„დაბოლილები ერთი“
პარლამენტი, როგორც მოტივატორი
მართალია, საქართველოს პარლამენტმა განიხილა ინიციატივა მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ (რათა მომხმარებლები, ანუ დაბოლილები, დამნაშავეებად აღარ გამოაცხადონ), მაგრამ ბოლოს მაინც ჩააგდო.
სახელდობრ, პლენარულ სხდომაზე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი მხოლოდ 47-მა დეპუტატმა დაუჭირა. არადა, ცვლილებების მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლებულიყო კანაფის, კანაფის ექსტრაქტისა და ნაყენის, ასევე, გამომშრალი/ნედლი მარიხუანის გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შენახვა, ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება.
ჩვენთვის უცნობია, რით უსაშველებს მარიხუანის მომხმარებლების დასჯა ამ მავნე ჩვევასთან ბრძოლას (თუ სპეციალისტებს ვერწმუნებით, იმას გარდა, რომ მარიხუანა გზაა უფრო მძიმე ნარკოტიკებისკენ, ის ადამიანს პასიურობისკენ უბიძგებს და იმითაც კმაყოფილია, თუ უმუშევარსა და უპოვარს „დაბოლების“ საშუალება ექნება) ან რატომ დაინანეს ჩვენმა რჩეულებმა ცივილიზებულობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯით წაწევა (აქვე შევნიშნავ, რომ მარიხუანის ლეგალიზაციის სასტიკი წინააღმდეგი ვარ!), თუმცა შევიტყვეთ, რომ „ნასა“ მოხალისეებს აგროვებს: მათ 70 დღის განმავლობაში მოუწევთ საწოლში წოლა და დაბოლება, რისთვისაც 18 000-დოლარიან ანაზღაურებას მიღებენ.
კვლევის მიზანი ორგანიზმზე კუნთის ატროფიისა და კანაბისის ზეგავლენის გამოვლენაა. ამდენად, შესაძლოა, ზემოხსენებული ცვლილებების ჩაგდებით, ჩვენებურმა კანონმდებლებმა ჩვენებურ „დაბოლილებს“ მოტივაცია გაუჩინეს ოკეანის გაღმა „დაბოლებაში“ ანაზღაურების მისაღებად. –