ანდეთ თქვენი მომავალი „რეპროარტს“
უშვილობასთან ბრძოლის ხარისხიანი სტანდარტი
კლინიკა „რეპროარტი“ გთავაზობთ: უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მსოფლიო სტანდარტებს; იურიდიულად გამართულ საკონტრაქტო სისტემას კლინიკასა და პაციენტს შორის; პაციენტის პრობლემისადმი ინდივიდუალურ მიდგომას; კონფიდენციალურობის სრულ დაცვას და თანამედროვე კომფორტულ პირობებს. სწორედ ყველა ამ პრინციპის წყალობითაა, რომ ჩვენი მკითხველების გამოკითხვის შედეგად, კლინიკა რეპროდუქციის დარგში ყველაზე გამორჩეულად აღიარეს, სადაც მათ ხარისხიანად ემსახურებიან.
კლინიკის მუშაობის შედეგების დამსახურებით, „რეპროარტი“ საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებული კლინიკაა. ახლახან სტამბულში ჩატარდა IWEC – ბიზნესში მოღვაწე ქალთა საერთაშორისო ფონდის ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც დასრულდა გალა–საღამოთი, სადაც ისინი მსოფლიოს 27 ქვეყნიდან იყვნენ წარდგენილი. 2015 წლის გამარჯვებული თითოეული ბიზნესლედი საზეიმოდ დააჯილდოვეს. საქართველოდან, 2015 წლის გამარჯვებულად დასახელდა ქართულ–ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა „რეპროარტის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ქალბატონი ლიკა ჭყონია.
– ქალბატონო ლიკა, კლინიკა „რეპროარტი” გამოირჩევა ინოვაციებით რეპროდუქციის მიმართულებით. ამჯერად რა სიახლეებს ნერგავთ?
– დავიწყეთ პაციენტთა გენეტიკური კვლევა ხშირი, თვითნებით შეწყვეტილი ორსულობის ან პრობლემური ორსულობის სიმპტომების შემთხვევაში. ანდა თუ ოჯახში არის რაიმე ტიპის მემკვიდრული დაავადება.
უკვე პაციენტებს პრეინპლანტაციური გენეტიკური სკრინინგისა და დიაგნოსტიკის (PGS/PGD) მეთოდებსაც ვთავაზობთ. ეს მეთოდები საშუალებას გვაძლევს, აღმოვაჩინოთ ემბრიონის ანომალიები საშვილოსნოში გადატანამდე. ასეთი კვლევის ჩატარება საჭიროა, როცა არსებობს ნაყოფის ქრომოსომული ანომალიების რისკი; თუ წყვილის ანამნეზში არის თვითნებური აბორტის ორი ან რამდენიმე შემთხვევა; როდესაც ქალის ასაკი 35 წელს არის გადაცილებული; ასევე, ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემთხვევაშიც.
ემბრიონის პრეიმპლანტაციური გენეტიკური გამოკვლევისთვის მასალას ვიღებთ ბლასტოცისტის სტადიაში ლაზერული აპარატის საშუალებით იმ უჯრედებიდან, საიდანაც პლაცენტა ვითარდება, ანუ ამ კვლევებისას ემბრიონის დაზიანება არ ხდება. ქალის ორგანიზმში გადადის მხოლოდ ჯანმრთელი ემბრიონი.
„რეპროარტში” აღებულ მასალას გამოსაკვლევად ვაგზავნით ჩვენს სათანამშრომლო ლაბორატორიებში ინგლისში, ამერიკაში, თურქეთში.
(acGH) Array Comparative genomic hybridisation – შედარებითი გენომური ჰიბრიდიზაცია და (NGS) Next–Generation Sequencing – შემდეგი თაობის სექვენირება, ეს ის მეთოდებია, რომლებსაც ჩვენს პარტნიორ ლაბორატორიებში იყენებენ. ეს მეთოდები საშუალებას გვაძლევს, გავშიფროთ ემბრიონის მთლიანი გენომი.
ადრე იყენებდნენ, დღეისთვის უკვე მოძველებულ მეთოდს – FISH – Fluorescence In Situ Hybridization ფლუორესცენტულ in situ ჰიბრიდიზაციას, რასაც წამყვანი გენეტიკური ლაბორატორიები აღარ აღიქვამენ რეპროდუქციული გენეტიკის მეთოდად, რადგან ის გვაძლევს ინფორმაციას ქრომოსომების მხოლოდ მცირე ნაწილზე. მას შემდეგ, რაც დაიწყო acGH და NGS– ის მეთოდების გამოყენება, გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა შედეგები.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ონკოლოგებთან ერთად, დავიწყეთ რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ პროცედურებს: სიმსივნის შემთხვევაში, სხივური ან ქიმიოთერაპიის ჩატარებამდე, მამაკაცს გავუყინავთ სპერმას ან შევქმნით ემბრიონს და მას გავყინავთ. არის ასეთი მოსაზრებაც, რომ თუ ქალს აქვს კიბო, მისი სტიმულაცია არ შეიძლება. სინამდვილეში, ასე არაა. ონკოლოგებთან ერთად, შესაძლებელია, როგორც ემბრიონის, ასევე, ქალბატონების კვერცხუჯრედების გაყინვაც.
ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი კლინიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამეცნიერო მუშაობაც.
საქართველოში ვიზიტით სულ მალე ჩამოვა „რეპროარტის” სამეცნიერო დირექტორი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ემბრიოლოგიის ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე, დევიდ მაკკალა. ის წელიწადში მხოლოდ ორჯერ ახერხებს ჩამოსვლას, თუმცა, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით, სრულიად ჩართულია კლინიკის ყოველდღიურ საქმიანობაში. მისი ყოველი ჩამოსვლა არის ახალი გეგმა, ახალი სამეცნიერო მიმართულებისა და სტატისტიკური კვლევის დასაწყისი.
რეპროდუქციულ მედიცინაში ორი მნიშვნელოვანი კონგრესია: ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპის ასოციაციის კონგრესი (ESHRE) და აშშ– ის რეპროდუქციული მედიცინის ასოციაციის კონგრესი (ASRM), სადაც რეგულარულად წარმოდგენილია „რეპროარტის” ნაშრომები.
– ქალბატონო ლიკა, გასულ წელს, ბიზნესში მოღვაწე ქალთა საერთაშორისო ფონდმა საქართველოდან მხოლოდ თქვენ მოგანიჭათ წარმატებული ბიზნეს-ქალბატონის ტიტული და ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდით.
– არ მიყვარს, როცა მედიცინაზე საუბრობენ, როგორც ბიზნესზე... ისმის კითხვა, რატომ გავაკეთეთ მაშინ ჩვენ ეს კლინიკა? იმიტომ, რომ მე სხვა პროფესია არ მაქვს. მიმაჩნია, რომ მულტიპროფილურ კლინიკაში რთულია ასეთი სათუთი საქმის კეთება. რთულია, ისეთი ადამიანის ხელმძღვანელობით მუშაობა, რომელმაც არ იცის ეს სფერო. ამიტომ, ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ისეთი ტიპის კლინიკა გაგვკეთებინა, სადაც ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტების ადეკვატურადაა. ჩვენი მიდგომა არ არის ტიპური ბიზნესმიდგომა, მაგრამ არის ტიპური სამედიცინო მიდგომა საქმისადმი. როცა ჩემი კანდიდატურა წარადგინეს ამ ფონდის დაჯილდოებაზე, შეფასება ხდებოდა რამდენიმე კრიტერიუმით. სულ, მსოფლიოს მასშტაბით, 27 ქალი დაჯილდოვდა. ისინი წლებია, ბიზნესს უძღვებიან, აქვთ ბრუნვა და ასე შემდეგ. მართალია, ჩვენი მონაცემები ერთ-ერთ პუნქტში ზღვრულ მინიმუმს არ შეესაბამებოდა, მაგრამ ჩვენი განვითარების ისტორია ისე მოეწონათ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ყველაზე მეტად მოიხიბლნენ, ჩემს შვილთან ურთიერთობების ისტორიით. ჩემი შვილი, რომლისთვისაც დრო მუდმივად არ მყოფნის, სულ მამხნევებს, რომ „ჩვენ ურთიერთობებისთვის წინ კიდევ მთელი ცხოვრება გვაქვს“ და ეს ყველაფერი გახდა საკვანძო კრიტერიუმი მათი არჩევანისა ჩვენი კანდიდატურის ნომინირებისთვის.
ვფიქრობ, „რეპროარტი“ იმსახურებს ამას. იმსახურებს, რადგან ჩვენ პაციენტებთან გვაქვს სულ სხვა მიდგომები. ვცდილობთ, პაციენტი აქედან გავუშვათ, უკვე როგორც მშობელი. ჩვენ უშვილობასთან ბრძოლას არ ვუყურებთ როგორც მხოლოდ ბიზნესს, ეს ჩვენი პროფესიული თვითშეგნება და პრინციპებია!