კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამიანის ჯანმრთელობას უპირველესად მისი განათლება და ქცევა განაპირობებს

ჯანმრთელობა ადამიანის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამიტომ, ასევე, განუზომელი უნდა იყოს ჯანდაცვის სისტემის როლი მისი ჯანმრთელობის დასაცავად. თუ როგორ უნდა ზრუნავდეს ადამიანი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე  და რა პრინციპების დაცვით შეძლებს, რომ კლინიკაში მკურნალობა არ დასჭირდეს – ამ საკითხებზე ვესაუბრებით „ველფეარ ფაუნდეიშენის” აღმასრულებელ დირექტორს, ბატონ სიმონ გაბრიჭიძეს.

– ბატონო სიმონ, რა უნდა იცოდეს თითოეულმა ადამიანმა იმის შესახებ, თუ რა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ჯანმრთელობის შენარჩუნების თვალსაზრისით?
– როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევები ცხადყოფს, მოსახლეობის ჯანმრთელობა მხოლოდ 10 პროცენტის შემთხვევაშია დამოკიდებული ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის მოწყობასა და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაზე. გაცილებით მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: სოციალური და გარემო პირობები, ადამიანის განათლება, შემოსავალი, სოციალური მხარდაჭერის ქსელები და გენეტიკა. კვლევები ცხადყოფს, რომ, თუ გენეტიკა ხელს უწყობს, მაშინ ადამიანს აქვს 90-პროცენტიანი შანსი იმისა, ქცევის 3 მარტივი პრინციპის დაცვით, ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემების გარეშე მიაღწიოს ღრმა სიბერემდე. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება ფატალური შემთხვევები, როდესაც სამედიცინო ჩარევა აუცილებელი ხდება. თუმცა, თუ ამ ფაქტორს გამოვრიცხავთ, ადამიანს სწორი ქცევით ადვილად შეუძლია, სხვადასხვა დაავადების თავიდან აცილება, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანი წინაპირობაა წარმატებული ცხოვრებისა და მაღალი შრომითი პროდუქტიულობის მისაღწევად. ალბათ, იკითხავთ, თუ რა იგულისხმება სწორ ქცევაში?! რა თქმა უნდა, ყოველი ადამიანისთვის ინდივიდუალურად, ამგვარი რჩევები გაცილებით მეტია, თუმცა არსებობს 3 ზოგადი რეკომენდაცია ქცევის შესახებ, რაც ჯანმრთელობის მრავალ პრობლემას და მათთან დაკავშირებულ არც თუ მცირე ხარჯებს თავიდან აგაცილებთ. ამგვარად, თუ გსურთ, რომ ხანგრძლივად ჯანმრთელად იცხოვროთ: იყავით ფიზიკურად აქტიური, იკვებეთ ჯანსაღად და უარი თქვით ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევებზე.
მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი. ყოველდღიური  ფიზიკური აქტივობა აუცილებელი პირობაა ადამიანის ჯანმრთელობისათვის – მინიმუმ ნახევარი საათი სწრაფი ნაბიჯებით სიარული მაინც, რომელიც დამატებით შეიძლება გაიზარდოს ასაკის, სამუშაო პირობებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. მეორე აუცილებელი პირობაა ჯანსაღი კვება. აქ მნიშვნელოვანი საკითხია მიღებული საკვების შემადგენლობა, ხარისხი და არა მისი რაოდენობა. ყოველი ჩვენგანი მუდმივად უნდა ცდილობდეს, აიმაღლოს ცოდნა ამ საკითხებზე. სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს ადრეული ბავშვობიდან უყალიბდება კვების არასწორი, მავნე ჩვევები, როდესაც ის არაჯანსაღი პროდუქტებით ან  არარეგულარული   მენიუთი იკვებება. ამის შედეგია სწორედ იმ მრავალი დაავადების გაახალგაზრდავება, რაც ადრე მხოლოდ ხანდაზმულ ასაკში ვლინდებოდა. სწორი ქცევის მესამე აუცილებელი კომპონენტია მავნე ჩვევებზე (თამბაქოს, ნარკოტიკების, ჭარბი ალკოჰოლის მოხმარება) უარის თქმა. აქ განსაკუთრებით აღსანიშნავია ის მძიმე შედეგები, თამბაქოს მოხმარებას რომ უკავშირდება. ალბათ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ყოველწლიურად საქართველოში 9-დან 11 ათასამდე ადამიანი იღუპება თამბაქოს მოხმარების შედეგად განვითარებული დაავადებების გამო (მათ შორის 3 000 პასიური მწეველია, რომლებიც იძულებულნი არიან თამბაქოს გამონაბოლქვი ისუნთქონ). ასევე ძალზე მაღალია ამ დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები, რაც მძიმე ტვირთად აწვება როგორც ქვეყნის ბიუჯეტს, ასევე, ყოველი ჩვენგანის ჯიბეს. თუ ამ სამ პირობას რეგულარულად იცავს ადამიანი, მაშინ საკმაოდ მაღალი შანსი აქვს, ნაკლებად მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და თუ  მიმართავს, მხოლოდ ჯანმრთელობის მარტივი პრობლემების მართვის მიზნით.
სამწუხაროდ, აღნიშნულ საკითხებზე ჩვენთან ნაკლებს ლაპარაკობენ. უპირველესად, ეს არის ჯანმრთელობის (და არა ჯანდაცვის) სამინისტროს უპირველესი ფუნქცია. ქვეყანაში არ ხორციელდება დაავადებათა პრევენციისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის ეფექტური სტრატეგია. ძალიან ხშირად, ამგვარი პროგრამების საგანმანათლებლო სტრატეგია შემოიფარგლება მხოლოდ ბროშურების დაბეჭდვითა და დარიგებით, რაც არასაკმარისი და ხშირ შემთხვევებში – არაეფექტურია. საჭიროა, ყოველი დეტალის კვალიფიციურად დაგეგმვა და განხორციელება, რაც დღევანდელ რეალობაში დიდი იშვიათობაა, სახელმწიფო პროგრამების უმრავლესობა პოლიტიკური მოსაზრებებით ხორციელდება და ნაკლებად არის მათში გათვალისწინებული ექსპერტული დასკვნები. ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიაზროს ის ფაქტი, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტის ყოველწლიურად გაზრდის შემთხვევაშიც კი, შეუძლებელია ყველა მოქალაქის ჯანდაცვის საჭიროებების დაკმაყოფილება. ამიტომ, მოსახლეობის სამედიცინო განათლებაზე ზრუნვა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან. ეს კი განაპირობებს სწორი, ჯანსაღი ქცევის ჩამოყალიბებას. ამის შედეგად, მნიშვნელოვნად დაიზოგება როგორც მოსახლეობის, ასევე სახელმწიფო სახსრები. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია მედიაჩართულობა, რათა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს ინფორმაცია ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ თემებზე. მაგალითად, ჩვენ ამჟამად ვახორციელებთ დიაბეტური ტერფის პროგრამას, რომლის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი სწორედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
– ბატონო სიმონ, უფრო დეტალურად გაგვაცანით თქვენი ორგანიზაციის, „ველფეარ ფაუნდეიშენის” მიერ ორგანიზებული დიაბეტური ტერფის პროექტი.
– დიაბეტი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა და სამწუხაროდ, მისი აქტუალურობა არათუ იკლებს, არამედ პირიქით – იზრდება. ამიტომ, ჩვენი ორგანიზაცია დიაბეტთან დაკავშირებულ საკითხებზე ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობს. რეგულარული კონტაქტი გვაქვს როგორც მოქალაქეებთან, ასევე სახელმწიფო ჯანდაცვის სტრუქტურასა და ამ დარგის სპეციალისტებთან. პირველად სწორედ ჩვენი პროექტის ფარგლებში განხორციელდა ექთან-პოდიატრისტების (ტერფის სპეციალისტების) გადამზადება საერთაშორისო ტრენერების მიერ. ექთნებთან ერთად დიდ ყურადღებას ვუთმობთ ექიმების ცოდნის დონის ამაღლებასაც. მათი ტრენინგები მუდმივად გაგრძელდება მიმდინარე წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, 6 რეგიონში გავხსენით დიაბეტური ტერფის 11 კაბინეტი. მათ შესახებ ინფორმაცია დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია, იპოვოს ჩვენი ორგანიზაციის ვებ და „ფეისბუქის” გვერდებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ამჟამად ვგეგმავთ, არის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მასობრივი კამპანია: გვექნება სკრინინგები, საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრები. სპეციალურად ამ მიზნით მოვამზადეთ თანასწორგანმანათლებლები, რომლებიც  აქტიურად დაგვეხმარებიან აღნიშნული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლასა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაში. ვფიქრობ, ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია თავისი არსით და მოხარული ვიქნები, თუ ჩვენი ორგანიზაციაც შეიტანს წვლილს ქართული საზოგადოების გაჯანსაღების საქმეში.

скачать dle 11.3