ცოლები და საყვარლები
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹49-9(792)
თეონა იდაყვზე დაეყრდნო, წამოიწია და კახას სახეში ჩააშტერდა. კაცს არ ეძინა.
– რამე ხდება? – ჰკითხა შეცბუნებული, დამფრთხალი ხმით, – კახა, რატომ არ გძინავს?
– ვერ ვიძინებ. შენ ყურადღებას ნუ მომაქცევ, დაიძინე, ყველაფერი კარგად არის.
– არა, აშკარად ნერვიულობ და არ გინდა მითხრა. პრობლემა გაქვს? მითხარი, მაინც ვერ მოვისვენებ.
– კარგი, გეტყვი, – ამოიოხრა კახამ, ქალისკენ შებრუნდა და ლოყაზე აკოცა, – ოღონდ, არ აღელდე, დამპირდი...
– იცი, რომ უკვე მანერვიულებ?
– სწორედ ეგ არ მინდა. ხომ იცი, რომ ამ მდგომარეობაში შენი ნერვიულობა არ შეიძლება. თუმცა, რომ გავჩუმდე, ეგეც არ იქნება სწორი.
– კახა, მითხარი, რა გაწუხებს?
– იცი, ბევრი ვიფიქრე და, მგონი, ყველაფერი უნდა ვუთხრათ ლევანს.
თეო შეცბა:
– რატომ გგონია, რომ ვალდებულები ვართ, ჩვენი გეგმების შესახებ ლევანს ვაცნობოთ?
– ვალდებულები არ ვართ, მაგრამ, თავს უფრო მშვიდად ვიგრძნობდი. როგორ გითხრა... რაღაცნაირად, უხერხულად ვარ.
– რატომ? ამით იმის თქმა ხომ არ გინდა, რომ ნანობ, რაც გააკეთე? – ქალს ხმა აუთრთოლდა და ცრემლები წამოუვიდა.
კახა შეწუხდა, თეოს მოეხვია და დამშვიდება დაუწყო:
– არ გინდა, რა, ნუ ტირი. შენი ცრემლების ყურება არ შემიძლია. შევცდი, არ უნდა წამომეწყო ეს საუბარი.
– არა, თუ ერთმანეთთან რამე გასარკვევი გვექნება, ყოველთვის უნდა ვილაპარაკოთ.
– იცი, რა... მოდი, ახლა დავიძინოთ, – რატომღაც უკან დაიხია კაცმა, – და ხვალ განვაგრძოთ ეს საუბარი.
– დარწმუნებული ხარ, რომ ასე უკეთესი იქნება? სულ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაცას ბოლომდე არც ადრე მეუბნებოდი და ახლაც თავს არიდებ.
– არა, ცდები... – ყოყმანი დაძლია კახამ და თეოს ლოყაზე აკოცა, – ყველაფერი კარგად იქნება.
– შენ ამის გჯერა?
– რა თქმა უნდა. მაშინ, შენ გვერდით არ ვიქნებოდი. მე ეს გადაწყვეტილება იმ გრძნობის კარნახით მივიღე, რომელიც შენ მიმართ მაქვს. ამით იმის თქმა მინდა, რომ მზად ვარ, ორივეს წილი პასუხისმგებლობა მე ავიღო საკუთარ თავზე. მშვიდად იყავი. შენ ვერავინ და ვერაფერი შეგეხება.
იმის ნაცვლად, რომ კაცის ამ სიტყვებს დაემშვიდებინა, თეონას გული აუჩუყდა და აქვითინდა.
კახა შეშფოთდა:
– თეო, საყვარელო, დამშვიდდი. ხომ გითხარი, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი...
– არ მჯერა საკუთარი ბედნიერების, – სლუკუნით მიუგო ქალმა, – ისეთი განცდა მაქვს, რომ რაღაც ცუდი მოხდება. რაღაც აუცილებლად მოხდება.
– ჰო, ასეა, აუცილებლად მოხდება „რაღაც“, – სცადა ხუმრობა კახამ, – მალე პატარა გვეყოლება და მერე კიდევ გვეყოლება, თუკი შენ მოინდომებ ამას.
ქალმა თავი ასწია და გამომცდელი მზერა მიაპყრო.
– მითხარი, რომ ორივე გეყვარებით!
– რა თქმა უნდა, – წარბის შეუხრელად მიუგო კაცმა.
– რაც არ უნდა მოხდეს და ბოროტმა ენებმა რაც არ უნდა თქვან?
კახამ ისევ დაუქნია თავი და გაეღიმა.
– რა გაცინებს? – გაუკვირდა თეონას.
– სასაცილოა, ახლა რომ ვლაპარაკობთ ამაზე, როცა უკვე ყველაფერი გადავწყვიტეთ.
– ჰო, მაგაში გეთანხმები, ალბათ, ადრე უნდა შემდგარიყო ჩვენ შორის ეს საუბარი. ამიტომ ნერვიულობ? ფიქრობ, რომ ავჩქარდით გადაწყვეტილების მიღებაში?
– არა, საქმე გადაწყვეტილებაში არ არის. დარწმუნებული ვარ, რამდენიც არ უნდა მეფიქრა, ჩემი არჩევანი მაინც ასეთი იქნებოდა. მაგრამ, მე კაცი ვარ და ეს რაღაც ვალდებულებებს მაკისრებს. ხვდები, რას ვგულისხმობ?
– რომც ვხვდებოდე, რა უნდა გავაკეთო?
– არაფერი. შენ – არაფერი. მთავარია, კარგად იყო და არაფერზე ინერვიულო... თეო, შეგიძლია, გულახდილად მიპასუხო?
ქალმა გაიღიმა და თავი დაუქნია.
– ლევანის მიმართ გრძნობა აღარ გაქვს? ანუ, იმის თქმა მინდოდა, მასზე შურის საძიებლად ხომ არ გამომიყენე-მეთქი?! – კახა, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა, როგორი მძაფრი რეაქცია მოჰყვებოდა მის სიტყვებს. თეონამ ორივე ხელი მკერდზე ჰკრა და შეჰყვირა:
– აი, თურმე რა არის შენი პრობლემა, რა გადარდებს და რაზე ნერვიულობ! როგორ არ გრცხვენია, ეს როგორ იფიქრე? ნუთუ ასეთი უზნეო და უსირცხვილო გგონივარ? თუ ასეთი წარმოდგენა გქონდა ჩემზე, საერთოდ რატომ შემიყვარე?! მე ხომ არ მომიწვევიხარ ჩემს ცხოვრებაში?
– ოღონდ ისევ არ ატირდე, კარგი? – სერიოზულად შეწუხდა კახა, ვნანობ, რომ ეს სიტყვები გითხარი. მეც არ ვიცი, როგორ წამომცდა... დამშვიდდი, გთხოვ.
– ახლა როგორ უნდა დავმშვიდდე? ასეთი სიტყვების შემდეგ ლამის გული გამისკდეს... – ზლუქუნს უმატებდა თეონა და მეტი დამაჯერებლობისთვის ცალი ხელი გულზე ჰქონდა მიდებული.
– შენც ხომ იცი, რომ ბევრი ქალი აკეთებს ამას – კაცზე შურის საძიებლად ათასგვარ ხერხს მიმართავს.
– მერე, მე მივეკუთვნები ასეთი ქალების კატეგორიას? ამაზე რატომ არ იფიქრე? ამის განცდით უნდა იცხოვრო ჩემ გვერდით? გგონია, ადვილად შევეგუები?
– არც უნდა შეეგუო. იმიტომ, რომ შენზე ასე არ ვფიქრობ.
– ჰო?! მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც მკითხე. ეს რას ნიშნავს?
– იმას, რომ მინდა, ყველაფერი თავიდანვე გარკვეული იყოს ჩვენ შორის.
– მერე, რა გაარკვიე?
კახამ გაიღიმა, ქალს ხელი მოხვია და აკოცა:
– გავარკვიე, რომ მიყვარხარ და, მინდა, დარჩენილი ცხოვრება შენ გვერდით გავატარო.
ქალმა თვალები დახუჭა და კაცს ნება მისცა, მისვის ცრემლიანი თვალები დაეკოცნა.
***
ლევანმა ქალს მკერდზე ალერსით დაუსვა ხელი და ამოიოხრა. გაბრიელამ მისი ხელები მოიშორა. ადგა, სარკესთან მივიდა და საკუთარი გამოსახულება დაუფარავი სიამაყით შეათვალიერა.
– უზადო სხეული გაქვს. წარმოუდგენლად ვნებიანი და სექსუალური. ნებისმიერ კაცს შეშლი ჭკუიდან.
– და, შენც შეიშალე – ხომ ასეა? – სიცილი არ შეუწყვეტია გოგოს, მივიდა და გვერდით მიუწვა.
– სხვა რა დავარქვა იმ რისკს, რომელიც შენთან ყოველ შეხვედრას ახლავს? ვიცი, რომ შეიძლება ჩემთვის ცუდად დამთავრდეს ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც მოვდივარ.
– ძალიან გთხოვ, მე ნურაფერში გამრევ და ნურც ნურაფერს დამაბრალებ.
– არ გაინტერესებს, ცოლს როგორ გამოვეპარე?
გაბიმ თავი გადააქნია:
– არა და შენც არაფერი მითხრა. ეს ჩემი საქმე არ არის, მთავარია, რომ მე არაფერი დამიძალებია.
– გაბი, რატომ იცვლებიან ქალები, როცა ცოლები ხდებიან?
– სისულელეს ნუ მეკითხები. ჯერ ერთი, მე შენი ცოლი არ ვარ და, მეორეც – საიდან უნდა ვიცოდე, როცა გათხოვილი არასდროს ვყოფილვარ?!
– მე კი უკვე ორი ცოლი მყავდა და ორივე რადიკალურად შეიცვალა იმის შემდეგ, რაც დავქორწინდით.
– ანუ, გინდა, ექსპერტივით ვიმსჯელო შენი და შენი ცოლების ურთიერთობაზე?
– არა, უბრალოდ, ვილაპარაკოთ.
– იცი, რა? თუ დრო გაქვს, მირჩევნია, რამე უფრო სასიამოვნოთი დავკავდეთ.
ლევანმა ნანას ნაჩუქარ საათზე დაიხედა:
– არა. აჯობებს, წავიდე. არ მინდა, ნანამ რამე ეჭვი აიღოს. სახლში დავხვდები.
გაბიმ ოქროსფრად გარუჯული მხრები აიჩეჩა.
– შენი ნებაა.
– ჩემო საყვარელო, რა მეშველებოდა, იმ დღეს ბარში რომ არ შემოსულიყავი? ნათელი სხივივით შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში.
– მე არ ვარ შენსავით რომანტიკული. რეალობით ვცხოვრობ და პრობლემებიც ნაკლები მაქვს.
ლევანი ადგა და ჩაცმა დაიწყო:
– რა ცუდია, რომ არ ვიცი, კიდევ როდის გნახავ. არადა, უკვე მენატრები...
– მეც არ ვიცი, კიდევ როდის მნახავ, მაგრამ, ვერ გეტყვი, რომ შენი მონატრება მკლავს.
– ვგიჟდები შენს მოჩვენებით გულგრილობაზე... ისეთი სექსუალური და მიმზიდველი ხარ ამ დროს, თავს ვერ ვიკავებ, რომ არ მოგეფერო.
– წასასვლელი ხარ.
– ჰო, ვიცი, მაგრამ, არ მეთმობი და რა ვქნა?!
– დარჩი.
– ვერ დავრჩები.
– მაშინ, რა გავაკეთო, აღარ ვიცი. წადი... ელოდები, რომ გაგაგდებ?
– ჰო, – საწყლად გაიღიმა ლევანმა, – ველოდები.
– სულ ტყუილად. ხომ შევთანხმდით, რომ არაფერს გაძალებ.
– სწორედ მაგიტომ მექაჩება შენკენ რაღაც. იცი, მე და ნანა რამდენიმე დღით სხვა შტატში მივემგზავრებით.
გაბრიელამ გადაიკისკისა და სახეზე ჩამოშლილი თმა შეისწორა.
– გაგამხიარულე ჩემი გამგზავრებით?
– არა, უბრალოდ, შენი ცოლის სახელი პირველად ახსენე ჩემთან... ნანა ჰქვია? კაცია?
– კაცი რატომ არის? საიდან მოიტანე?
– იმიტომ, რომ იტალიურად ნინო კაცის სახელია.
– ჰო, მაგრამ, ჩემს ცოლს ნანა ჰქვია, თან, არ ვიცოდი, იტალიურიც თუ გესმოდა.
– შენ კიდევ ბევრი რამე არ იცი ჩემზე... – მრავალმნიშვნელოვნად გაიცინა გოგომ, – კარგი. გაიქეცი შენს ცოლთან...
***
ნანა რომ დაბრუნდა, ლევანი აუზთან, შეზლონგზე იწვა და ლუდს წრუპავდა. ცოლის დანახვაზე წამოხტა და შეეგება:
– საყვარელო, ძალიან დაიგვიანე, უკვე დარეკვას ვაპირებდი.
– ჰო?! შენ რა, მთელი დღე სახლში იყავი?
– არა, გავედი... – კაცმა შეზლონგთან მდგარი პატარა მაგიდიდან ლამაზი კოლოფი აიღო და გაუწოდა.
ქალი გაიბადრა:
– ეს მე მიყიდე? ჩემია?
– ჰო. ძალიან ძვირფასი არ არის და არც ჩემი ფულითაა ნაყიდი, მაგრამ, ძალიან მინდოდა, შენთვის რამე საჩუქარი გამეკეთებინა. იმედი მაქვს, ისეთი დროც მოვა, როცა საკუთარი ფულით შევძლებ ძალიან, ძალიან ძვირფასი საჩუქრის ყიდვას შენთვის.
ნანამ კოლოფი გახსნა.
– როგორი ლამაზია!.. – ლურჯ ხავერდზე გემოვნებით გაკეთებული კულონი იდო და პატარა ბრილიანტის თვალი ამშვენებდა, – სად მიაგენი?
– მოგწონს? მთელი დღე დავბოდიალობდი მაღაზიებში.
– მთელი ფული ამაში დახარჯე?
– ჰო, მერე რა მოხდა?
ნანამ ქმარს ტუჩებში აკოცა:
– მეც მაქვს შენთვის სიურპრიზი – ბილეთები ავიღე და ზეგ მივფრინავთ მთელი კვირით.
– გადასარევია...
– ჰო, დენის ძალიან გაუხარდება. სასტუმროც დავჯავშნე ჩვენთვის. დენი კი ქირაობს იქ შესანიშნავ სახლს, მაგრამ ჩვენ ცალკე გვირჩევნია.
– როგორც შენ გინდა, საყვარელო, მე შენ გვერდით, ყველგან კარგად ვარ. იმედი მაქვს, აქ ყველაფერს ვინმე სხვა მიხედავს და არა სტივენი.
ნანა შეიჭმუხნა:
– მომისმინე. მოდი, ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. ერთხელ უკვე გითხარი: მიუხედავად იმისა, რომ სტივენი ჩემი ქმარი აღარ არის, საქმიან პარტნიორად მაინც რჩება და ეს ასე იქნება.
– სხვა საქმიან პარტნიორზე არ იფიქრებდი?
– არა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. სტივენი ძალიან ჭკვიანი, გამოცდილი და ერთგულია; თან, ეს საქმე მისი დაწყებულია და, ადამიანს, რომელმაც თავისი აწყობილი ბიზნესიდან მოზრდილი წილი მაჩუქა, ვერ ვეტყვი, გვერდზე ჩაიჩოჩე, შენს ადგილას სხვა უნდა მოვიყვანო-მეთქი.
– არ მინდა, რომ ხვდები, განვიცდი ამას... ვეჭვიანობ.
– არ გეტვი, არ იეჭვიანო-მეთქი, მაგრამ, შემიძლია, დაგამშვიდო – არ გღალატობ.
– დიდი შეღავათია, – ჩაიცინა ლევანმა.
ნანამ შეუბღვირა:
– ყველაფერს ნუ გააფუჭებ.
ლევანმა ამოიოხრა:
– ესე იგი, არ გინდა, მშვიდად ვიყო?
– ეგ შენზეა დამოკიდებული. მე გითხარი, არ გღალატობ-მეთქი და ეს საკმარისი უნდა იყოს შენთვის.
– მიუხედავად იმისა, რომ არ მენდობი?
– ჰო, ჯერ არ გენდობი – ხომ ხვდები, ეს რას ნიშნავს?
– კი – შანსი მაქვს.
– ჰოდა, მთლიანად შენზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებ ამ შანსს... – ნიშნის მოგებით და მრავალმნიშვნელოვნად გაუცინა ქალმა, – შენ გირჩევნია, იმაზე იფიქრო, როგორ შეხვდები ჩემს შვილს.
– რამე განსაკუთრებული უნდა მოვიფიქრო? – მხრები აიჩეჩა ლევანმა, რომელიც გაანაწყენა ნანას პასუხებმა, მაგრამ, ცდილობდა, არ შეემჩნია.
– სულელო, რა თქმა უნდა. მინდა, რომ მოეწონო. ამიტომ მე და შენ ხვალ დილით წავალთ მაღაზიებში და გარდერობს განვაახლებთ.
– ტანსაცმელი ხომ მაქვს?
– მერე რა, კიდევ ვიყიდით ახალს, ძალიან, ძალიან ლამაზსა და გემოვნებიანს.
– ძალიან მანებივრებ, – უთხრა ლევანმა და აკოცა.
ლევანი გრძნობდა, რომ ნანასთან არ გაუვიდოდა ის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა. მასთან ურთიერთობის ერთწლიანმა გამოცდილებამ დაანახვა, რომ ქალს თავისი, ჩამოყალიბებული პრინციპები ჰქონდა, რომლებზეც უარს ადვილად არ იტყოდა... სურვილი იმისა, რომ ბიზნესში ლევანიც ჩართულიყო, აშკარად არ გასჩენია, კაცს კი სწორედ ეს უნდოდა. „არა უშავს, ნელ-ნელა მივალ იქამდე, რომ ნანა სრულ ნდობას გამომიცხადებს... მთავარია, შეცდომა არ დავუშვა და ჩემზე ეჭვი არ აიღოს... ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაბრიელასთან შეხვედრებზე უარი უნდა ვთქვა, რაც ჩემს ძალ-ღონეს აღემატება. მხოლოდ გაბისთან ურთიერთობაა ის, რაც ნანასთან ურთიერთობის შენარჩუნებაში მეხმარება. გაბი მხოლოდ გასცემს და სანაცვლოდ არაფერს ითხოვს, რასაც ნანაზე ვერ ვიტყვი, თუმცა, ამასაც თავისებურად ვუყვარვარ. თან, ლამაზიც არის... თავისებურად, – ლევანმა კოტეჯისკენ მიმავალ ცოლს გახედა და აუზში გადახტა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში