კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დედაქალაქის გადასარჩენად

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹50-9(792)

 – გეთანხმები და, რაც შეიძლება, სწრაფად და საიდუმლოდ უნდა ვიმოქმედოთ, – თქვა კაკუბავამ და დაამატა: – დანაშაულის სურათის ფრაგმენტი ასეთია: ირკვევა, რომ აბრეზას ამირიძის ამოცნობა შეუძლია და აბრეზას კლავენ. შემდეგ ირკვევა, რომ ცალთვალა კუჭკუჭამ, შეიძლება, სავარაუდო მკვლელები ნახა და კუჭკუჭასაც კლავენ. ორივე შემთხვევაში, ეს ხდება მას მერე, როდესაც ამ ინფორმაციას ონილი იგებს. სავსებით რეალურია, რომ სწორედ ონილია მკვლელების კოორდინატორი.
– დავუშვათ, მართლები ვართ და ორი მაწანწალა იმიტომ მოკლეს, რომ ამირიძე არ გაშიფრულიყო და მკვლელობაზე არ გავსულიყავით, მაგრამ იბადება კითხვა: რატომ მალავდნენ ამირიძისა და, ალბათ, ზუხრას პიროვნებას? – თქვა რატიმ და დაამატა: – სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ისინი ძებნილ ტერორისტ აბდულ-აზიზ ქემალთან იყვნენ დაკავშირებულები. ბატონო ვარლამ, დანაშაულის სურათის ერთ-ერთი ფრაგმენტის, ჩემი აზრით, პირველი ფრაგმენტის ჩემეულ ვერსიას შემოგთავაზებთ და თქვენი აზრი მაინტერესებს.
– თქვი, – უთხრა ვარლამმა რატის.
– ჩემი ვარაუდით, ზუხრამ აბდულ-აზიზ ქემალისთვის იქირავა ლიდა გავაშელის ბინა და ის და ამირიძე დადიოდნენ მასთან. სავარაუდოდ,  პროდუქტები მიჰქონდათ მასთან და, ალბათ, მეკავშირეების ფუნქციასაც ასრულებდნენ. იმ დღესაც, როდესაც ამირიძესა და აბრეზას შელაპარაკება მოუვიდათ ერთმანეთთან, ეს წყვილი ქემალის კონსპირაციული ბინიდან ბრუნდებოდა. ორი ვარიანტია: წყვილს ქემალი ან უკვე მოკლული დახვდა ბინაში და იქაურობას გაეცალნენ, ან თავადვე მოკლეს ის და წამოვიდნენ. ანუ, ბურუსითაა მოცული. ხოლო, როდესაც გაირკვა ტერორისტის მკვლელობის ამბავი და გაჩნდა იმის საშიშროება, რომ სიმართლეს ფარდა ახდოდა ჩვეულებრივი გამოძიების გზით, ჯერ აბრეზას კლავენ, შემდეგ კუჭკუჭას და ყურადღება მიაქციეთ ჩემს სიტყვებს: დარწმუნებული ვარ, რომ ზუხრა და ამირიძეც სამიზნეები ხდებიან. მათ ეს იციან და გლდანის ბინას აფარებენ თავს. თუმცა, მათაც პოულობენ და ანადგურებენ. ანუ, მე იმის თქმა მინდა, რომ ზუხრასა და ამირიძის ლიკვიდაცია პირდაპირ ქემალის მკვლელობიდან გამომდინარეობს და, რასთანაა ეს დაკავშირებული, ზუხრასა და ამირიძის წყვილის მიერ ცნობილი ტერორისტის მკვლელობის გამო შურისძიებასთან თუ იმ ჯგუფის ლიკვიდაციასთან, რომელშიც შედიოდნენ ქემალი, ზუხრა, ამირიძე და, შესაძლოა, სხვებიც?
– ლოგიკურად აზროვნებ, – თქვა ვარლამმა, – გამორიცული არაა, რომ ვიღაც ამ ტერორისტულ ჯგუფს ანადგურებდა. ჯერ ქემალი მოკლეს, ხოლო ზუხრამ და ამირიძემ ის მკვდარი რომ აღმოაჩინეს, მიხვდნენ, მათაც ასეთი ბედი ელოდათ და მიიმალნენ, თუმცა მაინც ვერ გადარჩნენ. მაგრამ, თუკი ეს ასეა, მაშინ, ქემალის მკვლელები ზუხრასა და ამირიძესაც იქვე მოიხელთებდნენ და მათ არ მისცემდნენ მიმალვის საშუალებას. რაღაც, არაპროფესიონალურად მეჩვენება ასეთი რამ. ხოლო, მკვლელები რომ პროფესიონალები არიან, ეს აშკარაა. ჩემი აზრით, ტერორისტი ქემალი უფრო ამ წყვილის მოკლულია, ხოლო, რა მიზეზით, ჯერ ვერ ვხვდები. აბა, შენ თვითონ განსაჯე: ტერორისტი თბილისში ჩამოჰყავთ, საიმედოდ მალავენ და რაღაცისთვის ამზადებენ. შემდეგ კი თვითონვე კლავენ, თანაც ისე, რომ ეს ბაზრდება და ყველაფრის გამჟღავნების დიდი საშიშროება იქმნება. არა, არ მგონია, ასე ყოფილიყო. ტერორისტების პატრონებს თავიანთი ხელქვეითების განადგურება რომ სდომოდათ, ამას ისე იზამდნენ და ისე გააქრობდნენ ყველას, ტერორისტი ქემალი თბილისში რომ იმყოფებოდა, ვერავინ შეიტყობდა. ან, რატომ აწყობდათ ქემალის პატრონებს, რომ ეს ამბავი, ანუ, მისი აქ ყოფნა გაბაზრებულიყო?
– თქვენი აზრით, ქემალი ზუხრასა და ამირიძის წყვილმა მოკლა და მის პატრონებს გეგმა ჩაუშალა? – ჰკითხა რატიმ ვარლამ კაკუბავას, მან კი მიუგო:
– მოდი, ასე გეტყვი, აბდულ-აზიზ ქემალი მის პატრონებს არ მოუკლავთ. გეგმა კი არ ჩაშლილა, არამედ, შეფერხდა, ჩვენ კი ეს შეფერხება იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ ჭეშმარიტებას მივაკვლიოთ და ის საფრთხე ავიცილოთ, რაც, ჩემი აზრით, გვემუქრება. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა დადგინდეს ზუხრასა და ამირიძის შესახებ მაქსიმალურად ბევრი რამ და, იქნებ რამე ხელჩასაჭიდს მივაგნოთ – ეს ერთი; მეორეც – ზარებზე უნდა ვიმუშაოთ, იქნებ გაგვიმართლოს.
რატიმ საათს დახედა და კაკუბავას უთხრა:
– რა დრო გასულა... საათ-ნახევარში სამსახურში უნდა ვიყო. დასვენებაც კი ვერ მოვასწარი და ცოტა არ იყოს, დავიღალე კიდეც.
– დაღლის დრო არაა, რატი. საქმე ძალიან სერიოზულადაა და მთელი ნებისყოფის მოკრება გვმართებს. რას იზამ, ასეთია ჩვენი ხვედრი და ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას.  შენ, თუ არ ვცდები, ნაცნობი გყავს მობილურ კომპანიაში. ვიღაც ქოფაკი გოგონა, ხომ?
– ნაქოფაკარი, – გაეღიმა რატის.
– ის ვერ დაგვეხმარება?
– მე მგონი, კი. მთავარია, მორიგე იყოს და უარს, ალბათ არ მეტყვის.
– მაშინ, მოდი, ასე ვქნათ, ახლავე წავიდეთ მასთან და თუკი დაგვეხმარება და ზარების ამონაბეჭდებს მოგვაპოვებინებს, გაშიფვრაზე მე და რეზო ვიმუშავებთ.
– კარგი. წავიდეთ, – თქვა რატიმ და კაკუბავასთან ერთად მთაწმინდის დაღმართზე დაეშვა. მათ ტელეფონები მანქანებში ჰქონდათ დატოვებულები. როგორც კი ჩართეს, ვარლამს ჩიტომ დაურეკა და უთხრა:
– გეძინათ, ბატონო ვარლამ?
– ახლა გავიღვიძე. სად ხარ?
– სამსახურში მივდივარ, – მიუგო რეზომ.
– შეგიძლია, ათ წუთში მოხვიდე? – ჰკითხა კაკუბავამ რეზოს და მობილური კომპანიის მისამართი უთხრა.
– ორ წუთში მოვალ.
– დამელოდე და მეც მალე მოვალ, – უთხრა ვარლამმა და რატის მიუბრუნდა:
– ჩემი მანქანით წავიდეთ, შენი აქ დატოვე. ასე აჯობებს.
რატი და ვარლამი რომ მობილურ კომპანიასთან მივიდნენ, ჩიტო მათ იქ დახვდა და იკითხა:
– მოხდა რამე?
კაკუბავამ რეზოს მანქანის გასაღები მისცა.
– მანქანაში დაგველოდე და ყველაფერს მერე გეტვით.
ჩიტო მანქანაში ჩაჯდა. რატი და ვარლამი შენობაში შევიდნენ. ბედად ნაქოფაკარი გოგონა სამსახურში დახვდათ. მან რატი უმალვე იცნო, გაუღიმა, მიესალმა და ჰკითხა:
– ჩემი დახმარება გჭირდებათ, ხომ არ ვცდები?
– არ ცდებით, – ღიმილითვე უპასუხა რატიმ, – თქვენი დახმარება ახლა ისე მჭირდება, როგორც არასდროს. ცოტა არ იყოს, არც ისე იოლი შესასრულებელია და მერიდება კიდეც, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ამიტომ გაწუხებთ.
– თქვით, გისმენთ. მაქსიმალურად ვეცდები, დაგეხმაროთ, – მიუგო რატის ნაქოფაკარმა.
რატიმ მორიგე გოგონას „მოდულის“ კვადრატი და თარიღი დაუსახელა და უთხრა:
– ამ დღეს, ამ კვადრატში, საღამოს ცხრიდან თერთმეტ საათამდე, საქართველოში მოქმედი ყველა მობილური კომპანიის ნომრებიდან და იმ ნომრებზე განხორციელებული ზარების ამონაბეჭდი მჭიდრება. თანაც, კონფიდენციალურად და რაც შეიძლება, სწრაფად. ბოდიშს გიხდით ასეთი თავხედობისთვის, მაგრამ მართლა ძალიან მჭირდება და თუ შეგიძლიათ, დაგვეხმაროთ?
– შემიძლია, – თქვა გოგონამ. საათს დახედა და რატის ჰკითხა:
– ალბათ, მანქანით ხართ?
– დიახ, – მიუგო რატიმ.
– ათ წუთში ვამთავრებ მუშაობას და ცენტრალურ ქსელებში უნდა გავიდეთ, – ღიმილით თქვა ნაქოფაკარგმა, – იქ ჩემი ერთი თაყვანისმცემელი მუშაობს, რომელსაც უკვე ორი კვირაა არ ველაპარაკები. ყოველ წამს მირეკავს შესარიგებლად და ტელეფონს ვუთიშავ. მეც მინდა შერიგება და მშვენიერი საბაბიც მაქვს.
ვარლამს და რატის გაეცინათ. ნაქოფაკარმა კი მობილურზე დარეკა და თქვა:
– არ გჯერა, მე რომ გირეკავ? რა ენა ჩაგივარდა? ღირსი ხარ. რომ არა ჩემი ახლობლების დაჟინებული თხოვნა – შეურიგდიო, არც კი გამახსენდებოდი. ხომ არსად მიდიხარ? ჰოდა, ნახევარ საათში მოვალ. გაგიხარდა? შენთან პატარა საქმე მაქვს. თუ სწრაფად და ეფექტურად შეასრულებ, შეიძლება, კიდეც ვისადილო შენთან ერთად. კარგი, კარგი. გეყოფა ბოდიშები. იცოდე, რომ მოვალ, ეგ მახინჯი თვალებგადმოკარკლული საფრთხობელა, არ დამანახვო. წავედი...
ნაქოფაკარმა ტელეფონი გათიშა და რატის უთხრა:
– ყველაფერს გააკეთებს. შეგვიძლია, წავიდეთ.
რატი ნაქოფაკარს ხელზე ეამბორა, გაუღიმა გოგონას და დააყოლა:
– პატივისცემა ჩემზე იყოს. თქვენი მოვალე ვარ სიცოცხლის ბოლომდე, – მერე ვარლამისკენ მიანიშნა და დაამატა, – ეს ბატონი ვარლამია. ის და რეზო წამოგყვებათ. მე კი უნდა გავიქცე და თუ, რა თქმა უნდა, შეიძლება, თქვენი მობილურის ნომერი მომეცით. აი, ჩემი... – რატიმ გოგონას ფურცელზე დაწერილი თავისი მობილურის ნომერი მისცა და გოგონამაც იგივე გაიმეორა. რატი მას ისევ ეამბორა ხელზე და გამოემშვიდობა. კაკუბავას კი უთხრა:
– ტაქსით გავალ.
– კარგი.  შეგეხმიანები, – უთხრა კაკუბავამ რატის და გოგონას მიუტრიალდა.
– ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.
***
რატიმ ტაქსი გააჩერა და რუსთაველის გამზირზე მივიდა. შემდეგ „ბეემვეში“ გადაჯდა და სამსახურისკენ გაემართა. „მოდულის“ შენობაში რომ შევიდა, დილის ცხრის ნახევარი შესრულდა. როგორც კი კაბინეტში შედგა ფეხი, შიდა ტელეფონმა დარეკა.
– გისმენთ, – უპასუხა რატიმ.
– დილა მშვიდობისა, რატი, – მოესმა რატის სოსო ჯაფარიძის ხმა.
– დილა მშვიდობისა, ბატონო სოსო, – დაუბრუნა სალამი რატიმ.
– ჩემთან შემოდი.
ორიოდე წუთის შემდეგ, რატი უკვე პოლკოვნიკის კაბინეტში იყო. უფროსმა ხელი ჩამოართვა და სკამზე მიუთითა.
– გილოცავ, რატი! ასეთ სწრაფ წინსვლას შენგანაც კი არ ველოდი.
რატის, რა თქმა უნდა, ერთი სული ჰქონდა, გაეგო, რა წინსვლას გულისხმობდა პოლკოვნიკი. შეეძლო ეკითხა ეს მისთვის და გასაკვირიც არაფერი იქნებოდა. ჯაფარიძემ სპეციალურად პაუზაც კი გააკეთა, მაგრამ რატი მშვიდად მისჩერებოდა პოლკოვნიკს. სოსო ჯაფარიძეს გაეღიმა და განაგრძო:
– ვითარება შეიცვალა და არნოლდ ნიუმანის განკარგულებაში გადადიხარ. მათ ეს თავად მოითხოვეს და „ეფბეერის“ სპეცჯგუფთან ერთად იმუშავებ აბდულ-აზიზ ქემალის საქმეზე.
პოლკოვნიკის სიტყვები რატისთვის დიდი მოულოდნელობა იყო და ჯაფარიძეს უთხრა:
– შეიძლება, გკითხოთ, ბატონო სოსო?
– რა თქმა უნდა, – გაეცინა პოლკოვნიკს.
– ბატონო სოსო, „ეფბეერელები“ ხომ ვაშინგტონში უნდა დაბრუნებულიყვნენ?
– როგორც უკვე გითხარი, ვითარება შეიცვალა. ნიუმენი და დანარჩენები არ დარჩნენ ამ საქმეზე სამუშაოდ, რადგან ცენტრიდან მოუვიდათ ასეთი ბრძანება. პირადად არნოლდ ნიუმენმა გამომტყუა შენი თავი და უარს ხომ არ ვიტყოდი?
– ჯაფარიძემ საათს დახედა, – ათ წუთში მოვა და დაგელაპარაკება. აბა, შენ იცი. შენი იმედი მაქვს. ეს ბევრს ნიშნავს და კიდევ ერთხელ გილოცავ. ახლა კი შენს ოთახში ჩადი და დაგიკავშირდებით.
რატი თავის კაბინეტში დაბრუნდა. მაგიდას მიუჯდა და პოლკოვნიკის სიტყვებზე ფიქრობდა. პეტრიაშვილს ერთი სული ჰქონდა, ყველაფერი ვარლამ კაკუბავასთვის მოეყოლა, მაგრამ ამის გაკეთება ტელეფონით არ შეიძლებოდა. და, საერთოდ, ძალიან ფრთხილად უნდა ემოქმედა. რატიმ სიგარეტი გააბოლა და გაიფიქრა: „რატომ მაინცდამაინც მე ამირჩიეს ამერიკელებმა და არა სხვა? აქ ხომ ჩემზე ბევრად უფრო გამოცდილი და თუნდაც, საიმედო თანამშრომლები არიან? მე კი სულ რაღაც ერთი კვირაა, რაც აქ დავიწყე მუშაობა და ასეთი პატივი, თუ, რა თქმა უნდა, ეს პატივია და არა სხვა რამ, რატომ მერგო? სხვა რამ რა უნდა იყოს? ვერაფერს ვხვდები. ფრთხილად, რატი, რამე შარში არ გაგაბან. ვარლამის ნახვაა აუცილებელი და მასთან კონსულტაცია. ერთი სიტყვით, კაკუბავა რომ ამბობს – „ნა ჩეკუ უნდა ვიყო“.
ოთახში შიდა ტელეფონმა დარეკა.
– გისენთ, – უპასუხა რატიმ.
– დილა მშვიდობისა, ბატონო რატი, – მოესმა რატის არნოლდ ნიუმენის ხმა, რომელიც მას ინგლისურად ელაპარაკებოდა.
– დილა მშვიდობისა, მისტერ ნიუმან, – ინგლისურადვე მიუგო რატიმ.
– რატი, ჩემთან ამოდი. ჩემი ოთახი დერეფნის ბოლოსაა, ხელმარჯვნივ. იმავე სართულზე, სადაც სოსო ჯაფარიძის ოფისია.
– გასაგებია. მოვდივარ, – მიუგო რატიმ და ყურმილი აპარატზე დადო.
სამიოდე წუთის შემდეგ რატი პეტრიაშვილი უკვე არნოლდ ნიუმანის ოთახში იმყოფებოდა. ეს იყო ოცდაათიოდე კვადრატული მეტრის ფართობის მყუდრო, უფანჯრებო ოთახი. ასეთი სულ ოთხი ჰქონდათ ამერიკელებს „მოდულის“ შენობაში. ერთი მათ შორის „ეფბეერის“ საქართველოს კურატორის, ამ შემთხვევაში დონალდ ონილის კაბინეტი იყო. დანარჩენ სამს კი მხოლოდ ამერიკელები იყენებდნენ საჭიროებისამებრ. ოთხივე კაბინეტი თითქმის ერთნაირად მოეწყოთ და არცერთს არ ჰქონდა ფანჯრები. ოთხივე დაჯავშნილი კარებითა და კედლებით – მიყურადებისა და გადაღების საწინააღმდეგო სისტემით გახლდათ აღჭურვილი. ოთხივეში პირდაპირი კავშირის ტელეფონები „ეფბეერის“ ცენტრალურ ოფისს უკავშირდებოდა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და საქართველოს პოლიტიკური მმართველობის სამივე შტოს უმაღლეს წარმომადგენელთან. „ამერიკული ოთახების“ სისტემა შეერთებული შტატებიდან ჩამოყვანილმა სპეციალისტებმა დაამონტაჟეს და ყველაფერი ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით იყო აღჭურვილი. ავეჯი და საკანცელარიო საქონელიც კი ოკეანის გაღმიდან ჩამოიტანეს, რაც მათი მკაცრი ინსტრუქციით იყო გაწერილი. „ამერიკულ ოთახებში“ ძალიან იშვიათად ხვდებოდნენ ქართველები  და თვით სოსო ჯაფარიძეც კი სულ სამჯერ იყო იქ ნამყოფი. რატიმ კარზე დააკაკუნა, მძიმედ შეაღო ის და შიგნით შევიდა. ჩვეულებისამებრ ცივი და კოპებშეკრული ნიუმანი ჰოლივუდური ღიმილით შეხვდა სტუმარს. შუა ოთახში შეეგება და ხელი ჩამოართვა. შემდეგ სავარძელში ჩაჯდომა შესთავაზა. თავად საკუთარ ადგილს დაუბრუნდა და უთხრა:
– როგორ ხართ, ბატონო რატი?
– გმადლობთ, კარგად, მისტერ ნიუმან. თქვენ როგორ გიკითხოთ? – ჰკითხა ახლა რატიმ, თან, ძალიან აინტერესებდა, თუ რით იყო გამოწვეული კუშტი ამერიკელის ასეთი სასიკეთო სახეცვლილება. გაიფიქრა: „ნეტავი რა ხდება, ასე ჰოლივუდურად რომ მიღიმის...“
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3