როგორ დააკავა მილიციის რიგითმა მარშანიამ ლევ ტროცკი სოხუმში
გასული საუკუნის სამოციან წლებში, როდესაც ჯერ კიდევ კაპიტანი ვიყავი, სოხუმის მილიციაში ვმუშაობდი. საკურორტო სეზონი რომ დაიწყო, ეგრეთ წოდებულ სამთავრობო „დაჩების“ რაიონში (თანამედროვე ენით კი „ვიპ“ ზონაში) აგარაკების გაქურდვის შემთხვევები გახშირდა. არადა იქ, მოქმედი და ყოფილი პარტიული მაღალჩინოსნები ისვენებდნენ. ქურდის ფოტორობოტი გვქონდა, მაგრამ მის მოხელთებას ვერ ვახერხებდით. ამიტომ, იმ მიდამოებში ჩასაფრებულები ვიყავით და ზოგჯერ ჩემი თანამშრომლები ყოვლად უდანაშაულო ადამიანებსაც აკავებდნენ. განსაკუთრებით კი ერთი რიგითი, კოწია მარშანია აქტიურობდა. ის აფხაზეთის მაღალმთიანი სოფლიდან იყო. დიდი განათლებითა და ინტელექტით ვერ გამოირჩეოდა და მის მაგივრად მე ვუხდიდი ხოლმე ბოდიშს შეწუხებულ ტურისტებს. როცა კოწია იყო მორიგე, ყოველთვის „ჩეპეს“ მოლოდინში ვიყავით.
ერთ დღეს, დილით, სამსახურში მივედი. იმ ღამეს სწორედ კოწია იყო მორიგე და სახლში წასული დამხვდა. მორიგეობის ჟურნალი გადავშალე, დაკავებულების სიას თვალი გადავავლე და გავშრი. ¹7 სიის რიგში ეწერა – ლევ დავითის ძე ტროცკი... მორიგეს დავუძახე და ვეკითხები:
– ტროცკი ვინ დააკავა?
– მარშანიამ, უფროსო. იმ დროს ჩაავლო, „დაჩების ზაბორში“ რომ აპირებდა შეძრომას. ეგაა ნამდვილად, ის მოუხელთებელი ქურდი და ყოჩაღ კოწიას! გაუმართლა და ალბათ, „დასროჩნი ზვანიას“ მისცემენო, – სხაპასხუპით მომახსენა მორიგე სალიამ, რომელიც კოწიაზე არანაკლები ბრიყვი და ხეპრე იყო.
მე ვიფიქრე, ალბათ, მართლა ვიღაც ბაცაცა აიყვანეს – ღობეში ძვრებოდა, იმან კი მილიციელებს დასცინა და ტროცკი ვარო, ისე გაეცნო. სალიას ვუბრძანე:
– ტროცკი მომიყვანე-მეთქი.
ორიოდე წუთში „ტროცკიც“ მომიყვანეს. ის კი არც მეტი, არც ნაკლები, სტალინის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი აღმოჩნდა. ის, თურმე, ღამის სეირნობიდან მოკლე გზით ბრუნდებოდა აგარაკზე და ამ დროს ჩაავლო კოწიამ. დაკავებული პირადად მარშანიამ დაკითხა. ვერ მიხვდა, რომ მოლოტოვი გაეხუმრა და მისი ვინაობის გასწვრივ ჩაწერა – ლევ ტროცკი... კიდევ კარგი, რომ კოწია მას ხელით არ შეეხო, რასაც საშინელება მოჰყვებოდა. ეს ყველაფერი რომ გავიაზრე, კინაღამ ტვინში სისხლი ჩამექცა. ნამორიგევი კოწია ლოგინიდან წამოვაგდე და სამი დღით ჰაუპტვახტში ჩავსვი. თან, მხოლოდ შავ პურსა და წყალს ვაძლევდით, რომ იქნებ ტვინი განათებოდა... შემდეგ კი მოძრაობის რეგულატორად გადავიყვანეთ.
მერაბ კაციას ნაამბობის
მიხედვით