რატომ ემორჩილებოდა ვახტანგ მესამე მონღოლებს უსიტყვოდ
1295 წელს ჰულაგუიდების საილხანოს ილხანად (ყაენად) ყარაბახში შეკრებილმა მონღოლმა უფლისწულებმა ყაზანი, ყაენ არღუნის უფროსი შვილი გამოაცხადეს. ყაზანი ბავშვობიდან ბუდისტური რწმენით იზრდებოდა, მაგრამ ტახტზე ასვლის შემდეგ, მუსლიმანი ვეზირის, რაშიდ ად დინის რჩევით, ისლამი მიუღია, რადგან მის სახელმწიფოში უმრავლესობა მუსლიმანები იყვნენ, ხოლო მის გარშემო ბევრი ირანელი დიდებული ტრიალებდა, რომლებსაც დიდი გავლენა ჰქონდათ. ამგვარად, ისლამი საილხანოში სახელმწიფო რელიგიად იქცა. მანამდე მონღოლები ავტონომიურ უფლებებს აძლევდნენ სხვადასხვა რელიგიას და გადასახადებისგანაც კი ათავისუფლებდნენ საეკლესიო ქონებას. ყაზანის გამაჰმადიანების შემდეგ კი საილხანოში ვითარება შეიცვალა – ბაღდადში და თავრიზში წარმართული, ქრისტიანული, ებრაული სასულიერო ნაგებობები დაანგრიეს...
ეს ყველაფერი ახალი საფრთხე იყო საქართველოსთვის, რადგან მონღოლებს, გარდა ვასალობისა, გადასახადებისა და ომებში დახმარებისა, ჩვენი წინაპრებისგან შესაძლოა, რელიგიური დაქვემდებარებაც მოეთხოვათ და ქართველების რელიგიური ჩაგვრაც დაეწყოთ.
საქმეს ართულებდა ისიც, რომ ჰულაგუიდების მთავარი დედაქალაქი თავრიზი ახლოს იყო ჩვენგან (ის მდებარეობს დღევანდელი ირანის აზერბაიჯანში). საჭირო იყო ძალიან გონიერი და ფრთხილი პოლიტიკა.
საქმეს ოდნავ აიოლებდა ის, რომ ყაზანი არ იყო თავგადაკლული მორწმუნე ისლამისტი. იგი ყოფილა ძალიან განათლებული ადამიანი: მონღოლურის გარდა სცოდნია სპარსული, თურქული; ესმოდა არაბული, ჰინდი, ჩინური, ქაშმირული და ლათინური; ერკვეოდა ასტრონომიაში, აინტერესებდა ალქიმია; ყოფილა საკმაოდ მჭევრმეტყველი და ჰყვარებია იგავებისა და სხვადასხვა საინტერესო ამბის მოყოლა; დაინტერესებული იყო ისტორიით. მისი შეკვეთით, ებრაული წარმოშობის გამუსლიმანებულმა სწავლულმა, ფინანსისტმა და ექიმმა, საილხანოს რეფორმატორმა ვაზირმა, რაშიდ ად-დინმა, შეაგროვა მეცნიერთა ჯგუფი და დაწერეს ცნობილი ნაშრომი მსოფლიოს ისტორიაზე – „ჯამი ათ თავარიხი“ (მატიანეთა კრებული), რომელიც არა მხოლოდ მონღოლების ან მუსლიმანების, არამედ სხვა ხალხების ისტორიასაც გადმოგვცემს. კრებული შედგენილია სპარსულ ენაზე. ეს იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ასეთი მასშტაბური კრებული.
ყაენი ყაზანი მედიცინაშიც და ბოტანიკაშიც კარგად ერკვეოდა და წამლების დამზადებაც სცოდნია. თვითონ აგროვებდა, თურმე, სამკურნალო მცენარეებს და დაადგინა, რომ, ის ბალახები, რომლებიც მანამდე შემოჰქონდათ ინდოეთიდან, ჩინეთიდან და თურქმენეთიდან, თურმე ირანშიც (საილხანოს ტერიტორიზეც) ხარობდა. მაგრამ, ყაზან ყაენი განაწყენებული იყო მეფე დავით მერვეზე, რომელიც არ ეწვია მას ურდოში და ამიტომ მეფედ დაამტკიცა მისი ძმა – ვახტანგ მესამე. დავით მერვის ხელში ჩასაგდებად რამდენჯერმე ჯარიც გამოგზავნა ყაზანმა საქართველოში, რამაც ახალი აოხრებები გამოიწვია. ვახტანგ მეფე მხოლოდ ტფილისსა და ქართლის სამხრეთს აკონტროლებდა, მაგრამ მან დიდი წვლილი შეიტანა მონღოლი ყაენის დამშვიდებაში და საქართველოს ახალი აოხრება ააცილა თავიდან.
დიდი სიფრთხილე იყო საჭირო. ამიტომ ვახტანგი მორჩილად იტანდა მონღოლთა ბრძანებებს და უსიტყვოდ ასრულებდა მათ. საილხანოს მიერ წარმოებულ ომებში ყოველ მიწვევაზე. ვახტანგ მეფე და ქართველი მეომრები თავდადებით იბრძოდნენ, სისხლს ღვრიდნენ და ამგვარად ახერხებდნენ, საკუთარ სამშობლოში არ დაღვრილიყო მშვიდობიანი ქართველების, ქალების, ბავშვებისა და მოხუცების სისხლი, თუმცა ესეც ძვირად უჯდებოდა ჩვენს ხალხს – უამრავი ქართველი სამუდამოდ ჩაწვა სირიისა თუ გილანის მიწაში.
1299 წელს ყაზან ყაენმა ეგვიპტეზე გალაშქრება გადაწყვიტა. ეგვიპტეს ქართველები ადრე მისრეთს უწოდებდნენ, რადგან არაბულად ამ ქვეყანას „მისრ” ჰქვია, მაშინ კი არაბები უკვე დიდი ხნის გაბატონებულები იყვნენ ეგვიპტეში. ყაენმა მეფე ვახტანგი იხმო. ბექა ჯაყელმაც, რომელიც პირდაპირ ემორჩილებოდა მონღოლებს, ჯარი გამოგზავნა თათრების დასახმარებლად.
130 000-კაციანი არმია შეიჭრა სირიაში. მაშინ სირიის დიდი ნაწილი ეგვიპტის მამლუქთა სასულთნოში შედიოდა. მისრეთის სულთანმა, ნასარ მელიქმა (ნასირ უდ დინ მუჰამედ იბნ კალაუნ ან-ნასირი, ანუ მუჰამედ I) შეკრიბა დიდი არმია და წინ აღუდგა მონღოლებსა და ქართველებს ელ-ჰაზნადარის ველზე (ჰომსის მესამე ბრძოლა).
ხუტლუ-შაჰ ნოინი 1 000 მხედრით ყაენ ყაზანის წინ დადგა. ეგვიპტელებმა და სირიელებმა მძლავრად შეუტიეს და ათასი კაციდან ექვსასი დაუხოცეს მონღოლებს – მხოლოდ ოთხასი მებრძოლიღა გადარჩა, რადგან დიდმა ძალებმა მიმართეს ყაზანის წინააღმდეგ. ძლივს მოიგერიეს შეტევა მონღოლებმა. მას ეხმარებოდა ჩოფან სალდური 500 კაცით, იქვე მხნედ იბრძოდნენ მეფე ვახტანგი და ქართველები.
კარგა ხანს გაგრძელდა შეტაკება. ბრძოლაში ორივე მხრიდან ურიცხვი მეომარი დაიღუპა. რადგან დიდი ზარალი მიიღეს, სულთან ნასარი და მისი არმია გაიქცნენ.
დევნიდან უკან მობრუნდა ყაზან ყაენი და სამი დღე დაასვენა არმია. მეოთხე დღეს ისევ დაედევნენ, მცირე ნაწილი იპოვეს და ამოწყვიტეს. მონღოლები გაიფანტნენ და არბევდნენ იქაურობას. ერთმა ნაწილმა იერუსალიმამდე მიაღწია, სადაც ბევრი ადამიანი დახოცეს, თვითონ ყაზან ყაენი კი დამასკოსკენ გაემართა.
რა თქმა უნდა, ქართველები ასეთ შანსს ხელიდან როგორ გაუშვებდნენ. ამ დროს მოინახულა ვახტანგ მეფემ ქართველთა ოდინდელი საკუთრება – ჯვრის მონასტერი და შესაწირავი შესწირა. გულმხურვალედ ლოცულობდნენ სამშობლოს გადარჩენისთვის სხვის ომში გაწვეული ვაჟკაცები.
დამასკოელებმა უბრძოლველად ჩააბარეს ქალაქი და სიცოცხლის გარანტია ითხოვეს; სამაგიეროდ, ურიცხვი ხარკი გადაიხადეს. ყაზანმა დაიკავა დამასკოს გარშემო სხვა ქალაქებიც, პრაქტიკულად მთელი შამი (სირია). ოთხი თვე დაყვეს სირიაში მონღოლებმა და ქართველებმა და 1300 წლის მარტში გაბრუნდნენ უკან. ყაენი თავის ერთ-ერთ დედაქალაქ თავრიზში გაემგზავრა. ქალაქებში საოკუპაციო გარნიზონები ჩააყენეს – 10 000 კაცი, თუმცა მაისში ისინიც უკან დაბრუნდნენ და მხოლოდ მცირე გარნიზონები დატოვეს სირიაში.
ყაზანმა ქართველები სამშობლოში დააბრუნა.
დამასკოელები აჯანყდნენ და გამოაძევეს ყაზანის გარნიზონები. ეს რომ გაიგო ყაენმა, ძალიან გაბრაზდა, ხელახლა მოამზადა არმია და ხუტლუშას ხელმძღვანელობით სექტემბერში კვლავ გაგზავნა ეგვიპტის წინააღმდეგ. თან გააყოლა ქართველები ვახტანგ მეფის სარდლობით, იქვე იყვნენ ბექა ჯაყელის ნაწილებიც.
ყაენის ჯარები სექტემბერში შევიდნენ და აოხრებდნენ სირიას, მაგრამ დამასკო ვერ აიღეს. სულთანმა ვერ გაუბედა შებმა. გავლეს ანტიოქია და მივიდნენ ღაზამდე. ექვსი თვე აოხრებდნენ და დაბრუნდნენ გამარჯვებულები. მაგრამ, გამოვიდა თუ არა მონღოლური ჯარი სირიიდან, კვლავ აღდგა სირიაზე ეგვიპტის მამლუქთა სასულთნოს ბატონობა. წინ ახალი ომები ელოდათ მონღოლებსა და ქართველებს.
1303 წელს ხუტლუბუღას მონღოლური და ვახტანგ მეფის ქართული დანაყოფები, 90 000 ჯარისკაცით კვლავ შევიდნენ სირიაში, მაგრამ დამასკო ვერ აიღეს, რადგან ეგვიპტის სულთანი უფრო მომზადებული დახვდა სირიაში შეჭრილ მონღოლებს.
დამასკოსთან ახლოს, მარჯ ას-სუფარის ველზე, წინ დახვდათ სულთან ნასარის მრავალრიცხოვანი არმია. ბრძოლა მთელ დღეს გაგრძელდა და უამრავი მეომარი დაიხოცა ორივე მხრიდან. რომ დაღამდა, არმიები ერთმანეთს დაშორდნენ. ხუტლუბუღა თავისი არმიის დიდი ნაწილით მთაზე ავიდა და იქ დაბანაკდა, მასთან იყვნენ ნოინები – უსეინი და სევინჯი. ხუტლუ-შაჰის შვილი, სიბუჩი და ბექა ჯაყელის ნაწილები ვაკეზე იდგნენ, სულთნის ჯარის მახლობლად და თან ჰყავდათ ცხენები.
ღამით სულთანმა ხერხი მოიგონა და წყალი მიაშვებინა ველზე, სადაც სიბუჩი და ბექა იდგნენ. მთელი ღამე იდინა წყალმა და ისეთი ლამი გაჩნდა, ცხენოსანს დაფარავდა და დაახრჩობდა. გათენებისას მონღოლებმა უკან ლამი, წინ კი მტრის მრავალრიცხოვანი არმია დაინახეს. მთაზე მდგარი ნაწილები მათ ვერ მიეხმარებოდნენ – ლამს ვერ გაივლიდნენ. მოძებნეს ნაკლებად ლამიანი ადგილი და გასვლა სცადეს, მაგრამ უამრავი მხედარი და ცხენი ჩაიძირა და დაიხრჩო ლამში, მათ შორის ქართველებიც. დაძირულებზე ცოცხლები ზემოდან გადადიოდნენ და ისე გაასწრეს მამლუქებს. მეფე ვახტანგი და ნოინები მშვიდობით გადარჩნენ.
ყაზან ყაენი ძალიან გაუწყრა თავის ნოინებს და საპყრობილეში ჩაყარა. თვითონ ყაზანი ისევ აპირებდა ეგვიპტეზე გალაშქრებას და ჯარს ამზადებდა, მაგრამ მოულოდნელად მუცლის დაავადებით დასნეულდა და გარდაიცვალა. არის ვარაუდი, რომ ნასარ მელიქმა დიდი რაოდენობით ოქრო გადაიხადა, რათა მონღოლებს ხელახლა არ ელაშქრათ სირიაში. ურდოში ყველამ იგლოვა ყაზანის სიკვდილი, რადგან მის დროს ავის მოქმედი, მეკობრე და უსამართლო კაცი არ მოიპოვებოდა მის სახელმწიფოში.