პატარძალმა მითხრა: ვერასდროს წარმოვიდგენდი, ქეთევანი ჩემს ქორწილში თუ მოვიდოდაო
თამუნა ნიკოლაძე ფართო საზოგადოებამ ქეთევან ღლონტის როლით გაიცნო. 13 წელია, რაც „თავისუფალ თეატრში” დაიდო ბინა. მისი რეპერტუარი ისეთ საინტერესო სპექტაკლებს ითვლის, როგორებიცაა: „ვალსი ძილის წინ”, „კავასიური ცარცის წრე”, „ღმერთო, დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები”... ცხოვრებაში მხოლოდ ერთ ქასთინგზეა ნამყოფი, ისიც სერიალ „შუა ქალაქში”. მსახიობის ცხოვრებაში ბევრ ბედნიერ წუთთან ერთად, რაღაც დოზით, ტკივილი და სევდაც ყოფილა. ყველასთვის საყვარელმა, მხიარულმა და პოზიტიურმა მსახიობმა, თავისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ გულწრფელი ინტერვიუ მოგვცა.
თამუნა ნიკოლაძე: ჩემს თეატრში ყველაფერი ძველებურად, კარგად და წარმატებულადაა. ჩემი თეატრი არის „თავისუფალი თეატრი”, სადაც უკვე 13 წელია, ვარ. გვაქვს ძალიან საინტერესო რეპერტუარი. წლევანდელ სეზონზე მონაწილეობას ვიღებ სპექტაკლებში: „თოჯინების სახლი”, „რა დროს შექსპირია”, „ვალსი ძილის წინ”, „კავკასიური ცარცის წრე”, „ღმერთო, დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები”, „ხვალ შობაა”. ძალიან კმაყოფილი ვარ და ყოველთვის ვამბობ, რომ ბედნიერი მსახიობი ვარ, რადგან ვარ მოქმედი და არ ვჩერდები – კვირაში ყოველდღე თუ არა, რამდენიმე დღე მაინც მაქვს სპექტაკლები. პარალელურად ვმუშაობ სერიალზე – „შუა ქალაქში 10 წლის შემდეგ”.
– ალბათ, ხშირად ეშლებათ თამუნა ქეთევანში.
– ეს ბუნებრივია, 2007 წლიდან გადის „შუა ქალაქი”, მართალია, წყვეტა გვქონდა რაღაც პერიოდი, მაგრამ, ისევ დავბრუნდით. ამ ხნის განმავლობაში მე და ჩემი რამდენიმე კოლეგა „რუსთავი 2-ში” ვმუშაობდით სერიალებზე: „ალუბლების ქუჩა” და „ნათია და ნათია”, მერე კი ისევ დავბრუნდით „იმედზე”. „ღამის შოუ სტუდიამ“ კვლავ გააგრძელა ეს პროექტი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. უამრავი წერილი შემოდიოდა რაიონებიდან, ემიგრანტებიდან. ქუჩაში რომ დავდივარ, მცნობენ – ეს არ არის ჩემთვის ახალი, ქეთევანთან ერთად უკვე თაობები იზრდებიან (იცინის). ახლახან ქორწილში ვიყავი და პატარძალი გამომიტყდა: იცით, როგორი ბედნიერი ვარ ჩემს ქორწილში რომ მობრძანდით? 7-8 წლის ვიქნებოდი, „შუა ქალაქში” რომ გადიოდა და ყოველ ორშაბათს დედას ვთხოვდი სკოლაში არ გავეშვი, რადგან კვირას 9 საათზე მაძინებდაო. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ქეთევანი ჩემს ქორწილში თუ მოვიდოდა. რომ მითხრეს, თამუნა ნიკოლაძეს ვეპატიჟებით, ვკიოდი სიხარულისგანო. ეს გოგონა ახლაც პატარაა – 18 წლისაა, მაგრამ, ძალაინ დიდი სითბო გამოხატა ამ სიტყვებით, მანაც „ქეთევანით” მომმართა, მაგრამ არ შემისწორებია. ამაზე მეტი წარმატება რა გინდა?!
– ქეთევანი მანამდე რომ განსხვავდებოდა თამუნასგან, ვიცით, მაგრამ, ათი წლის შემდეგ ხომ არ გაჩენილა თქვენ შორის მსგავსება?
– უკვირთ, რომ ათი წლის წინ ქეთევანი სხვანაირი იყო. ათი წლის წინ მე, თამუნა ნიკოლაძეც სხვა ადამიანი ვიყავი, სულ სხვა ცხოვრების წესით, მიზნებითა და ამოცანებით. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ მეც შემეცვალა გარეგნობა, აზროვნება, დამოკიდებულება, სურვილები და მიზნები. ახლა ვიცი, რა მინდა და რა არ მინდა ცხოვრებაში. ასევე, შეიცვალა ქეთევანიც: გათხოვდა, დედა გახდა, ამერიკაში წავიდა და ასე შემდეგ. ქეთევანს არაფრით არ ვგავარ, პირდაპირ ვიტყვი – ქეთევანს „ვაკეთებ” სამი ადამიანის ნაზავით, რომლებიც ნამდვილად არსებობენ საზოგადოებაში. კოქტეილი შეიძლება დავარქვათ ამ ნაზავს: როცა ვბრაზობ, ერთ-ერთს ჰგავს, როცა მოსიყვარულეა – მეორეს და, როცა ფუსფუსებს ოჯახში – მესამეს. მსახიობობა არის კარგად, ჭკვიანურად „მოპარვა” და მერე ზუსტად რეალიზება როლში. ერთადერთი, რაშიც ქეთევანს ვგავარ, არის ის, რომ, როგორც თამუნამ ვიცი ადამიანის მოფერება, ისე ვეფერები ხოლმე ლაშიკოს.
– ანუ, სითბოსა და სიყვარულს ადვილად გამოხატავთ.
– წლების წინ სიყვარულის, სითბოსა და სიტკბოს გამოხატვა ცოტა მიჭირდა. არ ვიცი, ეს წლებთან ერთად მოვიდა თუ გავიზარდე, მაგრამ, მივხვდი, რომ ადამიანებს სჭირდებათ სითბო და სიყვარული. ხმამაღლა ვამბობ საკუთარ თავზე და ეს ქება-დიდებაში არ ჩამითვალოთ: ყველას მიმართ ოჯახის წევრებიდან დაწყებული, ჩემი პატარა დისშვილით დამთავრებული, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს ამ ქვეყნად, სულ მინდა, გამოვხატო ჩემი თბილი დამოკიდებულება.
– როგორც ახსენეთ, მიზნები და დამოკიდებულებები შეგეცვალათ. კონკრეტულად რას გულისხმობთ?
– ათი წლის წინ ჩემი მიზანი იყო, ბინა დამედო ჩემს თეატრში და ჩემი ადგილი მეპოვა. სერიალში გადასაღებად როცა მივედი, გავრისკე, რადგან, ადრე ვფიქრობდი, რომ სერიალში მსახიობს არ უნდა ეთამაშა – მეგონა, სერიალი მსახიობს აფუჭებდა. თუმცა, ისეთ კარგ გუნდში აღმოვჩნდი, შიშის ფაქტორი მომეხსნა. ახლა ძალიან მიხარია, რომ გავრისკე და ქასთინგზე წავედი. ერთადერთ ქასთინგზე ვარ ნამყოფი და ეს არის „შუა ქალაქი”. მქონდა მიზანი, რომ, არა მარტო როგორც პერსონაჟი, არამედ, როგორც ადამიანი, ისე ვყოფილიყავი საზოგადოებისთვის საინტერესო. ჩემი ყველაზე დიდი ამოცანა იყო, ჩემი პერსონაჟის მიმართ არ გაჩენილიყო უარყოფითი დამოკიდებულება. ყოველთვის ვცდილობ, დადებითად ვიცხოვრო. არ ვიცი, ეს როგორ გამომდის, მაგრამ, მცდელობა მაქვს. ის ეტაპი გამოვიარე, როცა რაღაცეების აღმოჩენას ვცდილობდი. ვფიქრობ, ძალიან ბევრი არჩევანი გავაკეთე და არაფერში არ შევმცდარვარ; რაც მთავარია, არაფერს ვნანობ ცხოვრებაში. ახლა უკვე დიდი სურვილი მაქვს, ეკრანზე გავაკეთო დრამატული სახე.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– არაფერი. რამე რომ ხდებოდეს, ვიტყოდი, დასამალი არაფერი მაქვს – უკვე დიდი გოგო ვარ და დამალვას აზრი არ აქვს (იცინის). თუმცა, შეიძლება რომ ხდებოდეს. სიყვარულისთვის დრო არ გრჩებაო, მითხრეს. სიყავრულსითვის დრო როგორ არ მრჩება, უბრალოდ, ჩემ გვერდით ღირსეული ადამიანი უნდა იდგეს. ახლა უკვე აღარ მაქვს რაღაც შეცდომების დაშვების უფლება და დრო. თან, სიმართლე გითხრათ, იმდენად კარგად ვარ და იმდენად ფერადია ჩემი ცხოვრება როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანად, ამის დანაკლისი არ მაქვს. ვინმეს რომ „მეორე ნახევარი” დავარქვა, ეს ადვილი არ იქნება ჩემთვის, თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ ამ ნაბიჯს ადვილად არ გადავდგამ. თუ ადამიანი დაიმსახურებს და მივხვდები, რომ ეს ნაბიჯი საჭიროა, აუცილებლად გადავდგამ და ძალიან ბევრსაც მოვეფერები (იცინის).
– რთულმა პერიოდმა და ტკივილმა გაიარა?
– კი, რა თქმა უნდა. ყველაფერმა გაიარა ჩემს ცხოვრებაში, თუ რამე ცუდი, სევდიანი, ნაღვლიანი და დრამატული იყო. ეს ეპიზოდები უკვე კარგა ხანია, დამთავრდა. ახლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. უკვე მზად ვარ კარგი ადამიანებისა და დადებითი ემოციებისთვის. სიმართლე გითხრათ, სადაც მძიმე სიტუაცია ან გარემოა, ვდგები და მივდივარ იქიდან, რადგან, აღარ მინდა დათრგუნვები და ცუდი. საკმარისია, რა დოზითაც იყო ეს ყოველივე ჩემს ცხოვრებაში.
– აფხაზეთთან ბევრი მოგონება გაკავშირებთ.
– დედას მშობლები ცხოვრობდნენ აფხაზეთში. თავად დედა და მისი ძმა თბილისში, ბებიასთან იზრდებოდნენ. დედა რუსთაველის თეატრის უკან ცხოვრობდა და მისი საძინებლიდან ჩანდა რუსთაველის თეატრის ფანჯრები; მამას ბინა კი მარჯანიშვილის თეატრის გვერდით იყო და მისი ოთახიდან მარჯანიშვილის თეატრის ხედი იშლებოდა. სულ ვხუმრობ ხოლმე – როგორ შეიძლებოდა, მსახიობი არ გამოვსულიყავი-მეთქი (იცინის). დედა ჩემზე ფეხმძიმობის დროს ჩავიდა სოხუმში, მშობლებთან. ოთხი თუ ექვსი თვე იქ დარჩა და ამიტომ დავიბადე სოხუმში. მოკლედ, ჩემი ტკბილი მოგონება და არდადეგები 13-14 წლამდე, ვიდრე ომი დაიწყებოდა, უკავშირდება სოხუმს. კარგად მახსოვს, ჯერ ვისვენებდით ბორჯომში, შემდეგ ლიკანში, საირმეში და მერე მთელ აგვისტოს სოხუმში ვატარებდით.