კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ააყვავა ციმბირის პატარა სოფელი „დახვრეტილმა“ ქართველმა ეკონომისტმა

სასიკვდილო განაჩენი
1964 წლის 11 მაისს საბჭოთა საქართველოს უმაღლესი სასამართლოს საკასაციო პალატა 44 წლის იასონ დურმიშხანის ძე ლომაიას საქმეს იხილავდა. მას სახელმწიფო სახსრების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დატაცების გამო სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილით დასჯა ჰქონდა გამოტანილი და პატიმარი, ფაქტობრივად, განწირული იყო, რადგან საკასაციო პალატაში ასეთ განაჩენს არ აუქმებდნენ. სასამართლო სხდომა დილის 10 საათზე დაიწყო, ზუსტად 20 წუთში დასრულდა და როგორც მოსალოდნელი იყო, განაჩენი ძალაში დატოვეს. იასონ ლომაია ბადრაგმა ორთაჭალის ციხეში დააბრუნა. თუმცა, ამჯერად მას საკანი შეუცვალეს. ზოლიანი სამოსი ჩააცვეს და ციხის სარდაფში, სიკვდილმისჯილთა ერთადგილიან საკანში გამოამწყვდიეს. პატიმარს ერთადერთი იმედი – ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლის შეწყალება დარჩა. მან ეს მოთხოვნა იმავე საღამოს დაწერა და ციხის ადმინისტრაციას გადასცა. ზუსტად ორ კვირაში ლომაიას უარის პასუხი მოუვიდა, რომელიც მას პირადად ციხის უფროსმა წაუკითხა და ბოლოს უთხრა:
– სამწუხაროა და გულწრფელად თანაგიგრძნობ.
– რა დროის განმავლობაში ხვრეტენ შეუწყალებელ პატიმრებს? – ჰკითხა ციხის უფროსს სახეგაფითრებულმა ლომაიამ.
– ერთი თვის განმავლობაში, – მიუგო ციხის უფროსმა.
– ესე იგი, მაქსიმუმ ოცდახუთ ივნისამდე ვიცოცხლებ, – თქვა ლომაიამ და ციხის უფროსს ჰკითხა:
– პაემნის უფლება მაქვს?
– სამწუხაროდ, არა, – თავი გააქნია ციხის უფროსმა.
– უკანასკნელ თხოვნას შემისრულებთ?
– რა თხოვნას?
ლომაიამ ციხის უფროსს რვეულის ფურცელზე დაწერილი ბარათი გაუწოდა და უთხრა:
– ეს ჩემს ოჯახთან გამოსამშვიდობებელი წერილია და თუ შეგიძლიათ, ამ დღეებში ჩემს ცოლს გადაეცით.
ციხის უფროსმა უხმოდ გამოართვა პატიმარს ბარათი და ჯურღმული დატოვა.
„5 მილიონის საქმე“
იასონ ლომაია საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი დაწესებულების მთავარი ბუღალტერი იყო. პროკურატურა მას 5 მილიონი მანეთის მითვისებაში სდებდა ბრალს და არაოფიციალურად, ამ საქმეს „5 მილიონის საქმეს“ უწოდებდნენ. ლომაიას მიერ შემუშავებული სქემის მიხედვით, ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით, შემკვეთთან საწარმოს პროდუქციის მაგივრად, ცარიელი ვაგონები იგზავნებოდა. შემდეგ სხვადასხვა საბაბით, ამ გაგზავნილი პროდუქციის ჩამოწერა ხდებოდა. რეალურად კი, წარმოებული პროდუქცია  „ლევად“ იყიდებოდა და რეალურ თანხას ლომაია და ორი ადამიანი იდებდა ჯიბეში. ლომაიას მეწილეებიც დააპატიმრეს და გაასამართლეს, მაგრამ მათ იმდენად მცირე თანხა ჰქონდათ მითვისებული, რომ 4 და 5 წელი მიუსაჯეს, თანაც, იასონმა ისინი არ გათქვა. თავად ლომაიას ბრალდებაში მითითებული 5 მილიონი მანეთიდან 3 მილიონ 900 ათასი მანეთი ნაღდი ფული აღმოუჩინეს  მილიონ 50 ათასი მანეთის კი ძვირფასეულობა. ჩამოართვეს ორი აგარაკი და ერთი ბინა, რომლებიც 50 ათასად შეუფასეს და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი ამგვარად იქნა ანაზღაურებული. იასონ ლომაიას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ვაჟი ჰყავდა, რომელთათვის სახელმწიფომ მხოლოდ ერთოთახიანი ბინა გაიმეტა და სამ ადამიანს 15 კვადრატული მეტრის ფართი „მიუგდეს“ ერთ-ერთ იტალიურ ეზოში.
1964 წლის 6 ივლისს იასონ ლომაიას მეუღლეს, თინათინ გაგუას შეტყობინება მიუვიდა, რომელშიც ეწერა, რომ იმავე წლის 19 ივნისს მისი მეუღლე, „იასონ ლომაია დახვრეტილ იქნა...“ თინათინი ღირსეულად შეხვდა ამ ცნობას და ეზოში შეკრებილი თანამგრძნობი მეზობლების თვალწინ, ერთი ცრემლიც კი არ გადმოუგდია. ერთი თვის შემდეგ კი, ბინა გამოკეტა, მეზობლებს გამოემშვიდობა და თქვა, რომ საქართველოში აღარ დარჩებოდა და შვილებთან ერთად, გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა.
„სოსნოვკის გუბერნატორი“
გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, ირკუტსკის რაიონის, ტაიგაში ჩაკარგულმა პატარა სოფელმა სოსნოვკამ ისე გაითქვა სახელი,  მის შესახებ ცენტრალურ პრესაშიც წერდნენ. პროგრამა „ვრემიამ“ კი ორი ვრცელი სიუჟეტიც მიუძღვნა მას.
საქმე  ისაა, რომ ციმბირული საზომებით, მცირე სოფელი (სულ 850 ადამიანი) ეკონომიკურ აღმავლობას განიცდიდა და სულ რაღაც ორი წლის განმავლობაში არა მარტო ირკუტსკის ოლქსა და ციმბირში, არამედ მთელ ქვეყანაში მოწინავე იყო. იქ ფუნქციონირებდა თანამედროვე სკოლა, საბავშვო ბაღი, მუშაობდა ალკოჰოლური სასმელების საწარმო, დიდი უნივერმაღი და უნივერსამი. რაც მთავარია, სოსნოვკელები ახალთახალ, კეთილმოწყობილ კერძო სახლებში ცხოვრობდნენ, რომლებიც სპეციალური დაკვეთით მოსკოვის 89 სამშენებლო ტრესტმა ააგო. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ციმბირის სხვა რაიონებიდან ჩადიოდა იქ ხალხი და როგორც თავად ამბობდნენ – კარგი ცხოვრებისთვის... ეს „კარგი ცხოვრება“ კი მათ წარმოშობით ქართველმა, მოსკოვში დაბადებულმა და გაზრდილმა, განათლებით ეკონომისტმა იოსებ გოგუაძემ მოუტანა. გოგუაძე ამ მიყრუებულ სოფელში 1965 წლის მაისში გამოჩნდა და ტყის მჭრელად დაიწყო მუშაობა. ორი წლის შემდეგ კი ჯერ სატყეოს მთავარი ბუღალტერი გახდა, შემდეგ – სოფლის საბჭოს თავმჯდომარე და სწორედ მაშინ დაიწყო სოფლის აყვავება. სოსნოვკელები მას „სოსნოვკის გუბერნატორს“ უწოდებდნენ. ეთაყვანებოდნენ და მზად იყვნენ, მისთვის სიცოცხლეც კი გაეწირათ. სამოცდაათიანი წლების დასაწყისში გოგუაძეს საპატიო ჯილდო – შრომის წითელი დროშის ორდენი მიანიჭეს და საოლქო დეპუტატად აირჩიეს... თუმცა, 1972 წლის მარტში იოსებ გოგუაძე ქალაქ ირკუტსკში იმ დროს დააპატიმრა „კაგებემ“, როცა დეპუტატი „ვოლგაში“ ჯდებოდა, რომ სოსნოვკაში დაბრუნებულიყო.
პირველივე დაკითხვაზე უშიშროების გამომძიებელმა მას უთხრა:
– გაშიფრული ხართ, იასონ ლომაიავ და თამაში დასრულდა... – შემდეგ გოგუაძეს მისი თითებისა და 1964 წელს დახვრეტილი იასონ ლომაიას თითების ანაბეჭდები, დაუდეს წინ  და ისინი აბსოლუტურად იდენტური იყო.
გოგუაძე ჯერ უარყოფდა ყველაფერს. ბოლოს კი, როცა უთხრეს, რომ საიდუმლო წესის  მიხედვით, ყველა უმაღლეს საბჭოთა ორდენის მქონე ადამიანს ჩუმად უღებდნენ თითების ანაბეჭდებს და სპეციალურ არქივში ინახავენ. მისი და ლომაიას მონაცემები რომ ერთმანეთს დაემთხვა, მან თქვა:
– დიახ. ვაღიარებ, რომ იასონ ლომაია ვარ. დამხვრეტენ?
უშიშროების ოფიცერს გაეცინა და დაკავებულს მიუგო:
– ერთ ადამიანს ორჯერ არ ხვრეტენ, მით უმეტეს, ორდენოსან დეპუტატს...
როგორც ძიებით დადგინდა, სიკვდილმისჯილ იასონ ლომაიას არა 5 მილიონი, არამედ 10 მილიონი მანეთი ჰქონდა მითვისებული და მას მხოლოდ ნახევარი აღმოუჩინეს. დარჩენილი 5 მილიონიდან ლომაიას მეუღლემ თინამ 4 მილიონი 4 ქართველი მაღალჩინოსნის მოსყიდვაში დახარჯა. თითოეულს მილიონი გადაუხადა და მათ ცრუ დახვრეტის ოქმი გააფორმეს... იასონი კი ციხიდან გააპარეს. ლომაიამ დარჩენილი მილიონი მანეთი სოსნოვკის აღორძინებაში ჩადო და რომ არა ორდენი, ის ალბათ, არასდროს გაიშიფრებოდა.
იასონ ლომაია 1973 წელს გაასამართლეს და  15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, 5 წლის შემდეგ ის ციხიდან გამოვიდა და სოსნოვკაში დაბრუნდა, სადაც მისი ცოლ-შვილი იყო. ლომაია „პერესტროიკის“ დროს ირკუტსკში  ცხოვრობდა და მსხვილ კორპორაციას ხელმძღვანელობდა. 1999 წელს კი, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა და სოსნოვკაში დაკრძალეს.

скачать dle 11.3