მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: მე და ჩემი მეგობარი ვაჟი ჯვარდაუწერლად ვეწევით თანაცხოვრებას. მიგვაჩნია, რომ ეს არ არის აუცილებელი ჩვენი სიყვარულისთვის. ამით ხომ არაფერს ვაშავებთ?
პასუხი: რა თქმა უნდა, აშავებთ – ჯვრისწერის გარეშე, თქვენი ხორციელი ცხოვრება არის სიძვა, რაც მძიმე ცოდვაა. პავლე მოციქული კი შთაგვაგონებს, რომ მეძავნი ვერ დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს.
კითხვა: ადამიანებს, როგორც წესი, ეადვილებათ სხვისი გაკილვა და განკითხვა, საკუთარ თავს კი იოლად ვერ განსჯიან. რა არის ამის მიზეზი?
პასუხი: აი, რას პასუხობენ მსგავს კითხვაზე წმიდა მამები: „სხვათა განკითხვის მიზეზი ისაა, რომ ჩვენ არა გვაქვს შეცნობილი საკუთარი თავი. ვისაც თუნდ მხოლოდ ერთხელ მიუპყრია სათანადო მზერა საკუთარი თავისთვის, ის არასდროს მიაქცევს ყურადღებას თანამოძმეთა მანკიერებებს“.
კითხვა: ცოდვაა თუ არა პლასტიკური ოპერაციის გაკეთება?
პასუხი: გასაგები მიზეზების გამო, თავის დროზე არ უმსჯელიათ ამ თემაზე და კანონებში რაიმე აკრძალვა არ გვხვდება, მაგრამ ეკლესია ურჩევს ადამიანს, რომ თუ რამე განსაკუთრებულ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე, შეინარჩუნოს ის იერი, რომლითაც ამქვეყნად უფალმა მოავლინა.
კითხვა: შეიძლება თუ არა ჯვრისა და ფსალმუნის სამაჯურზე გაკეთება?
პასუხი: ჯვარი უნდა ატაროთ გულზე, ფსალმუნი კი შეგიძლიათ, სამაჯურზე გაიკეთოთ.