რა სკანდალებში მოყვა კობა კობახიძე წარსულში და როდის იჭერდა ის კობახიძეებს
კოკაინის გახმაურებულ საქმეში, რომელიც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, გასულ კვირას ახალი პერსონაჟი გამოჩნდა – ადვოკატმა კობა კობახიძემ საჯაროდ ამ საქმის აქამდე გაუხმაურებელ დეტალებზე დაიწყო საუბარი, რის გამოც ის სკანდალში გაეხვია. დაპირისპირება პარლამენტის ვიცე-სპიკერის ოჯახის წევრებთან ხმაურიან ბრალდებებსა და მუქარაში გადაიზარდა და ადვოკატი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზეც კი მოხვდა. ვინ არის კობა კობახიძე, რა აკავშირებდა მას მანანა და თედო კობახიძეებთან და რა დაასწრო მიხეილ სააკაშვილს, ამის შესახებ თავად კობა კობახიძეს გავესაუბრეთ.
კობა კობახიძე: მე არც დაკითხვებზე სიარულის მეშინია და არც იმ სკანდალის, რომელშიც აღმოვჩნდი გახვეული. 20 წელი პროკურატურაში ვიმუშავე. როცა მივხვდი, რომ ჩემი ხელფასი 20 დოლარის ეკვივალენტი იყო ლარებში, პროკურატურიდან წამოვედი და ადვოკატის კარიერა დავიწყე. სკანდალები არც წარსულში მაკლდა, ამიტომ ამით მე ვერავინ შემაშინებს. რატომ ვდუმდი ანასტასია ზაუტაშვილის ამბავზე და რატომ გავახმაურე ეს ყველაფერი ახლა?! – ეს მხოლოდ ერთი რამის გამო მოხდა. ალეკო ელისაშვილს საერთოდ არ ვიცნობ და მასთან კავშირს ვერავინ დამაბრალებს; მაგრამ, მას შემდეგ, რაც ის მატყუარა გამოიყვანეს, არც საპარლამენტო კომისია შეიქმნა ეგრეთ წოდებულ „კოკაინის საქმეზე” და, როგორც ჩანს, არც პროკურატურაში მიდის ძიება, გადავწყვიტე, საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა ის ინფორმაცია, რაც მე მქონდა იმის შესახებ, რაც კობახიძეებმა ჩაიდინეს. ის ბრალდება, რომ მე ნაციონალების მხარეს გადავბარგდი და ისინი უზენაესი სასამართლოს წევრობას დამპირდნენ, სისულელე და სიცრუეა. მე რომ ზურა მიქაძეს ვიცავ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თითქოს ნაციონალი გავხდი. ყაჩაღიც დამიცავს, როგორც ადვოკატს, მკვლელიც, ქურდული მენტალიტეტის ადამიანიც და, ეს იმას ნიშნავს, რომ მეც მათი მენტალიტეტი მქონდა?! მეგონა, რომ ალეკო ელისაშვილი მტკიცებულებებს წარადგენდა, მაგრამ, რადგან ეს ჯერ ვერ შეძლო, მე გადავწყვიტე ამ საქმეში ჩართვა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე. ცოტა კობახიძეობის ფაქტორი მბოჭავდა, მაგრამ ეს გადავლახე. პროკურორობის დროს კობახიძეც ბევრი დამიჭერია. ვინც დასაჭერია, უნდა დაიჭირო, ასე რომ, მე არ მეშინია, რომ კობახიძეების რისხვა დამატყდება.
– როდის და რატომ გაიყარა თქვენი და და-ძმა კობახიძეების გზები, თქვენ ხომ ახლო და კარგი ურთიერთოებები გქონდათ?
– ჩვენ ერთმანეთთან ნორმალური, ახლო ურთიერთობა გვქონდა. მანანა კობახიძე მაშინ გავიცანი, როდესაც იგორ გიორგაძის ინტერესებს ვიცავდი, მაშინ ის კონსტიტუციის 42-ე მუხლზე მუშაობდა. წლები არ მყავდა ნანახი. კობახიძეების შეხვედრაზე, 200-კაციან სუფრაზე თამადა ვიყავი. მანანა წინა დღის არჩეული იყო „ქართული ოცნების” თავმჯდომარედ, საარჩევნო კამპანია იწყებოდა და იმ შეხვედრაზეც იმიტომ მოვიდა, რომ ჩვენი მხარდაჭერა მოეპოვებინა. ჩვენი გვარის კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი ვარ. ადრე ჩვენს შეხვედრებზე არც მანანა დადიოდა და არც მისი ძმა – თედო. დამშვიდობებისას მანანამ მითხრა, პარტიაში გამომიარე, შენი აქტიურობის იმედი მაქვსო. დავიწყეთ თანამშრომლობა, სამი არჩევნები ჩავატარეთ, ხელფასი კი სულ ერთხელ ავიღე. ჩვენთვის გამოყოფილ ფულს თედო კობახიძე იჯიბავდა. რამდენჯერმე რომ მოვთხოვეთ ხელფასი, წამოდით თუ გინდათ, ირაკლი ღარიბაშვილთან ვილაპარაკოთო – მითხრა. მეგონა, ეს კაცი გონს მოეგებოდა. სხვათა შორის, შარშან შევხვდი მანანა კობახიძეს და ვუთხარი, შენი ძმა ცუდად იქცევა-მეთქი; იქ სიძეზეც მოვუყევი ყველაფერი, როგორ მოატყუა მან აზერბაიჯანელები. ახლა რომ გაიძახის მანანა, კლიენტებს ვუგზავნიდიო, ან – მათთან ჩვენს სახელს იყენებდაო... მე ცნობილი ადვოკატი ვიყავი და, და-ძმა კობახიძის სახელი რაში მჭირდებოდა?! პირიქით, ჩემთან რეკომენდაციას სთხოვდნენ მათ. ანასტასია ზაუტაშვილის შესახებ არაფერი ვიცოდი, თედომ მითხრა, ასე და ასეა საქმეო. ჩემი და იცავდა მაგათ, მეც ვიცავდი, როცა პირველ ქმართან ჰქონდა დავაო. თედომ მთხოვა, მე დამეცვა მათი ინტერესი, მანვე მითხრა, 6 220 ევრო მოსთხოვეო. გამარჯეების შემდეგ, როცა ციხიდან გამოვლენ, თითო 75 ათას ევროს გადაიხდისო. ეს ამბავი ანასტასიას დედასთან მივიტანე, რომელმაც მითხრა, რომ ამდენი ფულის გადახდის საშუალება არ ჰქონდა. ახლა რომ დავითვალე, იცით როგორი ანგარიში იყო? თუ ისინი თითო კაცზე 75 ათას ევროს გადაიხდიდნენ, სულ 300 ათასი ევრო გამოდიოდა – აი, რა უნდოდა თედოს! მე ვიფიქრე, თვითონაც ახლოს არიან ოჯახებით, თედომ, შეიძლება თვითონ წაართვას ამათ ფული, რამე იმამაძაღლოს და ანასტასიას დედასთან შევთანხმდი ჩემს ჰონორარზე – 75 ათასზე. ეს შეეხებოდა ხუთივე ადამიანის გათავისუფლებას. მე სულ დიდ ჰონორარებზე მიწევდა მუშაობა, ორმოცდაათათასიანი საქმეც მაქვს – აზერბაიჯანელს ასამართლებდნენ მკვლელობის მცდელობისთვის და გამოვიყვანე ციხიდან. კოკაინის საქმეში ცალკე ვინ რამდენს აიღებდა, ეგ არ იყო ჩემი საქმე, ჩემი მოთხოვნა ოფიციალურად, ხელშეკრულებით იყო გაფორმებული. მე ორჯერ თუ სამჯერ შევხვდი ციხეში ანასტასიას, რომელიც მეუბნებოდა, მე აქ ვერაფერს გეტყვითო. დამიწერეთ და ციხიდან ჩუმად გავიტან-მეთქი. ესეც იუარა – აქედან შეწყალებით უნდა გავიდეო. თურმე, მათ შეწყალებაზე მიდის მთელი ამბები. თედო თვითონაც კარგად იცნობდა პრეზიდენტს, საარჩევნო კამპანიის დროს გიორგი მარგველაშვილის შვილისთვის საქართველოს მოქალაქეობაზე იყო საჭირო დოკუმენტაციის შედგენა და ამ საქმეში მეც ვიყავი ჩართული.
– წარსულიდან თქვენც ბევრი საქმე „გამოგიჩხრიკეს”, ავანტიურებზე წამსვლელ კაცსაც ჰგავხართ.
– იურისტი ხანდახან ავანტიურისტიც ხარ (იცინის). კარგი გაგებით ამბიციური ვარ. მე თუ პროკურატურაში ან სასამართლოში მუშაობა მინდოდა, ჩემი ცოდნისა და გამოცდილების იმედი მქონდა. რამდენიც უნდათ, იქექონ ჩემს წარსულში, ვნახოთ, რას გამომიჩხრეკენ. მე მიხეილ სააკაშვილიც მემუქრებოდა, მაგრამ ვერაფერი დამაკლო. რაჭაში ვიყავი პროკურორი, მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, ხე-ტყის მაფიაში დავედანაშაულებინე და გაზეთები ააჭრელა ამ ცილისწამებით. მაშინ დაიჭირა სატყეოს უფროსი, იმას ჩემთვის რამე რომ ჰქონოდა მოცემული, მეც ეგრევე დამიჭერდნენ. მერე დეპუტატ მახალდიანის მკვლელობის ორგანიზება უნდოდა, დაებრალებინა, მოკლედ, ხმაური არც ადრე მაკლდა. პროკურატურაში რიგით თანამშრომლად დავიწყე მუშაობა და ყველა ეტაპი გავიარე. უდიპლომო იურისტი კი არ ვარ ზოგიერთივით, ლომონოსოვის უნივერსიტეტის ქების სიგელებიც მაქვს, კონფერენციებზე მოხსენებებს ვკითხულობდი. მე ვიყავი პიონერი – პირველი, რომელმაც ფრაიბურგიდან ჩამოიტანა დამუშავებული თემა „რეკეტის” წინააღმდეგ – ეს იყო შევარდნაძის დროს, ამაში მიხეილ სააკაშვილს დავასწარი. ჩემს საადვოკატო საქმიანობაშიც ბევრი გახმაურებული საქმეა: მე ვიცავდი იგორ გიორგაძეს, ფრიდონ ინჯიას, გია ჯოხთაბერიძეს, საგადასახადოს უფროსს, იასე ზაუტაშვილს – მოკლედ, დამებედა ეს ზაუტაშვილები. მოვახერხე და გავამართლე ბრალდებულები – ერთი მკვლელობის ბრალდებით, ორი მკვლელობის მცდელობა იყო და ორიც ყაჩაღობა; ასევე, გავამართლე ერთი ქურდული მენტალიტეტის მქონე პატიმარი და ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს. მე თვითონ რომ პროკურატურაში ვარ ნამუშევარი, კარგად ვიცოდი ის სტრატეგია, რომელიც მეხმარებოდა პროკურატურასთან „ბრძოლაში”.
– იარაღის „ჟღარუნის” მუქარამდე მივიდა თქვენი და მანანა კობახიძის სიძის, ონიანის დაპირისპირება. იარაღის არსენალი გაქვთ?
– კაცმა მკვდარი დედა შემაგინა და ამას როგორ ვაპატიებდი? მანანა კობახიძის სიძეს აქვს მამის დანატოვარი იარაღი, თორემ, მე ეს იარაღები ნაყიდი მაქვს ტარების უფლებით. აი, ჩემი ვინჩესტერი, ნაგანიც მაქვს. ადრე მონადირე ვიყავი, ერთხელ ირემი მოვკალით და, მისი თვალები რომ ვნახე, დავიფიცე და მას მერე სანადიროდ არ წავსულვარ. ახლა ეს იარაღი რელიკვიად მაქვს, მის გამოყენებას ნამდვილად არ ვაპირებდი მანანა კობახიძის სიძესთან, მაგრამ, გამწარებული კაცის ამბავი ხომ იცით, თავის შეკავება იოლი არ არის. ესენი ისე გამამწარებენ, პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილებას მიმაღებინენ. მარტო კაცი პარტიას ვერ შევქმნი, მაგრამ, ჩემკენ „ოცნებისგან” გამწარებული და იმედგაცრუებული ბევრი კაცი წამოვა. სხვათა შორის, „ქოცზე” საავტორო უფლება მაქვს (იცინის). დიდგორის ველზე შეკრების დროს „ნაციონალებიც” ბლომად იყვნენ და „ოცნების” წარმომადგენლებიც, მაშინ ვთქვი: ეს „ნაცები” ხომ კარგი და, „ქოცებიც” რამდენნი ყოფილან-მეთქი. მერე აგორდა, წავიდა და წავიდა ეს სახელი. მახსოვს, როდესაც „უცნობი” ტელევიზიით საკნის პროექტს აკეთებდა, გოგა ხაინდრავას ვუთხარი, მოდი, მასობრივად გააკეთეთ-მეთქი საკნები. არ ვიცი, ამას მოჰყვა თუ არა, მაგრამ, კი გაივსო ძალიან მალე თბილისი საკნებით, ასე რომ, რაღაც-რაღაც გამოცდილებები მეც მაქვს.