მკვლელი ლამაზი თვალებით
მას მართლაც ლამაზი თვალები ჰქონდა... სასტუმროში მარტო ჩამოვიდა, როგორც საერთოდ ხდებოდა ხოლმე, მის ცხოვრებაში. სასტუმროს თანამშრომელმა ბიჭმა მისი ბარგი აიღო, ოქროსფერ ურიკაზე დააწყო და ლიფტისკენ გააგორა. თან, შეფარვით ათვალიერებდა. ოცდაათი წლისაც არ იქნებოდა. ქალმა კი იცოდა, რომ ლამაზი არ იყო...
– თქვენი ოთახი ამ სართულზე საუკეთესოა, საოცარი ხედი აქვს. თუ მოისურვებთ სანაპიროზე ჩასვლას, ბანაობას და გარუჯვასაც მოასწრებთ. ჯერ მხოლოდ ოთხი საათია, – დაიწყო ბიჭმა, როცა ნომრის კარი გააღო და ბარგი შიგნით შეიტანა, – მაიამიში პირველად ხართ?
– არა, – მშრალად მიუგო ქალმა, – შარშანაც ვიყავი.
– თქვენისთანა ლამაზი ქალისთვის, ალბათ, რთულია მარტო მოგზაურობა.
– არა, სულაც არა. მადლობა, რომ ბარგი ამომიტანე. აი, შენ დოლარი.
– კიდევ ხომ არ გინდათ რამე? მე ჯონი მქვია.
– მადლობა, არაფერი მინდა.
– შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს დამირეკოთ... ჯონი მქვია. დაიხსომებთ?
– შევეცდები.
ქალს ერთი სული ჰქონდა, მარტო დარჩენილიყო. „თქვენისთანა ლამაზი ქალისთვის...“ – ჰმ, ეს დაცინვაზე მეტი იყო. უფერული გარეგნობა ბედისწერად ექცა. არავინ გამოჩნდა ისეთი, ვინც შეიყვარებდა. მართალია, არ იყო ლამაზი, არაფერი ჰქონდა ისეთი, რაც კაცებს იზიდავთ, თუმცა, შემთხვევითი რომანები იყო. ერთი ღამის ურთიერთობა, მაგრამ სერიოზული არაფერი.... აეროპორტი... ტაქსი... ჩემოდნებიც იგივე, იცვლებოდა მხოლოდ სასტუმროები. ის, რომ ლამაზი არ იყო, რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინა. თავიდან მტკივნეული იყო ამის გაცნობიერება. მერე, ნელ-ნელა შეეგუა რეალობას. თუმცა, მამაკაცების ცრუ კომპლიმენტები და ყალბი ფრაზები მის გარეგნობასთან დაკავშირებით, მაინც აღიზიანებდა. მორჩა, ახლა ასე აღარ იქნება. თავს აღარავის მოატყუებინებს. ეს ყველაფერი უკვე მოსმენილი აქვს.
ნომერში სიმყუდროვეს მხოლოდ კონდიციონერის თანაბარი ზუზუნი არღვევდა. ქალმა ბარგი გახსნა და მეათე სართულის აივანზე გავიდა. აუზზე ხალხმრავლობა იყო. ადამიანები ცურავდნენ, შეზლონგებზე ირუჯებოდნენ. სამგზავრო ტანსაცმელი გაიხადა. საცურაო კოსტიუმი ჩაიცვა, ზემოდან მსუბუქი, თეთრი სარაფანი გადაიცვა და ლიფტით აუზზე ჩავიდა, მაგრამ არც წყალში ჩასულა და არც შეზლონგზე დაწოლილა. ბართან მივიდა და ხერესი შეუკვეთა. მზე სასიამოვნოდ ელამუნებოდა კანზე, რომელიც ლამაზად ჰქონდა გარუჯული. რაღაც პერიოდი ეგონა, რომ რუჯი მას მიმზიდველობას მატებდა, თუმცა ეს ილუზიაც გაუქრა.
ქალმა საზაფხულო ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო და პირისკენ გააქანა.
– ნებას მომცემთ? – მოესმა მამაკაცის რბილი, ხავერდოვანი ხმა. გვრედით მიიხედა და შუახანს მიტანებული, სიმპათიური მამაკაცი დაინახა, რომელიც სანთებელას უმარჯვებდა. ქალი თავშეკავებული ღიმილით შებრუნდა მისკენ, სიგარეტს მოუკიდა და ცივად მიუგო:
– გმადლობთ.
მამაკაცი უფრო მოხერხებულად მოკალათდა გვერდითა ტაბურეტზე.
– მოგწონთ ფილტრიანი სიგარეტი და ხერესი? მგონი, ცოტა შეუსაბამობაა. მე სიგარეტთან ყოველთვის ვისკის მივირთმევ ხოლმე.
– თქვენი ნებაა... მე კი უცნაური არომატები მომწონს.
– საინტერესო ქალბატონი ბრძანდებით. აქ მარტო ხართ თუ ოჯახთან ერთად?
– მარტო. ქმარი და ოჯახი არ მყავს.
– მართლა? ასეთი მომხიბვლელი ქალი და მარტო? ო, ეს დანაშაულია. მაიამიში პირველად ხართ?
– არა... რა თქმა უნდა. ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ვცხოვრობ და სარეკლამო სააგენტოში ვმუშაობ. სარეკლამო ტექსტებს ვწერ.
– როგორი საინტერესოა?! მე კი ბრუკლინიდან ვარ. გინდათ, ბრუკლინური ანეკდოტი მოგიყვეთ?
– არ მიყვარს ანეკდოტები... თქვენც მარტო ხართ?
– დიახ და ეს ხომ შესანიშნავია! როდის ჩამოხვედით?
– დღეს და ორი კვირა ვაპირებ დარჩენას.
– რა დამთხვევაა?! მეც დღეს ჩამოვედი და მეც ორი კვირით ვრჩები. ძალიან კარგად გავატარებთ დროს. გამიმართლა. ყოველთვის როდის მხვდებიან ასეთ სასტუმროებში თქვენისთანა მომხიბვლელი ქალბატონები. არავის უთქვამს თქვენთვის, რომ ძალიან ეფექტური გარეგნობა გაქვთ? ჰო, მართლა, რა გქვიათ?
– კონი დევიდსონი, – ქალი გრძნობდა, როგორ მატულობდა მასში „დუღილის ტემპერატურა“. ო, როგორ უნდოდა, ამ ყალბი, საზიზღარი სიტყვების მაგივრად, ერთხელ მაინც მოესმინა გულახდილად ნათქვამი სიტყვები: „როგორი ლამაზი თვალები გავქთ, მართლა ლამაზი. სიამოვნებით ვიქნებოდი ამ თვალების გვერდით დარჩენილი სიცოცხლე...“ მაგრამ ეს კავალერიც არაფრით გამოირჩეოდა დანარჩენი, მატყუარა კავალრებისგან. ბანალურ, გაცვეთილ ფრაზებს ასევე, ბანალური და გაცვეთილი შეთავაზება მოაყოლა.
– ვახშამზე გეპატიჟებით. ჩემს ნომერში... სასმელსაც შევუკვეთავ, ტკბილეულსაც. დავსხდეთ, დავილაპარაკოთ. ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ.
– ჯერ სასმელზე დამპატიჟეთ.
– სიამოვნებით, – გამოცოცხლდა კაცი.
სასმელს რომ სთავაზობდა, ქალმა მას თითზე ბეჭდის ნაკვალევი შენიშნა. „მოხსნა მოუსწრია“, – გაიფიქრა.
– ცოლი გყავთ?
– ა, დიახ. მაგრამ ეს ჩვენს ურთიერთობას ხელს ვერ შეუშლის. გპირდებით, ჩემი ცოლი აქ არ ჩამოვა, – კაცმა თვალი ჩაუკრა და გაიცინა.
ქალს გულისრევის მსუბუქი შეგრძნება დაეუფლა.
– რას იტყვით ჩემს წინადადებაზე.
– საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მაგრამ მე ხომ ლამაზი არ ვარ?
– ვინ გითხრათ? ლამაზი ხართ და მერე როგორი ლამაზი...
ეს სიტყვები ბოლო წვეთი აღმოჩნდა ქალის მოთმინების ფიალაში.
სასტუმრო გამთენიისას დატოვა. მოსამსახურე პერსონალისთვის განკუთვნილი შესასვლელიდან ისე გავიდა, რომ არავის შეუნიშნავს. პოლიცია მოგვიანებით მოვიდა, როცა სასტუმროს დამლაგებელმა მეცხრე სართულის ერთ-ერთ ნომერში მამაკაცის გვამი აღმოაჩინა.
– შეგიძლიათ, თქვენი სტუმარი ქალბატონის გარეგნობა ამიწეროთ? – ჰკითხა ინსპექტორმა ბიჭს, რომელმაც წინა დილით ქალი თავის ნომრამდე მიაცილა. ბიჭი დაფიქრდა...
– როგორ გითხრათ, მას ლამაზი თვალები ჰქონდა – შესანიშნავი, მართლაც ულამაზესი თვალები, რომელთა მსგავსიც არ მინახავს. სიამოვნებით გავატარებდი დარჩენილ სიცოცხლეს ქალთან, რომელსაც ასეთი თვალები აქვს... – თქვა ფიქრებში წასულმა.
ინსპექტორმა თავი გადააქნია.
– ჰო, მაგრამ ის ხომ მკვლელია? და ეჭვი გვაქვს, რომ სერიული მკვლელიც... ხელწერა ძალიან ემთხვევა. წინა ორი მსხვერპლიც სასტუმროს ხალათის ქამრით იყო დამხრჩვალი. უფრო ზუსტი აღწერილობა გვჭირდება, რამე ხელჩასაჭიდი გაიხსენეთ.
– ძალიან ლამაზი თვალები ჰქონდა, მას მართლაც ძალიან ლამაზი თვალები ჰქონდა, – თქვა ბიჭმა და ამოიოხრა...
მას უკვე ენატრებოდა ქალი.