ეკლესიური სწავლება
განკითხვის სულით შეპყრობილ ადამიანებს სულიწმიდა განეშორება
ერთ ტაძარში მსახურობდა ორი ქალი – უბიწო ქალწულები და გულმოდგინე ადამიანები. ბავშვობიდანვე ღმერთს უძღვნეს თავი და ტაძრის გალავნის გარეთაც არ გადიოდნენ, მაგრამ ამასთანავე, განკითხვის მანკიერებით იყვნენ შეპყრობილნი. ისინი განიკითხავდნენ მლოცველებს, განიკითხავდნენ მღვდლებს, იმდენად თავხედები იყვნენ, რომ ეპისკოპოსსაც განიკითხავდნენ. მათი ენები თითქოს ეშმაკს ეჭირა ხელში.
თითქმის ყოველი ეკლესიის მრევლში არიან ძვირისმეტყველებისა და განკითხვის სულით შეპყრობილი ადამიანები, რომლებიც თავს სიმართლისთვის მებრძოლებად მიიჩნევენ.
ეპისკოპოსმა, რომლის ეპარქიაშიც მდებარეობდა ის ტაძარი, ბევრჯერ შეაგონა ენაბოროტ ქალწულებს, მაგრამ მათ არაფერმა უშველა. მაშინ ეპისკოპოსმა მათ ეპიტამია – სულიერი სასჯელი დაადო. სწორედ იმ დროს, როცა ქალწულები ეპიტიმიით იყვნენ დასჯილები, მძიმედ დასნეულდნენ და მოკვდნენ. ქალწულები ტაძარში დაასაფლავეს, რადგან მათ მთელი თავიანთი სიცოცხლე ტაძრის მსახურებას შესწირეს.
ამის შემდეგ ტაძარში ლიტურგიის დროს დიაკონი რომ წარმოთქვამდა: „კათაკმეველნო, განვედით!“ – ბევრი მლოცველი თავისი თვალით ხედავდა, რომ საფლავებიდან დგებოდა ორი აჩრდილი; მიწამდე დადრეკილები, ისინი დამნაშავეებივით, ნელა გადიოდნენ ტაძრიდან, თითქოს საღმრთო ნათლის ხილვისა ეშინოდათ. ეს მოვლენა ბევრჯერ გამეორდა. იმ ტაძრის მღვდელი მიხვდა, რომ უბედური ქალწულების სულებს ადგილი ვერ ეპოვათ ზეცათა სასუფეველში და უფალი ამიტომაც განაძევებდა მათ ტაძრიდან. მაგრამ, განაძევებდა მათ მიმართ გულმოწყალების გამო, რათა მრევლს ეხილა ისინი და მათთვის ლოცვა გაეძლიერებინა. ამ მოვლენის შესახებ მღვდელმა ეპისკოპოსს აცნობა. ის მივიდა იმ ეკლესიაში და მის კრებულს სთხოვა, ყველა დამდგარიყო სალოცავად და გულმოდგინედ ელოცათ გარდაცვლილი დების განსასვენებლად. ეპისკოპოსმა ითხოვა, რომ ყველა მორწმუნეს მიეტევებინა გარდაცვლილი ქალწულებისთვის (თითქმის ყველა შეურაცხყოფილი იყო მათგან) და მთელმა ხალხმა წარმოთქვა: „ღმერთმა შეუნდოთ!“ მაშინ მღვდელმთავარი მივიდა მათ საფლავებთან და შენდობის ლოცვა წაიკითხა. ამის შემდეგ საღმრთო ლიტურგიის დროს იმ ტაძარში აჩრდილები აღარ ჩნდებოდნენ.