ზნეკეთილები
„მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს“
რაკი წინასაარჩევნო მარათონი უკვე დაწყებულია, პოლიტიკური პერსონები და ძალებიც დაქიჩმაჩდნენ, თუ სად და როგორ დაივანონ, რათა სკამებზე მყარად დასხდომა გაინაღდონ.
ჰოდა, რაკი დაიწყო, ამ ამბავს ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამორჩებოდა, რადგან, ერთხელ დაჯდომა ხომ საამოა (ხელისუფლების სათავეში, რასაკვირველია), მაგრამ მეორედ წამოსკუპება – უფრო ტკბილი (რადგან უკვე იცი, რა გამოგეცალა ხელიდან, თუ, საიდანაც არის).
ხოლო, ვინაიდან მოთელვა არც ამ საქმეს აწყენს (პირიქით – მეტადაც რგებს), შევიტყვეთ, რომ „ნაციონალური“ სიის პირველი ნომერი, არც მეტი, არც ნაკლები, სანდრა რულოვსი იქნება. თუმცა თავად „ნაციონალებმა“ ეს ინფო არც დაადასტურეს და არც უარყვეს.
სამაგიეროდ, ბ-ნმა მაჭავარიანმა (მიხეილი) გაგვიმხილა, რომ მათ სიაში ახალი სახეები იქნებიან, თანაც, უბრალოდ ახალი კი არა, ისეთები, „რომლებსაც კეთილი საქმეების კეთების გამოცდილება აქვთ“.
თავის მხრივ, ახალ ამბავს თავად დასახელებულიც გამოეხმაურა, ჩვეულებისამებრ, სოციალური ქსელით. კერძოდ, ქ-ნი რულოვსი წერს: „მინდა, ყველას გასაგებად ვთქვა და ნურავის ეწყინება, რომ მე ბუნებით უფრო რეჟისორი ვარ, ვიდრე მსახიობი, რომელიც სხვისი დაწერილი სცენარიდან როლებს ირგებს!“
და თუმცა ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება ზღაპრის ბოლო (მარტო ქატო წავა თუ ფქვილიც თან მიჰყვება), ის მაინც გავიგეთ, რომ, ჯერ ერთი, „მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს“ და, მეორეც, ზნეკეთილები ზედ თავზე დაგვაცვივდებიან. –