„თერაპიის“ სეანსები
ჩვენ მაშინ ვუგებთ ადამიანებს კარგად, როცა მათთან ერთად იმ საქმის კეთებას ვიწყებთ, რომელიც მართლა მოგვწონს. ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ, სასიამოვნო საქმის კეთებისას ვიღებთ და გავცემთ კიდეც ბევრ პოზიტივს. ამიტომ, ცუდი არ იქნება, თუკი დაფიქრდებით და გასცემთ პასუხს კითხვაზე – რისი კეთება მოგწონთ რეალურად და რა საქმე განიჭებთ ბედნიერებას. არ მოიტყუოთ თავი და იცოდეთ, ეს თქვენთვის იგივეა, რაც სასარგებლო „თერაპიის“ სეანსი... როცა იმაში დარწმუნდებით, რომ კონკრეტულად ეს საქმე განიჭებთ სიხარულს, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ დღეში ერთი საათით მაინც გააკეთოთ სწორედ ეს საქმე.
დაუსახეთ საკუთარ თავს პატარა მიზნები – ჯერ პატარა მიზნებით და ამოცანებით უნდა დაიწყოთ. იყოს მიზანი „მოკრძალებული“, მაგრამ რეალური და მიღწევადი, რათა გამარჯვებით განცდილი სიხარულისგან პოზიტივი მიიღოთ...
როცა გირჩევენ, არასდროს შეედარო სხვასო, ამას იმიტომ ამბობენ, რომ სასარგებლო „თერაპიას“ ხელი შეეშლება. მიიღეთ სიამოვნება საკუთარი მიღწევებით. გქონდეთ ურთიერთობა თქვენს შინაგან „მესთან“... თქვენი დღის განრიგში აუცილებლად უნდა იყოს გართობის, რელაქსაციის საათები. თვითკრიტიკა კარგია, მაგრამ თუ თქვენი აზრები პოზიტიური არ იქნება, იქამდე მიხვალთ, რომ ბოლოს საკუთარი თავი შეგეცოდებათ, რაც ნელ-ნელა გაგიჩენთ არასრულფასოვნების კომპლექსს. ეს კი არაფერში გჭირდებათ!
შინაგანი
კრიტიკოსი
გაიცანი შენი შინაგანი კრიტიკოსი – რას ნიშნავს ეს?! თითოეულ ჩვენგანს ჰყავს საკუთარი შინაგანი კრიტიკოსი – ეს ის ხმაა, რომელიც გვეუბნება: „შენ ეს არ გამოგივა“, „შენ ახლა ძალიან შეგეშალა“, „შენ ამას ვერ შესძლებ“, „შენ მართალი არ იყავი“... ზოგი ამას სინდისის ხმას ეძახის და ადამიანს ის უნდა ჰქონდეს. მაგრამ, კრიტიკამ მხოლოდ პოზიტივი უნდა „გამოიღოს“, სხვანაირად უარყოფით შედეგებს მოგცემთ. შეგიყვანთ კონფლიქტში საკუთარ თავთან.
„შინაგანი კრიტიკოსი“ ჩვენ ბავშვობიდან მოგვყვება. როცა მშობლები, მასწავლებლები გვსაყვედურობდნენ, რაღაცას არ გვიწონებდნენ, გვიბრაზდებოდნენ დაშვებული შეცდომებისთვის, „შინაგანი კრიტიკოსი“ ძალას იკრებდა. დიახ, ის უნდა არსებობდეს – უნდა გვკარნახობდეს და მიგვითითებდეს შეცდომებზე, მაგრამ ჩვენზე გაბატონების უფლება არ უნდა მივცეთ.
იყავით ყურადღებით. ყოველთვის, როცა თქვენს გონებაში სკეპტიკური ფრაზები და „ტონალობა“ გაიჟღერებს, შეეცადეთ, გაარკვიოთ, ვინ „ლაპარაკობს“ სინამდვილეში; ვისგან და როდის მოისმინეთ ეს კონკრეტული ფრაზა თქვენი მისამართით... კარგად „ამოქექეთ“ მეხსიერებიდან, გაიხსენეთ ნაცნობი სიტუაციები... მთავარია, გააცნობიეროთ, რომ „შინაგანი კრიტიკოსის“ შენიშვნები აქსიომა არ არის. ამან არ უნდა დაგაკომპლექსოთ. პირიქით, საქმის უკეთესად გაკეთების სტიმული უნდა მოგეცეთ.
სელფი –
სიყვარულის მტერი
სელფი ძალიან უყვართ შეყვარებულებს. ეს ხომ ისეთი სასიამოვნოა, მაგრამ მეცნიერები ასე არ ფიქრობენ. ხანგრძლივი კვლევის შედეგად, მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სელფი სიყვარულის მტერია. დარწმუნებული ვარ, გაგეცინებათ – როგორ შეიძლება, ფოტოგრაფირებამ გრძნობას ავნოსო... ან ურთიერთობა დააზიანოსო. მაგრამ, ფლორიდელი სოციოლოგები სხვა აზრისანი არიან. ისინი შეყვარებულებს აფრთხილებენ – უწყინარმა გართობამ, დიდი შანსია, სერიოზულად გავნოთო. დავიწყოთ იმით, თუ რისთვის არის „სელფი“ ან ლამაზი ფოტო განკუთვნილი – მით უმეტეს, როცა მასზე გამოსახული საკუთარი თავი ძალიან მოგწონთ. ბუნებრივად გიჩნდებათ სურვილი, რომ ის სხვებმაც ნახონ, მოიწონონ და თავისი აღფრთოვანება გამოხატონ. სწორედ ამ მოსაზრებით ხვდება ჩვენი ფოტოები სოციალურ ქსელში. თუ ამას თქვენ ან თქვენი პარტნიორი ხშირად აკეთებთ, იზრდება შანსი, რომ ფოტოების გასაჯაროება და კომენტირებით ტკბობა სერიოზულ გატაცებად გექცევათ. აი, ეს უკვე აღარ არის უსაფრთხო. შედეგად, პროცესი ღრმა და საშიშ მიმართულებას იღებს. ვიღაც ძალიან მოიწონებს, მერე საპასუხო რეაქციაც არ დააყოვნებს და იწყება ახალი ურთიერთობა, რომელიც შესაძლოა და ამის დიდი შანსია, განხეთქილების ვაშლად იქცეს. დაიწყება და გახშირდება კონფლიქტები. გაჩნდება გაუცხოება... ბრალდებები... ეჭვი... ერთი სიტყვით, ძველი და სტაბილური ურთიერთობა შეიძლება, დაანგრიოს სწორედ „სელფომანიამ“. აბა, რა აზრი აქვს სურათის გადაღებას, თუ მას ვერავინ ნახავს და არავინ მოგიწონებს? საკუთარი თავის რეკლამირების სურვილი სოციალურ ქსელში პარტნიორების მიერ განიხილება, როგორც ღალატის ჩანასახი. ყოველ შემთხვევაში, ურთიერთობის ნორმალიზება, ამის შემდეგ ძალიან რთულია.
სამმაგი
შეთავაზება...
როგორი ქალი სჭირდება მამაკაცს?! – სრული პაკეტი და სამმაგი შეთავაზება... რას ნიშნავს ეს?! როგორც ჭკვიანი ქალბატონები იტყვიან: ცოლი სამზარეულოში შეფ-მზარეული უნდა იყოს, გარეთ – დედოფალი, საძინებელში კი – მეძავი, რადგან კაცებს ქალში „ჩაბუდებული“ ფარული ტალანტები ნაკლებად აინტერესებთ. მერე რა, რომ შეიძლება, ძალიან კარგად ხატავთ ან ქარგავთ, წერთ ლექსებს, პიესებს, თქვენში დიდ მსახიობს „სძინავს“... ძნელად იპოვით მამაკაცს, რომელსაც ცოლში სწორედ ეს თვისებები აღაფრთოვანებს. ზოგჯერ პირიქითაც ხდება – რაც უფრო ნიჭიერია ქალი, მით უფრო იბოღმება კაცი და შური იქითკენ უბიძგებს, რომ მეუღლეს კარიერულ წინსვლაში შეუშალოს ხელი. ნებისმიერ მამაკაცთან რთულია თანაცხოვრება. იმიტომ არა, რომ ისინი ჩვენზე ცუდები არიან, უბრალოდ, ხშირად ერთმანეთს ვერ ვუგებთ. კაცებმა იციან, რა სჭირდებათ – ისეთი ცოლი, რომლითაც იამაყებენ, რომელიც მათ სრულ კომფორტს შეუქმნის და სანაცვლოდ მოთხოვნებს არ წაუყენებენ. პრინციპში, სამმაგი შეთავაზება ძალაშია და ისევ აქტუალურად რჩება. რჩევა? – თუ გინდათ, გამოიჩინეთ შემოქმედებითი ინდივიდუალურობა, მაგრამ კაცისთვის გასაგებ ენაზე. ეს მართლაც კარგი რჩევაა... გაითვალისწინეთ ისიც, რომ მამაკაცს სძულს ყოველგვარი განაწესი – მათი ჩარჩოებში ჩასმა და კონკრეტულ რეჟიმს დაქვემდებარება ძალიან რთულია. თუ ამას აშკარად გააკეთებთ, მძაფრ წინააღმდეგობას წააწყდებით. საქმე თქვენს სასიკეთოდ შეტრიალდება, თუ ისევ სამ შეთავაზებას გამოიყენებთ: მოთმინება, ტკბილი სიტყვა და აღიარება. რისი აღიარება? – იმის, რომ ის ყველაზე, ყველაზე მაგარია!