კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პირად ინფორმაციას ფლობენ ბანკები საქართველოს მოქალაქე ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ და როგორ შეუძლიათ ეს გამოიყენონ მათ წინააღმდეგ

ის, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ბანკებთან ურთიერთობს ამა თუ იმ ფორმით, ცხადზე უცხადესი ჭეშმარიტებაა. შესაბამისად, ბანკებს საქართველოს მოქალაქეების შესახებ თითქმის ამომწურავი ინფორმაცია გააჩნიათ: შემოსავალ-გასავლებით დაწყებული და ლამის საკვების მენიუთი დამთავრებული, აღარაფერს ვამბობ უძრავსა თუ მოძრავ ქონებაზე. მეტიც, არა მხოლოდ მოქალაქეებზე, ბიზნესებსა და ინვესტორებზეც. აქედან გამომდინარე, საინტერესოა: როგორ შეუძლიათ მათ ამ ინფორმაციის გამოყენება; რას აძლევს მათ ამ ინფორმაციის ანალიზი და ვინ აკონტროლებს და როგორ იმას, ხომ არ გადასცემენ ისინი დაინტერესებულ პირებს (როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ) ამ მეტად საშურ და საჭირო ცნობებს, – ამ თემაზე ლია ელიავასთან ერთად ვისაუბრებთ.

 – რა ინფორმაცია აქვთ ბანკებს მოქალაქეებზე?
– კომერციულ ბანკთან ნებისმიერი შეხება ნიშნავს კომერციული ბანკის მიერ თქვენ შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მოძიებას და ეს არ ეხება მარტო საკრედიტო ურთიერთობებს. ნებისმიერი ანგარიშის გახსნაც კი გულისხმობს ამას. როგორც ერთმა შემომჩივლა, ლამის საცვლებისა და ფეხის ზომაც კი მკითხესო. კომერციული ბანკი ცდილობს, ყველაფერი გაიგოს თავისი კლიენტების შესახებ.
– რა წყაროებით? მე მხოლოდ მიმდინარე ანგარიშები მაქვს და დიდად არაფერი გამოუკითხავთ არასდროს.
– მე კი, როდესაც ანგარიში გავხსენი, ეს დიდი ხნის წინათ იყო, ყველაფერი გამოიკითხეს. საქმე ის არის, რომ კლიენტის შესახებ ინფორმაციის ცოდნა კომერციულ ბანკს უადვილებს საქმიანობას, ვინაიდან მას ხელთ აქვს ინფორმაცია, რომლის გამოყენებით წყვეტს, იქონიოს თუ არა ურთიერთობა თავის პოტენციალურ კლიენტთან, ან გააგრძელოს თუ არა უკვე არსებულთან და ეს არ არის დარღვევა, თუ არ ეწინააღმდეგება კანონს. ბანკებისთვის ასეთი პირადი ინფორმაციის ერთი წყარო არის საკუთრივ კლიენტი, მეორე წყარო –  „კრედიტინფო საქართველო“, რომელიც აგროვებს ინფორმაციას საგადასახადო ორგანოებიდან და შინაგან საქმეთა სამინტროსგანაც კი. შესაბამისად, კომერციული ბანკი, სურვილის შემთხვევაში, შეძლებს, გაიგოს გაქვთ თუ არა საგადასახადო დავალიანება, ხართ თუ არა დაჯარიმებული ადმინისტრაციული წესით. ანუ კომერციულ ბანკს კლიენტი ჰყავს ხელისგულზე.
– შემოსავლების შესახებ ინფორმაციას საიდან გაიგებს, საგადასახადო ვალდებულებებიდან დაითვლის თუ შეუძლია, გამოითხოვოს ინფორმაცია, რა შემოსავალი მაქვს?
– კომერციული ბანკი ვერ მიმართავს უშუალოდ თქვენს სამსახურს ამ ინფორმაციის მოსაძიებლად, მაგრამ მას შეუძლია „კრედიტინფოდან“ გამოითხოვოს თქვენი საკრედიტო ისტორია, სადაც, მათ შორის, იქნება ასახული ინფორმაცია თქვენი შემოსავლის შესახებ, თუ სადმე გაქვთ აღებული სესხი. ანუ კომერციულ ბანკს არა მარტო ფიზიკური, არამედ იურიდიული პირის შესახებაც კი, ვისთანაც აქვს ურთიერთობა, გააჩნია სრული ინფორმაცია, ვინაიდან კომერციულ ბანკთან სასესხო ურთიერთობისას იურიდიული პირი წარადგენს თავის ბუღალტრულ და საფინანსო ანგარიშგებას, ბიზნესგეგმებს და ისიც ხელისგულზე უდევს კომერციულ ბანკს.
კარგია ეს თუ ცუდი? ერთი მხრივ, ეს კომერციულ ბანკს უადვილებს საქმიანობას და უმცირებს რისკებს, მაგრამ, ვინაიდან ეს პროცედურები კანონმდებლობით არ არის დარეგულირებული, კომერციულ ბანკს ყოველთვის აქვს ამ ინფორმაციით მანიპულირების საშუალება.
– როდესაც ამბობთ, რომ კანონმდებლობით არ არის დარეგულირებული, რას გულისხმობთ, როგორ უნდა დარეგულირდეს? უკანონოდ მოიპოვებს ბანკი ამ ინფორმაციას?
– ვინაიდან კანონმდებლობით ეს საკითხი არ არის დარეგულირებული, ვერ ვიტყვით, რომ ამ ინფორმაციის მოპოვება უკანონოა, თუმცა მინდა, ერთი მაგალითი მოვიტანო: როდესაც იღებთ სესხს კომერციული ბანკიდან, თქვენ აწერთ ხელს ხელშეკრულებას, რომელშიც წერია, რომ თანახმა ხართ, თქვენ შესახებ ინფორმაცია გადაეცეს მესამე პირს. თუ ამ პუნქტს არ ეთანხმებით, ბანკი ავტომატურად არ გაძლევთ სესხს. „მესამე პირებში“ ვინ იგულისხმება, იცის კომერციულმა ბანკმა, მაგრამ, ძირითადად, ალბათ, საუბარია „კრედიტინფოზე“. თქვენი პირადი ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემა რეგულირდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სჭირდება თქვენი თანხმობა. ეს მაგალითი მოწმობს, რომ კომერციულ ბანკს ყურებით ჰყავს დაჭერილი კლიენტი. უცხოეთში, თქვენს თანხმობაზე პირადი ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემის შესახებ, დგება ცალკე ხელშეკრულება და თუ თქვენ არ ხართ ამაზე თანახმა, ეს არ შეიძლება, გახდეს თქვენთვის სესხის მოცემაზე უარის თქმის საფუძველი. ანუ უცხოეთში კანონითაა დადგენილი, რომ, თუ არ გინდათ, თქვენ შესახებ ინფორმაციას ვერავინ გასცემს და ამის გამო კრედიტის გაცემაზე უარის თქმა კანონითაა აკრძალული. მხოლოდ ეს მაგალითია საკმარისი, რომ ვნახოთ, თუ როგორაა დაცული უცხოეთში მსესხებელი ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებები.
– ვის აქვს „კრედიტინფოდან“ ინფორმაციის გამოთხოვნის უფლება?
– არა მხოლოდ კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ონლაინგამსესხებლებს და კიდევ უამრავ სხვას: სადაზღვევო კომპანებს, სალიზინგო კომპანიებს, სხვადასხვა შპს-ს, „კრედიტინფოს“ გამოქვეყნებული აქვს თავის საიტზე პარტნიორების სია, რომლებსაც უცვლის ინფორმაციას. შემდგომ რას უზამენ ამ ინფორმაციას ეს ჩამოთვლილი ორგანიზაციები, ეს უკვე მხოლოდ ალბათური მსჯელობის საგანია. ისიც მინდა, გითხრათ, რომ „კრედიტინფოს“ მიერ შეგროვებული ინფორმაცია –  საქართველოს მოქალაქეების საკრედიტო ისტორიები ფიზიკურად საქართველოში არ ინახება. თუ არ ვცდები, ზუსტად მიჭირს თქმა, ეს სერვერები არის, ძირითადად, ჩეხეთში და, ფაქტობრივად, საქართველოს მოსახლეობის, იურიდიული და ფიზიკური პირების, საკრედიტო ინფორმაციის შესახებ მთელი ინფორმაცია იქ არის. ჩვენ არ ვიცით, ვინ სარგებლობს ამ ინფორმაციით, იქნებ იყიდება პოტენციალურ ინვესტორებზე კონკურენტების შესაფასებლად ან კონკურენტების დასაჯაბნად. არ კონტროლდება, თუ ვისთან და სად მიდის ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ, ასევე, არ არსებობს სპეციალური კანონი საკრედიტო ბიუროების შესახებ. ანუ მთელი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ გვაკლია კანონები, რომლებიც დაარეგულირებდა მსესხებლისა და გამსესხებლის ურთიერთობას.
– ცალკეული მოქალაქე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მაინც კერძო შემთხვევებია. ბიზნესი უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფოს. ვიცით, რომ ბანკებიც ეწევიან ბიზნესსაქმიანობებს და გამომდინარე თავიანთი სპეციფიკიდან, აქვთ კონკურენტების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მოძიების საშუალება. ან ვინმე სხვამაც შეიძლება, მოიძიოს ინფორმაცია კონკურენტის შესახებ ბანკების მეშვეობით. როგორ არის შესაძლებელი კონკურენტის დაზარალება ამ ტიპის პირადი ინფორმაციით?
– გარდა იმისა, რომ კომერციული ბანკები არიან დაინტერესებულები ვიღაცის ბიზნესებით, გვსმენია ამის შესახებ; ჩემი თვალით წავიკითხე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე, როდესაც ერთ-ერთმა კომერციულმა ბანკმა ბიზნესს არ მისცა საშუალება, თავისი დავალიანება სრულად დაეფარა, ამიტომ გაიტანა აუქციონზე და თვითონ შეიძინა. უზენაესმა სასამართლომ ეს არაკეთილსინდისიერ საქციელად ჩათვალა.
– კერძო პირების მიერ იპოთეკური კრედიტის აღებისას ამავე სქემითაა შესაძლებელი მოქალაქეებისთვის ბინების წართმევაც?
– ეს ტენდენციები, რაზეც თქვენ საუბრობთ, არ არის ბანკის პოლიტიკა. მერწმუნეთ, ბანკის ხელმძღვანელობა ნამდვილად არ ავალებს თავის წვრილფეხა მენეჯერებს, რომ ასეთი რამ გააკეთონ. ეს არის მენეჯმენტის სისუსტე, როცა ბანკის ხელმძღვანელობა ვერ ფლობს სიტუაციას და არ აღკვეთავს ქმედებას, როდესაც რომელიღაც თანამშრომელს მოეწონება გირაოთი ჩადებული ბინა და შეიძენს მას აუქციონზე გატანის შემდეგ. ეს გამოვლინებები არ შეიძლება, ჩაითვალოს სასურველ საბანკო პრაქტიკად, მაგრამ რაც შეეხება მსხვილ ბიზნესს, რომლებთანაც ურთიერთობა გადის ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის ხელში, ამ საქმეს წვრილფეხობას არ ანდობენ. ასეთ შემთხვევებში მითვისების ფაქტები აშკარად ბანკის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია.
– უხეშად ვიტყვი, მენეჯერის დონეზე ბანკის თანამშრომელს შეუძლია სასურველი ბინა ჩაიგდოს ხელში, ბანკის მმართველს კი –  სასურველი ბიზნესი?
– დიახ. სამწუხაროდ, ეს არის იმის შედეგი, რომ კომერციული ბანკების საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტები არის მწირი და ცოტა. არსებული ატარებს ზოგად ხასიათს, განსხვავებით სხვა ცივილიზებული ქვეყნებისგან, რომლებშიც კომერციული ბანკების ნებისმიერი ნაბიჯი მკაცრად არის გაწერილი, თუ რა შეუძლია და რა არ შეუძლია, გააკეთოს. გარდა ამისა, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მათი კანონმდებლობით, ბანკი ვერ გააკოტრებს ბიზნესს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ბიზნესმა ვერ გადაუხადა სესხი. არსებობს ბიზნესის დაცვის წესები, რომლებიც ჩვენს კანონმდებლობაში არ არსებობს. თუ ბიზნესი ვერ იხდის კრედიტს, მიმართავს სასამართლოს, რომელიც განიხილავს მიზეზებს, თუ რატომ ვერ გადაიხადა, სუბიექტური მიზეზების თუ ბიზნესის მენეჯმენტის შეცდომების გამო. თუ ეს იყო ობიექტური მიზეზი, ბანკს სასამართლო ავალდებულებს, გადაუვადოს სესხი. ასე მარტივად არ არის საქმე, თუ დღეს არ გადამიხადე, ხვალ მე ბიზნესს გაგიყიდი. ვინ უნდა მოაწესრიგოს ეს საკითხები? საბანკო ზედამხედველი დღეს არის ეროვნული ბანკი, რომელმაც დეტალურად უნდა გაწეროს კომერციული ბანკების საქმიანობის აბსოლუტურად ყველა ეტაპი და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: იმიტომ რომ, სხვა გამსესხებლები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ასე შემდეგ, უყურებენ ბანკებს და იმავეს იმეორებენ, რასაც აკეთებენ ბანკები. საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ საფინანსო სექტორი არის ძალიან დიდი, რეგულირდება მხოლოდ საბანკო სექტორი. თუმცა კომერციულ ბანკებს უჭირავთ საფინანსო სექტორის 90 პროცენტი, მოსახლეობის მოცვის თვალსაზრისით, სხვა გამსესხებლებს ბაზრის უფრო მეტი წილი უჭირავთ.
– თანხობრივად თუ?
– დანარჩენებს უფრო მეტი კლიენტი ჰყავთ, ვიდრე ბანკებს. ამიტომ ისინიც აუცილებლად უნდა მოექცეს სახელმწიფო რეგულირების ქვეშ. ეს არა მარტო ეკონომიკურადაა გამართლებული, არამედ სოციალური თვალსაზრისითაც, რომ, ბოლოს და ბოლოს, შეწყდეს საფინანსო სექტორის ძალადობა მოსახლეობასა და ბიზნესზე. რატომ ვერ ვითარდება ჩვენთან ადგილობრივი წარმოება? იმიტომ რომ, სამევახშეო საპროცენტო განაკვეთებით საწარმოს ვერ ააწყობ. სამევახშეო პროცენტით შეიძლება, ივაჭრო, მომსახურების სფერო ააწყო, მაგრამ პროდუქციის წარმოება შეუძლებელია. პროდუქციას ვინ აწარმოებს: მრეწველობა,  მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ეს სამი დარგი ქმნის მატერიალურ დოვლათს და ისინი სამევახშეო საპროცენტო განაკვეთით ვერ იმუშავებენ, ბიზნესს ვერ განავითარებენ და ქვეყნის ეკონომიკას ვერ აამუშავებენ. რაც შეეხება სამომხმარებლო პროცენტს: მაღალი საპროცენტო განაკვეთები არის მოსახლეობის პირდაპირი გაღარიბების წყარო. მთელ შემოსავალს რომ ერთ მაცივარს შესწირავ, ეს უკვე სოციალური პრობლემა ხდება. არადა საპროცენტო განაკვეთის რეგულირება კანონით შეუძლია ეროვნულ ბანკს.
ევროპის და არა მარტო ევროპის, სხვა ქვეყნებშიც განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც ჩვენ ვართ ახლა, ცენტრალური ბანკები იყენებდნენ საპროცენტო განაკვეთების რეგულირების ადმინისტრაციულ მეთოდებს როგორც სესხებზე, მაქსიმალური ზედა ზღვრის, ასევე დეპოზიტებზე, მინიმალური ზედა ზღვრის დასაწესებლად და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იმისთვის, რომ მათი ეკონომიკა წინ გაიჭრა. თუ საქართველოში არ შემცირდება საპროცენტო განაკვეთები, ჩვენი ეკონომიკა სულ ერთ ადგილას იდგება და მოსახლეობის ცხოვრების დონეც არ აიწევს. ანუ ამ საპროცენტო პოლიტიკას აქვს უზარმაზარი გავლენა ქვეყნის ეკონომიკასა და მოსახლეობის ცხოვრების დონეზე.

скачать dle 11.3