კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ კუნძულზე სთხოვდნენ ნიკა წულუკიძეს გაშიშვლებას და რატომ გახდა ის შექსპირის ჭირისუფალი

თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძისთვის მძიმე ყოველდღიურობისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალება საყვარელ ადამიანებთან ერთად მოგზაურობაა. როგორც ამბობს, არა იმდენი, რამდენიც თვითონ უნდა, მაგრამ მაინც საკმაოდ ბევრი ქვეყანა აქვს მონახულებული და უამრავი საინტერესო თავგადასავალიც გადახდენია. სულ ცოტა ხნის წინ კი, მეუღლეს დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცა – მასთან და ახლობლებთან ერთად, სამი ულამაზესი ქალაქი – პრაღა, ვენა და ბუდაპეშტი მოინახულა.
ნიკა წულუკიძე: მოგზაურობა ჩვენი რეალობისგან განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. სამწუხაროდ, ამის საშუალება ხშირად არ გვაქვს, მაგრამ ახლა ქუთაისის იაფმა ავიაბილეთებმა ცოტა გაგვანებივრა. ახლახან ჩემი მეუღლის დაბადების დღის აღსანიშნავად, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, მოვინახულე პრაღა, ვენა და ბუდაპეშტი. ულამაზესი ქალაქებია და ძალიან კარგად დავისვენეთ. საღამოს კი დაბადების დღის აღსანიშნავად შევიკრიბეთ. ასე მივულოცე ჩემს მეუღლეს დაბადების დღე მის მეგობრებთან ერთად. სხვათა შორის, შარშან სტამბულში გავატარეთ ეს დღე.
– პირველად სად იყავით მეუღლესთან ერთად სამოგზაუროდ?
– პირველად, თაფლობის თვის გასატარებლად კუნძულ სანტორინზე ვიყავით საბერძნეთში. ულამაზესი კუნძულია. ირგვლივ ყველაფერი თეთრია, ლურჯი სახურავებითა და ბევრი, ვიწრო ქუჩით. პატარაა, სულ ერთი დღე გჭირდება კვადროციკლით მთელი კუნძულისთვის წრის დასარტყმელად. ბოლო დღეს გემით უნდა დავბრუნებულიყავით ათენამდე და იქიდან გამოვფენილიყავით. აღმოჩნდა, რომ გემის ბილეთები პირიქით – ათენიდან სანტორინზე წასასვლელი გვქონდა ნაყიდი. ის ფული წყალში ჩაგვეყარა, გემზე არავინ აგვიშვა, ამიტომ ათენში დასაბრუნებლად სასწაული ნავი ვიქირავეთ. დახვრეტილი იყო და ფეხი გვქონდა მიჭერილი, წყალი რომ არ შემოსულიყო. ერთი ნიჩაბი კი სკოჩით იყო დამაგრებული (იცინის). ასე, ხელებისა და ფეხების დახმარებით, ვიცურეთ შვიდი საათი ათენამდე. რა გვექნა, სხვანაირად თვითმფრინავს ვერ მივუსწრებდით. დავრჩებოდით სანტორინზე და იქაურ ოჯახს შევქმნიდით (იცინის). სხვათა შორის, იქ, მაღაზიაში ქართველი გამყიდვლები შეგვხვდნენ და მიცნეს. ჩემს ცოლს ვუთხარი, ხედავ, აქაც კი მცნობენ-მეთქი და მოკლედ, შენ ცირკის დათვივით ხარ, სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან გცნობენ და ფოტოს იღებენო, – მიპასუხა (იცინის).
მერე შრი-ლანკაზე ვიყავით, სადაც ერთი დოლარი 133 რუპიას უდრის. იქაურების ხელფასი თვეში შვიდი დოლარია. ჩვენ მილიონერები ვიყავით და თავს ნამდვილ ოლიგარქებად ვგრძობდით (იცინის). ასი დოლარი თუ გაქვს, სამ ბინას იყიდი, ადგილ-მამულებს გადაიფორმებ და გემსაც იყიდი თავის მეზღვაურებიანად. ერთ დოლარს რომ აჩუქებდი სასტუმროს დამხმარეს, ხის კენწეროზე ადიოდა და ახალდამწიფებულ ქოქოსს გვიკრეფდა. ჯუნგლებშიც წავედით სპილოთი სასეირნოდ. სპილოს მუცელზე თეთრი ხაზი ჰქონდა. ექსკურსიამძღოლმა გვითხრა, ამ ხაზს არ ჩამოგიცდეთ ფეხი, რადგან კობრა რომ დგება აქამდე წვდებაო. იქ ისეთი დამემართა, ჯუნგლი კი არა, დედასაქართველოს ნოსტალგია დამეწყო უცებ, მაგრამ მაინც დავათვალიერეთ. კობრა მართლა შეგვხვდა და გულწასული ხალხი სპილოებიდან ცვიოდა. მაგრამ, საბედნიეროდ, ყველა გადავრჩით. სხვათა შორის, შრილანკაზე ქოქოსით გაკეთებული ღომი და თუთიყუშით მომზადებული საცივი ვჭამეთ, თან გასაგიჟებლად გემრიელი იყო (იცინის). ეს მათი ადგილობრივი საკვებია, გეფიცებით, მართლა. ყველა გაგიჟდა, ვინც ნახა.
– სხვა დროს, რეალური საფრთხის წინაშე არ აღმოჩენილხართ?
– ერთხელ, მე და დათო ტურაშვილი კინაღამ გაგვიტაცეს ეგვიპტეში. კრუიზით ვიყავით სამოგზაუროდ და ფაეტონში რომ ჩაგვსვეს, გვითხრეს, ჩქარა ფული გადაგვიხადეთ, თორემ... დაგვიწყეს მუქარა. ჩვენს მასპინძელს ფული უკვე გადახდილი ჰქონდა, მაგრამ, რომ არ მიგვეცა, სად გამოგვამწყვდევდნენ და ამოგვხოცავდნენ შიმშილით, არ ვიცი. ამის მიუხედავად, ეს მოგზაურობა მაინც ზღაპრულად მახსენდება. მიუყვები ნილოსს და წინ ულამაზესი სანახაობა გეშლება. ხან ნიანგი ჭამს წეროს და ხან წერო ჭამს თევზს (იცინის). უკან, გემზე თოკით მობმული ბაზარი მოგვყვებოდა და შეგვეძლო, ყველაფერი გვეყიდა, რაც გვინდოდა. მართლა ულამაზესი სანახაობაა. ცხოვრებაში ოჯახის წევრების ჯანმრთელობის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, მოგზაურობაა. იმქვეყნად ადამიანს მხოლოდ ემოცია მიგყვება და შეძლებისდაგვარად უნდა გაიმდიდრო ის.
– პატარასთან ერთადაც დადიხართ უკვე სამოგზაუროდ?
– სესილია წლის და რვა თვისაა და უცხოეთში ჯერ არ წაგვიყვანია, მაგრამ ახლა ვგეგმავთ. მაისში ორი წლის ხდება, მე მაგ პერიოდში ანტალიის სტუდენტური ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ვარ და ვაპირებ, სესიალიაც თან წავიყვანო. არაჩვეულებრივი ბავშვია და ნამდვილად იმსახურებს. კომუნიკაბელურობით მამას ჰგავს, მაგრამ ჯერ მუნჯია. მე მაგის ასაკში უკვე სამ ოჯახს ვარჩენდი ლაპარაკით (იცინის). ჩემი მთავარი მიზანი მისი ბედნიერებაა. თურმე, ცხოვრებაში ყველაზე მთავარი შვილია და ამას მხოლოდ მაშინ აცნობიერებ, როცა ის ჩნდება.
– დავუბრუნდეთ მოგზაურობას. განსაკუთრებული შთაბეჭდილება რომელმა ქვეყანამ მოახდინა?
– არის ასეთი კუნძული – მადეირა, პორტუგალიაში, სადაც ბანანების ტყეში ვცხოვრობდით. იქაურებმა ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს თავიანთი თავისუფლებითა და სილაღით. არავინ არაფერში შეზღუდული არაა. პარლამენტარები სამსახურში შორტებით დადიან.
– ადგილობრივ მოსახლეობასთან თუ მოგსვლიათ უთანხმოება?
– მადეირადან გემით კუნძულ პორტო-სანტოზე წავედით. თურმე, იქ ასეთი წესია, ყველა, ვინც შედის, უნდა გაშიშვლდეს. გემიდან ისე არ ჩაგიშვებენ, თუ ყველაფერი არ გაიხადე. ერთი ამბავი ავტეხე, მე ყველგან საქართველოს შვილი ვარ-მეთქი (იცინის). ვიჯექი გემზე ჩაცმული და ველოდი, დანარჩენი ტიტველი ტურისტები როდის ამოცვივდებოდნენ და უკან წავიდოდით. არ ჩავედით, იმიტომ რომ, ქართველები ბევრი ვიყავით და ერთმანეთის შეგვრცხვა (იცინის).
მე საერთოდ, შემიძლია, ადამიანს ნებისმიერ ენაზე გავაგებინო ჩემი სათქმელი ხელის, ფეხის, სიცილ-ღლიცინის დახმარებით და ამაზე გიჟდებიან. ჩინეთში რომ ვიყო, ჩინელს ერთი სიტყვა ჩინურის ცოდნის გარეშე მოვუყვები ჩინეთის კედლის ისტორიას. ამ კუნძულზეც, რომ გვითხრეს, გინდათ თუ არა უნდა გაშიშვლდეთ, ეს ოქროს სანაპიროა და სხვანაირად არ შეიძლებაო, ამოვთხარე ფეხით ქვიშა და ვხედავ ქვემოთ შავი მიწაა. დავიწყე ყვირილი, მოდით აქ, თქვე აფერისტებო, ეს ოქრო ზემოდან გაქვთ გადაყრილი, სინამდვილეში შავი მიწაა-მეთქი (იცინის).
– სამართალდამცავებთან თუ გქონიათ არასასიამოვნო შეხება?
– კი, სტრედფორდში გამოგვეკიდნენ. შექსპირის საფლავთან მინდოდა სურათის გადაღება, არადა სასტიკად აკრძალულია.  ჰოდა, გადავემხე ამ საფლავს კაი ჭირისუფალივით და მეგობარმა უცებ სურათი გადამიღო (იცინის). ჩასტვინა ჟანდარმერიამ და უნდა გენახათ, როგორ გამოვიქეცით იქიდან (იცინის). ერთხელ, მილანში ცუდად გავხდი. შეტევა მომივიდა ისეთ ადგილას, სადაც მხოლოდ ფეხით შეიძლება სიარული და მანქანებს არ უშვებენ. მაგრამ უცებ შემოიყვანეს სასწრაფო და ისინი დამეხმარნენ. ვენაცვალე იტალიელ სამართალდამცველებს, გადამარჩინეს, თორემ, შეიძლება, ახლა ინტერვიუ ვერ მომეცა (იცინის).
– ახდენილ ოცნებად რომელ ქვეყანაში მოგზაურობა მიგაჩნიათ?
– ჩემი ახდენილი ოცნება იერუსალიმში მოგზაურობაა. იქ საკუთარი თავისადმი მეტად კრიტიკული ხდები და ყველაფერს სხვანაირად უყურებ. იქ, თითქოს, ჩემ წინ მიდიოდა ნიკა წულუკიძე და მე უკნიდან ვაკვირდებოდი. იერუსალიმი დიდ რწმენას გმატებს ადამიანს.

скачать dle 11.3