კითხვა-პასუხი
კითხვა: რატომღაც, ყოველთვის პრობლემები მექმნება ფრჩხილებზე ლაკის წასმისას. ხან ზოლებად მესმევა, ხან ძალიან შრება და მალე მეშლება და ასე შემდეგ. ეტყობა, რაღაცას არასწორად ვაკეთებ. როგორ უნდა წავისვა ლაკი სწორად?
პასუხი: ზემოთ ჩამოთვლილი და კიდევ სხვა პრობლემები რომ არ შეგექმნათ, ლაკის წასმისას უნდა დაიცვათ შემდეგი წესები:
1) ლაკის წასმის წინ საპნით დაიბანეთ ხელები, ან ფრჩხილები აცეტონით გაიწმინდეთ, რომ ფრჩხილებზე არ იყოს შერჩენილი კრემი ან სხვა სახის ცხიმი. ასეთ შემთხვევაში ლაქი ადვილად შორდება ფრჩხილს.
2) არ წაისვათ ლაკი სქელ ფენად. რაც უფრო თხელია ლაკი, მით უფრო მალე შრება და დიდხანს ჩერდება ფრჩხილზე. პირველი ფენის წასმის შემდეგ მოიცადეთ 3 წუთი და მეორე ფენა მერე გადაისვით.
3) ნუ გამოიყენებთ ძველ ლაკს. გარდა იმისა, რომ ის აზიანებს ფრჩხილს, ის სქელ ზოლებად ისმევა და ცუდად გამოიყურება. თუ სხვა გზა არ გაქვთ, წასმამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩადგით ბოთლი ცხელ წყალში.
4) ლაკი წაისვით ჯერ ფრჩხილის შუაში, შემდეგ კი – ნაპირებზე.
კითხვა: წამწამების დაგრძელებას ვაპირებ, მაგრამ მანამდე მინდა გავიგო, გამიჭირდება თუ არა მერე მათი მოვლა
პასუხი: იმისთვის, რომ დაგრძელებულ წამწამებს „სიცოცხლე გავუხანგრძლივოთ“, პროცედურის დასრულების შემდეგ 24 საათის განმავლობაში არ დაიბანოთ თვალები და ქუთუთოებზე არ წაისვათ ცხიმიანი კრემი. ღამით არ დაიძინოთ ბალიშში სახეჩარგულმა და შეეცადეთ, არ მოიფხანოთ თვალები (უკიდურეს შემთხვევაში, ეს ძალიან ფაქიზად გააკეთეთ). თუ კონტურს იკეთებთ ფანქრით ან „ლაინერით“, მაკიაჟი წაიშალეთ ბამბიანი ჩხირით და არა ბამბის დისკით. ამისთვის გამოიყენეთ მიცელარული წყალი ან კოსმეტიკური რძე, რომელიც არ შეიცავს ცხიმს. სწორი მოვლის შემთხვევაში, თქვენი წამწამების „სიცოცხლის“ ხანგრძლივობა თვეზე მეტხანს გასტანს. ამასთან, 2-3 კვირის შემდეგ დაგჭირდებათ კორექცია, რაც აუცილებლად პროფესიონალს უნდა გააკეთებინოთ.
კითხვა: არის თუ არა არომათერაპია ალერგიული და, თუ არის, როგორ უნდა შევამოწმოთ?
პასუხი: არომათერაპიის დაწყებამდე დაახლოებით ორი დღით ადრე უნდა ჩაიტაროთ ტესტი: ცხვირსახოცზე დააწვეთეთ თქვენ მიერ შერჩეული ეთერზეთი, ეს ცხვირსახოცი ატარეთ მთელი დღის განმავლობაში და ხშირად დაყნოსეთ ხოლმე. მეორე დღეს ამ ეთერზეთის ერთი წვეთი შეურიეთ მკვებავ კრემს და წაისვით მაჯებზე. თუ კანი გაგიღიზიანდათ, ესე იგი, ეს ეთერზეთი „თქვენი“ არ არის.
კითხვა: ძალიან მაინტერესებს, რა დანიშნულებით გამოიყენება კოსმეტოლოგიაში ჩაის ხის, ვარდის, როზმარინისა და ფორთოხლის ზეთები. თუ შეიძლება, მოკლე ინფორმაცია მომაწოდეთ მათ შესახებ.
პასუხი: ჩაის ხის ზეთი გამოიყენება ფერიჭამიების და ჩირქოვანი გამონაყარის სამკურნალოდ. ის საუკეთესო ანტისეპტიკია. ერთმანეთს შეურიეთ 3 წვეთი ჩაის ხის ზეთი და 10 მილილიტრი ზეითუნის ზეთი და ეს ნაზავი წაისვით პრობლემურ ადგილზე.
ვარდის ზეთს იყენებენ კანის დაჭიმვისა და ნაიარევის დროს (მასაჟით ან კომპრესით). მასაჟისთვის 7 წვეთი ვარდის ზეთი შეურიეთ 15 მილილიტრ ზეითუნის ზეთს; კომპრესისთვის კი – 10 წვეთი ვარდის ზეთი უნდა შეურიოთ 200 მილილიტრ წყალში.
იმავე დანიშნულებით შეგიძლიათ გამოიყენოთ როზმარინი: მასაჟისთვის – 5 წვეთი როზმარინის ზეთი შეურიეთ 10 მილილიტრ ზეითუნის ზეთს; სხეულის დასაზელად – 7 წვეთი როზმარინის ზეთი 10 მილილიტრ ზეთთან.
ფორთოხლის ზეთი აუმჯობესებს კანში სისხლის მიმოქცევას და არის მისი მატონიზებელი: 5 წვეთი ფორთოხლის ზეთი შეურიეთ 15 გრამ მკვებავ (დღის) კრემში და წაისვით სახეზე სახლიდან გასვლამდე 1 საათით ადრე.