თავის მოვლა „კრიტიკულ“ ასაკში
„კრიტიკული“ პირობითად ვუწოდეთ ასაკს, როცა ქალის ცხოვრებაში გარდაუვალი ხდება მენოპაუზა, რაც ასე აშინებს ქალბატონების უმრავლესობას, არადა, ეს არც ისე საშიშია, როგორც მათ ჰგონიათ.
ბევრია დარწმუნებული, რომ მენოპაუზის პერიოდში აუცილებლად დაატყდება თავს ჭარბი წონა, ნაოჭები და ცუდი ხასიათი. ეს რომ ასე არ არის, ამაში თქვენს დარწმუნებას შეეცდებიან: გამოცდილი ფსიქოლოგი, დიეტოლოგი, დერმატოლოგი და ქალის ჯანმრთელობის ექსპერტი.
ფსიქოლოგი: ქალებს ახასიათებთ ყველაფრის გართულება, მათ შორის – მენოპაუზის შედეგების. არადა, თუ ამ ფაქტს მეორე მხრიდან შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ, ბოლოს და ბოლოს, მოგვეცა საშუალება, დავიწყოთ ცხოვრება ისე, როგორც გვსურს და არ ვუთხრათ საკუთარ თავს უარი უამრავ სიამოვნებაზე. ამის გათვალისწინებით, რომ მენოპაუზის პერიოდში ქალის ასაკი 10 წლით ნაკლებია მის ბიოლოგიურ ასაკზე, ჩემი მთავარი რჩევაა: იცხოვრეთ აქტიურად და მაქსიმალურად იქითკენ მიმართეთ ძალები, რომ ისევე კარგად გამოიყურებოდეთ, როგორც ახლა გრძნობთ თავს.
მოსინჯეთ, ეს სულაც არ არის რთული!
დიეტოლოგი: ქალების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მენოპაუზის პერიოდში აუცილებლად მოიმატებს წონაში. ასეთ ქალბატონებს კატეგორიულად არ დავეთანხმები. წონა აუცილებლად უნდა აკონტროლოთ, დადგა თქვენს ცხოვრებაში მენოპაუზა თუ არა. ეს არც ისე რთულია, უბრალოდ, უნდა შეეჩვიოთ იმას, რომ ერთი ულუფის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 250 გრამს, რომლის ერთ მეოთხედს (დაახლოებით 65 გრამი) უნდა შეადგენდეს ცილები, ამდენივეს – ნახშირწყლები, ორ მეოთხედს კი – უჯრედისი. სწორი კვება ხილის, ბოსტნეულის, მარცვლეულისა და ბურღულეულის სიჭარბით – ეს არის არა მხოლოდ კომფორტული წონა, არამედ, მკვრივი, სრიალა კანი, სისხლძარღვების „ვარსკვლავების“, ლაქებისა და გამონაყარის გარეშე.
დერმატოლოგი: ცვლილებები, რომლებიც ქალის ორგანიზმში მენოპაუზის პერიოდში ხდება, ანელებს ნივთიერებათა ცვლასა და უჯრედების განახლებას. ნაოჭები ღრმავდება, სახის კანის ფერი იცრიცება, სახის ოვალი დეფორმირდება. ამ ცვლილებების კორექციისთვის საჭიროა, შეარჩიოთ ისეთი კრემი, რომელიც დაატენიანებს კანს და გახდის მას მკვრივსა და ელასტიკურს. გახსოვდეთ, მოვლა უნდა იყოს კომპლექსური – ადგენითი პროცესების დასაჩქარებლად ერთბაშად უნდა ჩართოთ რამდენიმე საშუალება, მაგალითად, ღამის კრემი და შრატი.
ქალის ჯანმრთელობის ექსპერტი: მენოპაუზის პერიოდში იკლებს ესტროგენის გამომუშავება. შედეგად, კანში მცირდება კოლაგენის დონე, რის გამოც ის (კანი) კარგავს ელასტიკურობას. მაგრამ, ამ მდგომარეობაშიც კი შესაძლებელია, შევინარჩუნოთ მისი ახალგაზრდობა და სილამაზე. უბრალოდ, გახსოვდეთ, რომ ესტროგენების სიმცირის გამო, უპირველეს ყოვლისა, ზარალდება კანისა და მკერდის კანი. ამიტომ, ძირითადად, ამ ზონების მოვლაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება. შეარჩიეთ ისეთი კრემი, რომელიც ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს. ასევე, კარგ შედეგს მიიღებთ, თუ მის შემადგენლობაში იქნება პროქსილანი, ჰიალურონის მჟავა და უჯრედების განმაახლებელი მასტიმულირებელი კომპლექსი.