კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ვნების გამო იმყოფებიან თანამედროვე საერო და სასულიერო პირები ცოდვილ მდგომარეობაში და როდის უყურებენ ქართველი მართლმადიდებლები სხვა ადამიანებს ზემოდან

 დღეს თანამედროვე ადამიანების უფალთან დაშორების კიდევ ერთი მიზეზი ამპარტავნებაა, რომელიც თავის თავში კიდევ ბევრ უარყოფით თვისებას მოიცავს. ამ ვნებისგან, რა თქმა უნდა, მორწმუნე ქრისტიანებიც არ არიან თავისუფლები. ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 – სახარება იცნობს ასეთ მდგომარეობას: ორი ძე, ორი ავაზაკი, ორი ძირითადი პარტია, ორი იდეოლოგია. ახლაც ასეა: ერთია – ჭეშმარიტი მორწმუნეები, მეორე – წარმართები, სხვა მდგომარეობა არ არსებობს. ისევე, როგორც ერთია წმიდა სამოციქულო ეკლესია, ერთია ჭეშმარიტი აღმსარებელი და სხვა დანარჩენი, ჩვენთვის, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, არის მწვალებლობა, წარმართობა. ივნისში წმიდა დიდი კრება უნდა შეიკრიბოს. ბევრი მართლმადიდებელი მღვდელმთავარი ასე ქადაგებს: „ჩვენი ძმები, მოძმე ეკლესიები, სხვა ქრისტიანები,” იმიტომ, რომ დაიკარგა ტერმინები: „წარმართები“, „მწვალებლები“ და ახლა ერიდებათ ამის თქმა. არადა, თუ ადამიანს არ უთხარი, რომ წარმართობაშია, დაცემულ მდგომარეობაშია, მწვალებლობაშია, ფარისევლობაშია, მეზვერეობაშია, ის დარჩება ამ მდგომარეობაში. სიმართლე ხომ უნდა ვთქვათ, ხომ უნდა ვამხილოთ ფარისევლები, ხომ უნდა მივახვედროთ, რომ არ შეიძლება ასეთ მდგომარეობაში ყოფნა?! თუმცა, როდესაც ფარისეველთა პარტია ჩამოყალიბდა, ქრისტეშობამდე 200 წლით ადრე, „ფარისეველი” სულაც არ იყო სალანძღავი სიტყვა, როგორც დღეს არის. ესენი იყვნენ ებრაელი ადამიანები, რომლებმაც შექმნეს პარტია, რომელიც დაიცავდა მათ რჯულს, მათ ტრადიციას, რელიგიას. მაგრამ შემდეგში ამ ადამიანებს საკუთარ თავზე განსაკუთრებული შეხედულება ჩამოუყალიბდათ, ისევე, როგორც ქართველ მართლმადიდებლებს: „მე ვარ მართლმადიდებელი, მე ვარ ქართველი, მე უნდა დავიცვა რჯული, ყველაფერი და ყველა ადამიანს ზევიდან ვუყურებ.” თუკი სხვა ადამიანი წარმართია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ზემოდან უნდა ვუყუროთ; პირიქით, უნდა ვილოცოთ მისთვის და ვუთხრათ, რომ ასე არ შეიძლება, რომ ეს არასწორია; ჩვენ მათ უნდა დავანახვოთ ჭეშმარიტება და ვასწავლოთ როგორ უნდა ცხოვრობდეს და იქცეოდეს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი.
– რას მიჰყავს დღევანდელი ქრისტიანები დაცემულ, არასწორ მდგომარეობამდე?
– ჯერ კიდევ მეორე საუკუნეში გაიმართა არაწმიდა სულის შესახებ ბჭობა – რატომ დაეცა ის. ეკლესიის დიდი მამა ორიგენე ამბობს ასეთ რამეს: მოსწყინდა ამ წმიდა სულს უფალთან ურთიერთობა და ამიტომ დაეცაო. ამ არასწორ  სწავლებას წმიდა მამებმა დაუპირისპირეს მეორე სწავლება: არ შეიძლება, ღმერთთან ურთიერთობა იყოს მოსაწყენი. პირიქით, მარადისობაა და უფრო წინ მიდიხარ. მაშ, რა დაემართა წმიდა სულს, რომელიც დაეცა? მან თავისი ნათლითშემოსილობა საკუთარ თავს მიაწერა. იმისთვის, რომ ადამიანი მიხვდეს, ამპრტავნებაში არის თუ არა ის, უნდა შეიცნოს საკუთარი თავი. როცა ადამიანი შეიცნობს საკუთარ თავს, მიხვდება, კეთილია ის თუ ბოროტი; ამპარტავანია თუ თავმდაბალი. თუ ადამიანმა საკუთარი თავი არ იცის, ეს ნიშნავს იმას, რომ ამპარტავნებაშია. იოანე პეტრიწი ამბობს: ადამიანს სჭირს ორი უგუნურება, ორი უმეცრება: ერთი ის, რომ უმეცარია და მეორე – არ იცის, რომ უმეცარია. ამპარტავნების საწყისია საკუთარი თავის არცოდნა. ამპარტავანი ადამიანი,  ეკუთვნის თუ არა, ყველა ხერხით ეძებს პატივს, დიდებას, ქებას. ქართველებისთვის ძალიან ნაცნობია ეს მდგომარეობა. ამბობს: „მე მინდა პრეზიდენტობა, პრემიერობა, მღვდლობა, ეპისკოპოსობა, მაგრამ, რომ ვერ აღწევს მიზანს, მერე დაბოღმილია, დანევროზებულია, ცუდ მდგომარეობაშია. ყოველთვის სურს რაღაცის სწავლება, მითითება სხვებისთვის. ეკლესია რომ ავიღოთ, ასეთი ადამიანი ცდილობს, სხვას მიუთითოს, ასწავლოს, თვითონ კი, შეიძლება, უარესს აშავებს. ეკლესიის ერთი წმიდა მამა ასეთ ადამიანებს უწოდებს „წმიდა ჯადოქრებს“, რომლებიც საკუთარი ლოცვითი მდგომარეობის, საკურთხევლისთვის ცქერის, ლოცვის მოსმენის გარდა, აკვირდებიან სხვებს, როგორ ლოცულობენ, როგორ ან როდის დაიჩოქებენ, რა აცვიათ და ასე შემდეგ. ვინ როგორ იქცევა, რას აკეთებს – ეს შენი საქმე არ არის. მაგრამ, თუ ხედავ, რომ ადამიანი იღუპება, ცუდ მდგომარეობაშია, მაშინ შეგიძლია, რჩევა მისცე მოკრძალებულად, მშვიდად. არა ისე, რომ ჭკუის დარიგება დაუწყო – რჩევის მიცემა სხვა არის და ჭკუის დარიგება – სხვა.
– კიდევ რა ნიშნებით გამოირჩევა ამპარტავანი ადამიანი?
– „ვინც მის სურვილებს ეწინააღმდეგება, ურისხდება და ემტერება“ –  ეს ძალიან ნაცნობი მდგომარეობაა. ასე ხშირად ხდება როგორც მშობლებისა და შვილების, ისე, ცოლისა და ქმრის ურთიერთობაში, რაც, საბოლოოდ, დაპირისპირებაში გადადის. „იწყება საკუთარ ძალებზე აღმატებული საქმეების მოწადინება“ – ადამიანი, რომელიც თავის ძალებს ვერ საზღვრავს, იწყებს რაღაც საქმეებს, რომელსაც ვერ ამთავრებს, რადგან მის ძალებს აღემატება, არ შეუძლია, ბოლომდე ვერ მიჰყავს და მძიმე მდგომარეობაში ვარდება. „სხვის საქმეებში თვითნებურად ერევა“ – არავინ არ ეკითხება არაფერს, მაგრამ მაინც ერევა, თუნდაც ცოლ-ქმრის ურთიერთობაში. „ურცხვად აქებს და ადიდებს საკუთარ თავს“ – ეს საკმაოდ ხშირად ხდება, თუნდაც, არჩევნების წინ, სადღეგრძელოს წარმოთქმის დროს, სამსახურში და ესეც ამპარტავნებაა. „ხელისუფლებასა და მშობლებს არ ემორჩილება ამპარტავანი ადამიანი“. „ნებისმიერი ხელისუფლება ღვთისგან არის,“ – ამას ამბობს პავლე მოციქული, როდესაც რომში პირსისხლიანი ნერონია იმპერატორი. ასე რომ, ის ხალხი, ვინც თქვენ აირჩიეთ თუ აგარჩევინეს, ღმერთისგან არის; ოღონდ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ღმერთის რჩეულები არიან. ისინი ღმერთს კი არ მოსწონს, უბრალოდ, ჩვენ არ ვიმსახურებთ მეტს. როგორი ამპარტავნებიც ვართ, ისეთი ამპარტავანი ხელისუფლება გვყავს. ჩვენ თუ არ გამოვსწორდებით, ასეთი ხელისუფლება გვეყოლება ყოველთვის. თუ გვინდა, რომ ხელისუფლება გამოსწორდეს, ჩვენ უნდა გამოვსწორდეთ. „რა სიკეთეც აქვს, საკუთარ თავს მიაწერს მას“ – ესეც საინტერესო მდგომარეობაა. ეს დაემართა არაწმიდა სულს და ეს ემართება ბევრ ქართველს. შენ ხარ ქმნილება, ღვთისგან მიიღე ნიჭები, უნდა განავითარო და გადასცე სხვა ადამიანებს. „მხილება და დარიგება არ უყვარს და თავი სულ მართალი ჰგონია“ – ასეთი ძალიან ბევრი გვინახავს, განსაკუთრებით – სასულიერო პირები: სულ მართლები არიან, არაფერში ცდებიან და სხვებს მიუთითებენ იმაზე, რომ ისინი ტყუიან, თავად კი არაფერი ეშლებათ. „განსაცდელში და უბედურების დროს მოუთმენელია, შფოთავს და ხშირად გმობს კიდეც“ – განსაცდელში ვართ ყველა და ამ დროს ისე ვიბნვით, ისე გვეშინია, ვერაფერს ვაკეთებთ, ლოცვებსაც ვერ ვკითხულობთ. როცა ვიღაც ცუდად გყავს, განსაცდელში ხარ, მაშინ უნდა მიხვიდე ეკლესიაში, ილოცო, შეაწუხო შენი მოძღვარი, პარაკლისი და პანაშვიდი გადაახდევინო, აბა, სხვაგვარად როგორ უნდა გამოხვიდე ამ განსაცდელიდან? ამიტომაც ვართ ასე ყურებჩამოყრილები და მერე წარმართები გვეკითხებიან: აბა, სად არის შენი ღმერთი, რა გიშველა შენმა მოძღვარმა, სად არის შენი ეკლესია, პატრიარქი?! – და ამ დროს უფრო და უფრო მძიმე მდგომარეობაში ვვარდებით. და, ბოლოს– „სიყვარული უცხოა მისთვის“. სიყვარული გააჩნია გარეგნულად: „თავს დავდებ ყველასთვის, ვერ დავანახე ვერავის სიყვარული, მე ყველა მიყვარს,” – მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, აღმოჩნდება, რომ მას სიყვარული არ გააჩნია და საკუთარი თავის გარდა არავინ უყვარს. საკუთარი თავის სიყვარულს ღმერთი არ კრძალავს, მაგრამ, საკუთარი ცოლიც ისე უნდა გიყვარდეს, როგორც საკუთარი თავი; როგორც თავს უვლი, ასე უნდა მოუარო შენს ცოლს, შვილს, მეგობარსა და ახლობელს. „როცა ადამიანი შეიცნობს თავის სიგლახაკესა და უბედურებას, არასდროს იამპარტავნებს“. როცა მიხვდები, რომ ფარისეველი ხარ და მძიმე ცოდვებში ხარ, კი აღარ იამპარტავნებ, გულზე მიირტყამ მჯიღს და იტყვი: „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამასა და შემიწყალე მე.”

скачать dle 11.3