს კარიერის გამო? ეს წარმოუდგენელია. მე ისე ვიყავი ჩართული ჩემს პროფესიაში,  უკან დასახევი გზა აღარ მქონდა –  ბავშვების შემდეგ  იყო ჩემი საქმე.  როცა  შვილები გავაჩინე, აკადემიაში მკაცრის წესები იყო. დილით რომ მიხვიდოდი, საღამომდე ინსტიტუტიდან ვერ გამოხვიდოდი. სამი შვილი მყავდა, რომელთაც სჭირდებოდათ დედის მზრუნველობა. სანამ ბავშვები პატარები იყვნენ, დედა მეხმარებოდა. მერე, როცა ჩემი ძმა, გიგა მოსკოვიდან ჩამოვიდა, დედას აღარ  ჰქონდა ბევრი დრო ჩვენთვის და ავიყვანე დამხმარე ქალი. ბავშვები სკოლაში მე მიმყავდა, მას გამოჰყავდა, თუმცა  მშობელთა კრებებზეც დავდიოდი და ბიჭებსაც კარგად ვაკონტროლებდი. ცუდი დრო იყო, სადარბაზოში  ნარკომანებს ზედ გადააწყდებოდი. ამიტომაც, ხშირად დავდიოდი სკოლაში ბიჭებთან. ერთხელ დირექტორმა  მითხრა: ქალბატონო მარიკა, მობრძანდით და  ჩვენთან დაიწყეთ მუშაობაო (იცინის).
იმის გამო, რომ საქმისთვის დრო არ მომეკლო, სახლში სულ მყავდა დამხმარე ქალი. მახსოვს ერთხელ, ერთ-ერთი ჩემი კოლეგის ცოლმა მითხრა:  შენზე ამბობენ, „კნიაჟესკი ზამაშკებს” არ იშლის, ორი მოსამსახურე ჰყავსო. ცოტა გავბრაზდი, ვუთხარი იმ ქალბატონს: მე და შენს ქმარს დაახლოებით ერთნაირი ხელფასი გვაქვს. შენ ზამთრის პალტოც გაქვს, ზაფხულისაც და „ჩერნაბურკაც.” მე კი  ერთი პალტო მაქვს, ზამთარში შიგნიდან  თბილ სარჩულს გამოვაკრავ და ისე ვიცვამ-მეთქი. მე და ჩემი ქალიშვილი იატაკს და დიდ სარეცხს თვითონ ვრეცხავთო. გააგრძელა. მე ვუთხარი, მირჩევნია ჩემი ხელფასი სხვას მივცე, რომ დამეხმაროს. „ჩერნაბურკაც” მინდა, მქონდეს შენასვით, მაგრამ არ მაქვს. ზაფხულის ორი კაბა მაქვს, ერთს ვრეცხავ, მეორეს ვიცვამ, ამიტომაც მყავს ორი დამხმარე-მეთქი.
– რას გითვლიდნენ „კნიაჟესკი ზამაშკებში”? ისე თქვენს მკაცრ იმიჯზე ლეგენდებიც დადიოდა.
– დამხმარეები რომ მყავდა, ამას მითვლიდნენ.  სხვანაირად გამიჭირდებოდა ცხოვრება. ბავშვებს ბევრი რამ სჭირდებოდათ. მე არ ვიყავი მკაცრი დედა, არასდროს გამილახავს შვილები, არც ვუყვიროდი მათ ჩემი ცხოვრება გადავიდა შვილებზეც. მათგან  სიყვარულის და პატივისცემის მეტი არაფერი მახსოვს.     უფროსმა, დათომ  მამის პროფესია აირჩია, ექიმი გახდა. ისე წავედით აგარაკზე, არ თქვა, სამედიცინო ინსტიტუტში რომ აპირებდა ჩაბარებას – გული არ გაგიხეთქეო, მითხრა. გიორგიმ ჩემი პროფესია აირჩია. ქალიშვილმა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა, დისერტაციაც დაიცვა, მერე ბავშვები გააჩინა და წლებია, მისი პროფესია, ბებიობაა  (იცინის). რაც შეეხება ჩემს სიმკაცრეს, მართლაც  ძალიან  მომთხოვნი ვიყავი.  ამის მიუხედავად,  ჩემი ყოფილი სტუდენტებისგან საყვედური არასდროს გამიგია. ერთხელ ჩემმა შვილმა მითხრა: დედა, ყველა ამთავრებს გამოცდას და მოდის, შენ რატომ ზიხარ სამასხურში შუაღამემდეო, სტუდენტი რომ ვერ მიპასუხებდა, შეკითხვებს ჩამოვაწერინებდი და ვეტყოდი: წადი, სამი დღე იმეცადინე და მერე ჩამაბარე-მეთქი. ჩემთვის მთავარი იყო  განათლება და არა ნიშანი, რაც მე უნდა დამეწერა. ამიტომ იყო, ორჯერ-სამჯერ უწევდათ ჩემთან გამოცდის ჩაბარება. „საქმის ჩაწყობა”  წარმოუდგენელი იყო. ერთი-ორი შემთხვევა მქონდა სულ, როცა „შუამავლები” მომიგზავნეს, მაგრამ ისეთი პასუხი მიიღეს, მერე ამას ვინ გამიბედავდა?!
– თქვენი და  თქვენი ძმის, გიგა ლორთქიფანიძის ურთიერთობა,  ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი ისტორიაა.
–  გიგას მერე ყველაზე მეტად გამიჭირდა, თითქოს რაღაც მომწყდა.  მამაც წავიდა, თან  ისე, რომ მისი საფლავიც არ ვიცოდით. დედაც გარდაიცვალა,  მაგრამ გიგა სულ სხვა იყო ჩემს ცხოვრებაში.   როდესაც მამა დააპატიმრეს, დედა იძულებული გახდა, მუშაობა დაეწყო. დედა პეტერბურგში, კონსერვასტორიაში  სწავლობდა. ომის დროს წამოვიდა  აქეთ. როდესაც  მუშაობა დასჭირდა, მასწავლებლად არ მიიღეს, რადგან კონსერვატორია არ ჰქონდა დასრულებული. კოლეგები მოსწავლეებს უგზავნიდნენ სარეპეტიციოდ.  ნორმალური ანაზღაურება ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გიგამ ფეხი მოიტეხა, დედას ნერვიულობისგან სმენა დააკლდა. პროფესიით ვეღარ იმუშავებდა, დიდი  გაჭირვებით იშოვა სამუშაო ძაფსახვევ „ცეხში,” სადაც მთელი დღე ხმაურში „შრომობდა.” ამის გამო სულ დააკლდა სმენა. გიგა ჩემზე ხუთი წლით უმცროსი იყო, ფაქტობრივად ჩემზე გადმოვიდა გიგას პატრონობა. ფეხის ტრავმის მერე, გიგამ გადაწყვიტა, დაემკვიდრებინა თავი. თუ იქამდე ძალიან წესიერი მოსწავლე იყო, მერე სულ აურია. ერთი სკოლიდან მეორეში გადამყავდა, მეორედან – მესამეში.  ერთხელ, როცა კვლავ სკოლიდან იყო გამოშვებული, ჩავაცვი მატროსკა და მივიყვანე ახალ  სკოლაში, შეხედა დირექტორმა და მითხრა: ამ ბავშვმა რა უნდა დააშავოს, ანგელოზს ჰგავსო?  მიიღო გიგა სკოლაში, მაგრამ მალე გაუშვა. სულ ჩხუბში ხვდებოდა, მე ვიყავი მისი მომრიგებელ-მოსამართლე. ოპერის წინ ბიჭებს ბირჟა ჰქონდათ. გიგაც სულ იქ იყო. ერთხელ მოვარდა ჩემთან ვიღაც, წამოდი, უშველე  გიგას, თორემ მოკლავენო. თბილისში მეზღვაურების კლინიკა იყო. გარკვეულ  დროს ქალაქში უშვებდნენ ხოლმე პაციენტებს. რუსთაველზე რომ გაევლოთ, ბირჟის ბიჭებთან ჩხუბი მოსვლოდათ. რომ მივედი,  გიგა კედელზე იყო მიყუდებული  და ჯოხით იგერიებდა მეზღვაურებს.  მთელი ცხოვრება ასე, ერთმანეთის დაცვაში გავატარეთ. როცა რთული პერიოდი ჰქონდა, დამირეკავდა, მივიდოდი მასთან. შევიკეტებოდით ოთახში და ერთად ვეძებდით გამოსავალს. ეს ჩვენი  ტრადიცია იყო. ასე ვიყავი მეც – ყველაზე რთულ პერიოდში, მაშინვე  გიგას ვურეკავდი.   
– ახლა როგორ მიდის თქვენი ცხოვრება?  
– გული მწყდება და მენანება, რომ აქტიური ცხოვრება აღარ მაქვს. თავიდან ძალიან გამიჭირდა. ყველაზე რთული იმის განცდა იყო, როცა ხვდები, რომ ისე ვეღარ განაგრძობ საქმეს, როგორც  ეს შეგეძლო. წელს პირველად მოხდა, რომ პირველი  სემესტრის ზოგად კურსზე ვთქვი უარი, ჯანმრთელობის გამო.  უნივერსიტეტში ლექციებზე  უნდა მევლო, ფიზიკურად ვერ შევძლებდი ამას.  ახლა უკვე მყავს მაგისტრანტები. 28 აგვისტოს 94 წლის  გავხდები. სიმართლეს გეტყვით, ფეხი რომ არ მოეჭრათ ჩემთვის, ისევ  განვაგრძობდი საქმიანობას.  სიარული აღარ შემიძლია, უნდა ჩავჯდე სავარძელში და ვინმემ მატაროს.  მართალია ჯოხით, მაგრამ მაინც დავდიოდი უნივერსიტეტში. ხუთი ნარკოზი მაქვს გაკეთებული ოპერაციისთვის. სწორედ ნარკოზის დროს მომაჭრეს ფეხი, ამას ვერ შევეგუე. ჩემთვის არ უკითხავთ, თორემ, ალბათ,  ამის ნებას არ მივცემდი. ექიმს უთქვამს, ფეხი რომ არ მოვაჭრათ, სამი დღეც ვერ იცოცხლებსო. მათიც მესმის, რანაირად არ მისცემდნენ ამის უფლებას? მე მაინც ვფქირობ, ჩემი ცხოვრება ძალიან საინტერესო  გამოვიდა.  ალბათ,  იმაზე მეტიც კი მივიღე, რაზეც ვიფიქრებდი.  სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძნიშვილი – იღბალიც არის, როცა დასაწყისშივე  ასეთი ადამიანების გვერდით ხვდები.   დღეს ყველაზე მეტად ჩემი აქტიური ცხოვრება მენატრება...    აღარ არიან  ჩემ გვერდით ძველი მეგობრები. მახსენდება, პირველ კლასებში  ნინო მიქელაძე გვასწავლიდა, ბარნოვის ქუჩაზე. მაშინ ვერაზე  ორნაირი მოსახლეობა ცხოვრობდა – ინტელიგენცია და ყომარბაზები. ჩვენს კლასშიც ასე იყო, ერთად ვსწავლობდით  ინტელიგენციისა და ყომარბაზების შვილები. დეიდა ნინო, ცდილობდა, ბავშვები ისე დაეჯგუფებინა, რომ წესიერი ოჯახის შვილებს ყომარბაზების ბავშვებთან  არ ჰქონოდათ ურთიერთობა. ამიტომ, სკოლიდან ძალიან შეკრული წრე წამოვედით. იმ მეგობრებიდან სამნი დავრჩით – მე, ირინე ასათიანი და ოთარ ჯაფარიძე. ახლა ერთმანეთთან ვეღარ დავდივართ, ტელეფონით ვიგებთ ამბებს. სამივეს  ერთნაირი  სინანული გვაქვს იმ საინტერესო  წლებზე, რაც  ერთად გავატარეთ.

скачать dle 11.3