როგორ გახდა მომავალი დედამთილის ავადმყოფობა მარი მალაზონიას გათხოვების „მიზეზი“
მომხიბვლელი, ლამაზი, ნიჭიერი, კეთილი, საქმიანი... – ეს „პირადი ექიმი” მარი მალაზონიაა, რომელიც უკვე წლებია, ყოველ სამუშაო დღეს „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან” გვაწვდის ინფორმაციას ამა თუ იმ სამედიცინო პრობლემის შესახებ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტის“ დოქტორანტურა. დიპლომისშემდგომი განათლება მიიღო ენდოკრინოლოგიაში, ჰემატოლოგიაში, დიეტოლოგიასა და ნუტრიციოლოგიაში. არის კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი; ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია „930-ის“ პრეზიდენტი; პრევენციული, რეგენერაციული და ასაკის დაძლევის მედიცინის ევროპის საბჭოს წევრი; დღეგრძელობის კვირეულების, დღისა და ორდენის დამაარსებელი; ლექტორი; არაერთი პროფესიული თუ პოპულარული გამოცემის ავტორი. ქალბატონი მარი დამსახურებულად უყვარს ტელემაყურებელს და მის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა და ნდობა გააჩნია. ამიტომ გადავწყვიტეთ, უფრო ახლოს გაგვეცნო ის საზოგადოებისათვის.
– ქალბატონო მარი, როგორ მოხვდით სატელევიზიო ეთერში?
– ეთერში ჩემი გამოჩენა ერთ უცნაურ ისტორიას უკავშირდება: მე გახლდით სამედიცინო ინსტიტუტის, მაშინ ასე ერქვა – სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი. მედიცინის დღესთან დაკავშირებით ტელევიზიაში ღონისძიება იმართებოდა და, მრავალ ცნობილ ექიმთან ერთად, რამდენიმე წარჩინებულ სტუდენტს დაგვავალეს, მივსულიყავით. ჩაწერაზე რომ მივედი და სტუმრებს გადავხედე, შესანიშნავი შემადგენლობა დამხვდა – სტუდიაში ყველა დარგის თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილი. მე ძალიან მოკრძალებით დავჯექი კუთხეში. გადაცემის ჩაწერის პერიოდში არ მქონდა რაიმე განსაკუთრებული ფუნქცია. უცებ, თუმცა, არ ვიცი, რა მოტივით, გადაცემის რეჟისორმა და რედაქტორმა გადაწყვიტეს, ჩამეწერა რამდენიმე სიტყვა. ეს არ იყო წინასწარ მომზადებული, მაგრამ დამამშვიდეს და მითხრეს, რომ ეს, უბრალოდ, საცდელი ვარიანტი იქნებოდა და, თუ არ გამოვიდოდა, მარტივად ამოჭრიდნენ კადრიდან. ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ ეს საუბარი დატოვეს გადაცემის შემადგენლობაში და შემომთავაზეს სამედიცინო გადაცემის წაყვანა, რომელსაც „ჯანმრთელობა” ერქვა. შემდეგ მიმყავდა გადაცემა „ოჯახის ექიმი” – ეს იყო პირველი გადაცემა, რომელიც პირდაპირი ეთერის მეშვეობით გადიოდა და მაყურებლის კითხვებს პასუხობდა. ასევე, პირველი სატელევიზიო დილის ეთერის – „ალიონის” სამედიცინო კონსულტანტი გახლდით. ახლა რომ ვფიქრობ, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი იმ პასუხისმგებლობისთვის, რაც დამეკისრა, მაგრამ, ეს ძალიან დამეხმარა გაზრდაში როგორც პროფესიული, ასევე, ადამიანური თვალსაზრისით. ეს ჩემთვის იყო სერიოზული გამოცდა. რაც შეეხება გადაცემას „პირადი ექიმი”, ამ პროექტის ისტორია დაიწყო შვიდი წლის წინ და მას შემდეგ ყოველდღე პირდაპირ ეთერში ვხვდებით მაყურებელს. აგრეთვე, მაქვს გამოცდილება ბეჭდურ მედიაში – წლების განმავლობაში გახლდით ჟურნალ „ჯანმრთელობის” მთავარი რედაქტორი. 90-იანი წლების ბოლოს ასეთი ფერადი გამოცემა არ არსებობდა საქართველოში და მე ყოველთვის სიამაყით ვამბობ, რომ ჩვენ სათავე დავუდეთ პირველ ფერად, პოპულარულ სამედიცინო გამოცემას, რომელიც მედიცინის ყველა სფეროს ეხებოდა.
– ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან დიდი პატივისცემა მოიპოვეთ საზოგადოებაში. თქვენ მიმართ ღიად გამოხატავენ სითბოსა და სიყვარულს, რასაც, ალბათ უკვე შეეჩვიეთ, თუ ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ გაგაჩერათ ქუჩაში სრულიად უცხო ადამიანმა და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გკითხათ?
– არა, ამას დღემდე ვერ შევეჩვიე და ვერც ვერასოდეს შევეჩვევი. ყოველი ასეთი ემოცია არის ბურთი ყელში და დარცხვენის განცდა. არ ვიცი, როგორ ვუპასუხო ამ სითბოს, მართლა ძალიან მადლიერი ვარ. უსაზღვროდ ვაფასებ ყველა ტკბილ სიტყვას, ფრაზას, ღიმილს, რომელსაც ქუჩაში ვაწყდები. ეს არის განცდა, რომელიც ყოველთვის მაღელვებს და მაფორიაქებს. სულ კითხვებით მომმართავენ და ასეთი რამ ხდება სისტემატურად: ქუჩაში, მაღაზიაში, თეატრში, გამოფენაზე – ყველგან, სადაც შეიძლება წამოიდგიოთ და ვერც კი წარმოიდგინოთ. პედაგოგი მყავდა, რომელმაც ერთ-ერთ ლექციაზე გვითხრა, მედიცინა არ გათავისუფლებთ უქმე დღეებშიო. ჩემს შვილსაც ამას ვახსენებ ხოლმე. მედიცინა არ არის სამსახური, რომელიც საშუალებას მოგცემს, 9-დან 3-მდე სამუშაო საათები დაასრულო და აქ დაამთავრო პასუხისმგებლობა; ეს დროში განუსაზღვრელი პროფესიაა.
– რატომ გადაწყვიტეთ, ექიმი გამხდარიყავით?
– გულწრფელად გეტყვით, არ მახსენდება ეტაპი, როცა არ მქონდა ინტერესი ამ პროფესიის მიმართ. გარკვეული გავლენა იქონია გარემომ: დედა მუშაობდა სისხლის გადასხმის ინსტიტუტში, ამიტომ, ძალიან ხშირად მიწევდა იქ ყოფნა და გაკვეთილების მომზადება რომელიმე ლაბორატორიაში. ჯერ კიდევ პატარას, სახლში დედამ თეთრი ხალათი შემიკერა და, როგორც ყველა ბავშვი, მეც ვთამაშობდი თოჯინებთან ექიმობანას. მერე ამ ყოველივეს, რა თქმა უნდა, გაცილებით სერიოზული მოტივი ჰქონდა – სიყვარული, ოღონდ, არა პროფესიის, არამედ, ადამიანის სიყვარული.
– გაგვაცანით თქვენი ოჯახი – მეუღლე, ბავშვები.
– ჩემი მეუღლე გახლავთ დავით ლეჟავა, ის არის ინჟინერ-მშენებელი. ძალიან ბევრი შენობა თბილისში მის საქმიანობას უკავშირდება. მყავს ორი შვილი: უფროსი – ოთო ლეჟავა და უმცროსი – ანანო ლეჟავა, თუმცა, უფროს-უმცროსად გამიჯვნა პირობითია. ჩემი შვილები დაიბადნენ ერთ წელიწადში: წლის დასაწყისში დაიბადა ვაჟი, გოგონამ კი იჩქარა და, დროზე ადრე, დეკემბრის ბოლოს, საახალწლოდ, უკვე სახლში გვყავდა. მოკლედ, მყავს არა ტყუპი, მაგრამ, ერთ წელიწადში დაბადებული შვილები. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი ოჯახი, ყოველთვის ვცდილობ მათ დაცვას და არ მიყვარს მათზე საჯაროდ საუბარი. ჩვენ ერთი მთლიანი ორგანიზმი ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილები ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან, ჩვენ ვახერხებთ ამ მთლიანობის შენარჩუნებას. ხანდახან ვხუმრობ ხოლმე, თუ ვინმე ოდესმე „სკაიპის” შემქმნელს ძეგლს დაუდგამს, ალბათ, პირველი მე ვიქნები (იცინის). ბავშვები მიუნჰენში ცხოვრობენ, იქ სწავლობენ სკოლის დამთავრების შემდეგ. მათ ჰქონდათ „შპრახ დიპლომი”, უნარები ჩააბარეს გერმანულ ენაზე, წარდგენილნი იყვნენ სტიპენდიაზე და ამის შემდეგ აღმოჩნდენ იქ, სადაც ახლა არიან. გოგონა ერთდროულად ბაკალავრის ორ ხარისხს ეუფლება, ერთი მიმართულებაა კომუნიკაციები და მედია-კვლევები, ხოლო ვაჟი ჩემი კოლეგა იქნება. ოთოს ადამიანის მიმართ ინტერესი ბავშვობიდან ჰქონდა, თუმცა, არა ჩემი ძალისხმევით. ეს იყო საკუთარი და ძალიან მკაცრი გადაწყვეტილება.
– რამდენი ხანია, დაოჯახებული ბრძანდებით და როგორ გაიცანით მეუღლე?
– 21 წელია, რაც დაოჯახებული ვარ. სხვათა შორის, ჩემი მეუღლის გაცნობა საკმაოდ საინტერესო ისტორიას უკავშირდება: დათოს დედა საკონსულტაციოდ იყო მოსული – ქირურგიული ჩარევა სჭირდებოდა და მნიშვნელოვან მომენტში შვილმა მარტო არ გამოუშვა ექიმთან. კაბინეტიდან გასვლის შემდეგ, დათომ ხმამაღლა გამოაცხადა ჩემზე – ეს ქალი იქნება ჩემი ცოლიო. მაშინ გამიკვირდა და ვფიქრობდი: ეს რომ გაბედა, საკმაოდ თამამი იქნება-მეთქი (იცინის).
– ყველაზე ტკბილ მოგონებებს ბავშვობა გვიტოვებს. როგორი იყო ოჯახი, რომელშიც გაიზარდეთ?
– ოჯახი – ეს არის ყველაზე უსაფრთხო, საიმედო და თბილი ზონა. ჩემი ბავშვობა სრულიად განსხვავებული იყო. ტრაგიკული მიზეზის გამო, მამა 32 წლის ასაკში კატასტროფაში დაიღუპა. დედა სრულიად ახალგაზრდა დარჩა ქვრივი. ეს იმას ნიშნავს, რომ 5 თვის ჩემი ძმა და მე – თითქმის 3 წლის, აღმოვჩნდით სრულად განსხვავებულ სივრცეში, გარემოსა და რეალობაში, სადაც დედამ იტვირთა როგორც დედის, ასევე მამის როლი. ამიტომ, ჩვენი კავშირი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით იყო გაჟღენთილი. ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობდით არა მხოლოდ დედისა და საკუთარი თავის, არამედ გარდაცვილი მამის მიმართაც.