კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საიდან იღებდა მუჭა-მუჭა ქაღალდის ახალ ფულს პაოლო იაშვილი და რაში სჭირდებოდა მას ნარკოტიკები

„ჩემო საყვარელო მედიკო! ჩემო შვილო, ჩემო კარგო მამიკო, ჩემო სიხარულო და ბედნიერებავ! მედეა! მაპატიე, გემუდარები, მაპატიე ეს უდიდესი დანაშაული შენ წინაშე, მთელი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე... შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა.“ – პაოლო იაშვილის დღიურების ეს ნაწილი კიდევ უფრო  ბევრ საინტერესო ამბავს მოგითხრობთ. მაშ, ერთად გადავავლოთ თვალი კოლეგა-მეგობრების ნაამბობს პაოლოს შესახებ. 
სიმონ ჩიქოვანი:  „როდესაც დარბაზში პაოლო შემოვიდა, სხდომა უკვე დაწყებული იყო და აკაკი ბელიაშვილის წევრობის საკითხი განიხილებოდა… შემოსვლით  ვესტიბიულიდან  შემოვიდა (წყარო – „ბურუსი”). როდესაც  კარი  გაიღო, მე შემოვბრუნდი და კარისკენ გავიხედე. დილით პაოლო ორჯერ შემხვდა და ჩემი მეუღლის მამის, ნიკო ელიავას ამბავი მკითხა. მე ყურადღება მივაქციე მის შემოსვლას დარბაზში. იგი ალ. ქუთათელთან დაჯდა, ერთხანს მასთან საუბრობდა, შემდეგ ადგა და წამოვიდა ჩემკენ, ჩემს უკან სკამზე დაჯდა და საუბარი დამიწყო: ჯერ მკითხა, ნიკოლოზ მიწიშვილის ამბავი ხომ არაფერი იციო, ამბობენ დახვრიტესო; მერმე მკითხა – მარიკა ძალიან შეწუხებულიაო? მე ვუპასუხე – ძალიან შეწუხებულია-მეთქი. ნუთუ ნიკოს შესახებ ვერაფერი გაიგეთო. მე ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს ნიკოს შესახებ რაღაც იცოდა. ვკითხე, შენ ხომ არაფერი შეგიტყვია-მეთქი (უქამრო თეთრი ხალათი ეცვა). არაო – მითხრა, – რომ ვიცოდე, შენ გეტყოდიო. შენი საქმე გამოკეთებულა-მეთქი. ჰო, გამოირკვაო. სოფელში არ წახვედი-მეთქი? რა წამიყვანს ახლა სოფელშიო – თითქოს წყენით თქვა და მითხრა – პაპიროსი მომეციო, მაგრამ, სანამ მე პაპიროსს ამოვიღებდი ჯიბიდან, თავად ამოიღო და მოსწია. მითხრა – შენს მეუღლეს ჩემი გულითადი მოკითხვა გადაეცი და უთხარი, რომ მისი სევდა ჩემთვის გასაგებიაო. მე გაკვირვებულმა შევხედე და მადლობა ვუთხარი. სიმონ, – მითხრა, – შეიძლება გულში წყენა გქონდეს, მაგრამ იცოდე, რომ მე კეთილშობილი, პატიოსანი, ვაჟკაცი კაცი ვარ და ამას მალე დაგიმტკიცებო. მე უფრო გაკვირვებულმა შევხედე და ცოტათი დავიბენი კიდეც, არ ვიცოდი რა მეთქვა. მერე განმეორებით დამაბარა ჩემს ცოლთან მოკითხვა და წამოდგა. მე ვუთხარი: – მოიცადე, პაოლო, შენს მეზობელს მწერალთა კავშირიდან გარიცხვას უპირებენ და დავიცვათ-მეთქი. ვინ ჩემს მეზობელსო, – მკითხა. აკაკი ბელიაშვილს-მეთქი. არ შემიძლია დარჩენაო, – მობრუნდა და წავიდა. მაგრამ, იმ კარით კი არ გავიდა, რომლიდანაც შემოვიდა, არამედ უკანა, ბაღში გასასვლელი კარისაკენ წავიდა. მე თვალი გავაყოლე და დავინახე, როგორ გავიდა უკანა კარში, მაგრამ როგორ მობრუნდა მეორე სართულისაკენ, არ შემიმჩნევია… გავიდა ხუთი თუ შვიდი წუთი და საშინელი ხმით დაიჭექა თოფმა, მაგრამ ის თოფის ხმას არ ჰგავდა, უფრო ყუმბარის გასკდომას. უცებ, წამით, სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, ქუჩისკენ დარბაზის კარი ღია იყო და ვიღაცამ წამოიძახა, მინა გასკდაო. ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა: თოფის გავარდნა, დუმილი და ჩემი გარეთ გავარდნა. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ პაოლომ თავი მოიკლა, ე. ი. თვითმკვლელობა განიზრახა, მაგრამ დაიჭრა და არ მომკვდარა. ღმერთო, შეგცოდე (ასე იტყვიან), მე არ მეგონა, თუ იგი თავს გაიმეტებდა და ამიტომ ვიფიქრე, რომ იგი დაჭრილია, მაგრამ მკვდარი არ არის. თურმე საშინლად შემცდარი ვიყავი, ყველაფერი ეს ერთი თვალის დახამხამებაში მოხდა – ანი (ჩვენი დამლაგებელი ქალი) ჩამორბოდა კიბეზე და იძახდა: „ვაიმე შვილო, ვაიმე შვილო!” მე მივვარდი ანიჩკას:
– სულ მოკვდა?
– სულ მოკვდა, შვილო, სულ მოკვდა. თავი გაპობილი აქვს და ტვინი დაქცეული. უკვე ამის მოსმენა ძნელი იყო… დარბაზში შევბრუნდი და პირველი ტიციან ტაბიძის თვალები შემომეგება, გაღებული და კითხვით სავსე. მე მივუახლოვდი ტიციანს და დაბალი ხმით ვუთხარი – პაოლომ სანადირო თოფით თავი მოიკლა-მეთქი. ტიციანმა ერთი კი წამოიყვირა – ვაიმე, პაოლოო და იქვე ჩაჯდა, – ვაიმეო, – განაგრძო უფრო დაბალი, მონოტონური ხმით. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს საკუთარმა ხმამ პირველი დაყვირებით შეაკრთო და ახლა დაბალი ხმით გლოვობსო მეგობარს, თითქოს ერიდებოდა ამ დარბაზში შეკრებილი ხალხის და თავად მწერალთა შენობის… შინსახკომი როდის გაჩნდა, მე ვერ შევამჩნიე. ამ დროს მიხეილ ჯავახიშვილი შემოვიდა და დავით დემეტრაძეს მანქანა სთხოვა – გაწვიმდა და თეთრი კოსტიუმი დამისველდებაო. დავითი საშინლად გაბრაზდა და იყვირა – რა დროს კოსტიუმია, ვერ ხედავ, რა ხდებაო? მაგრამ დავითი ცდებოდა: მიხეილის თხოვნა – ეს იყო ერთგვარი დაბნეულობით გამოწვეული საუბარი. არავინ იცოდა, რა ეთქვა. თავად დავითიც გაოგნებული და პირში ენაწართმეული იყო. ჩვენმა საყვარელმა ნიკო ლორთქიფანიძემ საკვირველი შეკითხვა მომცა: – სიმონ, კრება გაგრძელდება თუ არაო. ნიკოს პაოლო საოცრად უყვარდა, – ეს კარგად მაგონდება, – ბევრჯერ ჰქონია ჩემთან პაოლოს შესახებ საუბარი, მაგრამ არც მწუხარების გამოთქმა შეიძლებოდა და არც ამ საკითხზე მსჯელობა. საიდანღაც გაჩნდა ირაკლი აბაშიძე. პაოლო მისი ნათესავიც იყო და, ალბათ, საყვარელი პოეტიც. პაოლო ძლიერ უყვარდა. მე არ ვიცი, დაინახა თუ არა მან თავგაპობილი პაოლო, მაგრამ მე მაგონდება მისი დაწითლებული თვალები… მე გავშორდი იქაურობას და გადავწყვიტე, პაოლოსთვის დამეხედა. ეს ჩემთვის ძლიერ მძიმე გადასაწყვეტი იყო. ბავშვობიდან მეშინია მიცვალებულის და საყვარელი ბებიისთვისაც არ დამიხედია. მე საერთოდ მიცვალებული არასოდეს მინახავს, მაგრამ ეს შემთხვევა იმ წუთში ისტორიული მნიშვნელობის დღედ მივიჩნიე და გადავწყვიტე, ზევით, ვეფხვის ფიტულთან ჩაკეცილი პაოლო უშუალოდ მენახა და კიბის პირველ საფეხურებზე ავიარე… უკვე აღარ შემეძლო მეტი, სლუკუნი დავიწყე და გული ყელში მომებჯინა.“
სერგო კლდიაშვილი:  „...იმ პატარა ოთახიდანაც, მემანქანეთა ოთახიდან, საიდანაც ტირილი ისმოდა, ჩანდა, პაოლოს თავის ქალის უკანა ნაწილი იატაკზე ეგდო. სისხლი კედლიდან მოწვეთავდა. პაოლოს თოფის ლულა პირში ჰქონდა გაჩხერილი. ზევიდან რომ ჩამოვედი, ტიციან ტაბიძე დავინახე. სახე დაფარული ჰქონდა ხელისგულებით. დარბაზში მყოფნი ჩუმად ისხდნენ. ქუჩაში გასასვლელი კარი დაკეტილი იყო. გასვლა ვერავის მოეხერხებინა. ქუჩაში მხოლოდ დემეტრაძე გავიდა. ტელეფონით გაეგო დემეტრაძეს, რომ პირველი მდივანი ბერია პლეხანოვის პროსპექტზე მდებარე ბაღში კონცერტზე იყო. იქ, როგორც შემდეგ გავიგეთ, დემეტრაძე წასულიყო ბერიას სანახავად. დემეტრაძე მივიდა ბერიასთან და მოახსენა პაოლოს თვითმკვლელობის ამბავი. ბერიამ გულცივად უთხრა: „შენ რას ღელავ აგრე, მოიკლა და მოიკლა, რა მოხდა ასეთი. წადით!“ გვიან გაგვიღეს კარი და გაგვიშვეს. ბერიასგან დაბრუნებულმა დემეტრაძემ გაგვაფრთხილა, არსად გვეთქვა პაოლოს თვითმკვლელობის შესახებ. ამასთანავე, წინადადება მოგვცა, ხვალ შუადღისას მივსულიყავით. დავეთანხმეთ. ხმაამოუღებლად გავეშურეთ თავთავიანთი სახლებისკენ“ (წყარო – „არილი“).
გერონტი ქიქოძე:  „...პაოლო იაშვილი კარგი კულინარი იყო, მაგრამ საყასბოში ცხენის ხორცს ვერ არჩევდა ძროხის ხორცისაგან. რაც შეეხება ერთი ბოთლი იაფფასიანი ღვინის ან შამპანიურის ყიდვას, დიდი დეგუსტატორის ნიჭი არ სჭირდებოდა... პაოლო იაშვილი თავისი გულთბილობისა და თავისი ხელგაშლილობის წყალობით ადვილად ხიბლავდა და იზიდავდა ადამიანებს... ბოდლერის სონეტებიდან ყველაზე მეტად მისი „დაწყევლილი პოეტის დასაფლავება” უყვარდა...  მაგრამ, უნდა ითქვას, რომ პაოლო იაშვილის გარეგნობაში, არც მის სულში, არაფერი იყო დეკადენტური... ეს იყო ლამაზი, მაღალი, გრუზათმიანი, შავგვრემანი ჭაბუკი; მას ნარკოტიკები სჭირდბოდა, რათა რეალური სამყაროდან მაცდური მოჩვენებების სამყაროში გადასულიყო. პაოლო იაშვილი ნამდვილი ახლად მოვლენილი ავთანდილი იყო თავისი მეგობრებისთვის. მახსოვს, როგორ იდგა ერთხელ ქუჩაში, სახლის კედელს ზურგმიყრდნობილი, ხალათის ჯიბიდან მუჭა-მუჭა ახლად მიღებულ ქაღალდის ფულს იღებდა და თავის მეგობრებს აძლევდა დაუთვლელად. თვითონ კი მუდამ უფულობას განიცდიდა. მას ძალიან სუსტი წარმოდგენა ჰქონდა ორმაგ ბუღალტერიაზე და მისი გასავალი ყოველთვის სჭარბობდა მის შემოსავალს. მას ეადვილებოდა ფულის შოვნა, მაგრამ კიდევ უფრო ეადვილებოდა ფულის დახარჯვა; უფრო ის ახსოვდა, ვისგან ისესხა, ვიდრე ის, ვის ასესხა; განებრივრებული იყო შეძლებული მამის მიერ, რომელსაც ის სუფრაზე ხშირად გულს უჩუყებდა: შენს ხუთ ვაჟიშვილში მე იმით გამოვირჩევი, რომ მსხვერპლად შესაწირავ მოზვერსა ვგავარო. როდესაც პაოლო იაშვილი უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნდა და „ცისფერი ყანწების ორდენი” დააარსა, მან, უწინარეს ყოვლისა, ძველი პოეტური თაობის ცენტრალურ ფიგურას, აკაკი წერეთელს შეუტია. ეს გასაგები იყო ახალი ორდენის ინტერესების თვალსაზრისით, მაგრამ ძნელი ასახსნელი იყო პაოლო იაშვილის ადამიანური და პოეტური ბუნების თვალსაზრისით: ის უფრო აკაკი წერეთლის ანდერძის დამცველად გამოდგებოდა, ვიდრე მის დამრღვევად... პაოლო იაშვილი ძველი დროის რაფსოდიებს და ტრუბადურებს ჰგავდა: მისი პოეტური ნიჭის დაფასება არ შეიძლება მარტოოდენ მისი დაბეჭდილი ლექსების მიხედვით... მას ვერავინ შეედრებოდა დიდ სადღესასწაულო სუფრაზე, მისი სიტყვები შინაარსიანი და გონებამახვილი იყო ერთსა და იმავე დროს...  როდესაც 1921 წლის 25 თებერვალს თბილისში წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ, პაოლო იაშვილმა მათ იმპროვიზებული სიტყვით მიმართა თვითმმართველობის ბალკონიდან. დიდი ყურადღება დაიმსახურა აგრეთვე მისმა სიტყვებმა, წარმოთქმულმა კრემლის პოლიტიკურ ბანკეტზე... სიკვდილის წინ პაოლო იაშვილი აღიარებდა, ჩემი უბედურების ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ბავშვობიდანვე არ შემაჩვიეს სისტემურ მუშაობასო. 
...ერთხელ, შემოდგომაზე, პაოლო იაშვილი და მე ტყის ქათამზე ვნადირობდით წიწამურის ტყეში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც ამჟამად ილია ჭავჭავაძის ობელისკია აღმართული. მშრალი დარი იდგა და ჩვენმა ინგლისურმა სეტერმა ვერც ერთი ტყის ქათამი ვერ წამოაფრინა. შუადღისას დაქანცულობა ვიგრძენით, ერთი ხის ძირში ჩამოვჯექით პატარა ველის პირას და თავის გასართობად ორ-სამჯერ თოფი ვესროლეთ ბუჩქზე მიმაგრებულ თამბაქოს კოლოფს. ორიოდე წუთის შემდეგ დავინახეთ, რომ ტყის სიღრმიდან ორი თოფმომარჯვებული კაცი გვიახლოვდებოდა ფეხაკრეფით. როდესაც ჩვენთან მოვიდნენ, გვითხრეს, ველზე მორბენალმა ძაღლმა გადაგარჩინათ – თუ შორიდანვე ის არ დაგვენახა, უსათუოდ დაგხოცავდითო. საქმე იმაში ყოფილიყო, რომ წინა დღით ყაჩაღებს წიწამურის გზაზე მიმავალი მეურმეები გაუძარცვავთ და მცხეთის მილიციას ტყეში საგანგებო დარაჯები დაეყენებია. პაოლო იაშვილი შემდეგ ხშირად გულწრფელ სინანულს გამოთქვამდა, რომ ის როყიო ტყვიის მსხვერპლი არ გახდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილას. ეს ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ჭაღებით განათებული დარბაზები, ტაშებით ახმაურებული აუდიტორია, ბრწყინვალე ბანკეტები და არტისტული ყავახანები უყვარდა, თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წელს ძალიან განმარტოვდა. 1937 წლის ზაფხულში ის ხშირად თავისი ბინის ლოჯიაში ჯდებოდა ჯაფარიძის ქუჩაზე და სევდიანად გასცქეროდა მახათის მთის გოლგოთას. ხანდახან ბოტანიკურ ბაღში ადიოდა და ცდილობდა, აფორიაქებული სული დაეშოშმინებინა...“

скачать dle 11.3